Facebook Twitter
№ბს-1235(კ-22) 15 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „...ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი - ი. ა-ი;
მესამე პირები - შპს „...ი“, დ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...ის“ 50%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა - ი. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარისა და 6 050.74 (ექვსიათას ორმოცდაათი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

სარჩელის თანახმად, 2016 წლის 1 მარტს შპს ,,...ის’’ დირექტორმა გ. ბ-ემ საზოგადოების პარტნიორზე და 50%-იანი წილის მფლობელზე დ. მ-ზე გასცა რწმუნებულება, რომლითაც ამ უკანასკნელს მიენიჭა საზოგადოების წარმომადგენლობის და ხელმძღვანელობის უფლება. შპს ,,...ის’’ 50%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა ი. ა-მა 2016 წლის 20 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების შპს ,,...ის’’, დ. მ-ის, გ. ბ-ის და ლ. ლ-ის მიმართ. მოსარჩელე მოითხოვდა მიუღებელი დივიდენდის დაკისრებას, ზიანის ანაზღაურებას და დირექტორის (გ. ბ-ის) თანამდებობიდან გათავისუფლებას. აღნიშნულ სამართალწარმოებაში სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს ,,...ის" დირექტორს - გ. ბ-ეს, მის მინდობილ პირებს - დ. მ-სა და ლ. ლ-ეს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალათ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე შპს ,,...ის’’ ფულადი სახსრების განკარგვა, გარდა შპს ,,...ის’’ საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი თანხების განკარგვისა. 2016 წლის 21 ივნისის განჩინების მოქმედების პირობებში დ. მ-მა 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით, საზოგადების სახელით ნ. კ-ისაგან აიღო სესხი, რათა ,,შეესრულებინა’’ საზოგადოების სხვა ვალდებულებები. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, დ. მ-ი კ-ისაგან მიღებულ თანხებს განკარგავს ერთპიროვნულად, ხოლო გადახდის ვალდებულებას აკისრებს საზოგადოებას. ამასთან, ხელშეკრულების პრეამბულაში ხაზგასმით უთითებს, რომ მისთვის სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინება ცნობილია და ამ გარიგების დადების მიზანი არის თავი აარიდოს განჩინებით დაწესებულ შეზღუდვებს. ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სესხის ხელშეკრულების მხარეები არიან შპს ,,...ი’’ და ნ. კ-ი. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნ. კ-ის მიერ გაცემული ნებისმიერ თანხა წარმოადგენდა საზოგადოების მატერიალურ სახსრებს, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც ხელშეკრულებაში მითითებულ პირს დ. მ-ს აკრძალული ჰქონდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე.

ნ. კ-ის 2016 წლის 28 დეკემბრის №სპ161251735 განცხადების საფუძველზე დაწყებული №სპ161251735 გამარტივებული წარმოების ფარგლებში 2017 წლის 30 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №სპ161251735/229126 ბრძანება დავალიანების გადახდის შესახებ, რომლითაც შპს ,,...ს’’ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 125 570.31 ლარის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეტყობინება ჩააბარა შპს ,,...ის’’ დირექტორის მინდობილ და საზოგადოებაში 50%-იანი წილის მფლობელ პირს - დ. მ-ს, რომელმაც არანაირ ზომებს არ მიმართა (პროტესტის შეტანა) აღსრულების დაწყების თავიდან ასაცილებლად და უფრო მეტიც, მან პარტნიორსაც კი არ შეატყობინა ამ ფაქტის შესახებ. შესაბამისად, სააღსრულებო ბიურომ შპს ,,...ის’’ წინააღმდეგ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაიწყო იძულებით აღსრულება (სააღსრულებო საქმე №17012447), რომლის ფარგლებშიც იძულებით აუქციონზე გაიყიდა საზოგადოების საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი ს/კ ... და სხვადასხვა მოძრავი ნივთები.

სააღსრულებო საქმეში დაცული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №05/08-1723 დასკვნის შესაბამისად, აუქციონზე რეალიზებული შპს ,,...ის’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №63, ფართი 9 (ს/კ ...), ფართით - 64.17 კვ/მ საბაზრო ღირებულება შეადგენს 245 000 ლარს (100 000 აშშ დოლარი). რაც შეეხება შპს ,,...ის’’ საკუთრებაში რიცხულ და აუქციონზე გაყიდულ მოძრავ ნივთებს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებების შესაბამისად, მათი აუქციონზე რეალიზაციის ღირებულებამ შეადგინა 6 050.74 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების ორივე მხარისათვის ცნობილი იყო სასამართლოს აკრძალვის შესახებ, რადგან ეს მითითებული იყო თავად 2016 წლის 23 ივნისის სესხის ხელშეკრულების პრეამბულაში. ასევე, აღნიშნული დასტურდებოდა ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან. ხელშეკრულება თავიდანვე წარმოადგენდა არარა ხელშეკრულებას და მის საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ უნდა დაეწყო გამარტივებული წარმოება, რის შესახებაც მიუთითა სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაში, (საქმეზე №3ბ/2210-18). ამავე გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ბათილად ცნო აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის №SP161251735/339126 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აგრეთვე, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-21/001 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-21/005, A17012447-21/006, A17012447-21/007, A17012447-21/008, A17012447-21/009, A17012447-21/010, A17012447-21/011, A17012447-21/012, A17012447-21/013, A17012447-21/014 განკარგულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმეზე №ბს-686(2კ-19)), ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით აღსრულება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წარმოების წესით, რაც გულისხმობს, რომ აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები და მოითხოვოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. ვინაიდან მოთხოვნის არსებობა დგინდება კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით და არა ადმინისტრაციული და სასამართლო აქტების საფუძველზე, მსგავსი წარმოების ფარგლებში გაცილებით მეტი რისკი და საფრთხე არსებობს. არის რისკი, რომ არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ იქნეს წარმოდგენილი განცხადება და ინფორმაცია და დაირღვეს მოვალედ მითითებული პირის უფლებები. სწორედ ამიტომ, გამარტივებული წარმოების ფარგლებში განცხადების წარდგენისას სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების არა მხოლოდ ფორმალური, არამედ შინაარსობრივი მხარის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში, კი დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე.

2017 წლის 24 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა გამოსცა №17012447-021/001 განკარგულება, რომლის შესაბამისად, შპს ,,...ის’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №63, ფართი №9 (ს/კ ...), იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, მესაკუთრე გახდა ნ. კ-ი. 2017 წლოს 15 მაისს იმავე აღმასრულებელმა გამოსცა განკარგულბები - №17012447-021/005; №17012447- 021/006; №17012447-021/007; №17012447-021/008; №17012447-021/009; №17012447-021/010; №17012447-021/011; №17012447-021/012; №17012447-021/013; №17012447-021/014 რომელთა შესაბამისად, შპს ,,...ის’’ საკუთრებაში რიცხული სხვადასხვა მოძრავი ნივთები იძულებით აუქციონზე შეიძინა ნ. კ-მა.

მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული წარმოების დაწყებისას არ შეამოწმა, არც წარდგენილი ხელშეკრულება და არც ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირთა რეესტრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაადგენდა, რომ ხელშეკრულება უფლებამოსილების გარეშე იყო დადებული და უარს იტყოდა გამარტივებული წარმოების დაწყებაზე. ნ. კ-მა ზემოაღნიშნული ქონება აუქციონზე შეძენის შემდგომ, 2017 წლის 20 ივნისს გაასხვისა ვლადიმერ პაპინაშვილზე. მიუხედავად იმისა, რომ აუქციონის შედეგები 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ვლადიმერ პაპინაშვილი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და შეუძლებელია ქონების შპს ,,...ისათვის’’ დაბრუნება. შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოჩენილმა გულგრილობამ გამოიწვია კომპანიის კუთვნილი ქონების გასხვისება და კომპანიისათვის ზიანის მიყენება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...ი“ და დ. მ-ი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარისა და 6 050.74 (ექვსი ათას ორმოცდაათი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

სასამართლომ მიუთითა შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ შპს „...ი“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მეწარმე სუბიექტად, №... საიდენტიფიკაციო ნომრით, დარეგისტრირდა 2010 წლის 3 ივნისს; იურიდიული მისამართია - საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ...ს ქუჩა №49, ფართი №9; კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი - გ. ბ-ე; პარტნიორებს წარმოადგენენ - დ. მ-ი (წილი 50%) და ი. ა-ი (წილი 50%). ამავე ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 24 ივნისს რეგისტრირებულია აკრძალვა, რომლითაც დ. მ-ს, ლ. ლ-ეს და გ. ბ-ეს აეკრძალათ შპს „...ის“ კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა პარტნიორთა კრების თანხმობის გადაწყვეტილების გარეშე, გარდა, შპს „...ის“ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი თანხების განკარგვისა; ბ) ი. ა-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - დ. მ-ის, გ. ბ-ის, ლ. ლ-ისა და შპს „...ის“ მიმართ, გაუნაწილებელი მოგების გადახდევინებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. განსახილველ სარჩელზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც, შპს „...ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დ. მ-სა და ლ. ლ-ეს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალათ შპს „...ის“ კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა პარტნიორთა კრების თანხმობის გადაწყვეტილების გარეშე, გარდა, შპს „...ის“ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი თანხების განკარგვისა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა. აღნიშნულ დავაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, ი. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - გ. ბ-ეს (პ/ნ ...) შეუწყდა შპს „...ის“ დირექტორის უფლებამოსილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; გ) 2016 წლის 23 ივნისს, ერთი მხრივ, ნ. კ-ს (შემდგომში - მესამე პირი) და მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის - გ. ბ-ის მინდობილ პირს - დ. მ-ს (შემდგომში - მოვალე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მესამე პირის ვალდებულების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით შპს „...ს“ აეკრძალა კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს მის წინაშე მდგარი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესამე პირი პირადი სახსრებით უზრუნველყოფდა მოვალის მიმდინარე და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ამ უკანასკნელის კრედიტორების სასარგებლოდ, ხოლო, თავის მხრივ, მოვალე ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაებრუნებინა მესამე პირისათვის ამ უკანასკნელის მიერ მოვალის ფინანსური ვალდებულებების შესრულების მიზნით გადახდილი თანხები სრულად. დასახელებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, მხარეები ვალდებულნი იყვნენ ყოველთვიურად მოეხდინათ შედარების აქტების შედგენა, ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების არსებობის თაობაზე. დასახელებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მესამე პირი ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველეყო პირადი თანხების მოძიება და შპს „...ის“ მიმდინარე, გრძელვადიანი და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულება ჯეროვნად. ამასთანავე, უფლებამოსილი იყო მოვალისათვის მოეთხოვა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება. თავის მხრივ, მოვალე ვალდებული იყო დაებრუნებინა ამ უკანასკნელის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხები. დაებრუნებინა მესამე პირისათვის, ამ უკანასკნელის მიერ მოვალის მიმდინარე, გრძელვადიანი და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულების მიზნით გადახდილი თანხები სრულად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ამასთანავე, უფლებამოსილი იყო მესამე პირისათვის მოეთხოვა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება. დასახელებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 15 დეკემბრამდე; დ) 2016 წლის 28 დეკემბერს ნ. კ-მა (აპლიკანტი) წარადგინა №SP161251735 განცხადება შპს „...ის“ (რესპოდენტი) მიმართ ფულადი დავალიანების - 125 470.31 ლარის გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება №SP161251735. გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა 23.06.2016.წ, ხელშეკრულება; 30.06.2016წ; 31.07.2016წ. 31.08.2017წ. 30.09.2016წ. 31.10.2016წ. 30.11.2016წ. 14.12.2016წ. შედარების აქტები. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP161251735/229126 ბრძანებით, რესპოდენტ შპს „...ს“ აპლიკანტ ნ. კ-ის მიმართ დაეკისრა დავალიანების გადახდა 125 570.31 ლარის ოდენობით; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №63, ფართი №9 (ს/კ ...), შემძენი, 2017 წლის 20 აპრილს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 124 950 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან, დამატებული ღირებულების გადასახადს შეადგენს 19 060 ლარი. შემძენმა თანხა გადაიხადა სრულად. განკარგულებაში მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლი. ამავე განკარგულების თანახმად, რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველმა მესაკუთრემ დაკარგა ყოველგვარი უფლება ამ ნივთზე; ვ) საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 28 აპრილის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №63, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., ფართი №9, ფართი: 64.17 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. კ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - განკარგულება №A17012447- 021/001, დამოწმების თარიღი: 24/04/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიურო. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 22 ივნისის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №63, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., ფართი №9, ფართი: 64.17 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვლადიმერ პიპინაშვილის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 20/06/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ზ) საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის - გ. ე-ას 2017 წლის 22 მარტის დასკვნით დადგენილია, რომ შპს „...ის“ (ს/ნ ...) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, ს/კ №..., მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №63, ფართი №9; ფართი 64.17 კვ.მ (საოფისე ფართი), საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენს 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო ობიექტის საბოლოო საბაზრო ღირებულება (დამრგვალებით) შეფასების თარიღისათვის ლარში შეადგენს 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარს; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის №A17012447-021/005 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული ცენტრალური გათბობის სისტემის - გათბობის ქვაბის (ferroli), 5 ცალი სხვადასხვა ზომის ბატარიის შემძენი 2017 წლის 03 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 2000 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 305.08 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; ი) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის №A17012447-021/006 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული მტვერსასრუტის (Bosch) შემძენი 2017 წლის 03 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 94.5 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 14.42 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; კ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის №A17012447-021/007 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული კონდიციონერის (Simens sizma, თეთრი ფერი) შიდა და გარე აგრეგატის შემძენი 2017 წლის 03 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 600 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადს შეადგენს 91.53 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; ლ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის №A17012447-021/008 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული: 1) მოშავო ფერის მეორადი საოფისე მაგიდის (150*75) – 1 ცალი; 2) მოშავო ფერის, მეორადი წიგნის თაროს - 1 ცალი; 3) მოშავო ფერის, მეორადი შუშებიანი კარადის (ვიტრინა) - 1 ცალი, კარადას აღენიშნება დაზიანებები; 4) მოშავო ფერის, მეორადი კარადის (210*060) – 1 ცალი; 5) მოთეთრო ფერის, მეორადი 11.93 კვ.მ ფარდა-ჟალუზის, საჭიროებს დემონტაჟს; 6) საოფისე მაგიდის - დიდი მაგიდა ტუმბოებით, მოშავო ფერის ვერცხლისფერი გაწყობით, მეორადი მოხმარების - 1 ცალი; 7) ნაჭრის, შავი/ლურჯი ფერის საოფისე სკამის - 3 ცალი, აღენიშნება დაზიანებები; 8) შავი ფერის დაბალი საზურგით, მეორადი საოფისე სკამის -1 ცალი; 9) შავი ფერის, ბადის საზურგით, მეორადი საკონფერენციო სკამის - 1 ცალი; 10) შავი/წითელი ფერის, ქრომირებული ფეხით, მეორადი სავარძლის - 2 ცალი, შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 670.54 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 102.29 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; მ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/009 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული ნოუთბუკის (Acer) შემძენი 2017 წლის 03 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 460 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 70.17 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; ნ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/010 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული ელექტრო ჩაიდნის შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 21 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 3.2 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; ო) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/011 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული მონაცისფრო სეიფის (eagle safes) შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 600 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 93.81 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; პ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/012 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული სავარძლების სამეულის - 3+1+1 ხე/ნაჭერი, შემძენი 2017 წლის 4 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 700 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 106.78 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; ჟ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/013 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული: 1) მრგვალი, თეთრი ფერის, მეორადი სანათის (opple) - 10 ცალი; 2) მეტალის, მომცრო ზომის სანათის -1 ცალი; 3) თეთრი ფერის, მეორადი სანათის - 1 ცალი, შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 165.2 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 25.2 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; რ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/014 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული: 1) მეორადი მოხმარების სამზარეულოს ნიჟარის; 2) სამზარეულოს ავეჯის - 3 კვ.მ, მოყავისფრო, კრემისფერი ზედაპირით; 3) ჩასაშენებელი გაზქურის - zidaf, ზედა ნაწილი, შავი ფერის; 4) სამზარეულოს ონკანის - ქრომირებული, შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 724.5 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 110.52 ლარს, რომელიც შემძენმა სრულად გადაიხადა. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. განკარგულებში ასევე მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი; ს) დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ა-მა მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირების - შპს „...ის“, დ. მ-ის, ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №SP161251735/229126 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/005 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/006 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/007 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/008 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/009 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/010 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/011 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/012 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/013 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/014 განკარგულების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/4673-17) ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/2210-18) ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის №SP161251735/229126 ბრძანება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/005 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/006 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/007 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/008 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/009 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/010 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/011 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/012 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/013 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/014 განკარგულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. კ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ქმედებასა და შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, მოხელის ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგენას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს მოპასუხე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ბრალეული ქმედება და ამ ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავზე, 913 მუხლზე, 914 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 915 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, 917 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით აღსრულება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წარმოების წესით, რაც გულისხმობს, რომ აპლიკანტმა (მოთხოვნის მფლობელმა) განცხადებით უნდა მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები და მოითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. თავის მხრივ, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან და აპლიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა. გამარტივებული წარმოების ფარგლებში არ ხდება სააღსრულებო ფურცლის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც სათანადო ორგანოს მიერ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში მხარე წარადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს, რომ გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. ამდენად, ასეთი წარმოებისას მოთხოვნის არსებობა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოთა მიერ გაცემული, ოფიციალური დოკუმენტით კი არ დგინდება, არამედ - კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით. შესაბამისად, მსგავსი წარმოების ფარგლებში გაცილებით მეტი რისკი და საფრთხე არსებობს, რომ არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ იქნეს წარდგენილი განცხადება, ინფორმაცია და დაირღვეს მოვალედ მითითებული პირის უფლებები. სწორედ ამიტომ, გამარტივებული წარმოების ფარგლებში, განცხადების წარდგენისას სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების არა მხოლოდ ფორმალური, არამედ შინაარსობრივი მხარის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე.

სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან გამარტივებული წარმოების ფარგლებში სახეზე აუცილებლად უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო განმცხადებელს ევალება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, რაც ასეთი მოთხოვნის არსებობას ადასტურებს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განცხადების შინაარსობრივი მხარის შემოწმება, რის ვალდებულებასაც კანონმდებელი პირდაპირ ადგენს, გამოიხატება სწორედ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლასა და გადამოწმებაში, რომ ნამდვილად არის სახეზე აღსასრულებელი მოთხოვნა, რომელზეც შესაძლებელია გაიცეს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება და გატარდეს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები. მხოლოდ ამგვარი გადამოწმების ფარგლებში არის შესაძლებელი კანონის უზენაესობისა და მხარეთა ინტერესების დაცვა, რადგან სააღსრულებო მოქმედების განხორციელებას, მოვალის მიერ მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, უპირობოდ უკავშირდება მოვალის ქონების გასხვისება. ასევე, გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ კანონის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს. ამასთანავე, ბიუროს, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, თუკი წარდგენილი ინფორმაცია ფორმალურად ან შინაარსობრივად საკმარისი არ არის სააღსრულებო წარმოების დასაწყებად, შეუძლია ხარვეზი დაადგინოს წარდგენილ განცხადებაზე და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. მითითებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, სადავო შემთხვევაში, მოსარჩელისთვის განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს წარმოშობდა და არ მოხდებოდა შპს „...ის“ ქონების გასხვისება.

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. კ-მა (აპლიკანტი) დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით შპს „...ისათვის“ (რესპოდენტი) დავალიანების - 125 470.31 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. განცხადებას ერთვოდა: 2016 წლის 23 ივნისს ნ. კ-სა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება (მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების შესახებ), ასევე, მათ შორის შედგენილი - 30.06.2016წ. 31.07.2016წ. 31.08.2017წ. 30.09.2016წ. 31.10.2016წ. 30.11.2016წ. 14.12.2016წ. შედარების აქტები. სწორედ მითითებული დოკუმენტები უნდა შეესწავლა და შეემოწმებინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აპლიკანტის მოთხოვნის საფუძვლიანობის გადამოწმების კუთხით, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ბიუროს მიეღო ინფორმაცია სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, კერძოდ, 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების დასაწყისშივე მხარეები განმარტავენ: იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით შპს „...ს“ აეკრძალა კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს მის წინაშე მდგარი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესამე პირი პირადი სახსრებით უზრუნველყოფდა მოვალის მიმდინარე და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ამ უკანასკნელის კრედიტორების სასარგებლოდ, ხოლო მოვალე ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაებრუნებინა მესამე პირისათვის ამ უკანასკნელის მიერ მოვალის ფინანსური ვალდებულებების შესრულების მიზნით გადახდილი თანხები სრულად. ამდენად, სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი, ვალდებულების წარმომშობი ხელშეკრულება მიუთითებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე და, რომ ამ განჩინებით შპს „...ს“ აეკრძალა კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა. ამდენად, სსიპ სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო რა, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია, უნდა გაცნობოდა მითითებულ ხელშეკრულებას, რა შემთხვევაშიც აღმასრულებელი იღებდა სრულ ინფორმაციას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობასა და სასამართლოს მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის კონკრეტული ქმედების აკრძალვის თაობაზე, რომლის გვერდის ავლის საშუალებასაც წარმოადგენს ეს ხელშეკრულება. თუკი სააღსრულებო ბიურო ხელშეკრულებაში მითითებულ ინფორმაციას არასაკმარისად მიიჩნევდა კონკრეტული ფაქტის - ვალდებულების არსებობის დადგენის კუთხით, ბიუროს შეეძლო, ხარვეზი დაედგინა განცხადებაზე და დამატებით სასამართლოს განჩინების წარდგენა მოეთხოვა. უფრო მეტიც, საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული აკრძალვა ასევე ფიქსირდებოდა ამონაწერში სარეწარმეო რეესტრიდან, რომელიც მეწარმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არ იქნა დაცული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, მოსარჩელეს უკანონოდ შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, ფაქტობრივად, საკუთრების უფლების ობიექტი გადაეცა სხვა პირებს, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, რაც შედეგობრივად განხორციელდა ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (აღნიშნული დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით). ვინაიდან დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი, შესაბამისად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს (მატერიალური ზიანი) შორის.

საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული გარემოება, ი. ა-ი წარმოადგენს შპს „...ის“ 50% წილის მქონე პარტნიორს, ამასთან, მას თავისი სახელით, როგორც პარტნიორს, საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ სარჩელი აქვს აღძრული სასამართლოში მესამე პირის მიმართ. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სარჩელი არ არის წარმოდგენილი სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარისა და 6 050.74 (ექვსიათას ორმოცდაათი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ქმედებასა და შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავზე, კერძოდ, 913 მუხლის მე-2 პუნქტზე, 914 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 915 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, 917 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე მითითებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით აღსრულება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წარმოების წესით, რაც გულისხმობს, რომ აპლიკანტმა (მოთხოვნის მფლობელმა) განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები და მოითხოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. თავის მხრივ, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან და აპლიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა. გამარტივებული წარმოების ფარგლებში არ ხდება სააღსრულებო ფურცლის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც სათანადო ორგანოს მიერ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში მხარე წარადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს, რომ გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. ამდენად, ასეთი წარმოებისას მოთხოვნის არსებობა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოთა მიერ გაცემული, ოფიციალური დოკუმენტით კი არ დგინდება, არამედ - კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით. შესაბამისად, მსგავსი წარმოების ფარგლებში გაცილებით მეტი რისკი და საფრთხე არსებობს, რომ არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ იქნეს წარდგენილი განცხადება, ინფორმაცია და დაირღვეს მოვალედ მითითებული პირის უფლებები. სწორედ ამიტომ, გამარტივებული წარმოების ფარგლებში განცხადების წარდგენისას აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების არა მხოლოდ ფორმალური, არამედ შინაარსობრივი მხარის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან გამარტივებული წარმოების ფარგლებში სახეზე აუცილებლად უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო განმცხადებელს ევალება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, რაც ასეთი მოთხოვნის არსებობას ადასტურებს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განცხადების შინაარსობრივი მხარის შემოწმება, რის ვალდებულებასაც კანონმდებელი პირდაპირ ადგენს, გამოიხატება სწორედ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლასა და გადამოწმებაში, რომ ნამდვილად არის სახეზე აღსასრულებელი მოთხოვნა, რომელზეც შესაძლებელია გაიცეს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება და გატარდეს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები. მხოლოდ ამგვარი გადამოწმების ფარგლებში არის შესაძლებელი კანონის უზენაესობისა და მხარეთა ინტერესების დაცვა, რადგან სააღსრულებო მოქმედების განხორციელებას, მოვალის მიერ მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, უპირობოდ უკავშირდება მოვალის ქონების გასხვისება. ასევე, გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს. ამასთანავე, ბიუროს, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, თუკი წარდგენილი ინფორმაცია ფორმალურად ან შინაარსობრივად საკმარისი არ არის სააღსრულებო წარმოების დასაწყებად, შეუძლია ხარვეზი დაადგინოს წარდგენილ განცხადებაზე და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. მითითებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, სადავო შემთხვევაში, მოსარჩელისთვის განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს წარმოშობდა და არ მოხდებოდა შპს „...ის“ ქონების გასხვისება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. კ-მა (აპლიკანტი) დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით შპს „...ისათვის“ (რესპოდენტი) დავალიანების - 125 470.31 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. განცხადებას ერთვოდა: 2016 წლის 23 ივნისს ნ. კ-სა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება (მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების შესახებ), ასევე, მათ შორის შედგენილი - 30.06.2016წ. 31.07.2016წ. 31.08.2017წ. 30.09.2016წ. 31.10.2016წ. 30.11.2016წ. 14.12.2016წ. შედარების აქტები. ამდენად, სწორედ მითითებული დოკუმენტები უნდა შეესწავლა და შეემოწმებინა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აპლიკანტის მოთხოვნის საფუძვლიანობის გადამოწმების კუთხით, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ბიუროს მიეღო ინფორმაცია სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ. 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების დასაწყისშივე მხარეები განმარტავენ: იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით შპს „...ს“ აეკრძალა კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს მის წინაშე მდგარი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესამე პირი პირადი სახსრებით უზრუნველყოფდა მოვალის მიმდინარე და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ამ უკანასკნელის კრედიტორების სასარგებლოდ, ხოლო მოვალე ვალდებული იყო, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაებრუნებინა მესამე პირისათვის ამ უკანასკნელის მიერ მოვალის ფინანსური ვალდებულებების შესრულების მიზნით გადახდილი თანხები სრულად. ამდენად, სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი, ვალდებულების წარმომშობი ხელშეკრულება მიუთითებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე და, რომ ამ განჩინებით შპს „...ს“ აეკრძალა კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა. შესაბამისად, სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო რა, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია, უნდა გასცნობოდა მითითებულ ხელშეკრულებას, რა შემთხვევაშიც აღმასრულებელი იღებდა სრულ ინფორმაციას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობასა და სასამართლოს მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის კონკრეტული ქმედების აკრძალვის თაობაზე, რომლის გვერდის ავლის საშუალებასაც წარმოადგენს ეს ხელშეკრულება. თუკი სააღსრულებო ბიურო ხელშეკრულებაში მითითებულ ინფორმაციას არასაკმარისად მიიჩნევდა კონკრეტული ფაქტის - ვალდებულების არსებობის დადგენის კუთხით, ბიუროს შეეძლო, ხარვეზი დაედგინა განცხადებაზე და დამატებით სასამართლოს განჩინების წარდგენა მოეთხოვა. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული აკრძალვა ფიქსირდებოდა ამონაწერში სარეწარმეო რეესტრიდან, რომელიც მეწარმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არ იქნა დაცული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. მოსარჩელეს უკანონოდ შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, ფაქტობრივად საკუთრების უფლების ობიექტი გადაეცა სხვა პირებს მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, რაც შედეგობრივად განხორციელდა ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (აღნიშნული დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით). აღნიშნულის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი. შესაბამისად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს (მატერიალური ზიანი) შორის.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახეზეა ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული გარემოება, ი. ა-ი წარმოადგენს შპს „...ის“ 50%-იანი წილის მქონე პარტნიორს, ამასთან, მას თავისი სახელით, როგორც პარტნიორს, საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, სარჩელი აქვს აღძრული სასამართლოში. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სარჩელი არ არის წარმოდგენილი სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობაც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს შედეგი - რეალური ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. მოხელის ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის სახით, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ ქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი, მოხელე შეგნებულად უნდა უშვებდეს მესამე/გარე პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოებების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, კასატორი აღნიშნავს, რომ დავის სწორი გადაწყვეტისათვის ყურადღება უნდა მიექცეს მტკიცების ტვირთის გადანაწილებასა და ზოგადად მტკიცების პროცესის სწორ შეფასებას. საპროცესო და მატერიალურ კანონმდებლობაში გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო და უტყუარი მტკიცებულების წარდგენის გზით, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ზიანის დაკისრების საფუძვლად დასახელებული წინაპირობის არსებობა, კერძოდ, მხარეს უნდა დაედასტურებინა ზიანის, როგორც რეალური ფაქტის არსებობა, ზიანის ოდენობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას შპს „...ის“ სახელით ითხოვს ამავე ორგანიზაციის 50%-იანი წილის მფლობელი. სასამართლომ საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, მიადგა თუ არა შპს „...ს“ ზიანი და თუ მიადგა, რა გახდა ამ ზიანის მიყენების საფუძველი. საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 30 ივნისს, ერთი მხრივ, ნ. კ-სა და, მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის - გ. ბ-ის მინდობილ პირს - დ. მ-ს შორის გაფორმებული შედარების აქტით, მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა, რომ 23.06.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „...ის“ დავალიანება ნ. კ-ის მიმართ შეადგენდა 3 930.62 ლარს, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით. 31.07.2016წ. ერთი მხრივ, ნ. კ-სა და, მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის - გ. ბ-ის მინდობილ პირს - დ. მ-ს შორის გაფორმებული შედარების აქტით, მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა, რომ 23.06.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „...ის“ დავალიანება ნ. კ-ის მიმართ შეადგენდა 24 000.91 ლარს, 2016 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. 31.08.2016წ. ერთი მხრივ, ნ. კ-სა და, მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის გ. ბ-ის მინდობილ პირს - დ. მ-ს შორის გაფორმებული შედარების აქტით, მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა, რომ 23.06.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „...ის“ დავალიანება ნ. კ-ის მიმართ შეადგენდა 43 429.18 ლარს, 2016 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით. 30.09.2016წ. ერთი მხრივ, ნ. კ-სა და, მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის - გ. ბ-ის მინდობილ პირს - დ. მ-ს შორის გაფორმებული შედარების აქტით, მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა, რომ 23.06.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „...ის“ დავალიანება ნ. კ-ის მიმართ შეადგენდა 62 356.24 ლარს, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით. 31.10.2016წ. ერთი მხრივ, ნ. კ-სა და, მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის - გ. ბ-ის მინდობილ პირს - დ. მ-ს შორის გაფორმებული შედარების აქტით, მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა, რომ 23.06.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „...ის“ დავალიანება ნ. კ-ის მიმართ შეადგენდა 74 953.94 ლარს, 2016 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით. 30.11.2016წ. ერთი მხრივ, ნ. კ-სა და, მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის - გ. ბ-ის მინდობილ პირს - დ. მ-ს შორის გაფორმებული შედარების აქტით, მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა, რომ 23.06.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „...ის“ დავალიანება ნ. კ-ის მიმართ შეადგენდა 114 890.53 ლარს, 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით. 14.12.2016წ. ერთი მხრივ, ნ. კ-სა და, მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის - გ. ბ-ის მინდობილ პირს - დ. მ-ს შორის გაფორმებული შედარების აქტით, მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა, რომ 23.06.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „...ის“ დავალიანება ნ. კ-ის მიმართ შეადგენდა 125 470.31 ლარს, 2016 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით. 2016 წლის 16 დეკემბერს, შპს „...ს“ წერილით მიმართა ნ. კ-მა, რომელმაც მიუთითა, რომ 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული შედარების აქტებით კომპანიის დავალიანება შეადგენს 125 470.31 ლარს. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „...ს“ წინამდებარე დავალიანება მის მიმართ უნდა დაეფარა 2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა. კრედიტორმა კომპანიას მოთხოვა წერილის ჩაბარებიდან 01 (ერთი) კვირის ვადაში არსებული დავალიანების დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ხსენებული დოკუმენტი შპს „...ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს - დ. მ-ს ჩაბარდა 2017 წლის 05 იანვარს.

სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2016 წლის 28 დეკემბერს ნ. კ-მა (აპლიკანტი) წარადგინა №161251735 განცხადება შპს „...ის“ (რესპოდენტი) მიმართ ფულადი დავალიანების 125 470.31 ლარის გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ იქნა 23.06.2017წ. ხელშეკრულება, 30.06.2016წ. 31.07.2016წ. 31.08.2017წ. 30.09.2016წ. 31.10.2016წ. 30.11.2016წ. 14.12.2016წ. შედარების აქტები. რესპოდენტის მიმართ მოთხოვნა განსაზღვრულ იქნა 125 470,31 ლარის ოდენობით. განაცხადს თან ერთვოდა: 23.06.2016წ. ხელშეკრულება, 30.06.2016წ. 31.07.2016წ. 31.08.2017წ. 30.09.2016წ. 31.10.2016წ. 30.11.2016წ. 14.12.2016წ. შედარების აქტები; 2016 წლის 16 დეკემბრის წერილი.

სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 09 იანვარს გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №161251735/221072 შეტყობინება, რომლითაც რესპოდენტ შპს „...ს“ განესაზღვრა 10 კალენდარული დღე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის. ხსენებული დოკუმენტი შპს „...ის“ წარმომადგენელმა - ლ. ლ-ემ ჩაიბარა 2017 წლის 12 იანვარს. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 30 იანვარს გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №161251735/229126 ბრძანება, რომლითაც რესპოდენტ შპს „...ს“ აპლიკანტ ნ. კ-ის მიმართ დაეკისრა დავალიანების გადახდა 125 570.31 ლარის ოდენობით, ვინაიდან არ იქნა წარდგენილი პროტესტი. გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია 23.06.2016.წ, ხელშეკრულება; 30.06.2016წ; 31.07.2016წ. 31.08.2017წ. 30.09.2016წ. 31.10.2016წ. 30.11.2016წ. 14.12.2016წ. შედარების აქტები.

ზემოხსენებული დოკუმენტი შპს „...ის“ წარმომადგენელმა - დ. მ-მა ჩაიბარა 2017 წლის 3 თებერვალს, იგივე დოკუმენტი 6 თებერვალს ასევე ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - ლ. ლ-ემ. სადავო აქტი ორგანიზაციის მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი. თბილისის სააღსრულებო ბიუროში 2017 წლის 31 იანვარს ნ. კ-მა წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის №61251735/229126 აღსრულების ქვემდებარე აქტი, მოითხოვა წარმოებაში მიღება და მოვალისათვის 125 570.31 ლარის დაკისრება.

კასატორის განმარტებით, საზოგადოების პარტნიორი უნდა აცნობიერებდეს, რომ თუ მის მიერ დანიშნული დირექტორი (ან დირექტორი, რომელიც უკვე დანიშნული იყო და რომლის დირექტორობასაც შეეგუა პარტნიორი) ვერ გაამართლებს მასზე დამყარებულ იმედს, არ გაუძღვება საზოგადოების საქმეებს კეთილსინდისიერად, არ იზრუნებს საზოგადოებაზე ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე ან ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი პირი და არ იმოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისთვის, მაშინ ნეგატიური შედეგი უნდა დადგეს საზოგადოებისთვის და პარტნიორისთვის და არა გარეშე პირისთვის. აღნიშნულზე მეტყველებს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, რომლის თანახმად, კომპანიის დირექტორის არაკეთილსინდისიერი მოქმედება, თავისთავად, წარმოადგენს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტის ბუნებრივ, გარდაუვალ რისკს. დავაკვირდეთ - არა მეწარმე სუბიექტის კონტრაგენტის ან სხვა მესამე პირის რისკს, არამედ თავად იმ საწარმოს რისკს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი დირექტორი ხელმძღვანელობს. საზოგადობის პარტნიორი რატომღაც თვლის, რომ ნეგატიური შედეგი უნდა დადგეს არა მის მიმართ ან მისივე საზოგადოების მიმართ, არამედ „ბიუროს“ მიმართ, ანუ ადგილი აქვს საკუთარი რისკის სხვა სუბიექტზე გადატანის მცდელობას, რაც უსამართლო და უკანონოა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დ. მ-ი, მის მიერ წარდგენილ შესაგებელში, სწორად მიიჩნევს იმ მოქმედებას, რომ იმ დროს, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა ეფუძნებოდა მყარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ჯაჭვს და ტოვებდა მოლოდინს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლოა მიუღწევადი ყოფილიყო ანდა მოთხოვნის შემცირება იქნებოდა შესაძლებელი, პროტესტის წარდგენა უფრო გაუმართლებელი იყო, ვიდრე გამართლებული. გამოდის, რომ ორგანიზაციას ჰქონდა ვალდებულებები, აღნიშნული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გაიყიდა ორგანიზაციის ქონება, დაკმაყოფილდა კრედიტორი და ეხლა ეს ორგანიზაცია ზიანს ითხოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან. ამასთან, ი. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „...ის“, დ. მ-ისა და ზურაბ ბაკურაძის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა ზიანის დაკისრება და გაუნაწილებელი მოგების გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს უპირველეს ყოვლისა აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლოა აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა. თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის და არა პირადად მისთვის მიყენებულ ზიანზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით შპს „...ის“ (ს/ნ ...) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი - გ. ბ-ე. პარტნიორებს წარმოადგენენ - დ. მ-ი (წილი 50%) და ი. ა-ი (წილი 50%). 2016 წლის 24 ივნისს რეგისტრირებულია აკრძალვა, რომლითაც დ. მ-ს, ლ. ლ-ეს და გ. ბ-ეს აეკრძალათ შპს „...ის“ კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა პარტნიორთა კრების თანხმობის (გადაწყვეტილების) გარეშე, გარდა, შპს „...ის“ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი თანხების განკარგვისა (ს.ფ. 137-138); ბ) ი. ა-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - დ. მ-ის, გ. ბ-ის, ლ. ლ-ისა და შპს „...ის“ მიმართ, გაუნაწილებელი მოგების გადახდევინების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ი. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შპს ,,...ის’’ დირექტორს გ. ბ-ეს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დ. მ-ს და ლ. ლ-ეს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალათ შპს ,,...ის’’ კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა პარტნიორთა კრების თანხმობის (გადაწყვეტილების) გარეშე, გარდა შპს ,,...ის’’ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი თანხების განკარგვისა (ს.ფ. 17-20); გ) 2016 წლის 23 ივნისს, ერთი მხრივ, ნ. კ-ს (შემდგომში - მესამე პირი) და მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის - გ. ბ-ის მინდობილ პირს - დ. მ-ს (შემდგომში - მოვალე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით შპს „...ს“ აეკრძალა კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს მის წინაშე მდგარი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობას, მესამე პირი პირადი სახსრებით უზრუნველყოფს მოვალის მიმდინარე, გრძელვადიანი და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ამ უკანასკნელის კრედიტორების სასარგებლოდ, ხოლო თავის მხრივ, მოვალე ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაუბრუნოს მესამე პირს ამ უკანასკნელის მიერ მოვალის ფინანსური ვალდებულებების შესრულების მიზნით გადახდილი თანხები სრულად. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით (ს.ფ. 21-22); დ) 2016 წლის 28 დეკემბერს ნ. კ-მა (აპლიკანტი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიუროში წარადგინა №SP161251735 განცხადება შპს „...ის“ (რესპოდენტი) მიმართ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება №SP161251735, რომლის საფუძველს წარმოადგენდა: 23.06.2016.წ, ხელშეკრულება; 30.06.2016წ; 31.07.2016წ; 31.08.2016წ; 30.09.2016წ; 31.10.2016წ; 30.11.2016წ. და 14.12.2016წ. შედარების აქტები. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის №SP161251735/229126 ბრძანებით რესპოდენტ შპს „...ს“ აპლიკანტ ნ. კ-ის მიმართ დაეკისრა დავალიანების გადახდა 125 570.31 ლარის ოდენობით (ს.ფ. 23); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №63, ფართი №9 (ს/კ ...), შემძენი, 2017 წლის 20 აპრილს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 124 950 ლარად (ს.ფ. 25-26); ვ) 2017 წლის 28 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №63, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., ფართი №9, ფართი: 64.17 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. კ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - განკარგულება №A17012447-021/001, დამოწმების თარიღი: 24/04/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიურო (ს.ფ. 75-76); ზ) 2017 წლის 22 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №63, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., ფართი №9, ფართი: 64.17 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვლადიმერ პიპინაშვილის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 20/06/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ს.ფ. 77-78); თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის - გ. ე-ას 2017 წლის 22 მარტის დასკვნის თანახმად, შპს „...ის“ (ს/ნ ...) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (ს/კ №...), მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №63, ფართი №9; ფართი 64.17 კვ.მ (საოფისე ფართი), საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის (დამრგვალებით) შეადგენს 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო ობიექტის საბოლოო საბაზრო ღირებულება (დამრგვალებით) შეფასების თარიღისათვის ლარში შეადგენს 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარს (ს.ფ. 91-96); ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის №A17012447-021/005 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული ცენტრალური გათბობის სისტემის - გათბობის ქვაბის (ferroli), 5 ცალი სხვადასხვა ზომის რადიატორის შემძენი, 2017 წლის 03 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 2 000 ლარად (ს.ფ. 27); კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის №A17012447-021/006 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული მტვერსასრუტის (Bosch) შემძენი 2017 წლის 03 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 94.5 ლარად (ს.ფ. 28); ლ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის №A17012447-021/007 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული კონდიციონერის (Simens sizma, თეთრი ფერი), შიდა და გარე აგრეგატის შემძენი 2017 წლის 03 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 600 ლარად (ს.ფ. 29); მ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის №A17012447-021/008 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული: 1) მოშავო ფერის, მეორადი საოფისე მაგიდის (150*75) – 1 ცალი; 2) მოშავო ფერის, მეორადი წიგნის თაროს - 1 ცალი; 3) მოშავო ფერის, მეორადი შუშებიანი კარადის (ვიტრინა) - 1 ცალი (კარადას აღენიშნება დაზიანებები); 4) მოშავო ფერის, მეორადი კარადის (210*060) – 1 ცალი; 5) მოთეთრო, მეორადი 11.93 კვ.მ ფარდა-ჟალუზის (საჭიროებს დემონტაჟს); 6) საოფისე მაგიდის - (დიდი მაგიდა ტუმბოებით, მოშავო ფერის ვერცხლისფერი გაწყობით, მეორადი მოხმარების) - 1 ცალი; 7) ნაჭრის, შავი/ლურჯი ფერის საოფისე სკამის - 3 ცალი, (აღენიშნება დაზიანებები); 8) შავი ფერის დაბალი საზურგით, მეორადი საოფისე სკამის - 1 ცალი; 9) შავი ფერის, ბადის საზურგით, მეორადი საკონფერენციო სკამის - 1 ცალი; 10) შავი/წითელი ფერის, ქრომირებული ფეხით, მეორადი სავარძლის - 2 ცალი, შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 670.54 ლარად (ს.ფ. 30-31); ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/009 განკარგულებით, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული ,,ნოუთბუკის’’ (Acer) შემძენი 2017 წლის 03 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 460 ლარად (ს.ფ. 32); ო) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/010 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული ელექტრო ჩაიდანის შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 21 ლარად (ს.ფ. 33); პ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/011 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული მონაცისფრო სეიფის (eagle safes) შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 615 ლარად (ს.ფ. 34); ჟ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/012 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული სავარძლების სამეულის (3+1+1 ხე/ნაჭერი), შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 700 ლარად (ს.ფ. 35); რ) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/013 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული: 1) მრგვალი, თეთრი ფერის, მეორადი სანათის (opple) - 10 ცალი; 2) მეტალის, მომცრო ზომის სანათის - 1 ცალი; 3) თეთრი ფერის, მეორადი სანათის - 1 ცალი, შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 165.2 ლარად (ს.ფ. 36); ს) საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/014 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული: 1) მეორადი მოხმარების სამზარეულოს ნიჟარის; 2) სამზარეულოს ავეჯის - 3 კვ.მ, (მოყავისფრო, კრემისფერი ზედაპირით); 3) ჩასაშენებელი გაზქურის (zidaf) (ზედა ნაწილი, შავი ფერის); 4) სამზარეულოს ონკანის (ქრომირებული), შემძენი 2017 წლის 04 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 724.5 ლარად (ს.ფ. 37); ტ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ა-მა მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირების - შპს „...ის“, დ. მ-ისა და ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №SP161251735/229126 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/005 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/006 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/007 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/008 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/009 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/010 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/011 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/012 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/013 განკარგულების, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/014 განკარგულების ბათილად ცნობა (ს.ფ. 39-68); უ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო საჩივრით; ფ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/2210-18) ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის №SP161251735/229126 ბრძანება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს: 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/005 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/006 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/007 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/008 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/009 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/010 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/011 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/012 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/013 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/014 განკარგულება (ს.ფ. 39-68); ქ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრებით იქნა გასაჩივრებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. კ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 70-74).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „...ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი - ი. ა-ი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შპს „...ის“ სასარგებლოდ 100 000 აშშ დოლარისა და 6 050.74 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვს. ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს „...ის“ წინააღმდეგ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომლის ფარგლებშიც, იძულებით აუქციონზე გაიყიდა საზოგადოების საკუთრებაში რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/2210-18) ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოცემული ყველა ბრძანება და განკარგულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა (საქმე №ბს-686(2კ-19)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე სარჩელის სასამართლოში შემოტანის დროისათვის მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია - 02.08.2021, №875), რომლის 9.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

ამავე კანონის 46.5 მუხლის თანახმად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სასამართლოს მიერ პარტნიორის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საზოგადოება ვალდებულია აუნაზღაუროს პარტნიორს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზოგადოებისათვის საზიანო აღმოჩნდა. თუ პარტნიორი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, პარტნიორს ეკისრება საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, რომლებიც წარმოიშვა პარტნიორის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პარტნიორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს მას სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

ზემოაღნიშნული საკანონდებლო ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპანიის პარტნიორს შეუძლია საკუთარი სახელით, კომპანიის ნაცვლად და მის სასარგებლოდ წარადგინოს დერივაციული სარჩელი (რომლის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ქონებრივი ინტერესების დაცვა), თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია თავად არ ახორციელებს საკუთარი უფლებების დაცვას. დერივაციული სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად. ამასთან, დერივაციული სარჩელით სასამართლოსადმი მიმართვამდე შპს-ს პარტნიორი ვალდებულია ოფიციალურად მიმართოს კომპანიას და დაელოდოს 90-დღიანი ვადის გასვლას. თუმცა პრაქტიკაში შესაძლოა წარმოიშვას ისეთი ვითარება, როცა აზრს მოკლებულია აღნიშნული ვადის დაცვა. თუ საქმის გარემოებებიდან ცალსახად არ იკვეთება საზოგადოებისადმი მიმართვის უპერსპექტივობა, მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს და დაასაბუთოს, რომ საწარმოსათვის შესაბამისი მოთხოვნით მიმართვა და კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვა უშედეგო იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მესამე პირის - შპს „...ის“ შესაგებელი (ს.ფ. 146-155), რომლითაც კომპანია არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა უარი ეთქვას ი. ა-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით აშკარაა, რომ კომპანია არ აპირებდა და არც აპირებს იდავოს წინამდებარე სარჩელით განსახილველ საკითხზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ი. ა-ი, როგორც შპს „...ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი არის უფლებამოსილი პირი კომპანიის ნაცვლად და მის სასარგებლოდ წარმოედგინა სარჩელი (მსგავს შემთხვევებზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: სუსგ №ას-457-436-2015, 6 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-687-658-2016, 6 ნოემბერი, 2018 წელი; სუსგ №ას-727-695-2016, 23 იანვარი, 2019 წელი; სუსგ №ას-370-344-2017, 18 აპრილი, 2019 წელი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება, კერძოდ, კონსტიტუციის 18.4 მუხლის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ანალოგიური შინაარსის დათქმას ითვალისწინებდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების რეალიზაციას ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი (207-209 მუხლები), რომელიც უშუალოდ აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხს, კერძოდ, 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005.1 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის #2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა განამტკიცებს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო პასუხისმგებლობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას. ამდენად, კანონმდებლობა ადგენს სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებების კანონიერება, თავად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს არსებობის მიზნებისა და მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდგომში მის მიერ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად და კანონის შესაბამისად განხორციელების კუთხით. ამასთან, უნდა დადგინდეს და შეფასდეს სახეზე არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ვინაიდან ამ შედეგის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს მოცემული დავისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - არსებობს თუ არა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებების კანონიერება, რასთან მიმართებითაც საყურადღებოა კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №3ბ/2210-18), რომლითაც ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის №SP161251735/229126 ბრძანება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს: 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/005 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/006 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/007 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/008 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/009 განკარგულება; 2017 წლის 11მაისის A17012447-021/010 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/011 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/012 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/013 განკარგულება; 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/014 განკარგულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ და ნ. კ-მა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-74).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის №ბს-686(2კ-19) განჩინებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ,,გამარტივებული წარმოების ფარგლებში განცხადების წარდგენისას არ ხდება სააღსრულებო ფურცლის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც სათანადო ორგანოს მიერ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში მხარე წარადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს, რომ გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. ამდენად, ასეთი წარმოებისას მოთხოვნის არსებობა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოთა მიერ გაცემული, ოფიციალური დოკუმენტით კი არ დგინდება, არამედ კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით. შესაბამისად, მსგავსი წარმოების ფარგლებში გაცილებით მეტი რისკი და საფრთხე არსებობს, რომ არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ იქნეს წარდგენილი განცხადება და ინფორმაცია და დაირღვეს მოვალედ მითითებული პირის უფლებები. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სწორედ ამიტომ, გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ყურადღებით და საგულდაგულოდ შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც შპს „...ის“ (რესპოდენტი) მიმართ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით ნ. კ-ის (აპლიკანტი) მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ განცხადებას, შედარების აქტებთან ერთად, ერთვოდა 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება, სადაც პირდაპირ იყო მითითება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე, რომლითაც შპს „...ს“ აეკრძალა კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ უნდა გამოეცა დავალიანების გადახდევინების შესახებ 2017 წლის 30 იანვრის №SP161251735/229126 ბრძანება და შემდგომ ამ ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად - განკარგულებები’’.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ბუნებით უფლებათა რიცხვს განეკუთვნება და წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და ამავდროულად როგორც პიროვნულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და იმავდროულად არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად (ნეგატიური ვალდებულება). აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ის ლეგიტიმური მიზანია, რომელიც ამართლებს საკუთრების უფლებაში ჩარევას - როგორც შეზღუდვის, ისე ექსპროპრიაციის ფორმით. საკუთრების უფლების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მკაცრ და კონკრეტულ განმარტებას ექვემდებარება. კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით. საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს (შედ: იხ. საქმე №ბს-979 (2კ-21), 16/03/2023).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 30 იანვარს გამოცემული „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №SP161251735/229126 ბრძანების და ამ ბრძანების აღსრულების ფარგლებში ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგად გამოცემული განკარგულებებით, განიკარგა შპს „...ის“ კუთვნილი მოძრავი და უძრავი ნივთები. ამასთან, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/2210-18) დადგენილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 30 იანვარს გამოცემული „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №SP161251735/229126 ბრძანების და ამ ბრძანების აღსრულების ფარგლებში ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგად გამოცემული განკარგულებების უკანონობა, რაც სრულად გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2019 წლის 18 ივლისის №ბს-686(2კ-19) განჩინებით, სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი შპს „...ის“ მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემულ უკანონო აქტებს შორის, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შპს „...ის“ სასარგებლოდ უკანონო აქტებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის არსებობისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. „ზიანის ანაზღაურების (როგორც ფაქტობრივად დამდგარი დანაკლისის, ასევე მიუღებელი შემოსავლის) მოვალეობის დაკისრების უმთავრესი წინაპირობა მიზეზობრივი კავშირია მოვალის ქმედებასა და ქმედების შედეგად დამდგარ ზიანს შორის, რაც დგინდება ე.წ. ეკვივალენტურობის თეორიის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და შედეგისთვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს (,,ეკვივალენტურს“), თუკი დადგინდება, რომ ამ პირობის გარეშე შედეგი თავისი კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. მიზეზობრივი კავშირის ჯაჭვი შეიძლება აერთიანებდეს ერთ ან რამდენიმე, შემთხვევით ან მოსალოდნელ, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიზეზს. პალატა აღნიშნავს, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირისას უმნიშვნელოვანესია მიზეზებისა და დამდგარი შედეგის ფაქტობრივი ურთიერთკავშირის დადგენა. ამ მიზნით, დაზარალებული პირი ვალდებულია დაამტკიცოს როგორც ზიანის არსებობა, აგრეთვე მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მიზეზობრივი კავშირი, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება და ბრალის გამომრიცხავი გარემოებები. ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად იმ პირმა ვისაც ზიანი მიადგა, უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რათა დაამტკიცოს, შესაძლებლობის ფარგლებში, ზიანის არა მარტო არსებობა, არამედ მისი რაოდენობა და ღირებულებაც“ (სუსგ საქმეზე №ბს-705(კ-21), 03.05.2022წ.).

ამრიგად, პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის მართებულად გადაწყვეტისთვის, რაც განპირობებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაწესით, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, მხარე ვალდებულია უზრუნველყოს მისი მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარისა და 6 050.74 (ექვსიათას ორმოცდაათი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხისათვის 100 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელე მოთხოვნის ოდენობას უკავშირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის - გ. ე-ას 2017 წლის 22 მარტის დასკვნას, რომლის თანახმად, შპს „...ის“ (ს/ნ ...) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (ს/კ №...), მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №63, ფართი №9; ფართი 64.17 კვ.მ (საოფისე ფართი), საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის (დამრგვალებით) შეადგენს 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო ობიექტის საბოლოო საბაზრო ღირებულება (დამრგვალებით) შეფასების თარიღისათვის ლარში შეადგენს 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარს. რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხისათვის 6 050.74 ლარის დაკისრების თაობაზე, აღნიშნულ თანხად (ჯამურად) იძულებით აუქციონზე რეალიზებულ იქნა კომპანიის კუთვნილი მოძრავი ნივთები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის №SP161251735/229126 ბრძანებით რესპოდენტ შპს „...ს“ აპლიკანტ ნ. კ-ის მიმართ დაეკისრა დავალიანების გადახდა 125 570.31 ლარის ოდენობით. ამასთან, კრედიტორის მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. კ-ის მიერ შპს „...ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის ფინანსური ვალდებულებების შესრულებისათვის გადახდილი თანხების გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების მოქმედების პირობებში, მესამე პირმა - ნ. კ-მა შპს „...ის“ წინაშე შეასრულა ხელშეკრულების მე-3 პუნქტით აღებული ვალდებულება (მესამე პირი ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველეყო პირადი თანხების მოძიება და შპს „...ის“ მიმდინარე, გრძელვადიანი და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულება ჯეროვნად. ამასთანავე, უფლებამოსილი იყო მოვალისათვის მოეთხოვა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება) 125 570.31 ლარის ოდენობით, რაზეც არც ერთ მხარეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. საყურადღებოა, რომ შპს ,,...ი’’ წინამდებარე დავაში წარმოდგენილი შესაგებლით (ს.ფ. 146-155) ადასტურებს ნ. კ-ის წინაშე არსებულ ფინასურ ვალდებულებას, რაც მოსარჩელე ი. ა-ს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, 2017 წლის 20 აპრილს, 3 და 4 მაისს გამართულ იძულებით აუქციონებზე კომპანიის კუთვნილი ქონების გასხვისებით მიღებული თანხიდან დაიფარა ამავე კომპანიის ვალდებულება, შპს ,,...ის’’ მიმართ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ აუქციონზე გასხვისებული ქონების საბაზრო ღირებულებას გამოაკლდეს იმ ფინანსური ვალდებულების მოცულობა, რომელიც დაიფარა იძულებითი აუქციონის შედეგად ამონაგები თანხით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა ვლინდება არა ფაქტების დადგენაში, არამედ - დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებების გამოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილი სასამართლო სააპელაციო სასამართლოა. განსახილველ შემთხვევაში, მართალია მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის №SP161251735/229126 ბრძანებით რესპოდენტ შპს „...ს“ აპლიკანტ ნ. კ-ის მიმართ დაეკისრა დავალიანების გადახდა 125 570.31 ლარის ოდენობით, თუმცა საყურადღებოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი არ არის შპს ,,...ის’’ მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოების ფარგლებში ჩატარებულ იძულებით აუქციონებზე კომპანიის კუთვნილი ქონების გასხვისებით მიღებული თანხიდან რა ოდენობა იქნა მიქცეული ნ. კ-ის წინაშე კომპანიის ვალდებულების დასაფარად (მაგ: ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია აღსრულების საფასური და ხარჯები). ასევე დადგენილი არ არის შპს „...ის“ კუთვნილი მოძრავი და უძრავი ნივთების იძულებით აუქციონზე გასხვისებით ამონაგები თანხის კონკრეტული ოდენობა (მაგ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001 განკარგულების თანახმად, მოვალე შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №63, ფართი №9 (ს/კ ...), შემძენი, 2017 წლის 20 აპრილს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - ნ. კ-ი, რომელმაც ქონება შეიძინა 124 950 ლარად. ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან, დამატებული ღირებულების გადასახადს შეადგენს 19 060 ლარი. შემძენმა თანხა გადაიხადა სრულად. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-007/001 წერილით შპს ,,...ს’’ ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის №SP161251735/229126 ქვემდებარე აქტის აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა შეადგენს 113 838,44 ლარს, საიდანაც კრედიტორს გადაერიცხა - 108518,88 ლარი, ხოლო აღსრულების საფასურია - 5319,56 ლარი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ბ. სტურუა