Facebook Twitter
საქმე №ბს-64(კ-24) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 24 თებერვალს მ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მ. თ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის N03-465/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. თ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ გაცემული მოწმობით დასტურდება მისი ომში მონაწილეობის ფაქტი. ამასთან, 1993 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ... ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში. მოსარჩელის განმარტებით მან მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას ზემოაღნიშნული ფართის თავის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, თუმცა მიიღო უარი იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი ქონება წარმოადგენდა შპს ,,მ...ის’’ საკუთრებას. თუმცა, მოსარჩელის მითითებით, მის მიერ მოთხოვნილი ქონება შპს-ს მიერ გადაფორმებულ იქნა ტ. ჩ-აზე, რომელმაც 2018 წელს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოითხოვნით. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტ. ჩ-ას სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. მ. თ-ას მითითებით, 2021 წლის 29 აპრილს მან მიიღო შეტყობინება შპს ,,მი...’’-ისგან, რომელიც აუწყებდა, რომ თ-ა ცხოვრობდა მათ საკუთრებაში არსებულ ფართში და 2021 წლის 16 მაისამდე მოითხოვდნენ ამ ქონების გათავისუფლებას. მ. თ-ას მითითებით, 2022 წლის 1 თებევალს მან მიიღო შეტყობინება ქულათა შემცირების თაობაზე და ნაცვლად 6 ქულისა შეფასებულ ქულათა რაოდენობა განისაზღვრა 1.5 ქულით. შემდეგ კი ქულების არასაკმარისი რაოდენობის გამო ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით მისთვის გაუგებარია თუ რა საფუძვლით შეუმცირდა მის ოჯახს მინიჭებულ ქულათა ოდენობა. შესაბამისად, მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს უარს მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის საოქმო განჩნებით საქართველოს ადმინისტრაცული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. ე-ა და ი. თ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის N03-465/ო ბრძანება მოსარჩელე მ. თ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, უარის თქმის თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მ. თ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს მ. თ-ამ, როგორც დევნილი ოჯახის უფლებამოსილმა პირმა, ოჯახის წევრებთან - ი. თ-ასთან, ი. ე-ასთან, ირ. თ-ასთან, ე. ქ-ასთან (არასრულწლოვანი) და ბ. ქ-ასთან (არასრულწლოვანი) ერთად განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა, რის საფუძველზეც მ. თ-ას მიერ შევსებულ იქნა შესაბამისი კითხვარი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 2018 წლის 16 თებერვალს შეფასდა და წინასწარი შეფასებით ოჯახს მიენიჭა 6 ქულა, ამავე სამინისტროს 2018 წლის 1 ოქტომბრის №01/1027/ო ბრძანებით მ. თ-ას უარი ეთქვა ქალაქ ზუგდიდში, ...ს №...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. აღნიშნული ბრძანება მ. თ-ას მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. 2018 წლის 12 ოქტომბერს მ. თ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ირ. თ-ას, ე. ქ-ას (არასრულწლოვანი შვილიშვილი) და ბ. ქ-ას, მის მიერ შევსებული აპლიკაციიდან ამოღება და საბოლოოდ მისი ოჯახის შემადგენლობის 3 წევრით განსაზღვრა მოითხოვა, შესაბამისად, მ. თ-ას ოჯახის წევრები საბოლოო სახით განისაზღვრა - მ. თ-ას, ი. თ-ასა და ი. ე-ასთან ერთად. ამავე განცხადებით, ოჯახის წევრთა კორექტირებული შემადგენლობის გათვალისწინებით, მოთხოვნილ იქნა მ. თ-ას განცხადების ხელმეორედ განხილვა. ამასთან, მოსარჩელემ წარმოადგინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. თ-ას, ი. ე-ას, ი. თ-ას, ირ. თ-ას, ე. ქ-ასა და ბ. ქ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ტ. ჩ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და გამოსახლებულ იქნენ აღნიშნული მფლობელობიდან.
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მი...“-ს 2021 წლის 29 აპრილის №0286 წერილით, მ. თ-ას ოჯახს ეცნობა, რომ ფართი, სადაც მათი ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს შპს მი... საკუთრებას. ამავე წერილით მ. თ-ას, აღნიშნული ქონების გასათავისუფლებლად 2021 წლის 16 მაისამდე მიეცა ვადა.
2021 წლის 30 მაისის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა მ. თ-ას ოჯახში, მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა N5 (...). აღნიშნულ მისამართზე ოჯახი ცხოვრობს ქირის გარეშე, 1993 წლიდან. ამავე მონიტორინგის ოქმის თანახმად, მ. თ-ას საცხოვრებელი ფართი (ს/კ ...) წარმოადგენს ტ. ჩ-ას საკუთრებას, რომელთანაც მ. თ-ას არანაირი ნათესაური კავშირი არ გააჩნია და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა საფინანსო ორგანიზაციის სასარგებლოდ,

მონიტორინგის მიერ ასევე აღინიშნა, რომ ტ. ჩ-ას აღნიშნული უძრავი ქონება სასამართლოს მიერ დაუკანონდა.
ზემოაღნიშნული მონიტორინგის საფუძველზე მ. თ-ას დევნილი ოჯახი 2021 წლის 8 ივნისს შეფასებულ იქნა 4.5 ქულით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის N3-2373/ო ბრძანებით მ. თ-ას უარი ეთქვა ქ.ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპისათვის გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. აღნიშნული ბრძანება მ. თ-ას მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის N79 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მ. თ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა არასაკმარისი ქულის გამო, ამავე სხდომის ოქმის თანახმად მ. თ-ას დააკლდა 3 ქულა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის N79 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2022 წლის 31 იანვრის N03-2392/ო გამოსცა ბრძანება, ქ.ზუგდიდში მ. თ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, არასაკმარისი ქულების გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილ იქნა სრულყოფილად, რაც გამორიცხავს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. თ-ას ოჯახისთვის 3 ქულის დაკლება კრიტერიუმში - სახელმწიფო ან/და თვითმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტი და 1.5 ქულის მომატება კრიტერიუმში - ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება, კანონშეუსაბამოდ განახორციელა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასეები და დასკვნები, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ დააკმაყოფილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რადგან იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებლად მიიჩნევს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-465/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მ. თ-ას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ არასწორად შეუმცირდა ქულათა ოდენობა და არასაკმარისი ქულების გამო უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამ საკითხზე არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ-ა თავის ოჯახთან ერთად უდავოდ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამოსახლებულია სხვის საკუთრებაში არსებული ფართიდან, ე.ი. მ. თ-ასა და მის ოჯახს საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და






დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა