საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-590(2კ-22) 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (მოპასუხეები) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. გ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. გ-ემ 2020 წლის 21 დეკემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის N7/15255 წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 26 ნოემბრის N1-1/506 ბრძანების ბათილად ცნობა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ე. გ-ეის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ბაღდათის რაიონი, სოფელი ... (საკადასტრო კოდი: ...), რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, ე. გ-ეზე თანხმობის გაცემის დავალება; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისთვის ე. გ-ეის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ბაღდათი, სოფელი ... (ს/კ ...), რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის დავალება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისთვის ე. გ-ეის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ბაღდათი, სოფელი ... (ს/კ ...), რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება, მოსარჩელის მიერ აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, ე. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, ე. გ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 09.03.2020წ. №7/15255 წერილი; დაევალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ე. გ-ეის 04.02.2020წ. N11535/05 განცხადებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის ს/კ ... საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემის საკითხის გადაწყვეტა; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 26.11.2020წ. N1-1/506 ბრძანება.
სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები, არ დაეთანხმა ამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნია, რომ არსებობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
პალატამ მიუთითა საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ბაღდათის საკრებულოს 2005 წლის 29 მარტის N31 დადგენილების საფუძველზე, 2005 წლის 5 აპრილს, ბაღდათის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ეს შორის დაიდო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა ბაღდათის რაიონში, ...ს ტერიტორიაზე მდებარე 4.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (II კატეგორიის სახნავი).
საჯარო რეესტრის 2005 წლის 31 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ბაღდათის რაიონში, ...ს ტერიტორიაზე მდებარე 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება და გ. გ-ეის იჯარის უფლება - ს/კ ... (საფუძველი: ბაღდათის საკრებულოს 29.03.2005 წლის N31 დადგენილება და საიჯარო ხელშეკრულება). წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ასევე ბაღდათის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 მარტის N31 დადგენილების საფუძველზე შედგენილი საკადასტრო რუკა (20.08.2005წ. ს/კ ...), რომლის მიხედვითაც ნაკვეთი მდებარეობს საკადასტრო რუკის ზედა ნაწილში, ჩრდილოეთის მხარეს.
საჯარო რეესტრის 2005 წლის 31 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ბაღდათის რაიონში, ...ს ტერიტორიაზე მდებარე 3.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება და გ. გ-ეის იჯარის უფლება - ს/კ ... (საფუძველი: ბაღდათის საკრებულოს 2005 წლის 29 მარტის N31 დადგენილება და იჯარის ხელშეკრულება). წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ასევე ბაღდათის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 მარტის N31 დადგენილების საფუძველზე შედგენილი საკადასტრო რუკა (20.08.2005წ. ს/კ ...). აღნიშნული საკადასტრო რუკის მიხედვით, 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარეობს რუკის ქვედა, სამხრეთ ნაწილში და გზით გაყოფილია ორ ნაწილად, საიდანაც გზის მარცხნივ მდებარე მიწის ნაკვეთი არის მეორე ნაკვეთზე ნაკლები ფართობის, დასავლეთით ესაზღვრება მდინარეს, ხოლო აღმოსავლეთით, როგორც უკვე აღინიშნა გზას და აქვს სამკუთხედის ფორმა.
2005 წლის 4 ნოემბრის და 25 დეკემბრის განცხადებებით გ. გ-ემ მოითხოვა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების (1 ჰა და 3.5 ჰა) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. ამასთან, განაცხადს ერთვოდა 2005 წლის 24 ნოემბერს შედგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები (შემსრულებელი: ინდ. მეწარმე „რ...“, ნაკვეთის ფორმა: სამკუთხა). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ბაღდათის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2005 წლის 28 დეკემბერს გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N4, რომლის საფუძველზეც გ. გ-ეს გადაეცა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 2 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ნომრით - 14. ასევე, ბაღდათის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2005 წლის 28 დეკემბერს გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N5, რომლის საფუძველზეც გ. გ-ეს გადაეცა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 10 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ნომრით: .... ამასთან, ბაღდათის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2005 წლის 28 დეკემბერს გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N6, რომლის საფუძველზეც გ. გ-ეს გადაეცა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 6 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ნომრით: ...ა. შესაბამისად, N4, N5 და N6 მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმების საფუძველზე, გ. გ-ეის საკუთრების უფლება აღირიცხა 29 000 კვ.მ. (ს/კ ... (წინა ს/კ ...), 10 000 კვ.მ. (ს/კ ...) და 6 000 კვ.მ. (ს/კ ... (წინა ს/კ ...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.
საჯარო რეესტრის 2010 წლის 19 აგვისტოს ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) თანახმად, ბაღდათის რაიონი, ..., „...ში“ მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 6 000 კვ., საკადასტრო კოდი: ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...) რეგისტრირებული იყო გ. გ-ეის (პ/ნ ...) საკუთრებად.
2010 წლის 23 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 6 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა ე. გ-ეეს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით (31.08.2010), სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ე. გ-ეის საკუთრების უფლება დაზუსტებული მონაცემებით (ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...)). რეგისტრაციისას ასევე წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის 25.08.2010წ. საკადასტრო გეგმა, შესრულებული ინდ. მეწარმე „ვ. რ-ეის“ მიერ, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთს აქვს სამკუთხედის ფორმა.
2019 წლის 1 ოქტომბერს, ე. გ-ეემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (განაცხადი N...). სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში N... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციას. ვინაიდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობას იცვლიდა 1/3-ზე მეტად, ე. გ-ეის (პ/ნ ...) მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე (სააღრიცხვო ბარათი N...) ასახული ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, იდენტურობის დადგენის მიზნით გადაგზავნილ იქნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2019 წლის 15 ნოემბრის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N07026 ოქმის თანახმად, ვერ დადგინდა იდენტურობა მოქალაქე ე. გ-ეის (პ/ნ ...) მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებს შორის.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის N420109 წერილით ასევე გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან უძრავი ნივთის (ს/კ ...) საზღვრების (ადგილმდებარეობის) კორექტირების შესახებ სააგენტოს პოზიციის თაობაზე. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N7/70577 წერილით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა (წინააღმდეგი იყო) ბაღდათის რაიონში, ნაკვეთ „...ში“ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ნივთის მონაცემები დაზუსტებული (6 000 კვ.მ.) იყო საკადასტრო კოდით: .... ასევე, წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთი მნიშვნელოვნად იცვლიდა საზღვრებს. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N7/70577 წერილის გათვალისწინებით, ე. გ-ეის სარეგისტრაციო განაცხადზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 იანვრის N... გადაწყვეტილებით შეწყდა წარმოება.
ე. გ-ემ 2020 წლის 4 თებერვალს N11535/05 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თანხმობის გაცემა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობით, ანუ ისეთი სახით რეგისტრაციის თაობაზე, როგორი სახითაც იგი 2005 წელს შეძენილ იქნა ეკონომიკის სამინისტროსგან. განცხადებას დაურთო: იჯარის ხელშეკრულება; შეძენის ოქმი N6; აზომვითი ნახაზი, შედგენილი 20.08.2005წ., რომლის თანახმად განისაზღვრა იჯარით გადაცემული და გ. გ-ეის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები; აზომვითი ნახაზი 2010წ.; კორექტირებული ნახაზი 2019წ. და ამზომველის ახსნა-განმარტება. განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ 2010 წელს მომზადებული აზომვითი ნახაზი შედგენილი იყო შეცდომით და არ შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ და რეგისტრირებულ მონაცემებს. სააგენტოსთვის წარდგენილი, ამზომველ ვ. რ-ეის განმარტებით ირკვევა, რომ 2010 წლის 22 აგვისტოს მას მიმართა ბაღდათში, სოფელ ...ში („...“) მცხოვრებმა გ. გ-ემ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების მიზნით. საკადასტრო აზომვითი ნახაზი მომზადდა მესაკუთრის მიერ მითითებულ საზღვრებში, ხელის ჯპს-ით „გარმინი” და აღნიშნული ნაკვეთი 23/08/2010წ. შეტანილი იქნა სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში, განაცხადის რეგისტრაციის N.... როგორც შემდეგ გაირკვა ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მომზადდა ცდომილებით და დარეგისტრირდა არასწორი კოორდინატებით, საკადასტრო კოდი - .... 2010 წელს შეიცვალა აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე. 2019 წლის 1 ოქტომბერს, ინდ. მეწარმე „თ...ს“ ამზომველის ემზარი ლორიას მიერ ადგილზე მისვლით მოხდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის განმეორებითი აზომვა სტაციონარული GPS.TRIMBLE RO7 გეოკორს სისტემაში და მომზადდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
2020 წლის 9 მარტის N7/15255 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ე. გ-ეს უარი უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომელიც შეეხებოდა ბაღდათის რაიონში, ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის საკითხს, იმ მოტივით, რომ უძრავი ქონების საზღვრები დადგენილი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით. ამასთან, წარდგენილი აზომვითი ნახაზი მნიშვნელოვნად ცვლიდა მიწის ნაკვეთის საზღვრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა (წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა წერილში დასმული საკითხი. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ სააგენტომ იგივე პოზიცია უკვე გამოხატა 03.12.2019წ. N7/70577 წერილით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის N7/15255 წერილი ე. გ-ემ გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 26 ნოემბრის N1-1/506 ბრძანებით, ე. გ-ეის 2020 წლის 10 აპრილის N5364/21 ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 09 მარტის N7/15255 წერილის ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის თანხმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემები არ შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობას, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გაეცა თანხმობა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის ცვლილების შესახებ. სამინისტრომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრირებული მონაცემების ძალადაკარგულად ან ბათილად გამოცხადებას. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში რეგლამენტირებული რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია ვრცელდებოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების მიმართაც, რადგან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს, რომლის საზღვრები თუ გეოგრაფიული კოორდინატები შესაძლოა გამოისახოს გრაფიკულად და ეს გრაფიკული ასახვა ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ამდენად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის N7/15255 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს უძრავ ქონებაზე მოსარჩელის უფლების არსებობა. უდავოა, რომ 2010 წელს ე. გ-ემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უფლება მიიღო იმ უძრავ ნივთზე, რომელიც ბაღდათის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2005 წლის 28 დეკემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N6 ოქმის საფუძველზე შეიძინა გ. გ-ემ. პალატის მითითებით, დადგენილია, რომ როგორც უძრავი ქონების იჯარით გადაცემის (20.08.2005), ისე შეძენილ ქონებაზე გ. გ-ეის საკუთრების უფლების აღრიცხვისა (24.11.2005) და შემდგომ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დაზუსტებული მონაცემებით, ე. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინ (25.08.2010), მომზადდა ბაღდათის რაიონში, ...ს ტერიტორიაზე მდებარე 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკები და საკადასტრო გეგმა. ამასთან, უდავოა, რომ 2010 წელს, ე. გ-ეის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვამდე, ჯერ სახელმწიფოს და შემდეგ გ. გ-ეის სახელზე ქონება რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი მონაცემებით.
სააპელაციო პალატამ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-8 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ 2019 წელს ე. გ-ეის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აზომვითი ნახაზით (16.09.2019წ., შემსრულებელი: ე. ლ-ა, ნაკვეთის ფორმა: სამკუთხა), მიწის ნაკვეთის ფართობი (6 000 კვ.მ.) და კონფიგურაცია არ შეცვლილა და ნაკვეთს ჰქონდა სამკუთხედის ფორმა, როგორც ეს მითითებული იყო მანამდე მომზადებულ საკადასტრო რუკებსა და გეგმაზე, თუმცა მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოარკვია, რომ წარდგენილი ნახაზით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 1/3-ზე მეტად იცვლიდა მდებარეობას, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით (მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად), საჭიროებდა გამყიდველის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს) თანხმობას.
პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეზე სადავოა არა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, არამედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უარი გაეცა თანხმობა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის, ანუ ისეთი სახით რეგისტრაციის თაობაზე, როგორი სახითაც იგი 2005 წელს შეძენილ იქნა ეკონომიკის სამინისტროსგან. პალატის განმარტებით, როგორც სადავო ადმინისტრაციული აქტებით (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის N7/15255 წერილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 26 ნოემბრის N1-1/506 ბრძანება) ირკვევა, ე. გ-ეის მოთხოვნაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უარის თქმის საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ განმცხადებელს 2010 წელს უძრავი ქონება უკვე ჰქონდა რეგისტრირებული დაზუსტებული მონაცემებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში მოთხოვნილი ცვლილების განხორციელება. ამდენად, სადავო აქტებისა და საქმის გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატამ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ისე რომ დამატებით არ ჩაუტარებია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, ე. გ-ეის მოთხოვნაზე გასცა იგივე პასუხი (03.12.2019წ. N7/70577 წერილი), რაც წარუდგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, 53-ე, 96-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობის პირობებში სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მტკიცებას, სადავო აქტების კანონიერების თაობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევას, როცა ადმინისტრაციული წარმოება რომელიმე ფორმით არ ტარდება. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე გადაწყვეტილების მიღება მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თავისი ვალდებულების შეუსრულებლობაზე - საკითხის გადაწყვეტამდე გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება ე. გ-ეის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით, რათა პირველ რიგში გამოერკვია რას ითხოვდა განმცხადებელი ადმინისტრაციული ორგანოსგან და რა ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, განმცხადებლისთვის უარი თქმის ერთადერთ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ უძრავი ქონება ე. გ-ეს უკვე ჰქონდა დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული, ამ რეგისტრაციის მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და არ არსებობდა დაზუსტებულ რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეესტრის ჩანაწერების უტყუარობის პრეზუმფციაზე მითითება არარელევანტურია, ვინაიდან, მართალია, საჯარო რეესტრის მიერ 2010 წელს განხორციელებული რეგისტრაცია ითვლება სწორად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცებულა, თუმცა აღნიშნული გარემოება, ცხადია, არ გულისხმობს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შეუძლებლობას, რასაც განმცხადებელი მოითხოვდა კიდეც.
სააპელაციო პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის მე-61 პუნქტზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 და 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებებსა და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის ცვლილების შესაძლებლობას.
პალატამ დავის საგანთან მიმართებით, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ერთი და იგივე შინაარსის წერილობითი პასუხები მოამზადა როგორც საჯარო რეესტრიდან კონკრეტული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებულ მიმართვაზე, ისე უშუალოდ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ე. გ-ეის განცხადებაზე. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ე. გ-ე ითხოვდა 2019 წლის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად უფლების რეგისტრაციას, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებით კი იგი მოითხოვდა თანხმობას მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობით, ანუ იმ სახით რეგისტრაციაზე, როგორი სახითაც სახელმწიფოსგან 2005 წელს მიიღო უფლება ე. გ-ეის მამამ - გ. გ-ემ. სააპელაციო პალატის განმარტებით, სწორედ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მხოლოდ 2010 წლის რეგისტრაციაზე, რითაც ადმინისტრაციული ორგანო ფაქტობრივად გამორიცხავს 2005 წელს განხორციელებული, სადავო უძრავ ნივთზე გ. გ-ეის უფლების დამდგენი რეგისტრაციისადმი მოსარჩელის კანონიერ ინტერესს. ამასთან, პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (№ბს-367-363(კ-12)) მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან შეფასებას საჭიროებდა არა საჯარო რეესტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილი გარემოებები, არამედ 2020 წლის 4 თებერვალს ე. გ-ეის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადების მოტივები. მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მასთან წარდგენილი განცხადების შინაარსის, განმცხადებლის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, არსებობდა თუ არა განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N011007521 დასკვნაზე, მხედველობაში მიიღო ექსპერტის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებები და მიიჩნია, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა, 2005 წელს მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის გამო, არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს 2010 წელს განხორციელებული რეგისტრაციის სრულ შესაბამისობაზე, უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახულ საკადასტრო მონაცემებთან. მით უფრო, რომ 2010 წელს შესრულებულ აზომვით ნახაზს ეჭვქვეშ აყენებს თავად საკადასტრო აზომვის განმახორციელებელი პირიც. აღნიშნული დასკვნით, არც 2005 და 2010 წლის სარეგისტრაციო დოკუმენტებთან 2019 წელს წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისობას/შეუსაბამობას გასცემია ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ამასთან, პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნაზე დართულ დანართი N1-ზე ასახულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები (ნაკვეთს აქვს სამკუთხედის ფორმა) და დამკვეთის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, რაც რეგისტრირებულ მონაცემებთან აშკარად შეუსაბამოა, როგორც მდებარეობით, ისე კონფიგურაციით (საკადასტრო კოდი: ...), თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ კონფიგურაციის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რაც ექსპერტიზის დასკვნის დანართშია მოცემული, ე. გ-ეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ ჰქონია. ამასთან, მართალია, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაში იგი აღნიშნავს, რომ სურს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება ფაქტობრივი მდგომარეობით, თუმცა ამავე განცხადებაში ფაქტობრივ მდგომარეობად ასახელებს 2005 წლის საკადასტრო რუკაზე ასახულ მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას. აქედან გამომდინარე, ე. გ-ეის ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში (საკადასტრო კოდი: ...) 2019 წლის აზომვითი ნახაზის საფუძველზე ცვლილების რეგისტრაციაზე თანხმობის მიღება. 2019 წელს შესრულებულ აზომვით ნახაზს კი განმცხადებელი მიიჩნევდა 2005 წლის რეგისტრაციასთან შესაბამისად. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებას საჭიროებდა არა 2010 წელს განხორციელებულ რეგისტრაციასთან, არამედ 2005 წლის რეგისტრაციასთან მოთხოვნილი ცვლილებების შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა. უფლების დამდგენ დოკუმენტებთან სარეგისტრაციო ჩანაწერის შესაბამისობაში მოყვანა კი, როგორც უკვე აღინიშნა, შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და არცერთ შემთხვევაში არ ხელყოფს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას.
პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა მოსარჩელის განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ მისცა მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება, რისი ვალდებულებაც ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების საფუძველზე აკისრია. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო წერილმა წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი. პალატის განმარტებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, ვინაიდან დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, პალატის შეფასებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობა, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების შესწავლის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გადასაწყვეტი საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რაც უნდა მოწესრიგდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა და მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევის შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. განცხადების განხილვის დროს, უმთავრესია გამოკვლეულ იქნეს რას ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსგან განმცხადებელი და რაზე აფუძნებს იგი თავის მოთხოვნას. ამასთან, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, განცხადების დაკმაყოფილებისა თუ მასზე უარის საფუძვლების ზუსტი მითითებით. ამდენად, პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე მოსარჩელის იმ მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვასა და გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოსთვის შესაბამისი თანხმობის გაცემის დავალდებულებას.
ამასთან, ზემდგომი ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 26.11.2020წ. N1-1/506 ბრძანების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა, განაპირობებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს აქტის ბათილად ცნობას, ვინაიდან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ჰქონდა შესაძლებლობა, უზრუნველეყო შესაბამისი კონტროლი და აღმოეფხვრა სადავო აქტის გამოცემის დროს დაშვებული ხარვეზები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. კასატორი საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტავს, რომ საგულისხმოა იმ საკითხის განხილვა, თუ რამდენად წარმოადგენს გასაჩივრებული წერილი დამოუკიდებლად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მაშინ როცა რეალური ,,სადავო შედეგი“ დადგა სააგენტოს 2019 წლის 3 დეკემბრის N7/70577 წერილით, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა.
კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ე. გ-ეის მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ს/კ ...)) 2010 წლის 31 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სადავო აქტის გამოცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ 2019 წელს ე. გ-ეის მიერ ცვლილების რეგისტრაციის განცხადების განხილვის პროცესში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკითხი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დასადგენად გადაგზავნილი იქნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შედეგად შედგენილი N07026 ოქმის თანახმად კი, ვერ დადგინდა იდენტურობა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებს შორის. ამდენად, აღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ ე. გ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემებით რეგისტრაციის საფუძვლები არ არსებობდა და ამასთან, ე. გ-ეის მიერ 2010 წელს უკვე რეგისტრირებული იყო უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთი, თანაც დაზუსტებული მონაცემებით.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-2 მუხლის ,,ჰ1“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას, ასევე სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ დაზუსტებული მონაცემით რეგისტრირებული უძრავი ქონების აზომვით ნახაზზე მიწის ნაკვეთის საზღვრები მითითებულია არასწორად, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო განეცხადებინა თანხმობა მის მიერ 2019 წელს შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 23 აგვისტოს N...-07 გადაწყვეტილებით, განხორციელდა N... (წინა ს/კ ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემით რეგისტრაცია და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრის (ახალი მესაკუთრე - ე. გ-ე) ცვლილება. დაზუსტებული მონაცემი (ფართი, ადგილმდებარეობა) განისაზღვრა თავდაპირველი მესაკუთრის - გ. გ-ეის მითითებით. შესაბამისად, ე. გ-ეეს გადაეცა ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, კონკრეტული ფართისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით მოსარჩელის ნებისმიერი მოთხოვნის უფლება შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა. კასატორის განმარტებით, აღნიშნული დანაწესის მიუხედავად, სასამართლო არ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რა საფუძვლით წარმოიშობა სააგენტოს ვალდებულება გასცეს თანხმობა უძრავი ქონების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება სახელმწიფოს ავალდებულებს ხელშეკრულების ობიექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს სახელშეკრულებო ვალდებულების შეწყვეტის შემდგომაც (ვალდებულების არსებობა წყდება მისი შესრულებით), ხელშეკრულების დადებიდან განუსაზღვრელ ვადაში და ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნეს არა ხელშეკრულების მხარის მიმართ, არამედ ნებისმიერი პირის მიმართ, თუნდაც მასთან სახელმწიფოს ხელშეკრულება არც კი ჰქონდეს დადებული.
კასატორი მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს ე. გ-ეემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (განაცხადი N...). სააგენტოს გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო განაცხადზე შეჩერდა წარმოება, რადგან წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 1/3-ზე მეტად იცვლიდა მდებარეობას. განაცხადზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა შეიცვალა (მიწის ნაკვეთის A კუთხის XY კოორდინატთა მდებარეობა ...-დან აიწია ...-მდე, შესაბამისად, შეიცვალა B და C კუთხეების ადგილმდებარეობა), რის შედეგად, მიწის ნაკვეთს მეტწილად, გზის გასწვრივ ემიჯნება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (მესაკუთრე - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, წინა მესაკუთრე - რ. ჯ-ე) და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (მესაკუთრე - ე. გ-ეე, წინა მესაკუთრე - გ. გ-ე), მაგრამ მოსარჩელის მტკიცება იმისკენ არის მიმართული, რომ ... და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებები ერთმანეთის მომიჯნავეა და მათ შორის მხოლოდ გზა იყო გამყოფი, თუმცა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების მომიჯნავეობაზე მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს. ამასთან, კასატორის განმარტებით, N... განაცხადზე მომზადებული ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. უფრო მეტიც, სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, თუმცა დასკვნა საპირისპირო გარემოებებზე მიუთითებს. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში არსებული ს/კ ... ე. გ-ეის სახელზე შედგენილი 2010 წლის საკადასტრო გეგმაზე არსებული 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობა (ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთების მდებარეობების გათვალისწინებით) ძირითადად შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული ... მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი (6 000 კვ.მ.) შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული ს/კ ... მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. დამკვეთის მიერ ექსპერტიზისათვის მითითებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული ს/კ ... მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას..“ კასატორის განმარტებით, მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის საკადასტრო გეგმაზე მითითებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობა არ შეესაბამებოდა თავდაპირველ მონაცემებს. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი (6 000 კვ.მ.) შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებულ ს/კ ... მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს, თუმცა ეს მოსაზრება ადასტურებს არა ... განაცხადზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის მართლზომიერებას, არამედ უკვე რეგისტრირებული მონაცემების მართლზომიერებას, რადგან ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება რეგისტრირებულია 2010 წლის საკადასტრო გეგმის საფუძველზე და მასში ასახული მონაცემების შესაბამისად.
კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი 2019 წლის აზომვითი ნახაზის რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულება, გაურკვეველია ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გასცეს თანხმობა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე, თუკი მის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულება შეწყვეტილია ვალდებულების შესრულების გამო, თუმცა სწორედ საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე არის სასამართლო უფლებამოსილი დაავალოს ან არ დაავალოს რაიმე ქმედების განხორციელება/აქტის გამოცემა ადმინისტრაციულ ორგანოს და უფრო გაურკვეველია, სახელმწიფოს დაევალოს თანხმობის გაცემა, რათა იგივე ქონება შემდგომ თავად სახელმწიფომ (საავტომობილო გზების დეპარტამენტმა) გამოისყიდოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის N7/15255 წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 26 ნოემბრის N1-1/506 ბრძანების კანონიერება, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ე. გ-ეის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ბაღდათის რაიონი, სოფელი ... (საკადასტრო კოდი: ...), რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, ე. გ-ეზე თანხმობის გაცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის N7/15255 წერილით (ძალაში დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 26 ნოემბრის N1-1/506 ბრძანებით), ე. გ-ეს 2020 წლის 4 თებერვლის განცხადების პასუხად (რომელიც ეხებოდა ბაღდათის რაიონში, ნაკვეთ ,,...ში“ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის საკითხს) ეცნობა, რომ უძრავი ქონების საზღვრები დადგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით. ასევე, წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთი მნიშვნელოვნად იცვლის საზღვრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია (წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა წერილში დასმული საკითხი. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ სააგენტომ პოზიცია გამოხატა 03.12.2019წ. N7/70577 წერილით.
ასევე დადგენილია, რომ თავის მხრივ, 2019 წლის 3 დეკემბრის N7/70577 წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული იქნა ბაღდათის რაიონში, ნაკვეთ ,,...ში“ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ ე. გ-ეის 2019 წლის 1 ოქტომბრის N... განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში. აღნიშნული წერილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის N7/15255 წერილის შინაარსის მსგავსად ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილში დასმული საკითხის დაკმაყოფილება მიზანშეუწონლად მიაჩნდა (წინააღმდეგი იყო), უძრავი ნივთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისა და წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, საზღვრების მნიშვნელოვნად ცვლილების გამო.
ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, ე. გ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არსებით საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოებები, რომ განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთი (ს/კ ...) 2010 წელს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული იყო დაზუსტებული მონაცემებით და ამასთან, მისი საზღვრები წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მნიშვნელოვნად იცვლებოდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ე. გ-ეს 2020 წლის 4 თებერვლის განცხადებას უპასუხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი გაგზავნილი 2019 წლის 3 დეკემბრის N7/70577 წერილის მსგავსი შინაარსის წერილით (2020 წლის 9 მარტის N7/15255 წერილი), განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან შეფასებას საჭიროებდა არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილი გარემოებები (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შედეგად შედგენილი N7026 ოქმის თანახმად, ვერ დადგინდა იდენტურობა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებს შორის; 2019 წლის 3 დეკემბრის N7/70577 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია შეცვლილი მონაცემებით რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემა), არამედ 2020 წლის 4 თებერვალს ე. გ-ეის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადების მოტივები და მასზე თანდართული დოკუმენტები (იჯარის ხელშეკრულება; მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N6; 2005წ., 2010წ. და 2019წ. აზომვითი ნახაზები; ამზომველის ახსნა-განმარტება). კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებდა 2005 წლის აზომვით ნახაზზე, რომელიც ინახებოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და რომლითაც განსაზღვრული იყო წინა მესაკუთრის - გ. გ-ეის მიერ სახელმწიფოსგან სადავო მიწის ნაკვეთის შეძენის მომენტისთვის, შეძენილი ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საზღვრები. ამასთან, ე. გ-ეის განმარტებით, გ. გ-ეისგან ჩუქების დროს, 2010 წელს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა სხვა, ელექტრონული ფორმით შედგენილი აზომვითი ნახაზი, რომელიც როგორც შემდგომ აღმოჩნდა არ ემთხვეოდა 2005 წლის აზომვით ნახაზს (განსხვავებული იყო ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საზღვრები) და შედგენილი იყო შეცდომით, ხარვეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდა თანხმობის გაცემას მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის მიხედვით რეგისტრაციის თაობაზე, ანუ ისეთი სახით, რა სახითაც იქნა იგი შეძენილი 2005 წელს ეკონომიკის სამინისტროსგან. ამდენად, მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მასთან წარდგენილი განცხადების შინაარსის, განმცხადებლის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, არსებობდა თუ არა განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ე. გ-ეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის N7/15255 წერილით ეთქვა უარი და აღნიშნულ წერილზე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ბრძანება, რომელმაც სადავო წერილთან ერთად მოსარჩელისთვის შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვა, საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითება გასაჩივრებული წერილის სამართლებრივი ბუნების თაობაზე (წარმოადგენს თუ არა სადავო წერილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს), პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 თებერვლის N001007521 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები: 1) ე. გ-ეის (პ/ნ ...) სახელზე შედგენილ, 2019 წლის საკადასტრო აზომვით ნახაზზე (სიტუაციურ ნახაზზე) არსებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 6 000 კვ.მ. უძრავი ნივთი (ს/კ ...) ფართობით, კონფიგურაციით, საზღვრებით ემთხვევა თუ არა გ. გ-ეის (პ/ნ ...) სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მოცემულ 6 000 კვ.მ. უძრავ ნივთს, ს/კ ..., ფართობით, კონფიგურაციით, საზღვრებით?
2) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ფაქტობრივი მონაცემებით არსებული ე. გ-ეის (პ/ნ ...) უძრავი ნივთი ფართობით, კონფიგურაციით, საზღვრებით ემთხვევა თუ არა გ. გ-ეის (პ/ნ ...) სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მოცემულ ს/კ ... უძრავ ნივთს ფართობით, კონფიგურაციით, საზღვრებით?
3) რა კონფიგურაციასა და საზღვრებში მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებული ე. გ-ეის (პ/ნ ...), 2010 წლის საკადასტრო აზომვით ნახაზზე, საკადასტრო რუკაზე, საკადასტრო გეგმაზე მოცემული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) ?
4) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებული ე. გ-ეის (პ/ ...) სახელზე შედგენილი 2010 წლის საკადასტრო რუკაზე, საკადასტრო აზომვით ნახაზზე, საკადასტრო გეგმაზე არსებული 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) ემთხვევა თუ არა გ. გ-ეის (პ/ნ ...) სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მოცემულ ს/კ ..., 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს კონფიგურაციითა და საზღვრებით?
აღნიშნულ კითხვებზე N001007521 დასკვნით გაცემული იქნა შემდეგი პასუხები: 1) ე. გ-ეის მიერ, საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე შედგენილ სიტუაციურ ნახაზზე (28.10.2019) მითითებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი (6 000 კვ.მ.) შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) შესაბამის მონაცემებს. გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული არ არის მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ მითითებულ დოკუმენტებში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების ზომების შედარება ტექნიკურად შეუძლებელია;
2) დამკვეთის მიერ ექსპერტიზისათვის მითითებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კონფიგურაციას. დამკვეთის მიერ ექსპერტიზისათვის მითითებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი, შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ფართობს. გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული არ არის მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ მითითებულ დოკუმენტებში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების ზომების შედარება ტექნიკურად შეუძლებელია;
3) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებული ე. გ-ეის უძრავი ქონების (ს/კ ...) საზღვრების ზომები და კონფიგურაცია, 2010 წლის საკადასტრო გეგმის შესაბამისად, მოცემულია დანართი N2-ში;
4) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე (ს/კ ...) ე. გ-ეის სახელზე შედგენილ 2010 წლის საკადასტრო გეგმაზე არსებული 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობა (ს/კ N... და ს/კ N... მიწის ნაკვეთების მდებარეობის გათვალისწინებით), ძირითადად შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მდებარეობას. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კონფიგურაცია და ფართობი (6 000 კვ.მ.), შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) შესაბამის მონაცემებს. გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული არ არის მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ მითითებულ დოკუმენტებში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების ზომების შედარება ტექნიკურად შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი (6 000 კვ.მ.) შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებულ ს/კ ... მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ კასატორი არასრულად ციტირებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 თებერვლის N001007521 დასკვნაში მითითებულ ერთ-ერთ წინადადებას, მაშინ როცა ექსპერტის მიერ დასმულ კითხვაზე (კითხვა N4) ერთობლიობაში მითითებულია, რომ ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე (ს/კ ...) ე. გ-ეის სახელზე შედგენილ 2010 წლის საკადასტრო გეგმაზე არსებული 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობა (ს/კ N... და ს/კ N... მიწის ნაკვეთების მდებარეობის გათვალისწინებით), ძირითადად შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მდებარეობას. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კონფიგურაცია და ფართობი (6 000 კვ.მ.), შეესაბამება გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) შესაბამის მონაცემებს. გ. გ-ეის სახელზე შედგენილ 2005 წლის 20 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე მითითებული არ არის მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ მითითებულ დოკუმენტებში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების ზომების შედარება ტექნიკურად შეუძლებელია.“
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა, 2005 წელს მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის გამო, არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახულ საკადასტრო მონაცემებთან 2010 წელს განხორციელებული რეგისტრაციის სრული შესაბამისობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს შესრულებულ აზომვით ნახაზს ეჭვქვეშ აყენებს თავად საკადასტრო აზომვის განმახორციელებელი პირიც. ამასთან, მითითებული დასკვნით, არც 2005 და 2010 წლის სარეგისტრაციო დოკუმენტებთან 2019 წელს წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისობას/შეუსაბამობას გასცემია ერთმნიშვნელოვანი პასუხი.
მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ კასატორების არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ აწესებს შეზღუდვას/აკრძალვას დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შემდგომ, მასში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთან, მართალია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და რეესტრის მიერ 2010 წელს განხორციელებული რეგისტრაცია ითვლება სწორად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, თუმცა აღნიშნული გარემოება, ცხადია არ გულისხმობს უკვე რეგისტრირებული, მათ შორის დაზუსტებული მონაცემების ცვლილების შეუძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სწორედ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია განხორციელებული იყო არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და ითხოვდა თანხმობის გაცემას თავდაპირველად, უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული მონაცემებით ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში კასატორების მიერ ე. გ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად დაზუსტებული მონაცემებით განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტზე მითითება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო და არარელევანტურია.
საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითება იმ გარემოებაზე, რომ გაურკვეველია ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გასცეს თანხმობა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე, თუკი მის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულება შეწყვეტილია ვალდებულების შესრულების გამო. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. გ-ეის ინტერესს წარმოადგენდა თანხმობის გაცემა უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციაზე იმ სახით, რა სახითაც იგი მისმა მამამ - გ. გ-ემ შეიძინა 2005 წელს ეკონომიკის სამინისტროსგან. შესაბამისად, სწორედ კასატორები წარმოადგენენ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაადასტურონ ის ფაქტი, თუ რა სახით (ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია, ფართობი) იქნა გასხვისებული უძრავი ნივთი 2005 წელს გ. გ-ეზე, რამეთუ მოსარჩელე სწორედ თავდაპირველ უფლების დამდგენ დოკუმენტებში არსებული მონაცემების გათვალისწინებით ითხოვდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემას და არა რაიმე ახალი უფლების მოპოვებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე