საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-775(კ-23) 15 მაისი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მისი შედეგების აღმოფხვრა და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მ-იმა 2020 წლის 30 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 თებერვლის №328 და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ ამავე სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის №1168 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ...ის, მისი არარსებობის შემთხვევაში კი, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება, ასევე გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ორი თვის შრომითი გასამრჯელოს გამოკლებით), იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მისი შედეგების აღმოფხვრა და აქედან გამომდინარე მორალური ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ...ად ვ. გ-ის დანიშვნასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი - „აწი რაღა გვიჭირს“. სწორედ აღნიშნული კომენტარის გამო დაიბარეს იგი და მისი ნების საწინააღმდეგოდ, მუქარითა და ზეწოლით, იძულებით დააწერინეს პატაკი. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულმა გარემოებამ დაარღვია მისი კონსტიტუციითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის №1168 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ...ის, ან მისი არარსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; მოპასუხეს ასევე დაევალა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ორი თვის შრომითი გასამრჯელოს გათვალისწინებით). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე გ. მ-ი 2000 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2020 წლიდან კი მუშაობა გააგრძელა ამავე სამსახურის ...ის თანამდებობაზე. 2020 წლის 21 თებერვალს გ. მ-იმა პატაკით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის დირექტორს და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა. სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის დირექტორმა იმავე დღეს მიმართა პატაკით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, წარუდგინა გ. მ-ის პატაკი და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასა და კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით განკარგულების გამოცემა მოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2020 წლის 25 თებერვალს გამოსცა №328 ბრძანება მოსარჩელე გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. გ. მ-იმა 2020 წლის 30 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 თებერვლის №328 ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანებით მოსარჩელე გ. მ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სასამართლომ მიუთითა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში გ. მ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა და კადრების განკარგულებაში იქნა აყვანილი იმ პირობებში, როდესაც პატაკით თვითონ გამოხატა ამის თაობაზე ნება, ხოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მას არ მიუმართავს სამსახურისათვის გამოხატული ნების არანამდვილობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 თებერვლის №328 ბრძანება გამოცემული იყო მითითებული კანონის საფუძველზე და არ ეწინააღმდეგებოდა მას.
სასამართლომ კვლავ მიუთითა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა, იმავე ნორმატიული აქტის 33-ე მუხლის შესაბამისად, ოთხ თვეს შეადგენს. შესაბამისად, სამსახურის მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა, ისევე, როგორც მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა, უფლებამოსილი თანამდებობის პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანებით, მოსარჩელე გ. მ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც არსებობს საეჭვო გარემოებები, მათ შორის, მრავალი პირის მიერ ერთდროულად განცხადების დაწერა სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, პირის უარი სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით და ა.შ., ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უზრუნველყოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევა და შეფასება, რაც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, დაინტერესებული პირის გამოკითხვას, მისი მდგომარეობის შეფასებას ა.შ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება, საქმის №ბს-898 (კ-19)). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. მ-იმა 2020 წლის 30 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 თებერვლის №328 ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი 2020 წლის 26 ივნისის ბრძანებით, დათხოვნილ იქნა სამსახურიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით. შესაბამისად, სამართლებრივი პირობა - პირადი პატაკი, რომელიც საფუძველი გახდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, მისი სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის აღარ არსებობდა და ეს ცნობილი იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის, დათხოვნამდე 3 თვით ადრე. ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსარჩელე გ. მ-ის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა მისი სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურიდან დათხოვნა მის ნებას არ წარმოადგენდა და მას სურდა სამსახურის გაგრძელება. შესაბამისად, არ არსებობდა მისი სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა გაბათილებულიყო „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის №1168 ბრძანება.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა დავალებოდა მოსარჩელე გ. მ-ის სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდური - შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ორი თვის შრომითი გასამრჯელოს გამოკლებით) სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მისი შედეგების აღმოფხვრა და მორალური ზიანის ანაზღაურება, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე გ. მ-ი არსებითად მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისაგან განსხვავებული მოპყრობის ობიექტი გახდა რაიმე კონკრეტული ნიშნით. შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოსარჩელე გ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება დაევალა მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ორი თვის შრომითი გასამრჯელოს გათვალისწინებით) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ორი თვის შრომითი გასამრჯელოს გათვალისწინებით) მისი გათავისუფლების დღიდან 2020 წლის 19 დეკემბრამდე, ხოლო 2020 წლის 19 დეკემბრიდან გ. მ-ის სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა აუნაზღაუროს მას შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიურ ოდენობასა და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დ...ში“ დარიცხულ ხელფასს შორის სხვაობა; დანარჩენ ნაწილში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა მხოლოდ მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა დავალებოდა მოსარჩელისათვის, 2020 წლის 19 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიურ ოდენობასა და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დ...ში“ დარიცხულ ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას სააპელაციო პალატამ საფუძვლად დაუდო მის მიერ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმად, გ. მ-ი 2020 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...ში“. მას შრომითი ანაზღაურება ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შეადგენს: 2020-2022 წწ. - დარიცხვა - 40927,04, საშემოსავლო - 6985,42, მისაღები - 33941,62, დაზღვევა - 630,00, ჩარიცხვა - 33311,62. 2020 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით შემდეგი ოდენობით - დარიცხვა - 11 792,05, საშემოსავლო - 2358,41, მისაღები - 9433,64, დაზღვევა - 105,00, ჩარიცხვა - 9328,64, 2021 წლისათვის - დარიცხვა - 23377,99, საშემოსავლო - 4075,61, მისაღები - 19302,38, დაზღვევა - 420,00, ჩარიცხვა - 18882,38, 2022 წლის იანვარი - მარტის ჩათვლით პერიოდში - დარიცხვა - 5757, საშემოსავლო - 551,40, მისაღები - 5206,60, დაზღვევა - 105,00, ჩარიცხვა -5100,60.
დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, ამ ნაწილში უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას კვლავ ამყარებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოში და დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საკითხზე მსჯელობისას მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არ შეესაბამება კონკრეტულ გარემოებებს. კერძოდ, გ. მ-ისგან განსხვავებით, აღნიშნულ საქმეებში მოსარჩელეებმა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიმართეს უწყების ხელმძღვანელობას, კვლავ დაენიშნათ თანამდებობებზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ პოლიტიკური ნიშნით წაყენებული დისკრიმინაციული ბრალდებები არ ფიგურირებდა სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებულ გადაწყვეტილებებში. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს - გ. მ-ის სწორედ კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის გასვლისას შეუსრულდა 20-წლიანი სამუშაო სტაჟი, რაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, უწყებამ საპენსიო ასაკის მიღწევისთვის სრულად შეუნარჩუნა მოსარჩელეს სამსახურის მოსამსახურის სტატუსი და მხოლოდ 4 თვის გასვლის შემდეგ დაითხოვა სამსახურიდან მაშინ, როდესაც დისკრეციული უფლებამოსილება აძლევდა საშუალებას სამსახურის ხელმძღვანელს 4 თვის გასვლამდეც გამოეცა ბრძანება სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაშვებულია პრეცედენტი, როდესაც საჯარო სამსახურის სისტემის თანამშრომელი საკუთარი ნებით გადადის კადრების განკარგულებაში, შემდეგ კი სამსახურის შიდა რეგულაციების გვერდის ავლით, კერძოდ, სასამართლოსადმი მიმართვის გზით იცვლის ნებას, ითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე გამოტანილი აქტის ბათილად ცნობას, მორალური ზიანის ანაზღაურებას და ამასთანავე, აღნიშნავს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ დააწერინეს პატაკი. ამგვარი პრაქტიკის დაფუძნება, სამსახურის მოსაზრებით, არა მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არამედ მთელ საჯარო სისტემას შეუქმნის პრობლემას. ამასთან, საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად ცნო გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება. დასახელებული აქტი მას შემდეგ შევიდა კანონიერ ძალაში, როცა იგი მხარემ სააპელაციო წესით არ გაასაჩივრა. ამის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თანამდებობიდან გათავისუფლებს შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, რომ უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება. კადრების განკარგულებაში მყოფი პირის სამსახურში უპირობოდ აღდგენა კი, კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ დაადგინა და ვერც დაასაბუთა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების უკანონობა, არ შეაფასა ასევე ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სპეციალური კანონის, კერძოდ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლი, ამასთანავე, სრულიად უგულებელყო სამსახურის უფროსის დისკრეციული უფლებამოსილება - მიეღო გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ამდენად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა უწყების მიერ წარდგენილი მნიშვნელოვანი სამართლებრივი არგუმენტები და დისკრეციული უფლებამოსილება, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო ნომრების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. მ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „გ. მ-ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ ამავე სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის №1168 ბრძანება და მოპასუხეს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა დაევალოს.
საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ გ. მ-ი 2000 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2020 წლიდან კი სამსახური გააგრძელა ამავე სამსახურის სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ...ის თანამდებობაზე. 2020 წლის 21 თებერვალს გ. მ-იმა პატაკით მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა, რასთან დაკავშირებითაც, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის დირექტორმა იმავე დღეს მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, წარუდგინა მოსარჩელე გ. მ-ის პატაკი და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასა და კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით განკარგულების გამოცემა მოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2020 წლის 25 თებერვალს გამოსცა №328 ბრძანება გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ (იხ. ს.ფ. 50). 2020 წლის 30 მარტს კი გ. მ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 თებერვლის №328 ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანებით, გ. მ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით (იხ. ს.ფ. 121).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნები - „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 თებერვლის №328 ბრძანების ბათილად ცნობის (რომელიც მიღებულია პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე), დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მისი შედეგების აღმოფხვრისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამდენად, ზემოთ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს და შეაფასებს მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობისა და მისი თანმდევი შედეგების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. სწორედ ამიტომ, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის - გ. მ-ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის პირველი აგვისტოს №1 ბრძანებით დამტკიცებული, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა), ასევე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები.
სადავო საკითხის შეფასების მიზნით, საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ყოველი მოქალაქის საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლებას. ეს კონსტიტუციური დანაწესი იცავს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, აღნიშნული გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტია. საჯარო მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის უნდა სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ. კანდელაკი, ნ. დვალი, ზ. დავითაშვილი, ე. გოგუაძე, გ. მელაძე და მ. ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ. საქმე №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენციის (1982წ.) №166 რეკომენდაცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“). საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე. ანალოგიურ დებულებას შეიცავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის პირველი აგვისტოს №1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის" 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანისათვის საკმარისია პირადი განცხადების (პატაკის) არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში, გ. მ-ი პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, თუმცა, მოგვიანებით, კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე მიღებული აქტის ბათილად ცნობა სასამართლო წესით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი კანონიერად ცნო აღნიშნული აქტი და მასზე მიღებული გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის („საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის) შესაბამისად, მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამდენად, კადრების განკარგულებაში აყვანიდან 4 თვის ვადის გასვლა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) თანახმად, სამსახურიდან დათხოვნის ცალკე საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, დასახელებული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს მოხელის აყვანას კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით.
ამრიგად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. მ-ის კადრების განკარგულებაში აყვანას საფუძვლად დაედო მისი 2020 წლის 21 თებერვლის განცხადება, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანებით გ. მ-ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2020 წლის 30 მარტის სასარჩელო განცხადებით დასაქმებულმა სადავო გახადა სამსახურიდან დათხოვნის ნამდვილი ნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობით გარანტირებულია ყოველი პირის უფლება თავისი თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე სამსახური ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა. დასაქმებულის, მოცემულ შემთხვევაში კი საჯარო მოსამსახურის სურვილი, შეწყვიტოს დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნა, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, ისევე როგორც დასაქმებულის დანიშვნა/გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს საჯარო მოსამსახურის ამ უფლებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ პირის მიერ გამოხატული სურვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან.
ბუნებრივია, რომ დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული დაადგინოს დასაქმებულის ნამდვილი ნება, რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ პირადი განცხადებით სამსახურის დატოვების შემთხვევაში სავალდებულო არ არის განცხადებაში აისახოს სამსახურიდან წასვლის მიზეზი. ამგვარი საჭიროება, ანუ დასაქმებულის ნების ნამდვილობის დადგენის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობა იძლევა ეჭვის წარმოშობის საფუძველს განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურე მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს დათხოვნილი სამსახურიდან, თუ მხარეთა შორის სადავო არ არის მისი კადრების განკარგულებაში აყვანის პირობა და საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით დამსაქმებლის მიერ გამოკვლეული და შეფასებული უნდა ყოფილიყო, თუ რით იყო განპირობებული გ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი და რამდენად ჰქონდა ადგილი ნების თავისუფალ გამოვლენას, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. მ-იმა, რომელიც წლების მანძილზე დასაქმებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე და 2020 წლიდან გათავისუფლებამდე (კადრებში გადაყვანამდე) იკავებდა ამავე სამსახურის ...ის თანამდებობას, 2020 წლის 21 თებერვალს განცხადებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე მოითხოვა კადრების განკარგულებაში გადაყვანა, ხოლო 2020 წლის 30 მარტს სასარჩელო განცხადებით სადავო გახადა კადრების განკარგულებაში აყვანის ნამდვილი ნება და განმარტა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ დაწერა განცხადება კადრების განკარგულებაში გადასვლაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან 2020 წლის 30 მარტს გ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით დააფიქსირა პოზიცია პატაკის მისი ნების საწინააღმდეგოდ დაწერის თაობაზე, აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 26 ივნისის ბრძანების მიღებამდე, კერძოდ, 4-თვიანი ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის უკვე ცნობილი იყო 2020 წლის 21 თებერვალს შედგენილი პატაკის და მის საფუძველზე მიღებული ბრძანების სადავოობა. მიუხედავად აღნიშნულისა, კადრების განკარგულებაში მყოფი გ. მ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ანუ მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილია მისი ნების საწინააღმდეგოდ იმ პირობებშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის სურვილის საფუძველზე გამოსცა მისი კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან კადრების განკარგულების ვადის გასვლამდე, კანონით დადგენილი წესით არ გამოიკვლია და არ შეაფასა გ. მ-ის მიერ გამოხატული ნება, არ დათხოვნილიყო სამსახურიდან. ფაქტია, რომ გ. მ-ის არ სურდა სამსახურიდან დათხოვნა და ეს სასარჩელო განცხადებით გამოხატა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება - დაითხოვოს მოსამსახურე სამსახურიდან კადრებში ყოფნის ვადის გასვლის გამო, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს იმ მიზნით, რომლისთვისაც აქვს მინიჭებული იგი ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ, პირადი პატაკის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურის, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, სამსახურიდან დათხოვნის უფლებამოსილება უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს მხოლოდ შესაბამისი მოსამსახურის სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებული ნების რეალიზაციის მიზნით და არა მის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სადავო გახადა მისი ნების საწინააღმდეგოდ კადრების განკარგულებაში გადაყვანა, რითაც გამოხატა სამსახურში დარჩენის სურვილი, ვერ ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით დასაქმებულის სამსახურიდან წასვლის ნამდვილი ნების გამოკვლევად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ დაადასტურა, რომ არსებობდა გ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გასაჩივრებული აქტი უკანონოა და სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე ადასტურებს დავის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის საჭიროებას და აღნიშნავს შემდეგს: ადმინისტრაციული წარმოება არის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენების ანუ გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებული პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ამოცანებს და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება შედგება რამდენიმე ეტაპისაგან, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვება, გადაწყვეტილების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული ემსახურება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ძირითადი ფუნქციის შესრულებას, საჯარო მმართველობის განხორციელებას.
საჯარო მმართველობის განხორციელების დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ხოლო იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას სასამართლოს მხრიდან დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ სასამართლოები ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტის პროცესში ახორციელებენ სამართალწარმოებას და არა ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის დროსაც საჭიროა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების განსაზღვრა, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება, მოძიებული ინფორმაციის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობასთან შესაბამისობის დადგენა და სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. იმ პირობებში, თუ სასამართლო მოახდენდა მითითებული ფუნქციების საკუთარ თავზე აღებას, სასამართლო სრულად ჩაანაცვლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს და განახორციელებდა საჯარო მმართველობას, რაც დაუშვებელია ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-329-327(2კ-17), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.“
საკასაციო სასამართლო იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არის მისი ნების გამოვლინება, თუმცა, მნიშვნელოვანია დასტურდებოდეს, რომ ნება გამოვლენილი იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, ყოველგვარი ზეწოლისა და იძულების გარეშე, რისი დადგენაც უნდა მოხდეს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოუკვლევია და შეუფასებია ის გარემოებები, რომლებიც, შესაძლოა, მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის ან მისი სამსახურში დატოვების საფუძველი გამხდარიყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულმა სასარჩელო განცხადებით სადავო გახადა ნების ნამდვილობა და აღნიშნა, რომ მას არ სურდა დაეტოვებინა სამსახური და შემწყდარიყო შრომითი ურთიერთობა. კერძოდ, გ. მ-იმა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება გაასაჩივრა სასამართლოში, ხოლო ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული ფაქტი და გამოსცა ბრძანება გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ზეგავლენა იქონია გ. მ-ის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით პირადი პატაკის დაწერაზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაათავისუფლა მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, რატომ გადაწყვიტა მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკის დაწერა, აღნიშნული წარმოადგენდა თუ არა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ აღნიშნული გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორის ზემოქმედებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავადვე მიუთითებდა აღნიშნული ფაქტორების არსებობის თაობაზე. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის №1168 ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის საკითხთან დაკავშირებით.
პირის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების სამართლებრივ შედეგებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის პირველი აგვისტოს №1 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესზე“, რომლის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. იმავე „წესის“ 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო, სადავო ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, განსახილველ დავასთან მიმართებით უსაფუძვლოა, რამდენადაც სამსახურში აღდგენის უმთავრეს წინაპირობას მოხელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება წარმოადგენს, რაც, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს გამოსარკვევია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებას უკავშირდება. შესაბამისად, ამ პირობებში ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება გ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. მ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „გ. მ-ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ ამავე სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის №1168 ბრძანება და მოპასუხეს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა დაევალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „გ. მ-ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ ამავე სამსახურის უფროსის 2020 წლის 26 ივნისის №1168 ბრძანება;
5. მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე