საქმე ბს-825(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. კ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების და 2022 წლის 5 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 15 დეკემბერს ვ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით საამშენებლო სამართალდარღვევის გამო, მოხდა მისი დაჯარიმება. ზემოაღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მოსაზრებით უკანონოა, ვინაიდან დუშეთში, ... №...-ში, მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით ...), მიღებული აქვს ...ის კოლმეურნეობის 1988 წლის 5 სექტემბრის რწმუნებულთა კრების №4 ოქმის საფუძველზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომლის გამოც დაჯარიმდა, აშენებულია 2006-2010 წლებში.
2018 წლის 21 დეკემბერს, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2020 წლის 20 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე, რითაც კანონიერად ცნო და საკუთრებაში აღრიცხა 1988 წლიდან მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული 55 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (ს.კ ...).
მოსარჩელის განმარტებით მის მიერ 2006-2010 წლებში განხორციელებული მშენებლობა, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, ვინაიდან შენობა პირველი კლასის ნაგებობაა. მშენებლობის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა კი არ ითვალისწინებდა შესაბამისი ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულებას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, სახეზეა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული, აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ვ. კ-ეის დაჯარიმების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 2 დეკემბრის №4576/ს ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 2 დეკემბრის №4576/ს ბრძანება სამშენებლო სამართალდარღვევის გამო ვ. კ-ეის დაჯარიმების თაობაზე.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა "საქართველოს სივრცის, დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 132.41 მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნევა მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც არ გასცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს და რომელსაც დაადასტურებს მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მშენებლობის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებულია იყო, რომ სადავო ნაგებობა წარმოადგენდა I კლასის შენობა-ნაგებობას. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, გამოირიცხებოდა დუშეთის მერის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 02 დეკემბრის №4576/ს ბრძანება და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევდა და დოკუმენტურად დადასტურებული იყო, რომ სადავო შენობა წარმოადგენს I კლასის კატეგორიის შენობა-ნაგებობას; უდავო იყო ასევე ის გარემოება, რომ ვ. კ-ეის დაჯარიმებას საფუძვლად დაედო მის მიერ მშენებლობის შეუტყობინებლად შენობა-ნაგებობის აშენება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შენობა-ნაგებობის აშენებისა და მშენებლობის განხორციელების თარიღად მითითებულია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სადავო შენობის მშენებლობა განხორციელებულია 2006-2010 წლებში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მშენებლობის განხორციელების დროს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან, სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებში ისეთი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარ მიდგომას აწესებს სწორედ იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც სადავო აქტის გამოცემას დაედო საფუძვლად (შეტყობინების განუხორციელებლობა).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელისადმი მითითება გაცემულია 2020 წლის 30 ივლისს. მითითების გაცემის დროისათვის და მშენებლობის დასრულების თარიღად მითითებული 2010 წლისთვისაც, უკვე მოქმედებდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომელიც ადგენდა პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განზრახვის თაობაზე შეტყობინების წარდგენის წესს და სწორედ ამ წესზე მითითებით გამოიცა სადავო დაჯარიმების შესახებ ბრძანება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ 2019 წლის 3 ივნისის მდგომარეობით მშენებარე და აშენებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც 2019 წლის 3 ივნისამდე არ ექვემდებარებოდა მშენებლობის ნებართვის მიღებას ან მშენებლობის შეტყობინების ვალდებულებას, 2019 წლის 3 ივნისის შემდეგაც არ საჭიროებდა აღნიშნულ ნებართვას ან შეტყობინებას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანებით მოსარჩელეს დაევალა „მშენებლობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა“, თუმცა დაკონკრეტებული არ იყო რას გულისხმობდა ადმინისტრაციული ორგანო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანება არ ხასიათდებოდა იმგვარი კონკრეტიკით, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს მხრიდან იმის გადამოწმებას, სრულყოფილად იქნა თუ არა შესწავლილი საქმის გარემოებები, რასაც აქტის კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, ამასთან, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის - როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. განსახილველ შემთხვევაში ვ. კ-ეის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ I კლასის შენობის მშენებლობა და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ) (იხ.სუსგ №ბს-391-386(3კ-12), 15.11.2012წ.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ბრძანება გამოსცა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 02 დეკემბრის №4576/ს ბრძანების ბათილად ცნობის და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას ვ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება და სააადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და იმავე წლის 5 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ.
ვ. კ-ემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის 500 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მის მიერ სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 2300 ლარის (პირველ ინსტანციაში - 500, სააპელაციო ინსტანციაში - 800 და საკასაციო ინსტანციაში - 1000) ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. კასატორისთვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მშენებლობის თარიღად დასახელებული 2006-2010 წლები საკმაოდ ფართო პერიოდია. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ მიუთითებს საკანონმდებლო ნორმაზე, რომლის თანახმადაც იგი ვალდებული იყო ნაგებობის მშენებლობა დაწყებიდან მალევე დაესრულებინა. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ორთოფოტოთი დგინდება, რომ მშენებლობა ნაწარმოებია ბევრად უფრო ადრე ვიდრე ამოქმედდა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. კ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, მოქალაქე ვ. კ-ეის დაჯარიმების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 2 დეკემბრის №4576/ს ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 30 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურმა დუშეთში, ... №...-ში მცხოვრები ვ. კ-ეის მიმართ შეადგინა მითითება და მიეცა 30-დღიანი ვადა, რათა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წარმოებული უნებართვო მშენებლობა მოეყვანა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.
2020 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტმა შეადგინა შემოწმების აქტი, რომლითაც ვ. კ-ეის მიერ 2020 წლის 30 ივლისის მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი დააფიქსირა. საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2020 წლის 2 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოიცა №4576/ს ბრძანება საამშენებლო სამართალდარღვევის გამო და საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის, დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მოქალაქე ვ. კ-ე დაჯარიმდა 4000 (ოთხი) ათასი ლარით, ამავე ბრძანებით დაევალა განხორციელებული უნებართვო მშენებლობის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ბრძანების თანახმად, შენობა-ნაგებობა წარმოადგენს პირველი კლასის ნაგებობას.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, დუშეთში, ... №...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, ფართობით 500 კვ.მ და შენობა-ნაგებობა №1 საკუთრების უფლებით ირიცხება ვ. კ-ეის სახელზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ვ. კ-ეის მიერ მშენებლობის განხორციელების ზუსტი დრო, თავად მოსარჩელე მიუთითებს 2006-2010 წლებზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მითითება გაიცა 2020 წლის 30 ივლისს.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ამავე კოდექსის 94-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს მშენებლობის მარტივი შეტყობინების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან ნებართვის მიღების ვალდებულება. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, 2019 წლის 3 ივნისის მდგომარეობით მშენებარე და აშენებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც 2019 წლის 3 ივნისამდე არ ექვემდებარებოდა მშენებლობის ნებართვის მიღებას ან მშენებლობის შეტყობინების ვალდებულებას, 2019 წლის 3 ივნისის შემდეგაც არ საჭიროებს აღნიშნულ ნებართვას ან შეტყობინებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომლის 65.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით ცვლილება შევიდა ამავე სახელწოდების საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში, რომლის მე-60 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა წარმოებდა ნებართვის მიღების გარეშე. აღნიშნული დადგენილების მე-60 მუხლში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს შეტყობინების ვალდებულების შესახებ ცვლილება განხორციელებულია 2008 წლის 27 ოქტომბერს, კერძოდ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ I კლასის შენობა-ნაგებობები მშენებლობა წარმოებდა კვლავ ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა, მშენებლობის დაწყება შესაძლებელი ხდებოდა მას შემდეგ, რაც შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში გააგზავნიდა შეტყობინებას მშენებლობის განზრახვის თაობაზე, რომელსაც თან ურთავდა მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში დაადასტურებდა წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის სისწორეს და პასუხს აცნობებდა შემტყობინებელს.
ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ვ. კ-ეის მიერ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სადავო შენობა-ნაგებობის განთავსების დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს განსახილველ საქმეზე გამოსაყენებელი საკანონმდებლო ნორმების შეფარდების კუთხით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ვ. კ-ეის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ I კლასის შენობის მშენებლობა და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ) (იხ.სუსგ №ბს-391-386(3კ-12), 15.11.2012წ.).
საგულისხმოა ასევე, რომ სადავო ბრძანებით ვ. კ-ეს დაევალა მშენებლობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, თუმცა ადმინისტრაციულ აქტში არ არის დაკონკრეტებული მის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტი უნდა აკმაყოფილებდეს სიცხადის და განჭვრეტადობის კრიტერიუმებს, რათა მის ადრესატს შეეძლოს საკუთარი ქცევის დაუბრკოლებლად განსაზღვრა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესრულების პერიოდი, ასევე ის გარემოება, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა მშენებლობის შეტყობინების ვალდებულებას იმ დროისთვის და შეუტყობინებლობა წარმოადგენდა თუ არა სამართალდარღვევას.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კაონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო ბათილად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე, ვ. კ-ეის დაჯარიმების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 2 დეკემბრის №4576/ს ბრძანება და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაავალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობის და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას ვ. კ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და საადვოკატო მომსახურების თანხის - 500 ლარის ანაზღურება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება მართებულია, ვინაიდან სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი თანხა დაეკისრა მოპასუხეს, აპელანტი ვ. კ-ე არ ყოფილა (არც ბაჟი გადაუხდია), ხოლო საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრება უსაფუძვლოა, ვინაიდან ვ. კ-ეის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. საადვოკატო მომსახურების თანხის ოდენობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის მნიშვნელობის და სირთულის გათვალისწინებით გონივრულ ფარგლებში, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დააკისრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას საადვოკატო მომსახურების თანხის ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. კ-ეის საკასაციო საჩივარზე თ. პ-ის (პ/ნ ...) 10.07.2023წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. პ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ვ. კ-ეის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის დამატებითი ადაწყვეტილება;
4. თ. პ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ვ. კ-ეის საკასაციო საჩივარზე 10.07.2023წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა