საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1491(კ-22) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ჯ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 26 იანვარს ჯ. ჯ-ამ, ლ. ჯ-ამ, დო. ჯ-ამ და დ. ჯ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით, დაკმაყოფილდა ჯ. ჯ-ას, ლ. ჯ-ას და დო. ჯ-ას შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე; სარჩელი ჯ. ჯ-ას, ლ. ჯ-ას და დო. ჯ-ას ნაწილში დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული დ. ჯ-ას დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 დეკემბრის N03-3286/ო ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ დ. ჯ-ას ნაწილში; დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ. ჯ-ა დაკმაყოფილდება ერთოთახიანი ბინით).
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მისი საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობდა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. N...-ში, რომელიც მიჩნეული იქნა ნგრევად ობიექტად და მოხდა იქ მაცხოვრებელი დევნილების განსახლება. აღნიშნული განსახლების დროს დ. ჯ-ას ოჯახს გადაეცა მცირე მოცულობის ფართი და ოთახების იმგვარი განაწილებით, რაც არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტს. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში. ამ შემთხვევაში კი, დ. ჯ-ას ოჯახისთვის გადაცემულ სახლში იმგვარი განთავსება, რომ მითითებული წესი იყოს დაცული, შეუძლებელია. ამიტომ მოსარჩელეს უწევს ფაქტობრივად საერთო ოთახში განთავსება, მის სრულწლოვან დასთან ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად, რაც მხარის განმარტებით, წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტთან. მოსარჩელე აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ანალოგიურ შემთხვევაში დევნილებს გადაეცემათ ისეთი სახლები, სადაც მინიმუმ 2 საძინებელია გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ მის მიმართ სამინისტროს მიერ განხორციელებული შეთავაზებით, იგი სხვა დევნილებისგან განსხვავებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასევე, მოპასუხის მიერ დარღვეულია ის ნორმაც, რომელიც არეგულირებს დევნილთა ღირსეულ განსახლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 დეკემბრის №03-3286/ო ბრძანება, დანართი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ დ. ჯ-ას ნაწილში; დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება დ. ჯ-ას ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი ...; მისი დროებითი საცხოვრებელი მისამართია - ქუთაისი, ...ს ქ. N..., სასტუმრო თ.... დო. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი ...; მისი დროებითი საცხოვრებელი მისამართია - ქუთაისი, ...ს ქ. N..., სასტუმრო თ.... ჯ. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი ...; მისი დროებითი საცხოვრებელი მისამართია - ქუთაისი, ...ს ქ. N..., სასტუმრო თ.... ლ. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი ...; მისი დროებითი საცხოვრებელი მისამართია - ქუთაისი, ...ს ქ. N..., სასტუმრო თ....
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 13 სექტემბრის აღწერის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: ქუთაისი, ...ს N..., სასტუმრო თ..., მე-2 სართული, ,,1 ოთახი + ერთი ოთახი პირველ სართულზე’’. ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: ლ. ჯ-ა - ოჯახის უფროსი; ჯ. ჯ-ა - მეუღლე; დ. ჯ-ა - შვილი, იმყოფებოდა ყანაში, მეზობლის დასახმარებლად; დო. ჯ-ა - შვილი, იმყოფება იტალიაში. დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია, რომ 1993 წლიდან არიან დევნილები, ლ.-ს მშობლები იყვნენ აფხაზეთიდან და დაკრძალულები არიან ოჩამჩირის რაიონში. ლ.-ს ჰყავს და და ძმა (ნ., შ. და ე.), რომლებიც ცხოვრობენ ოჩამჩირეში. ჯ.-ს მშობლები დაკრძალულნი არიან ქუთაისში. ჰყავთ მესამე შვილი დ. ჯ-ა, რომელიც მეუღლესთან მ. ხ-ითან (დევნილი) და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს იმავე კორპუსში, მე-5 სართულზე. დ. დასაოჯახებელია. დო. განქორწინებულია ი. ჩ-ასთან.
სასამართლომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ შესაბამისად, განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ლ. ჯ-ას, ჯ. ჯ-ას, დ. ჯ-ასა და დო. ჯ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) განცხადება და საკუთრებაში გადაეცათ ქალაქ ქუთაისში მდებარე ოროთახიანი ბინა.
ამასთან, 2020 წლის 23 ოქტომბერს გაცემული N165 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსგან ჩაიბარა ოროთახიანი საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა N..., ,,...’’ ბლოკი, სართული ..., ბინა .... ამავე ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2020 წლის 24 დეკემბერს გამოცემული იქნა N03-3286/ო ბრძანება ,,გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე“ და ბრძანების დანართის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. N2, სასტუმრო თ...ში მცხოვრებ ლ. ჯ-ას, ჯ. ჯ-ას, დ. ჯ-ასა და დო. ჯ-ას საკუთრებაში გადაეცათ უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა N..., ,,...’’ ბლოკი, სართული ..., ბინა ....
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. ჯ-ამ და მისმა ოჯახის წევრებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხე სააგენტოს, მიუთითეს გადაცემული ფართის სიმცირეზე, მინისტრის ბრძანებით დადგენილ სტანდარტებზე და სთხოვეს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ოჯახის ბინით უზრუნველყოფა. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შენობის შიდა აზომვითი ნახაზით, ლ. ჯ-ას საკუთრებაში გადაცემული საერთო ფართი შედგება 59.20 კვადრატული მეტრისაგან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, ასევე, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ, მე-2, მე-5 პუნქტებზე და განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.
სასამართლომ ასევე მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ აღწერის ფორმაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: დედა, მამა და სრულწლოვანი და-ძმა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მათ ნგრევად ობიექტში ცხოვრების დროსაც ორი დამოუკიდებელი ოთახი ჰქონდათ დაკავებული სხვადასხვა სართულზე, თუმცა ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაშიც, აღნიშნული არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი, მოცემულ ეტაპზე განსახლებული იქნეს დამოუკიდებლად, ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით და არა საპირისპირო სქესის მქონე ოჯახის წევრთან ერთად, ერთ ოთახში, მაშინ, როდესაც მოსარჩელე დ. ჯ-ა დაბადებულია ... წელს, ხოლო მისი და დო. ჯ-ა დაბადებულია ... წელს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ოჯახის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების შიდა აზომვითი ნახაზი და განმარტა, რომ იყო სააგენტოსთან მოლაპარაკება, ჰყავდათ სპეციალისტები, რათა მომხდარიყო გადაკეთება შიდა ტიხრების იმდაგვარად, რომ მოწყობილიყო დამოუკიდებელი ოთახი დ. ჯ-ასთვის, რაც ტექნიკურად არ მოხერხდა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმაც. ოჯახისთვის გადაცემული ფართის სიმცირის, მისი განთავსების ადგილის არარსებობის გამო, დ. ჯ-ა იძულებული გახდა დარჩენილიყო ნგრევად ობიექტში და დღესაც ცხოვრებას განაგრძობს ნგრევად, სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ დ. ჯ-ას სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 დეკემბრის №03-3286/ო ბრძანება, დანართი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ დ. ჯ-ას ნაწილში და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება დ. ჯ-ას ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.
პალატამ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა ამ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 დეკემბრის №03-3286/ო ბრძანების კანონიერება დ. ჯ-ას ნაწილში. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს, არსებობს თუ არა დ. ჯ-ას ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა უბინაოდ დარჩენილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ამასთან, პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და ამავე მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება.“
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ იმ გარემოების არსებობის შემთხვევაშიც კი, რომ ოჯახს (ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: დედა, მამა და სრულწლოვანი და - ძმა) ნგრევად ობიექტში ორი დამოუკიდებელი ოთახი ჰქონდა სხვადასხვა სართულზე, აღნიშნული არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი, განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა საპირისპირო სქესის მქონე ოჯახის წევრთან ერთად, ერთ ოთახში, მაშინ, როდესაც მოსარჩელე დ. ჯ-ა დაბადებულია ... წელს, ხოლო მისი და დო. ჯ-ა დაბადებულია ... წელს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან და მათ გადაეცათ საკუთრებაში მხოლოდ ოროთახიანი ბინა, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის, დასთან ერთად საერთო ფართის გადაცემის თაობაზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელე მხარემ წარადგინა ოჯახის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების შიდა აზომვითი ნახაზი და განმარტა, რომ იყო სააგენტოსთან მოლაპარაკება, ჰყავდათ სპეციალისტები, თუმცა, შიდა ტიხრების იმდაგვარად მოწყობა, რომ დ. ჯ-ასთვის მომხდარიყო დამოუკიდებელი ოთახის მოწყობა, ტექნიკურად არ მოხერხდა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმაც. ოჯახისთვის გადაცემული ფართის სიმცირის, მისი განთავსების ადგილის არარსებობის გამო, დ. ჯ-ა იძულებული გახდა დარჩენილიყო ნგრევად ობიექტში და დღესაც ცხოვრებას განაგრძობს ნგრევად, სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტში.
ამასთან, რაც შეეხება აპელანტის აპელირებას დო. ჯ-ას (დ. ჯ-ას და) საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ დო. ჯ-ა ამ ეტაპზე იმყოფება საზღვარგარეთ, ვერ შეცვლის გადაწყვეტილების მოსარჩელის სასარგებლოდ მიღების წინაპირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში (დღეს მოქმედი მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანება). ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული და არა აუცილებლად. კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წელს სააგენტოს მიერ განხორციელდა ქ. ქუთაისში მდებარე 28 ნგრევადი და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის აღწერა და მოხდა მათში ფაქტობრივად მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების და არა თითოეული ოჯახის წევრის ცალ-ცალკე განსახლება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს სხვა დევნილ ოჯახებს, პირველ შემთხვევაში მათ, ვინც ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად ჯერ არ განსახლებულა და მეორე შემთხვევაში, ისეთ ოჯახებს, რომლებსაც სულადობის და საორიენტაციო სტანდარტების შესაბამისად გადაეცათ საცხოვრებელი ფართი (ერთი ბინა) და არა ორი ბინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ითხოვს მოსარჩელე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისეთი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებაც, როგორიც არის დ. ჯ-ას დის დო. ჯ-ას საზღვარგარეთ ცხოვრება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, სასამართლო ხელოვნურად ყოფს ოჯახს და სახელმწიფოს ავალდებულებს ისედაც მწირი საბინაო რესურსის არსებობის მიუხედავად, ოჯახის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე გადასცეს საცხოვრებელი, რაც ყოვლად დაუშვებელია და უსამართლოა იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, ვინც ჯერ კიდევ თავის რიგს ელოდება, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებლით და ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ფართი არის მცირე და მას ცალკე ესაჭიროება საცხოვრებელი. ასეთი მიდგომა სტიმულს აძლევს მოსარჩელის იდენტურ მდგომარეობაში მყოფ სხვა დევნილს იგივე გზით მოითხოვოს საცხოვრებელი. გარდა ამისა, ამ მიდგომით სახელმწიფო ვერასდროს ვერ ამოწურავს იმ ოჯახთა რიცხვს, რომლებიც საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და მათი განსახლების საკითხი გაგრძელდება უსასრულოდ.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მონიტორინგის სამმართველოს მიერ შედგენილი მონიტორინგის აღწერის ფორმა, საიდანაც დასტურდება, რომ მოსარჩელე დ. ჯ-ა ცხოვრობს ერთ ოჯახად, მშობლებთან ერთად, ერთ მისამართზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კანონის მიზნებიდან გამომდინარე ერთ ოჯახს წარმოადგენენ. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ ეტაპზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების არსებითი დარღვევის გარეშე და ოჯახი ერთად დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართით.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ 2020 წლის 23 ოქტომბერს დ. ჯ-ას ოჯახთან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და თანხმობა, რაზეც ოჯახის ყველა წევრმა მოაწერა ხელი (დო. ჯ-ას სახელით, მინდობილობის საფუძველზე, ხელი მოაწერა ლ. ჯ-ამ). კასატორის განმარტებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევანის პრინციპს, რომლის გათვალისწინებით, დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით. ის გარემოება, რომ დევნილ ოჯახს გადაეცა ოროთახიანი ბინა, მათ სადავოდ არ გაუხდიათ თანხმობაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას. შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო, რომ მათ სააგენტომ გადასცა ოროთახიანი ბინა, რაც შეესაბამებოდა ნორმატიული აქტით დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების დანართი N8-ის თანახმად, დადგენილია საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით - 4 სულიან ოჯახს გადაეცემა ოროთახიანი ბინა, 45-60 კვ.მ ფართით. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დ. ჯ-ა, ლ. ჯ-ა, ჯ. ჯ-ა და დო. ჯ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. იძულებით გადაადგილებამდე მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი .... დ. ჯ-ას, ლ. ჯ-ას, ჯ. ჯ-ას და დო. ჯ-ას დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) არის ქ. ქუთაისი, ...ს ქ. N2, სასტუმრო ,,თ...“.
2020 წლის 13 სექტემბრის აღწერის ფორმის მიხედვით, განხორციელდა ქ. ქუთაისში, ...ს ქ. N2-ში მდებარე სასტუმრო ,,თ...ს“ მე-2 სართულზე (1 ოთახი + 1 ოთახი პირველ სართულზე) მცხოვრები ოჯახის მონიტორინგი. აღწერის ფორმაში მითითებულია, რომ ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: ლ. ჯ-ა - ოჯახის უფროსი (იმყოფებოდა ადგილზე), ჯ. ჯ-ა - მეუღლე (იმყოფებოდა ადგილზე), დ. ჯ-ა - შვილი (იმყოფებოდა ყანაში, მეზობლის დასახმარებლად) და დო. ჯ-ა - შვილი (იმყოფება იტალიაში 3 წელია). ამავე აღწერის ფორმაში დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია, რომ ლ. ჯ-ას მშობლები დაკრძალულები არიან ოჩამჩირის რაიონში, მისი და და ძმა კი ცხოვრობენ ოჩამჩირეში. ჯ. ჯ-ას მშობლები დაკრძალულები არიან ქუთაისში. დ. ჯ-ა დასაოჯახებელია, ხოლო დო. ჯ-ა განქორწინებულია მეუღლესთან. ლ. ჯ-ას და ჯ. ჯ-ას ასევე ჰყავთ მესამე შვილი - დ. ჯ-ა, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს იმავე კორპუსში, მე-5 სართულზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარედგინა 28 ნგრევად და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ობიექტებში მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული აღწერების შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი რეესტრები, აღნიშნულ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა შესახებ. კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი და კომისიის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე თანხმობა ეთქვა მათ შორის ლ. ჯ-ას, ჯ. ჯ-ას, დ. ჯ-ასა და დო. ჯ-ას ოთხსულიან ოჯახს, ოჯახის სარეგისტრაციო ნომერი ..., ოჯახს გადაეცა ოროთახიანი ბინა.
საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილი ოჯახის 2020 წლის 23 ოქტომბრის N165 წერილობითი თანხმობის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის (სარეგისტრაციო ნომერი ...) წევრებმა: ლ. ჯ-ამ, ჯ. ჯ-ამ, დ. ჯ-ამ და დო. ჯ-ამ (მინდობილი პირი - ლ. ჯ-ა) განაცხადეს თანხმობა (დასტურდება წერილობით თანხმობაზე ხელმოწერებით) მიეღოთ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის N62 სხდომის ოქმის საფუძველზე განაწილებული 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ...ის ქუჩა, კორპუსი N..., ,,...“ ბლოკი, სართული 11, ბინა N....
ამასთან, 2020 წლის 23 ოქტომბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი N165, რომლის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროსმა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019 - 2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში გადასცა, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახმა ჩაიბარა ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა N..., ,,...’’ ბლოკი, სართული ..., ბინა N...-ში მდებარე 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართი. მიღება-ჩაბარების აქტი დადასტურებულია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროსისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის (სარეგისტრაციო ნომერი ...) წევრების: ლ. ჯ-ას, ჯ. ჯ-ას, დ. ჯ-ას და დო. ჯ-ას (მინდობილი პირი - ლ. ჯ-ა) ხელმოწერებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 სხდომის ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2020 წლის 24 დეკემბერს მიღებული იქნა ბრძანება N03-3286/ო ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ქ. ქუთაისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახები, ბრძანების დანართის შესაბამისად. დანართში მათ შორის მითითებულია ოჯახი, სარეგისტრაციო ნომრით ..., ოჯახის წევრები: ლ. ჯ-ა, ჯ. ჯ-ა, დ. ჯ-ა და დო. ჯ-ა; ნგრევადი ობიექტი - ქუთაისი, ...ის ქ. N2, სასტუმრო ,,თ...“; განსახლების მისამართი - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. კორპ. N..., ,,...’’ ბლოკი, სართული ..., ბინა N..., ოთახების რაოდენობა - 2.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ქ. ქუთაისი, ...ის ქ. N...-ში მდებარე ბინა N...-ის შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთის საერთო ფართი შეადგენს 59.20 კვ.მ.-ს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), ხოლო „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს დევნილი ოჯახის და არა ცალკეულად, დევნილი პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამდენად, დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე ოჯახის წევრებისთვის დამატებით ინდივიდუალური ფართების გადაცემა და შესაბამისად, ერთი დევნილი ოჯახის ხელოვნურად გაყოფა, წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებთან.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დ. ჯ-ას, ლ. ჯ-ას, ჯ. ჯ-ას და დო. ჯ-ას ოჯახი, სარეგისტრაციო ნომრით ..., სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 დეკემბრის N03-3286/ო ბრძანებით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, მდებარე: ქ. ქუთაისში, ...ის ქ. კორპ. N..., ,,...’’ ბლოკი, სართული ..., ბინა N..., ოთახების რაოდენობა - 2. აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე ოჯახის ყველა წევრმა განაცხადა თანხმობა, რაც დასტურდება 2020 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტსა და წერილობით თანხმობაზე არსებული ხელმოწერებით, თუმცა წარმოდგენილი სარჩელით ოჯახის ერთ-ერთი წევრი, დ. ჯ-ა ითხოვს მის ნაწილში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 დეკემბრის N03-3286/ო ბრძანების დანართის ბათილად ცნობას, ოჯახისთვის გადაცემული ფართის სიმცირის მოტივით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული იყო „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ - დანართი №8. აღნიშნული დანართის შესაბამისად კი, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობა შეადგენდა 3-4 მოსახლეს, დადგენილი სტანდარტით ასეთ ოჯახზე გათვალისწინებული იყო ოროთახიანი ბინა, ფართით 45-60მ2. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ. ჯ-ას, ლ. ჯ-ას, ჯ. ჯ-ას და დო. ჯ-ას ოჯახი იყო 4 სულიანი, მათ გამოეყოთ ოროთახიანი ბინა, რომლის ფართიც შიდა აზომვითი ნახაზის თანახმად, შეადგენს 59.20 კვ.მ.-ს, რაც შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ სტანდარტთან შესაბამისად, დევნილ პირთა ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც შედის მოსარჩელე, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით, დ. ჯ-ას ცალკე ოჯახად რეგისტრაციის შესახებ ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ფაქტის არსებობაზე არც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა.
ამასთან, რაც შეეხება დ. ჯ-ას აპელირებას სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,დასახელებული ნორმის შინაარსი, სხვადასხვა სქესის ოჯახის სრულწლოვანი წევრების არსებობის პირობებში, მათი ორ ბიოლოგიურ ოჯახად განხილვას და ცალ-ცალკე ფართით დაკმაყოფილებას არ ითვალისწინებს. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართის საკითხის განხილვისას სააგენტოს შეძლებისდაგვარად შეუძლია საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილების გათვალისწინება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მის ვალდებულებას.“ (იხ. სუსგ. №ბს-1363(კ-22), 06.04.2023 წელი).
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (იხ. სუსგ. №ბს-199(კ-20), 22.04.2020 წელი).
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ დევნილი ოჯახების მიმართ ნაკისრი ვალდებულება, არ არის შეუზღუდავი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ჯ-ა, როგორც დევნილი პირი, სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებული იქნა დადგენილი წესისა და სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართით, მისივე ნების საფუძველზე, ნებაყოფლობით, რაც დასტურდება 2020 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტსა და წერილობით თანხმობაზე მისი ხელმოწერით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სრულწლოვანმა პირმა გამოხატა თანხმობა, სახელმწიფოსგან მიეღო და ჩაებარებინა კონკრეტული საცხოვრებელი ფართი, რომელიც ამავდროულად შეესაბამება დადგენილ წესსა და სტანდარტებს, აღნიშნული ფართის მიღების შემდგომ, დევნილი პირის სურვილი, რომ მიიღოს სხვა ფართი, სახელმწიფოს ახალ, განუსაზღვრელი ვადით მოქმედ ვალდებულებად არ შეიძლება იქცეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 დეკემბრის N03-3286/ო ბრძანება დ. ჯ-ას ნაწილში გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე