ბს-756(კ-22) 07 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ.წ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2022წ. განჩინება
დავის საგანი - სამედიცინო საქმიანობის შეჩერება სამედიცინო საქმიანობის არასწორად წარმართვის გამო
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ.წ-მა 28.04.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.09.2019წ. №10/914 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხეებად დაასახელა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 02.04.2021წ. შეტყობინებისა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და პროფესიული განვითარების საბჭოს 30.03.2021წ. №6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 02.04.2021წ. შეტყობინების თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭოს 30.03.2021წ. სხდომაზე განიხილეს შპს „...ში“ პაციენტ მ.მ-ისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. საბჭომ დაადგინა ვ.წ-ისთვის, როგორც ...სთვის, სახელმწიფო სერტიფიკატის 2 თვის ვადით შეჩერება, ასევე ამ პერიოდში პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლები, ასევე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც საბჭომ გადაცდომის არსებობა დაადგინა. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 77-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერების საფუძვლები. მითითებული მუხლი შეჩერებამდე ითვალისწინებს ერთი წლის განმავლობაში სერტიფიკატის მფლობელის მიერ სულ ცოტა სამჯერ წერილობითი გაფრთხილების მიღებას, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამავე მუხლით დადგენილია, რომ შეჩერების შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით უნდა ეცნობოს სერტიფიკატის მფლობელს შეჩერების საფუძვლის მითითებით, რაც არ შესრულებულა. დაირღვა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 87-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარის დასწრების უფლებას. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება უკანონოა, ვინაიდან პაციენტისთვის მიცემული რეკომენდაცია და დანიშნულება სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი ლიცენზიის ფარგლებში მოსარჩელის მიერ სწორად შესრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2021წ. განჩინებით, განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 02.04.2021წ. შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.2021წ. გადაწყვეტილებით, ვ.წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 30.03.2021წ. №6 სხდომის ოქმი ვ.წ-ის ნაწილში.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა აქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ საბჭომ ვ.წ-ის მიერ პაციენტ მ.მ-ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო საქმიანობა შეაფასა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად. პროფესიული განვითარების საბჭომ, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება პაციენტისთვის რამდენიმე მიდამოს გაერთიანებული რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების შესახებ კვალიფიციური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა. ექიმ მ.ფ-ის (სერტ.: „...“) მიერ შესრულდა ...ის რენტგენოგრაფია (მათ შორის, ... რენტგენოგრაფია). აღნიშნული ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ კვლევა არასრული და არაკვალიფიციური იქნება, რადგან ყველაზე დიდი ზომის ფირზეც 35X43 ...ის მთლიანად ერთდროულად მოხვედრა შეუძლებელია და ...ის კვალიფიციურ რენტგენოლოგიურ კვლევას განსხვავებული ექსპოზიცია სჭირდება. საქმის ზეპირი განხილვისას რეცენზენტმა ო.უ-ემ დაადასტურა, ასევე სადავო აქტშიცაა მითითებული, რომ პაციენტ მ.მ-ისათვის დამატებითი კვლევის დანიშვნა მკურნალი ექიმის კომპეტენცია იყო, ხოლო რეკომენდაცია დამატებით კვლევაზე შეეძლო ექიმ-რადიოლოგს გაეცა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული გამორიცხავს ვ.წ-ის, როგორც ...ის, პასუხისმგებლობას კონკრეტული პაციენტის მკურნალობასთან მიმართებით. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, პროფესიული განვითარების საბჭომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების გარეშე, რაც ვ.წ-ისთვის „...ის“ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ორი თვის ვადით შეჩერებისა და შესაბამისი ხანგრძლივობის კვალიფიკაციის კურსის გავლის დავალების ნაწილში საბჭოს 30.03.2021წ. №6 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.2021წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2022წ. განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვ.წ-ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გადაწყვეტილება დაეყრდნო მხოლოდ ერთადერთ დოკუმენტს, ...-ის პროფესორ ო.უ-ის სარეცენზიო დასკვნას, რომელშიც არ არის მითითებული ვ.წ-ის მიერ საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვის შესახებ. აღნიშნულ დასკვნაში რეცენზენტი ზოგადი განმარტებებია ასახული. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოწმის სახით დაკითხული ო.უ-ის განმარტებით რენტგენოგრამის გაკეთება და მისი გადაღება განისაზღვრება რადიოლოგის გადაწყვეტილებით. დასკვნას წერს რადიოლოგი, ხოლო არასრულყოფილი კვლევისას დამატებით კვლევას ნიშნავს მკურნალი ექიმი. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად არ დადასტურდა ექიმ ვ.წ-ის მიერ საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვის ფაქტი, კერძოდ, როგორც საქმეში დაცული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით (№...) დასტურდება, ექიმ ნ.ა-ის (სერტ.: „...“) და ... ვ.წ-ის (სერტ.: ,,...“) მიერ ერთობლივად დაიგეგმა ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ...ის - ადგილზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმის შესახებ, რომ ვ.წ-მა, სხვა ექიმთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე მიდამოს გაერთიანებული რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების შესახებ. ვ.წ-სთან ერთად ექიმმა ნ.ა-ემ დაგეგმა ...ის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ხოლო ამ ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა რადიოლოგის მიერ გაერთიანებულად ჩატარდებოდა, თუ ცალ-ცალკე ამის შესახებ მათი მხრიდან მითითებული არ ყოფილა, ვინაიდან არც ნ.ა-ეს და არც ვ.წ-ის არ გააჩნდათ უფლებამოსილება შეჭრილიყვნენ რადიოლოგის კომპეტენციაში და განესაზღვრათ მისთვის თუ როგორი ექსპოზიციით გადაეღო და როგორ ჩაეტარებინა კვალიფიციური რენტგენოლოგიური კვლევა. რაც შეეხება ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევის ხარისხს, ...-ის პროფესორ ო.უ-ის სარეცენზიო დასკვნაში მითითებულია და სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა ექიმმა ...მა ვ.წ-მა თავადაც განმარტა, რომ მას არ გააჩნია არც უფლებამოსილება და არც კომპეტენცია შეამოწმოს ექიმი რადიოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის ხარისხი. იგი ეცნობა არა რენტგენოლოგიურ სურათს, არამედ დასკვნას. აღნიშნული სურათის წაკითხვას ახდენს თავად ექიმი რადიოლოგი, რომელიც სურათზე ასახული მდგომარეობის გათვალისწინებით წერს დასკვნას და რომელიც არის შემდგომ ძირითადი სახელმძღვანელო მედიკოსებისათვის. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ჩატარებული რენტგენოგრაფიით პაციენტ მ.მ-ის ... ცვლილებები არ ისახებოდა. აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით ექიმი ...ის ვ.წ-ის მიერ დასმულ იქნა კლინიკური დიაგნოზი „...“ და პაციენტი გაეწერა ბინაზე. პალატამ აღინიშნა, რომ ...-ის პროფესორ ო.უ-ის სარეცენზიო დასკვნის მიხედვით, არასრულყოფილი რენტგენოგრაფიული კვლევის არსებობის შემთხვევაში დამატებითი კვლევის ჩატარების/დანიშვნის უფლებამოსილებას ფლობდა არა ექიმი ..., არამედ ექიმი რადიოლოგი (დამატებითი კვლევის ჩატარების რეკომენდაციის გაცემა) და მკურნალი ექიმი (კვლევის დანიშვნა), ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში კონკრეტული პაციენტის მკურნალობასთან მიმართებით გამოირიცხება მოსარჩელე ვ.წ-ის როგორც ...ის პასუხისმგებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული სხდომის ოქმი ეფუძნება რეცენზენტის დასკვნას. რეცენზენტის დასკვნის თანახმად, რამდენიმე მიდამოს გაერთიანებული რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კვალიფიციური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების საშუალებას არ იძლევა. 30.03.2021წ. №6 სხდომის ოქმის მიხედვით, პორტატული რენტგენოგრაფიული აპარატით ერთდროულად ...ის რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს ... და რადიოლოგი. განსახილველ შემთხვევაში ვ.წ-მა, როგორც ...მა, არასწორად წარმართა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მან სხვა ექიმთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე მიდამოს გაერთიანებული რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების შესახებ, რომელიც კვალიფიციური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების საშაულებას არ იძლევა. სასამართლო სხდომაზე ვ.წ-ი არ უარყოფდა და ნ.ა-ის ახსნა-განმარტებითაც დასტურდება, რომ ერთობლივად იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ერთობლივად დაიგეგმა ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ...ის. კვლევები ჩატარდა ER განყოფილებაში პორტატული აპარატით. აღნიშნული გადაწყვეტილება იყო არასწორი. როგორც რეცენზენტმა განმარტა, პორტატული რენტგენოლოგიური აპარატით ერთდროულად ...ის რენტგენოლოგიური კვლევა ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ კვლევა არასრული და არაკვალიფიციური იქნება, რადგან ყველაზე დიდი ზომის ფირზეც ...ის მთლიანად ერთდროულად მოხვედრა შეუძლებელია და ...ის კვალიფიციურ რენტგენოლოგიურ კვლევას განსხვავებული ექსპოზიცია სჭირდება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკიხთულმა რეცენზენტმა ასევე აღნიშნა, რომ ...ის პრეროგატივას წარმოადგენს კონკრეტული კვლევის შეკვეთა, ...ას შეუძლია მოითხოვოს ახალი კვლევა. დამატებითი კვლევის ჩატარების შესახებ ვ.წ-ის მითითება არ მიუცია. მიღებული გადაწყვეტილება ერთობლივი კვლევის შესახებ თავიდანვე არ იყო სწორი, რადგან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეალურ ინფორმაციას ექიმი ვერ მიიღებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ ვ.წ-ის მიერ დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის არასწორად წარმართვა უარყო სათანადო დასაბუთებისა და შესაბამის მტკიცებულებებზე მითითების გარეშე, სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმების ციტირებით და საქმე გადაწყვიტა ...ის პროფესიული კომპეტენციის ფარგლების შეფასების გარეშე. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინების კანონიერებას არ ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების („Hirvisaari v. Finland“, §32; „Van de Hurk v. Netherlands“, §61 და სხვ.) იმ დებულებაზე მითითება, რომლის მიხედვით დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოიცავს ზედა ინსტანციაში ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში თავის მხრივ არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
მოცემულ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისთვის მოსარჩელის - ... ვ.წ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძვლების არსებობა. სახელმწიფო სერტიფიკატი უმაღლესი განათლების მქონე პირებს (სპეციალისტებს) განსაზღვრულ სფეროში ანიჭებს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლებას (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.08.2018წ. №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განვითარების საბჭოს“ დებულების მე-4 მუხ.). „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 19.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმები ექვემდებარებიან სახელმწიფო სასერთიფიკატო პროგრამების გავლას, სახელმწიფო სერთიფიკატი განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას. სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპეტენტური სამედიცინო პერსონალის საქმიანობისაგან. სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. სერტიფიცირება არის სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დონის შეფასება მედიცინის ცალკეულ სპეციალობაში, რაც ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით. სერტიფიცირება სავალდებულოა დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად. დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 23-ე, 24-ე, 28-ე მუხ., „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 7.1 მუხ., 7.2 მუხ.). ექიმს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნულ სპეციალობაში აქვს („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 32.2 მუხ.). ამდენად, მოსარჩელის პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლები უნდა შეფასდეს მისთვის სახელმწიფოს მიერ ნებადართული სპეციალიზაციის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 29.02.2012წ. გაცემული №... სახელმწიფო სერტიფიკატის მიხედვით, მოსარჩელის ვ.წ-ის ნებადართული სპეციალობაა ... (ტ. 1, ს.ფ. 14).
საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისთვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია პასუხისმგებლობის ისეთი სახე, როგორიცაა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება („საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 74.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). აღნიშნული პასუხისმგებლობის სახის გამოყენების საფუძველია მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა (77.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.) ან სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება (77.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). საქმის მასალებით არ დგინდება განსახილველ შემთხვევამდე საექიმო საქმიანობის არასწორი წარმართვისთვის წერილობითი გაფრთხილების მოსარჩელისათვის მიცემა და ამ საფუძვლით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, შესაბამისად, გამოირიცხა სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ისეთი საფუძველი, როგორიცაა სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ წერილობითი გაფრთხილების მიღება. მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებამდე წერილობითი გაფრთხილება არ მიუღია, არ ადასტურებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არამართლზომიერებას. განსახილველ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მითითებული მუხლით გათვალისწინებული მეორე საფუძველი - სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა (77.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.).
საქმის მასალებში დაცული გადაუდებელი დახმარების ბარათის №... მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებაში 28.10.2017წ. ჰოსპიტალიზებული იქნა მ.მ-ე. ...ის დეპარტამენტში ექიმ ნ.ა-ის (სერტ.: „...“) მიერ პაციენტს გაეწია კონსულტაცია. ჩანაწერის მიხედვით, მ.მ-ე ...ის გამო უჩიოდა ტკივილს ...ის მიდამოში, ...ის შეზღუდვას, ასევე ...ში (ს.ფ. 126-127). შპს „...ის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 28.10.2017წ. ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტს გაეწია ...ის კონსულტაცია და (სხვა კვლევებთან ერთად) ჩაუტარდა გაერთიანებული (...ის) რენტგენოლოგიური გამოკვლევა. აღნიშნულ ცნობას სხვა პირებთან ერთად ასევე ხელს აწერს ... ვ.წ-ი (ს.ფ. 122-123). ამდენად, ის დაეთანხმა გაერთიანებული რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების შესაძლებლობას. ექიმ-რადიოლოგის მ.ფ-ის ცნობის თანახმად, მ.მ-ეს ... სტრუქტურული დაზიანებები არ ისახება, ასევე არ ისახება პათოლოგიური ცვლილებები ...ის ორგანოების მხრივ (ს.ფ.125). ...ის ვ.წ-ის მიერ პაციენტს - მ.მ-ეს დაესვა დიაგნოზი - ... და გაიცა დანიშნულება (ს.ფ. 137). პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინოს დაწესებულებას („პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-7 მუხ.). ...ის 29.10.2017წ. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დგინდება, რომ მ.მ-ეს აღენიშნება ..., ..., ასევე ...ის დონეზე. ამდენად, საქმეში დაცული მასალები ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ დასმული დიაგნოზი იყო შეუსაბამო პაციენტის ფაქტობრივ მდგომარეობასთან, კერძოდ, ...ის ნაცვლად პაციენტს დაესვა ...ის დიაგნოზი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პაციენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით („პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-4 მუხ., „დ“ ქვ.პ., „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „რ“ ქვ.პ.). სამედიცინო მომსახურება არის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა („პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-4 მუხ., „თ“ ქვ.პ.). პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ („პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 18.1 მუხ., „ზ“ ქვ.პ.). ობიექტური ინფორმაციის მიწოდება გულისხმობს პაციენტისთვის მისი მდგომარეობის შესახებ სწორი, მართებული ინფორმაციის მიწოდებას. განსახილველ შემთხვევაში პაციენტის უფლება ინფორმაციაზე დაცული არ ყოფილა, ვინაიდან მან ვერ მიეღო ობიექტური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ 28.10.2017წ. მ.მ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება (ჩატარებული კვლევები, დასმული დიაგნოზი) არ ასახავდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ უკანასკნელის მიერ ...ის შედეგად მიღებული ...ის) თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადად სამედიცინო საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, შენარჩუნებასა და აღდგენას ემსახურება. სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) არის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), იგი ხორციელდება დადგენილი წესით („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „ჩ1“ ქვ.პ.). ჯანმრთელობის დაცვის სექტორი წარმოადგენს მაღალი რისკის სფეროს, ვინაიდან არასაიმედო მოვლენების დადგომა უფრო ხშირად უკავშირდება მკურნალობას. მკურნალობა კი პირდაპირ კავშირშია დასმულ დიაგნოზთან. არასრულყოფილმა და არასაკმარისმა კვლევებმა, არასწორად დასმულმა დიაგნოზმა ან მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გართულება და პაციენტისთვის ტანჯვის მიყენება. ამდენად, სამედიცინო დახმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებაა, რაც განაპირობების მისი შედეგების სწორი სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას. მცდარი სამედიცინო ქმედება არის ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისთვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „ო“ ქვ.პ.). კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ექიმის ქმედება არ უნდა იყოს წინასწარ განზრახული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექიმის პროფესიულ შეცდომად აღარ ჩაითვლება და შესაძლოა დადგეს სხვა სახის პასუხისმგებლობა (იხ. სუსგ 01.07.2013წ. საქმე №ას-247-237-2013, 01.07.2013წ., 22.01.2016წ. საქმე №ას-1102-1038-2015)). საექიმო შეცდომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, მაგ. შეცდომა, რომელიც გამოწვეულია ექიმის პროფესიული ან პიროვნული (უყურადღებობა, თავდაჯერებულობა და სხვ.) თვისებებით, დიაგნოსტიკური, ტექნიკური ან ტაქტიკური საფუძვლებით. საექიმო შეცდომა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ფასდება, ვინაიდან ექიმის მცდარმა ქმედებამ შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ექიმის მიერ საკითხის ინდივიდუალური არცოდნა ან პროფესიული სისუსტე გამამართლებელი გარემოება არ არის. შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. ობიექტურ ფაქტორებს მიეკუთვნება სამედიცინო მომსახურების გაწევის სათანადო პირობების არარსებობა, დაავადებების მკურნალობის არსებული პირობების არასრულყოფილება, ავადმყოფის მდგომარეობის სიმძიმე და სხვ., სუბიექტური ფაქტორები შეიძლება იყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის არასაკმარისი განათლება, ავადმყოფის არასაკმარისი გამოკვლევა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების არასწორი ინტერპრეტაცია და სხვ.. სადიგნოსტიკო და სამკურნალო პროცესის ბუნებიდან გამომდინარე შეცდომა შეიძლება იყოს დიაგნოსტიკური, ტაქტიკური და ტექნიკური. მცდარი სამედიცინო ქმედებისთვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 50-ე მუხ.). დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზე ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით („საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ., „ბ“ ქვ.პ., „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „დ“ ქვ.პ.). პაციენტს უფლება აქვს მედიცინის მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 104-ე მუხ.). სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი არის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმი (მე-16 მუხ. 1-ელი პ. „ბ“ ქვ.პ.). დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პროფესიული საქმიანობა შეასრულოს იმგვარი ყურადღებიანობით, რაც ამ საქმიანობის შემსრულებელს მოეთხოვება. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისთვის გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სახე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღებიანობის მასშტაბის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. საბჭოს მხრიდან პროფესიული სახდელის შეფარდებას საჯარო მიზნები გააჩნია. საექიმო საქმიანობა დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებასთან, როგორიც თავად ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, შესაბამისად, საბჭოს მხრიდან ექიმის საქმიანობის სრულყოფილი, ზედმიწევნითი წარმართვის კონტროლი, ერთი მხრივ, პრევენციულ ხასიათს იძენს, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს იმ საექიმო საქმიანობის სუბიექტის ადეკვატურ დასჯასა და შემდგომ გამოსწორებას, რომელმაც საკუთარი საქმიანობის არაჯეროვანი განხორციელებით ხელყო გარკვეული სამართლებრივი სიკეთე ან ზიანი მიაყენა კონკრეტულ პირს/პირებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაცვის უფლება ადამიანის ძირითად უფლებათა რიცხვს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხ.). აღნიშნული უფლება განმტკიცებულია, როგორც ეროვნული საკანონმდებლო აქტებით („საზოგადეობრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი, „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონი და სხვ.), ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუცია, ჯანმრთელობის ასამბლეის მსოფლიო ჯანმრთელობის დეკლარაცია და სხვ.). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ჯანმრთელობის უფლებას ითვალისწინებს, როგორც ღირსეული ცხოვრების უფლების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს (25 მუხ.). ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლის მიხედვით, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს დონეზე. პაციენტის უფლება, როგორც სამედიცინო სფეროში „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით გარანტირებული სამართლებრივი კატეგორია, მოიცავს დაცვის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, მათ შორის კვალიფიციური და სამედიცინო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიღების უფლებას. ამდენად, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება ნორმატიულად არის დადგენილი, რომლის უზრუნველყოფა ხორციელდება ექიმთა სერტიფიცირების, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებისა და სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის სავალდებულობით („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 4 მუხ. „ლ“ ქვ.პ., 16.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.), ასევე აღნიშნული უფლების უზრუნველყოფის მიზნით მუშავდება შესაბამისი პროტოკოლები და გაიდლაინები (სახელმძღვანელო მითითებები). სამედიცინო მომსახურების გაწევის ხარისხი, სხვა კომპონენტებთან ერთად, ასევე მოიცავს სამედიცინო მომსახურების გამწევი პირის განათლებას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ისეთ ძირითად უფლებასთან, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვის უფლება.
სამედიცინო მომსახურება მიმართულია განსაკუთრებულ სიკეთეზე - ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისი შედეგი იკვეთება მომსახურების დასრულების შემდეგ. უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე მოიცავს პაციენტის უფლებას მიიღოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. კანონის ზემოაღნიშნული დათქმები პაციენტის უფლებასთან ერთად ადგენს სამედიცინო მომსახურების გამწევის ვალდებულებას სამედიცინო მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტებითა და უახლესი მიღწევებით მედიცინის სფეროში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონის დანაწესი, რომლითაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში, თავისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა მიუსადაგოს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და გააუმჯობესოს ამ საქმიანობის ყველა ასპექტი (მე-5 მუხ. „ი“ ქვ.პ., 291-ე მუხ.). სამედიცინო მომსახურების გამწევის მომსახურების ხარისხი, რომელიც მოიცავს, როგორც პერსონალის განათლებას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ასევე უსაფრთხო მომსახურებას, პირდაპირ კავშირშია ადამიანის ძირითად და ხელშეუვალ სიცოცხლის უფლებასთან. მართალია ჯანმრთელობის უფლება მოხსენებული არ არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებს შორის, თუმცა იმ პოზიტიურ ვალდებულებებთან ერთად, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებიდან, ყოველმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა შემოიღოს წესები, რომელიც დაავალდებულებს სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებს მიიღონ შესაბამისი ზომები პაციენტის ფიზიკური ხელშეუხებლობის დასაცავად, ასევე სამედიცინო დაუდევრობის მსხვერპლთათვის შექმნან ხელმისაწვდომი პროცედურები (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „იურიკა ხორვატიის წინააღმდეგ“, 02.05.2017წ. §84; „ტუსა რუმინეთის წინააღმდეგ“, 30.08.2022წ. §82). თუ სიცოცხლის ან ფიზიკური მთლიანობის უფლებების დარღვევა არ არის განზრახ გამოწვეული, კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებით დაწესებული პოზიტიური ვალდებულება შეიქმნას ეფექტიანი სასამართლოს სისტემა სულაც არ მოითხოვს ყველა შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას. სამედიცინო დაცვის სფეროში ეს ვალდებულება შესრულდება, თუ სამართლებრივი სისტემა მსხვერპლებს აძლევს სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამოუკიდებლად ან სისხლისსამართლებრივ დაცვის საშუალებასთან ერთობლიობაში, რაც იძლევა შესაბამისი ექიმებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას და შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალების მიღებას, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას დისციპლინური ღონისძიებებიც (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე „ვო საფრანგეთის წინააღმდეგ“, 08.04.2004წ., §90, „გრეი გერმანიის წინააღმდეგ“, 22.05.2014წ. §80-82). პაციენტის უფლება უსაფრთხოებაზე პრაქტიკულად მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უსაფრთხო მომსახურება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას. აღნიშნული უფლებები წარმოადგენს ადამიანის ძირითად უფლებებს და წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას შექმნას ისეთი პირობები, რომ თითოეული მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
საქმეში დაცული მასალებით მ.მ-ემ (პაციენტმა) 31.10.2017წ. განცხადებით მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და არასწორი დიაგნოზის დასმის გამო მოითხოვა ექიმის კომპეტენციასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა. 24.11.2017წ. ...ის ექიმის ნ.ა-ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, პაციენტი შეფასდა მის მიერ და საკონსულტაციოდ გამოძახებული იქნა ..., ერთობლივად დაიგეგმა ინსტრუმენტული კვლევები ( ..., რენტგენოლოგიური გამოკვლევა - ...ის ადგილზე), რენტგენოლოგიური კვლევით ... არ გამოიკვეთა, ექოსკოპიით ... არ გამოვლინდა, პაციენტი გაეწერა დაკმაყოფილებელ მდგომარეობაში (ს.ფ. 144). 28.11.2017წ. ვ.წ-ის მოხსენებითი ბარათის თანახმად, პაციენტ მ.მ-ეს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ...ის მხრივ რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე მწვავე კეროვანი ცვლილებები არ გამოვლინდა, პაციენტს დაესვა დიაგნოზი - ... და გაეწერა შესაბამისი სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებით, ვ.წ-მა ვერ გაიხსენა ფაქტი მის მიერ რენტგენოლოგიური ფირების ნახვის თაობაზე (ს.ფ. 115, 145). ო.უ-ის რეცენზიის თანახმად, „პორტატული რეტგენოგრაფიული აპარატით ერთდროულად ...ის და ...ის რენტგენოლოგიური კვლევა ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ კვლევა არასრული და არაკვალიფიციური იქნება, რადგან ყველაზე დიდი ზომის (35X43) ფირზეც ...ის მთლიანად ერთდროულად მოხვედრა შეუძლებელია, ...ის კვალიფიციურ რეტგენოლოგიურ კვლევას განსხვავებული ექსპოზიცია ჭირდება, თუ პორტატული აპარატით კვლევა კვალიფიციურად არის ჩატარებული და პაციენტს არ ჭირდება რენტგენოსკოპია, კლინიკური მონაცემების მიუხედავად სტაციონარული რენტგენოგრაფიული კვლევის ჩატარება აუცილებლობას არ წარმოადგენს, ექიმ რადიოლოგს შეუძლია გასცეს რეკომენდაცია დამატებითი კვლევების ჩატარებაზე, ხოლო დამატებითი კვლევის დანიშვნა მკურნალი ექიმის პრეროგატივაა“ (ს.ფ. 142-143).
კონკრეტული სპეციალობის ექიმის კომპეტენციებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 30.03.2015წ. №01-8/ნ ბრძანებაზე, რომლის თანახმად საექიმო სპეციალობის პროფესიული კომპეტენცია მოიცავს საექიმო სპეციალობის შინაარსს, ექიმის ზოგადი ცოდნის ფარგლებს, დაავადებებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, ასევე, იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენება ნებადართულია პროფესიული კომპეტენციებით განსაზღვრული დაავადებების/მდგომარეობების მართვისას, ამასთან, ცალკეული საექიმო სპეციალობისთვის - გარდამავალი ეტაპის რეგულირებასა და სპეციალიზაციას (მე-2 მუხ.). აღნიშნული ბრძანების მე-15 დანართით განსაზღვრულია პროფესიული კომპეტენცია ...ში. ... განეკუთვნება მედიცინის დარგს, რომელიც მოიცავს ...ებს, მათ დიაგნოსტიკასა და როგორც ..., ასევე კონსერვატულ მკურნალობას, ამასთან, აღნიშნული სპეციალობა გულისხმობს როგორც პროფილაქტიკურ, ისე მკურნალობის შემდგომ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს (მე-15 დანართის მე-2 მუხ.). მითითებული დანართის მიხედვით, ... მოიცავს ზოგად ცოდნას ისეთ ...ზე, როგორიცაა ... ...ბი, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს (მე-3 მუხ. „ზ“ და „ნ“ ქვ.პ.). დანართი ასევე განსაზღვრავს ექიმ-...ის სავალდებულო პრაქტიკურ უნარ-ჩვევებს, კერძოდ, აღნიშნული სპეციალობის ექიმს შეუძლია რენტგენოგრაფიის კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია (მე-5 მუხ. „ა.ა“ ქვ.პ.). თავის მხრივ, რეტნგენოგრაფია არის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც მიიღება სტატიკური გამოსახულება - რენტგენოლოგიური სურათი (სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 07.07.2016წ. №317 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების) 3.25 მუხ., ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 26.04.2022წ. №226 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 3.1 მუხ. ჰ5 ქვ.პ.). ამდენად, ...ის ზოგადი ცოდნა ...ის სპეციალობაში და პრაქტიკული უნარ-ჩვევები იძლევა კვლევის არასრულყოფილების შემთხვევაში ახალი კვლევის დანიშვნის შესაძლებლობას. სამედიცინო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ჩატარდა რამდენიმე მიდამოს გაერთიანებული რენტგენოლოგიური კვლევა, შესაბამისად, მისთვის, როგორც სპეცილისტითვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ კვლევა არაკვალიფიციური და არასაკმარისი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ვ.წ-მა დიაგნოზი პაციენტს დაუსვა არაკვალიფიციური რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე, რაც გამორიცხავდა ობიექტური დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით საექიმო საქმიანობა განმარტებულია, როგორც მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება (მე-5 მუხ. „ა“ ქვ.პ.). პროფესიული ვალდებულებებიდან და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე ექიმი მოვალეა განავითაროს ურთიერთობა პაციენტთან, შეკრიბოს მონაცემები (ანამნეზი, გამოკვლევის შედეგები), გაანალიზოს და დაამუშაოს მონაცემები, შეიმუშაოს მკურნალობის გეგმა, შეაფასოს მკურნალობის დინამიკა და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს გეგმა. ამდენად, ავადმყოფის გამოკვლევა ეყრდნობა ზოგად პრინციპებს, რომელიც მიღებულია კლინიკური მედიცინის ყველა სპეციალობაში (ანამზენური მონაცემების შეკრება, ხელით გასინჯვა, რენტგენოლოგიური მონაცემების ანალიზი და სხვ.). კლინიკური გამოკვლევა უნდა მოიცავდეს როგორც სუბიექტური ჩივილების, ასევე ობიექტური მონაცემების შეკრებასა და შესწავლას. სწორი დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრული სქემითა და თანმიმდევრობით ხელმძღვანელობა. საყრდენ-მომაძრავებელი სისტემის დაზიანებათა და დაავადებათა დიაგნოსტიკაში რენტგენოლოგიურ გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომელიც ხშირად დიაგნოზის დასმაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. აღნიშნული გამოკვლევა გამოიყენება როგორც კლინიკური დიაგნოზის დასმის პროცესში, ასევე ავადმყოფის მკურნალობის მთელ პერიოდში და მკურნალობის დამთავრების შემდეგ საბოლოო შედეგის შესაფასებლად. დიაგნოსტიკის ფაზაში რენტგენოლოგიური გამოკვლევა ექიმს საშუალებას აძლევს ზუსტად შეაფასოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ამა თუ იმ ნაწილის დაავადების ან დაზიანების სახე, ლოკალიზაცია, სწორად ჩამოაყალიბოს მკურნალობის გეგმა და განსაზღვროს სამკურნალო ჩარევის მოცულობა. არასრულყოფილი დიაგნოსტიკის შემდგომ დანიშნული მკურნალობა ვერ იქნება ეფექტური („ვინც კარგად სვამს დიაგნოზს, ის კარგად კურნავს“ („Qui bene diagnoscit, bene curat“)). სწორი დიაგნოზის დასმის გარეშე შეუძლებელია მკურნალობის სწორად განსაზღვრა და პაციენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დამატებითი კვლევის ჩატარების/დანიშვნის უფლებამოსილებას ფლობდა ექიმი რადიოლოგი (დამატებითი კვლევის ჩატარების რეკომენდაციის გაცემა) და მკურნალი ექიმი (კვლევის დანიშვნა), თუმცა გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას ექიმ- ...ის ასეთი უფლებამოსილების გამორიცხვასთან დაკავშირებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.08.2007წ. №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაცემის პირობების (დანართი №3)“ მე-2 მუხლის მიხედვით, სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, დაავადების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაიცემა მხოლოდ იმ დაავადებისთვის, რომლის გამოც მან მიმართა ცნობის გამცემ დაწესებულებას ან ექიმ-სპეციალისტს. ცნობის გაცემისას, გრაფაში „მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი)“ ხელს აწერს ექიმი, რომელიც მკურნალობდა პაციენტს კონკრეტული დაავადების გამო ან ორგანიზება გაუწია ცნობის გაცემას (სამედიცინო დაწესებულების სერტიფიცირებული ექიმი, მათ შორის ოჯახის/უბნის ექიმი ან სხვა ექიმი-სპეციალისტი, მათ შორის სოფლის ექიმი), შესაბამისად, მკურნალ ექიმად შესაძლებელია მიჩნეული იქნას ისეთი პირი, რომელმაც მკურნალობა გაუწია პაციენტს, მათ შორის ექიმ-... დასაბუთებული კლინიკური მონაცემების საფუძველზე პაციენტს რენტგენოლოგიურ კვლევას უნიშნავს მკურნალი ექიმი (სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 07.07.2016წ. №317 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების) 10.2 მუხ.). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ვ.წ-მა ექიმ ნ.ა-ესთან ერთად დაგეგმა ...ის რენტგონოლოგიური გამოკვლევა. ამდენად, ო.უ-ის რეცენზიის იმგვარად განმარტება, რომ დამატებითი კვლევის დანიშვნა იყო სხვა ექიმის - მკურნალი ექიმის უფლებამოსილება, არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტთა მიერ მომზადებული დასკვნების გათვალისწინების მნიშვნელობაზე, თუმცა მიიჩნია, რომ საქმეში დაცული ო.უ-ის რეცენზია არ მიუთითებდა ვ.წ-ის მიერ საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვაზე მითითებას, ამასთან, პალატას სათანადოდ არ დაუსაბუთებია რეცეზენტის დასკვნის საფუძველზე მოსარჩელის პროფესიული პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ვ.წ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ არ ეფუძნება სხვა რომელიმე სპეციალისტის დასკვნას, ხოლო რეცენზენტის დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ არამართებულად შეფასდა.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას ... ვ.წ-სთან ერთად, როგორც მკურნალი ექიმი, ხელს აწერს აგრეთვე ნ.ა-ე. მართალია, განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს ნ.ა-ის პროფესიული კომპენტენციის ფარგლების შეფასება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ნ.ა-ე სერტიფიცირებულია „...ის“ სპეციალობაში. ამ სპეციალიზაციით სერტიფიცირებული ექიმი ახდენს გადაუდებელი დეპარტამენტში შემოსული პაციენტების მართვას მათი ...ის ერთეულიდან დისპოზიციაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნული სპეციალობა საჭიროებს საბაზისო ცოდნის ქონას სხვადასხვა სპეციალობებში, მათ შორის ...ის სფეროში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 30.03.2015წ. №01-8/ნ ბრძანების დანართი №3), ამდენად, საბაზისო ცოდნა №3 დანართით გათვალისწინებულ სპეციალობებზე „...ის“ ექიმს აძლევს საშუალებას მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის დისპოზიციაზე, მარშუტირებაზე, შესაბამისად, „...ის“ ექიმის ერთ-ერთ ვალდებულებად შეიძლება მიჩნეული იქნეს შესაბამისი სპეციალისტის მოწვევა მისი კონსულტაციის მიზნით. ნ.ა-ის 24.11.2017წ. მოხსენებითი ბარათის მიხედვით პაციენტის შეფასების შემდეგ, ნ.ა-ემ გამოიძახა ... და კვლევები დაიგეგმა ერთობლივად. საქმის მასალებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ რეტნგენოლოგიური კვლევის შედეგები წარედგინა მოსარჩელეს (...ს), რომელმაც დასვა დიაგნოზი (...). კვლევის შედეგების სათანადო ინტერპრეტაციის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს დამატებითი კვლევის საჭიროება და წარდგენილი კვლევის საკმარისობა დიაგნოზის დასასმელად, შესაბამისად, ექიმ-...სთვის დადგენილი საბაზისო ცოდნისა და სავალდებულო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ დამატებითი კვლევის დანიშვნა მოსარჩელის კომპეტენციას არ წარმოადგენდა.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმის მიერ პროფესიული ვალდებულებების შესრულების საკითხი ფასდება ინდივიდუალურად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის შესახებ, რომ ...ს არ გააჩნია რადიოლოგის კომპეტენციაში შეჭრის, ექსპოზიციის მითითების უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ექიმ- ...ს მიერ შესაბამისი კვლევის დანიშვნის, ასევე დამატებითი კვლევის დანიშვნის უფლებამოსილების არსებობას, არ გამოირიცხება წარდგენილი კვლევების შესაბამისი ინტეპრეტაციის ვალდებულება. მართალია ყველა სამედიცინო ჩარევა წარმატებით არ სრულდება, მაგრამ არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მკურნალობის ხარისხის შეფასება და შესაბამისი სამედიცინო მუშაკის მიერ საექიმო შეცდომის ფაქტის არსებობის გამოკვლევა. სამედიცინო შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების პროცესში მონაწილე ნებისმიერი პირი (ექიმი, ექთანი და სხვ.), ასევე სამედიცინო დაწესებულება. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ პაციენტს დიაგნოზი დაესვა არასწორად, ამდენად, შეფასებას საჭიროებს მოსარჩელის ქმედების შესაბამისობა სერტიფიკატით განსაზღვრული სპეციალიზაციის კომპეტენციის ფარგლებთან. მოსარჩელის პროფესიული პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად არ არის საკმარისი იმაზე მითითება, რომ გაერთიანებული მიდამოს რენტგენოგრაფიის თაობაზე გადაწყვეტილება ვ.წ-ს არ მიუღია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ გაერთიანებული მიდამოს რენტგენოლოგიური კვლევა კვალიფიციური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მ.მ-ეს დიაგნოზი დაესვა და მკურნალობა დაენიშნა არა რომელიმე სხვა სპეციალიზაციის ექიმის მიერ, არამედ ...ს (მოსარჩელის) მიერ, რაც შემდეგ სხვა სამედიცინო დოკუმენტ(ებ)ში გადაუდებელი დახმარების ექიმის ნ.ა-ის მიერ იქნა ასახული (ს.ფ. 131).
ექიმის შეცდომა წარმოადგენს უსაფუძვლო ქმედებას (მოქმედებას ან უმოქმედებას), როდესაც სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებები ტარდება არასაკმარისად. ექიმის ქცევის, როგორც მცდარის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა, ამასთან, ექიმი, რომელიც მცდარად მოქმედებს, იქცევა მისი მოქმედებების (უმოქმედობის) სისწორის პრეზუმფციიდან გამომდინარე. მართალია, იგი პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებებს ატარებს, მაგრამ უნებლიედ, შეცდომით. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი სუბიექტური მიზეზებით, როგორიცაა არასაკმარისი პროფესიონალიზმი, ზედმეტად თავდაჯერებულობა (ხანგრძლივი პრაქტიკის, პოპულარობის ან ცოდნის გადაჭარბებული შეფასების გამო), არასაკმარისად კონსტრუქციული აზროვნება და სხვ.. ამდენად, საექიმო შეცდომა წარმოადგენს ექიმის მიერ ჩადენილ არასწორ ქმედებას, რომელიც ეფუძნება მისი სამედიცინო მეცნიერებისა და მეთოდების არასრულყოფილებას, ავადმყოფობის არასაკმარის გამოხატულებას, ექიმის ცოდნისა და გამოცდილების არასაკმარისობას. ამასთან, ხსენებული ქმედება წარმოადგენს პაციენტისათვის ზიანის მიყენების საფუძველს და საჭიროებს დამატებით მკურნალობასა და კვლევას. სწორედ ამ ტიპის შეცდომებია მიჩნეული საექიმო შეცდომად, რაც შედეგობრივად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე ან უკიდურეს შემთხვევაში სიცოცხლეზე. სარჩელისა და ვ.წ-ის მოხსენებითი ბარათიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ დიაგნოზის დასმის საფუძველს რადიოლოგის დასკვნა წარმოადგენდა. მოსარჩელის მითითებით, მან სამედიცინო საქმიანობა განახორციელა სერტიფიცირებული სპეციალობის ფარგლებში. მართალია, ... და ... სხვადასხვა სახის სპეციალობებია, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს დიაგნოზის დასმის მიზნებისთვის ...ის მიერ დამატებითი კვლევის დანიშვნის შეუძლებლობას. ... არის მედიცინის დარგი, რომელიც აერთიანებს სხივური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მეთოდებს და სწავლობს მის შესაძლებლობებს ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების გამოვლენაში, მათი ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიებზე (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 30.03.2015წ. №01-8/ნ ბრძანების დანართი №9, მუხ. 1). ექიმ-რადიოლოგი ახდენს გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაციასა და შეფასებას (დანართი №9, 3-4 მუხ.), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ...ის მიერ დიაგნოზის დასასმელად ჩატარებული კვლევის საკმარისობის შეფასებას, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ განუხორციელებია. როგორც უკვე აღინიშნა, ექიმ-...ის ერთ-ერთ სავალდებულო პრაქტიკულ უნარ-ჩვევას რენტგენოგრაფიის ინტეპრეტაცია შეადგენს. აღნიშნული უნარ-ჩვევა დეტერმინირებულია სწორედ იმით, რომ ...ს შეეძლოს დიაგნოზის დასასმელად წარმოდგენილი კვლევის საკმარისობისა და დამატებითი კვლევის დანიშვნის საჭიროების განსაზღვრა. ... არის ექიმი, რომელიც უზრუნველყოფს ...ის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და რეაბილიტაციას. დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა, კონსულტაციის გაცემა არის ...ის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დიაგნოსტიკა მოიცავს რენტგენოგრაფიას, რომელიც არის ...ის დიაგნოზის დადგენის უმნიშვნელოვანესი მეთოდი. ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკის პოპულარულ მეთოდს განეკუთვნება აგრეთვე კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, ... და სხვა გამოკვლევები. რენტგენოგრამის წაკითხვა, განმარტება არის არა მხოლოდ ექიმ-რენტგენოლოგის, არამედ აგრეთვე ქირურგის, ორთოპედის და სხვა მომიჯნავე დისციპლინის წარმომადგენლის საქმიანობის მნიშვნელოვანი ეტაპი. რენტგენოლოგი ადგენს დასკვნას, აღწერს სურათს და არა დიაგნოზს, დიაგნოზს სვამს ..., რომელიც უნდა ერკვეოდეს სხივურ დიაგნოსტიკაში იმ მხრივ, რომ მას უნდა შეეძლოს შესაბამისი გამოკვლევის შედეგების, კონკრეტული ვიზუალიზაციის წაკითხვა, აღნიშნული უნარი ექიმის პროფესიული სტანდარტის, პაციენტის ანამნეზის დეტალური შეგროვების, წინასწარი დიაგნოზის დასმის შემადგენელი ნაწილია. მართალია სურათის ინტერპრეტაციაში რენტგენოლოგს, როგორც სპეციალისტს, წამყვანი ადგილი უკავია, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ...ის უნარს მოახდინოს სურათის ინტერპრეტაცია. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში არსებული ...ის რაოდენობის გათვალისწინებით ( ..., ..., ასევე ...ის დონეზე), სწორი სამედიცინო ორიენტაციის განსაზღვრა არ იყო გამორიცხული აგრეთვე სამედიცინო დიაგნოსტიკის ისეთი დამატებითი მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა პალპაცია (გამოკვლევის კლინიკური მეთოდი, რომელიც სრულდება ექიმის ხელებით). საქმის მასალებით, კერძოდ, მიმღები ექიმის ჩანაწერის მიხედვით „... ...ის მიდამო პალპაციით მტკივნეულია, ...ში შეზღუდულია, პალპაციით მტკივნეულია ასევე ...ის და ...ის მიდამო“ (ს.ფ. 124). ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 27.10.2017წ. ცნობის მიხედვით „... ...ის მიდამო პალპლაციით მტკივნეულია, აქტიური და პასიური ...ში შეზღუდულია ტკივილის სინდრომის გამო, პალპაციით მტკივნეულია ასევე ...ისა და ...ის მიდამო“ (ს.ფ. 122). ტკივილის შეგრძნებებით პალპაციის დროს შესაძლოა პათოლოგიის არსებობის დადგენა, შესაბამისად დამატებითი კვლევის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ დასმული დიაგნოზი არ შეესაბამებოდა პაციენტის მიერ მიღებულ ...ას, ამასთან, დგინდება, რომ ...სთვის წარდგენილი კვლევა იყო არასრული, შესაბამისად, არ წარმოადგენდა სწორი დიაგნოზის დასასმელად საკმარის მონაცემს.
საექიმო შეცდომის იდენტიფიცირებისას განმსაზღვრელია ასევე ექიმის მიერ გულისხმიერების ვალდებულების დარღვევის საკითხიც. როგორც წესი, გულისხმიერების ვალდებულება ახასიათებს იმ ურთიერთობას, რომელშიც მხარეებს ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ. ექიმის პროფესია მაღალი რისკის მატარებელი პროფესიაა. რიგ შემთხვევებში საექიმო შეცდომა შეიძლება განპირობებული იქნეს სამედიცინო პერსონალისაგან სრულიად დამოუკიდებელი ფაქტორებით – აღჭურვილობის/რესურსების, მედიკამენტების ან დამხმარე საშუალებების უკმარისობით, სამუშაო გარემოს არასრულფასოვნებით. შეცდომის მიზეზი შეიძლება გახდეს თავად საექიმო პერსონალის ცოდნის უკმარისობა ან უნარ-ჩვევების არასათანადო დონე. მცდარი საექიმო ქმედება არის შემთხვევითი, იურიდიული მნიშვნელობის მქონე, ემპირიული მოვლენა, რომლის დადგენა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში (სუსგ 11.12.2014წ. საქმე №ბს-229-226(კ-14)). ყველა არასასურველი შედეგი არ არის დაკავშირებული მცდარ სამედიცინო ქმედებასთან, და მკურნალობის ყველა უარყოფითი შედეგი აპრიორი არ წარმოადგენს ექიმის მიმართ პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველს. არასასურველი შედეგის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს მათ შორის, პაციენტის ბრალიც. ამდენად, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს გამოკვლევას, ანალიზს და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებას. არასასურველი შედეგის დადგომისას უპირველესად უნდა გაირკვეს პაციენტისთვის სწორი და ადეკვატური კვლევის ჩატარების და მკურნალობის საკითხი. საექიმო შეცდომა არის ექიმის ინდივიდუალური გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგი. ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა. ამასთან, ექიმის მიერ რაიმე საკითხის ინდივიდუალური არცოდნა ან პროფესიული სისუსტე გამამართლებელ გარემოებებს არ წარმოადგენს. ექიმის სავალდებულო გულისხმიერების დარღვევაა ისიც, როდესაც ექიმი არღვევს თავის განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ვალდებულებას და აქედან გამომდინარე, სამედიცინო მეცნიერების თანამედროვე ცოდნა აღარ გააჩნია (სუსგ 25.05.2010წ. საქმე №ას-1268-1526-09). ... მედიცინის დარგია, რომელიც სპეციალიზებულია ფიზიკური ...ით გამოწვეული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. ...ის დარღვევას, ხოლო ... - ...ის დაზიანებას. ჩვეულებრივ, ორივე შემთხვევაში ... არეში ტკვილი აღინიშნება. სწორი დიაგნოზის დასასმელად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი სპეციალობის ექიმი იღებს გადაწყვეტილებას რეტგენოლოგიური გამოკვლევის საჭიროების თაობაზე. მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის გენერალური ასამბლეის (ლონდონი) მიერ მიღებული სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსით დადგენილია ექიმის ზოგადი მოვალეობები, კერძოდ, ექიმი მოვალეა უერთგულოს პაციენტს და მთელი თავისი ცოდნა მოახმაროს მას, თუ ექიმს არა აქვს გამოკვლევის ან მკურნალობის საშუალება, მან საამისოდ უნდა მოუხმოს სხვა ექიმს, რომელსაც ეს შესაძლებლობა გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში ვ.წ-ს გააჩნდა რეალური შესაძლებლობა და ვალდებულება სწორი დიაგნოზის დასმის, მაგრამ სათანადო მზრუნველობის, ყურადღებისა და წინდახედულობის დაუცველობით პაციენტისთვის სწორი დიაგნოზის დასმის მიზნებისთვის ობიექტურად შესაძლო ზომები არ მიიიღო. ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე მსჯელობისას ასევე უნდა გამოირიცხოს ექიმის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები - დაუძლეველი ძალა და მედიცინაში უბედური შემთხვევები. დაუძლეველი ძალა ისეთი გარემოებაა, რომლის თავიდან აცილება პირისთვის შეუძლებელი იყო, ხოლო მედიცინაში უბედურ შემთხვევად შესაძლებელია განხილული იქნეს ისეთი შემთხვევა, როდესაც არასასურველი შედეგი პაციენტის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებინდან გამომდინარე დგება და აღნიშნული არ არის დამოკიდებული ექიმის ქცევაზე. უბედური შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, რომლის გათვალისწინება ექიმისთვის შეუძლებელი იყო, შესაბამისად, უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით შეუძლებელი იყო შესაბამისი ზომების მიღება. საქმეში დაცული მასალებით ასეთი გამომრიცხავი გარემოებების არსებობა არ დგინდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მის შეფარდებამდე დარღვევის არარსებობა, გადაცდომის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პროფესიული პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის ადექვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. პროფესიული პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას (სუსგ 11.12.2014წ. საქმე №229-226(კ-14)). ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის ერთ-ერთი მექანიზმია სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-16 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 74.2 და 81-ე მუხლების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.08.2018წ. №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განვითარების საბჭოს“ დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო არის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შერჩევა არის ამ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება. გასაჩივრებული პროფესიული განვითარების საბჭოს 30.03.2021წ. №6 სხდომის ოქმის თანახმად, შესწავლილი იქნა შპს „...ში“ პაციენტ მ.მ-ისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვ.წ-ის ორი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „...“ და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. ოქმში მითითებულია, რომ პორტატული რენტგენოგრაფიული აპარატით ერთდროულად ...ის და ...ის რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ... და რადიოლოგი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება პაციენტისთვის რამდენიმე გაერთიანებული რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების თაობაზე კვალიფიციური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53-ე მუხ. 1-ელი ნაწ.), დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53-ე მუხ. მე-4 ნაწ.). თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (სზაკ-ის 53.4 მუხ.). აქტის დასაბუთების შინაარსისას და მოცულობისადმი მოთხოვნები დეტერმინირებულია საკითხის თავისებურებებით. სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისათვის. სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საკმარისად იქნეს მიჩნეული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების სასამართლოსათვის წარდგენა. მართალია, განსახილველ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელის პროფესიული პასუხისმგებლობა განისაზღვრა გაერთიანებული მიდამოს გადაღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა კასატორი ასევე მიუთითებს დამატებითი კვლევის დანიშვნის თაობაზე მოსარჩელის ვალდებულებასა და ამგვარი კვლევის საფუძველზე ექიმის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაციის მიუღებლობის შეუძლებლობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისთვის ცნობილი იყო პაციენტისთვის ჩატარებული (გაერთიანებული) კვლევის თაობაზე, შესაბამისად, მისთვის, როგორც ...სთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ჩატარებული კვლევის არასაკმარისობა, ადამიანის ჩონჩხის აგებულება, შესაბამისად ფირზე რამდენიმე გაერთიანებული უბნის (...) სრულად ასახვის შეუძლებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე რეზენციის ავტორმა ო.უ-ემ აღნიშნა, რომ ...ის პრეროგატივას განეკუთვნება კონკრეტული კვლევის შეკვეთა, ...ს შეუძლია მოითხოვოს ახალი კვლევის ჩატარება, დაუკვეთოს რადიოლოგს ახალი კვლევის ჩატარება. საქმის მასალების მიხედვით ექიმ-... ვერ იხსენებს ინახა თუ არა მის მიერ რენტგენის ფირები. მოსარჩელემ სათანადოდ არ შეაფასა დიაგნოზის დასასმელად მისთვის წარდგენილი კვლევების საკმარისობა და პაციენტის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამო დიაგნოზი დასვა (სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით პაციენტს ექიმ-...ს მიერ მიეცა რეკომენდაცია-დანიშნულება: ... ორი კვირის ვადით). ამდენად, მოსარჩელის მიერ სამედიცინო საქმიანობის არასწორად წარმართვის შინაარსის გათვალისწინებით ორი თვით სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერება იყო მართებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სზაკ-ის 95.2 მუხლის დათქმიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ მხარეს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა (სზაკ-ის მე-13 მუხ.). ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის დარღვევა იწვევს სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევას, ამასთან, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთა დასწრების უფლებას ითვალისწინებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 87-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 18.10.2019წ. №02/54474 შეტყობინების (ს.ფ. 114) მიხედვით, ექიმებს მ.ფ-ს და ვ.წ-ს ეცნობათ, რომ პროფესიული განვითარების საბჭოში შესული იყო სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი მასალა, რომელიც ეხებოდა შპს „...ში“ პაციენტ მ.მ-ისათვის გაწეულ სამედიცინო დამხარების ხარისხს. 18.10.2019წ. №02/54474 შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა საკითხი მ.ფ-ის და ვ.წ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ საბჭოს სხდომაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, შეტყობინების მიღების შემდეგ ექიმებს უნდა მიემართათ სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით, კერძოდ, შეტყობინების მიხედვით თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს საბჭოს სხდომაზე დასწრების, მან შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს. აღნიშნული წერილი ექიმებს გაეგზავნათ მათ სამუშაო ადგილას და 21.10.2019წ. ჩაბარდა შპს „...ის“ კანცელარიის სპეციალისტს (ს.ფ.179-180). ვ.წ-ს არ მიუმართავს განცხადებით, მას არ გამოუთქვამს სურვილი სხდომაზე დასწრების, საქმის მასალებში არ არის დაცული, ასევე მოსარჩელე არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს 18.10.2019წ. შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესაბამისად მან გამოხატა სურვილი დასწრებოდა საბჭოს სხდომას. აღსანიშნავია ისიც, რომ 28.11.2017წ. მოხსენებითი ბარათით ვ.წ-მა მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პაციენტ მ.მ-ისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 145), რაც დამატებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვ.წ-ისთვის ცნობილი იყო რეგულირების სააგენტოს მიერ პაციენტ მ.მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელე არ ყოფილა შეზღუდული და მას მიეცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრება საბჭოს მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პაციენტის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის განხილვასა და გადაწყვეტას. ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას არ მიეცა საბჭოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ არის დასაბუთებული და ამ საფუძვლით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას არ წარმოადგენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების საფუძველი. ვ.წ-მა დიაგნოზი დასვა ისეთი კვლევის საფუძველზე, რომელიც პაციენტის მიერ მიღებული ...ის შესახებ სრულ ინფორმაციას არ იძლეოდა, სახეზე იყო სწორი დიაგნოზის დასასმელად დამატებითი კვლევის საჭიროება, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელის მიერ პაციენტს დაესვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო დიაგნოზი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით დგინდება მოსარჩელის მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვა, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ვ.წ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, სასკ-ის მე-9 მუხლის გათვალისწინებით მხარეებს უნდა დაუბრუნდეთ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2022წ. განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ.წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ვ.წ-ის (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე 28.04.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი 205035120) დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე 22.11.2021წ. №08029 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 150 ლარი და საკასაციო საჩივარზე 06.06.2022წ. №03351 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, ჯამში 450 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა