Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-253(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მესამე პირები) - შ.ვ-ე, კ.ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ.მ-ი, ა.ლ-ე

მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირები - სსიპ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო; ბ.გ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.მ-მა და ა.ლ-ემ 2016 წლის 25 აგვისტოს სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის №6/09/12-310 გადაწყვეტილებისა და №2/392 ბრძანების, ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ივნისის №02 839 ბრძანებისა და 2016 წლის 23 ივნისის №02 856 ბრძანების (2016 წლის 21 ივნისის №02 839 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ) ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. ბორჯომში, ...ას ქ. №29-ში და ...ის ქ. №2-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაომ გამოიწვია მეზობელი შენობების დაზიანება, რაზეც მათ არაერთხელ მიმართეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ამასთან, მოითხოვეს მათი, როგორც დაინტერესებული პირების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, რაც არ განხორციელდა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ განხორციელებული სამუშაოები იყო უნებართვო, ხოლო სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდნენ მოსარჩელის ინტერესებს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის №6/09/12-310 გადაწყვეტილებისა და №2/392 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ისა და ა.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ივნისის №02 839 ბრძანება და 2016 წლის 23 ივნისის №02 856 ბრძანება (2016 წლის 21 ივნისის №02 839 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ) კ.ვ-ის, შ.ვ-ისა და ბ.გ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმების შესახებ. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ.ვ-ემ, კ.ვ-ემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის, შ.ვ-ისა და კ.ვ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ სადავო მშენებლობა ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. სასამართლოს მითითებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სადავო ბრძანებები გამოსცა საპროექტო მიწის ნაკვეთზე მიმდინარე უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების გაუთვალისწინებლად. ასევე არ იქნა გათვალისწინებული საპროექტო ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის არეალში მდებარეობა.

სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ.ვ-ემ და კ.ვ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს კასატორებს. მოსარჩელეები - ნ.მ-ი და ა.ლ-ე არ წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეებს, რამდენადაც მათ კანონიერ ინტერესზე სადავო აქტებს არ მოუხდენია პირდაპირი და უშუალო გავლენა. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება სამშენებლო სამუშაოების ჩატარებით მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენება ან რაიმე ფორმით მათი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობს იმ ობიექტების მოშორებით, რომელზეც უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები. კასატორების მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის შედეგადაც გამოსცა კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ.ვ-ისა და კ.ვ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ.ვ-ისა და კ.ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ივნისის №02 839 ბრძანებისა და 2016 წლის 23 ივნისის №02 856 ბრძანების კანონიერების შეფასება. აღნიშნული აქტებით შეთანხმდა ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2/ ...ას ქ. №29-ში არსებულ, კ.ვ-ის, შ.ვ-ის და ბ.გ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03.02.2020წ. №139 დადგენილებით). მითითებული დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ხსენებულის დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულსამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესზე“, რომლის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის I სტადიაზე ხდება ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადიაზე – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადიაზე – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე „წესის“ 46-ე მუხლი ადგენს, რომ არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას. ამ დადგენილების შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა. დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მოთხოვნით, ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე შესათანხმებლად წარადგენს კონსტრუქციულ სქემას ან/და ტექნოლოგიურ სქემას. „წესის“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესათანხმებლად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს წარუდგენს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით დადგენილია, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით, ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2-ში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) მესაკუთრე იყო კ.ვ-ე. 2016 წლის 22 აპრილის ამონაწერით ირკვევა, რომ ქალაქ ბორჯომში, ...ას ქ. №29-ში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...) აღრიცხული იყო შ.ვ-ისა და ბ.გ-ის თანასაკუთრებად. 2016 წლის 10 მაისის ამონაწერის მიხედვით კი, ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2/ ...ას ქ. №29-ში არსებული უძრავი ქონება (...) (ნაკვეთის წინა ნომერი: ..., ...) აღრიცხულია კ.ვ-ის, შ.ვ-ისა და ბ.გ-ის საკუთრებად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 22 მაისის №2/104 ბრძანებით, ქალაქ ბორჯომში, ...ას ქ. №29-ში არსებულ საცხოვრებელ სახლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 ივლისის წერილის თანახმად, ქალაქ ბორჯომში, ...ას ქ. №29-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე, უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შ.ვ-ის მიმართ დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით.

დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, ქალაქ ბორჯომში, ...ას ქ. №29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოებაზე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 ივნისის №03/210 ბრძანებით, ა.ლ-ისა და ნ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 31 დეკემბრის №2/392 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №ნ/09/12/310 სანებართვო მოწმობა. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია მიმდინარე სასამართლო დავის გამო.

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2-ში კ.ვ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია - მშენებლობა სათანადო ნებართვის გარეშე, რაზეც 2015 წლის 5 ნოემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შედგენილ იქნა №14 მითითება და კ.ვ-ეს დაევალა წარმოებული უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი. ასევე, მიეთითა დარღვევის გამოსწორების მიზნით უნებართვო მშენებლობის შეჩერებისა და ადმინისტრაციულ ორგანოში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით. დარღვევის გამოსწორებისათვის განისაზღვრა 20 დღე.

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 15 ივნისის №02 800 ბრძანებით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. გამგეობის 2016 წლის 21 ივნისის №02 839 ბრძანებით, შეთანხმებული იქნა ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2-ში არსებული კ.ვ-ის, შ.ვ-ის და ბ.გ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ნაკვეთის საკადასტრო კოდი ...). ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 23 ივნისს №02 856 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება 2016 წლის 21 ივნისის №02 839 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: „შეთანხმებული იქნეს ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2/ქალაქ ბორჯომში, ...ას ქ. №29-ში, ბ.გ-ის, კ.ვ-ის და შ.ვ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოებისათვის (ს/კ ...)“.

ამდენად, ორი უძრავი ქონება (ს/კ ... და ს/კ ...) 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით დარეგისტრირდა ერთ საკადასტრო ერთეულად - ... და კ.ვ-ის, შ.ვ-ისა და ბ.გ-ის თანასაკუთრებად აღირიცხა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ივნისის №02 839 და 2016 წლის 23 ივნისს №02 856 ბრძანებებით რეკონსტრუქცია-გაფართოებისათვის არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე.

საყურადღებოა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით, საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები: 1) შეესაბამება თუ არა მოქმედ სამშენებლო სტანდარტებს ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტი. უარყოფით შემთხვევაში, რა ზიანს აყენებს, ან მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, მიაყენებს რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტი ნ.მ-ისა (ს/კ ...) და ა.ლ-ის (ს/კ ...) კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს; 2) ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2-ში წარმოებული მშენებლობა შეესაბამება თუ არა მისი მშენებლობისათვის გაცემულ პროექტს; 3) იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ არსებული მშენებლობა არ შეესაბამება პროექტს და ასევე დადგინდება, რომ ნ.მ-სა და ა.ლ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას მშენებლობის შედეგად მიადგა ან მიადგება ზიანი, ამ ზიანის წყარო ხომ არ არის მშენებლობის ის ნაწილი, რომელიც ნაწარმოებია შეთანხმებული პროექტის დარღვევით.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 ნოემბრის საინჟინრო ექსპერტიზის №006968817 დასკვნით დასტურდება, რომ: 1) ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2-ში არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტი არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო სტანდარტებს; 2) ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2-ში წარმოებული მშენებლობა არ შეესაბამება მისი მშენებლობისათვის გაცემულ პროექტს; 3) ქალაქ ბორჯომში, ...ის ქ. №2-ში პროექტის გვერდის ავლით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ყოვლად დაუშვებელია და შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლის გარეშე გამოსცა სამართლებრივი აქტები. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ მოსარჩელეებს, რამეთუ მათი საკუთრების მომიჯნავედ მიმდინარეობს უნებართვო მშენებლობა, რომელიც, სათანადო მტკიცებულების - ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ შეესაბამება სამშენებლო სტანდარტებს და მისი მშენებლობისათვის გაცემულ არსებულ პროექტს, ამასთან, ...ის ქ. №2-ში პროექტის გვერდის ავლით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ყოვლად დაუშვებელია და შესაძლოა, გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები.

ასევე აღსანიშნავია საქმეში არსებული, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს №09/826 წერილი, რომლითაც ირკვევა, ვინაიდან საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემების თანახმად, ...ის ქ. №2 მდებარეობს ... საკადასტრო ერთეულში, სადაც ასევე განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი (...ას ქ. №29), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ...ის ქ. №2-ზე ასევე ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ამდენად, ზემოაღნიშნულ საკადასტრო ერთეულში (...) მდებარე შენობა-ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემაზე კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო. ამრიგად, ... საკადასტრო ერთეულში სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემამდე, საკითხის განხილვა უნდა მომხდარიყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა გათვალისწინებული საპროექტო ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის არეალში მდებარეობა. ასევე საყურადღებოა, რომ მოსარჩელეები დროის ხანგრძლივ პერიოდში მიმართავდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობის თაობაზე. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ წარმოებული მშენებლობით არ ზიანდება დაინტერესებული პირების ინტერესები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ.მ-ეს შ.ვ-ისა და კ.ვ-ის საკასაციო საჩივარზე 10.05.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ.მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ვ-ისა და კ.ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. დ.მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შ.ვ-ისა და კ.ვ-ის საკასაციო საჩივარზე 10.05.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: ბ. სტურუა



მ. ვაჩაძე



გ. აბუსერიძე