№ბს-1410(4კ-22) 6 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე მოსარჩელე - ნ. ჯ-ე, მოპასუხე - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, მესამე პირი - ა(ა)იპ ...ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვა, სოფელ ...ში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; ბ) ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 03 ივნისის №... გადაწყვეტილება სოფელ ...ში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; გ) ბათილად იქნას ცნობილი თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმსარულებელი ორგანოს 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანება და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილება სოფელ ...ში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში (იხ.დაზუსტებული სარჩელი ტ.1 ს.ფ. 228-237)
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით ნ. ჯ-ე ცნობილი იქნა მოსარჩელე - გარდაცვლილი ზ. ჯ-ის უფლებამონაცვლედ;
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ა(ა)იპ ,,...ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის (ზ. ჯ-ის უფლებამონაცვლის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვა - ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 552 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ... სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, 100 მ2 მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზედაც განთავსებულია აწ. გარდაცვლილ ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა - ...ი. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 03 ივნისის №... გადაწყვეტილება სოფელ ...ში მდებარე 553 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ... რეგისტრაციის შესახებ, 100 მ2 მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზედაც განთავსებულია აწ. გარდაცვლილ ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა - ...ი. ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს 2012 წლის 04 სექტემბრის №02/452 ბრძანების „გ“ პუნქტი ბათუმში, ...ა ...ზე მდებარე 553 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: ... თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრებად აღრიცხვის შესახებ, 100 მ2 მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზედაც განთავსებულია აწ. გარდაცვლილ ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა - ...ი. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ბათუმი, ...ა ...ზე მდებარე 553 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: ..., თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, 100 მ2 მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზედაც განთავსებულია აწ. გარდაცვლილ ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა - ...ი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე თავის უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე სწორედ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე აფუძნებს, რომ ზ. ჯ-ეს უძრავი ქონება 2000 წლიდან რეგისტრირებული ჰქონდა საკუთრებად საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით და მის სახელზე ქონების რეგისტრაცია ეჭვქვეშ არ დამდგარა, თუმცა მიუხედავად ამისა, ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა (ს/კ ...) ჯერ მოექცა შ. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ს/კ ...) ფარგლებში, ხოლო უძრავი ნივთის ნასყიდობის და ნასყიდობის საგანზე საკუთრების მიტოვების შემდგომ სახელმწიფოს, ბოლოს კი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაუსაბუთებელია. არც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს, პირველ რიგში კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და არც საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელიათ და არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე. სასამართლოს არ უმსჯელია ზ. ჯ-ის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების ობიექტის და ამჟამად მუნიციპალიტეტის საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების ობიექტების იდენტურობის შესახებ, მით უფრო, როცა საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო იდენტურობის დადგენის შესახებ შესაბამისი აქტი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად.
,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 14.11.1996წ. კანონი ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა (მე-13.1 მუხ.). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.05წ. კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.4 მუხლის თანახმად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.08წ. კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.
საქართველოს პრეზიდენტის 30.04.1999წ. №206 ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები. საკადასტრო აღწერის შედეგების (საკადასტრო აზომვითი ნახაზის) WGS 84 კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში წარმოდგენა პირველად საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 48-ე მუხლით დადგინდა. ამასთანავე, არ არსებობდა მესაკუთრისათვის ადრე განხორციელებული რეგისტრაციის განახლების, რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელებისათვის ელექტრონული აზომვითი ნახაზის UTM პროექციაში წარდგენის ვალდებულების დამდგენი რაიმე ნორმა. ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილება).
სააპელაციო პალატის განმარტებით, როგორც, შ. ჯ-ის საკუთრების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტისათვის (2008 წელი) მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 13/01/2009წ-დან) 23.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებდა გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს..., ისე, უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვების შემდეგ, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში პირველადად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის დროს (2010 წელი) მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტითაც, მარეგისტრირებელი ორგანო იღებდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამდენად უდავოა, რომ როგორც შ. ჯ-ის, ისე სახელმწიფო საკუთრების უფლების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ერთმანეთთან შედარებას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, რისი ვალდებულებაც მარეგისტრირებელი ორგანოს კანონმდებლობით ჰქონდა დაკისრებული. გარდა ამისა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის დროსაც (2011 წელი) არ შეუდარებია მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო უძრავ ნივთთან დაკავშირებით მასთან დაცული მონაცემები. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად (23-ე მუხლს „ვ1“ ქვეპუნქტი კანონს დაემატა 24.06.2011 წ. №4947–რს კანონით), რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, ადგილმდებარეობა, რათა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა რეგისტრირებული უძრავი ნივთის სხვა პირის საკუთრებაში აღრიცხვა. მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეკვლია აღნიშნული საკითხები შ. ჯ-ის სახელზე ქონების რეგისტრაციის დროსაც, რითაც თავიდან იქნებოდა არიდებული წინამდებარე საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემაც, თუმცა წინამდებარე დავის ფარგლებში ამ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სადავო არ არის და შესაბამისად, ამ რეგისტრაციის კანონიერების შეფასებაც სცდება მოცემული დავის საგანს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული აქტების სადავო ნაწილში ბათილად ცნობით აღდგება მდგობარეობა, როცა ზ. ჯ-ის საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, ხოლო ის რეგისტრაციები, რომელთა შედეგადაც ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ქონება მოექცა სხვა საკადასტრო ერთეულის ფარგლებში, გაუქმდება, რითაც გამოირიცხება ზ. ჯ-ის რეგისტრირებული უფლების ხელყოფა, რასაც სადავო აქტების ძალაში ყოფნით აქვს ადგილი და რაც თავიდან იქნებოდა არიდებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის პროცესში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების შემთხვევაში. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტი და მის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი (დაუზუსტებელი რეგისტრაციის შესახებ). №ბს-270-270(კ-18) გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემისა და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში. უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის გარემოებები სრულიად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს დაეკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და როცა დადგენილია ზ. ჯ-ის უფლება სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, ცხადია ეს გარემოება სამართლებრივ საფუძველს აცლის აღნიშნული მიწის ნაკვეთის ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვის კანონიერებას. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ ტექ.ბიუროში დაცულ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, ადგილმდებარეობა, რათა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა სხვისი საკუთრების აღრიცხვა ჯერ სახელმწიფოს და შემდეგ მუნიციპალიტეტის საკუთრებად. აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით, მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა რეგისტრირებული საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე. გადამოწმების ეს ვალდებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის აღურიცხაობის შესახებ. საჯარო რეესტრის სამსახური აღჭურვილია სათანადო პროგრამებით, ხელი მიუწვდება ტექბიუროს საარქივო მასალებზე, გააჩნია შესაბამისი მატერიალური მექანიზმი, საინჟინრო-ტექნიკური ინსტრუმენტები, რომელთა კვალიფიციური გამოყენებით უნდა გამოირიცხოს ასეთი ხასიათის დარღვევები.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისმა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6.1. კასატორის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად უდავოა, რომ ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 552 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...; ძველი ს/კ ...; ძველი ს/კ ...) თავდაპირველად ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 13 მარტს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა შ. ჯ-ის საკუთრებად. აღნიშნულის შემდეგ, 2008 წლის 19 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. ჩ-ას საკუთრებად, ხოლო 2010 წლის 17 მაისის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლების მიტოვება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვის საფუძველზე ქონება აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად, რომლის შემდგომაც, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს 2012 წლის 04 სექტემბრის №02/452 ბრძანების საფუძველზე ქონება დარეგისტრირდა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად. ასევე უდავოა, რომ აპელანტი/მოსარჩელე სადაოდ არ ხდიდა სადაო ქონების რეგისტრაციის თავდაპირველ საფუძვლებს. განსახილველი დავის ფარგლებში გასაჩივრებულია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვა (უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე), რომლის საფუძველზეც განხორციელებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს აპელანტს/მოსარჩელეს.
დადგენილია, რომ ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (...) მოქცეულია ზემოაღნიშნულ 552 კვ. მიწის ნაკვეთში. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ საკადასტრო კოდზე №..., მითითებულია დაუზუსტებელი ფართობი - 100 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობის გარეშე. საქმის გამოკვლევის შედეგად სასამართლოს მიერ, ასევე დადგენილ იქნა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 13 მარტს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის მიხედვით, შ. ჯ-ეს საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართობით 552 კვ.მ, რომელიც მდებარეობდა ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში. ამავე მოწმობის მიხედვით, მოწმობა ძალაში იყო დამოწმებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა მოწმობის განუყოფელ ნაწილს. საკუთრების მოწმობაზე დართულ 10.01.2008წ. შედგენილ აზომვით ნახაზზე დატანილია შენობა ნაგებობაც, ფართით - 103 კვ.მ, თუმცა, შენობა-ნაგებობის თაობაზე საკუთრების მოწმობაში აღნიშნული არ არის. მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსების თაობაზე მითითება არ არის №... საკუთრების მოწმობის საფუძველზე გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: ...). 2011 წლის 02 თებერვლის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) დაზუსტდა ...ის რაიონის, სოფელ ...ში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები და ქონება დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 553 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ..., ნაკვეთის წინა ნომერი - ..., მისამართი - ...ის რაიონი, სოფელი ...ი, მესაკუთრე - სახელმწიფო. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვარაუდი, რომ შესაძლოა დაზუსტებული რეგისტრაციით შეცვლილიყო მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არის გამორიცხული, შესაბამისად, უდავოა, რომ სადავო ქონება თავდაპირველად აღნიშნული კონფიგურაციით დარეგისტრირდა შ. ჯ-ის საკუთრებად, რომელმაც ლ. ჩ-ას მიყიდა ქონება, ხოლო ამ უკანასკნელმა მიატოვა საკუთრების უფლება, რომლის შემდგომ საკუთრების უფლება გადავიდა სახელმწიფოზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 184-ე, 3111, 312-ე მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქათველოს კანონის მე-5, მე-9 და მე-14 მუხლებზე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლზე, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების" დამტკიცების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 01 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების" მე-9 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე და 96-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე მითითებით, კასატორი განმარტავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილი იყო მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურისათვის და მოეთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს საკუთრებად და ამასთან დაკავშირებით გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მიმართვა). კანონმდებელი განსაზღვრავს, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც უფლების დამადასტურებელი, ასევე სხვა დოკუმენტის საფუძველზე. შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო მოეხდინა უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილის შინაარსით ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, ადგილმდებარეობა, რათა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა რეგისტრირებული უძრავი ნივთის სხვა პირის საკუთრებაში აღრიცხვა. თუმცა უდავოა, რომ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (უფლების გადასვლა და არა თავდაპირველი რეგისტრაცია) განხორციელდა საკუთრების უფლების მიტოვების საფუძველზე, რომელიც არის კანონიერ ძალაში (ასევე ძალაშია თავდაპირველი რეგისტრაციების კანონიერება) და რომლის კანონიერებასაც ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეაფასებდა. შ. ჯ-ის და ლ. ჩ-ას საკუთრების უფლება, რომელიც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, უძრავ ნივთს ანიჭებდა გარკვეულ სტატუსს, რომლის სამართლებრივი შედეგების მიმართ დაინტერესებულ პირს აქვს შესაბამისი უფლებები. ფაქტობრივად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მთლიანად აგებულია იმგვარ მსჯელობაზე, რადგან სადავო ქონებაზე რეგისტრირებული იყო ზ. ჯ-ის საკუთრება, საჯარო რეესტრს სამართლებრივი გარანტის ფუნქციის ფარგლებში უნდა უზრუნველეყო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვა და არ უნდა დარეგისტრირებულიყო სხვისი უფლება, ხოლო სხვისი უფლების პირველი რეგისტრაცია სწორედ შ. ჯ-ის საკუთრების რეგისტრაცია იყო. მოცემულ შემთხვევაში ქონების შ. ჯ-ისა და ნ. ჩ-ას საკუთრებად რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს რეგისტრაციის კანონიერების და უტყუარობის პრეზუმფცია, მისი კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა, ამასთან, ნ. ჩ-ას ნება საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე არ შემოწმებულა, აღნიშნული კი გამორიცხავს მიტოვებული საკუთრების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ სამართლებრივი აქტების შეფასებას და მათი გაუქმების შესაძლებლობას.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებული იქნა გამოკვლეულ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სამინისტროს მხრიდან დაცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებული ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
6.2. კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, შესაფასებელია სასამართლო გადაწყვეტილებით მხარისათვის რა სასარგებლო შედეგი დგება და არის თუ არა დასაბუთებული მხარის იურიდიული ინტერესი. 2008 წლის 14 მარტის №... საკუთრების უფლების მოწმობისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით (განაცხადის №...) სოფ. ...ში მდებარე 552 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღირიცხა შ. ჯ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). 2008 წლის 25 მარტს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების (განაცხადი №...) საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. ჩ-ას საკუთრების უფლება. 2010 წლის 21 მაისს მოქალაქის განცხადებისა და საჯარო რეესტრის 2010 წლის 17 მაისის №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვება დარეგისტრირდა. 2010 წლის 3 ივნისს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვისა (...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 552 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი ..., სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილებით ... (წინა ს/კ ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. 2011 წლის 2 თებერვალს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 8 დეკემბრის №01-22/5258 მიმართვისა და საჯარო რეესტრის №... გადაწყვეტილებით დაზუსტდა ... (წინა ს/კ ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემები. 2012 წლის 7 მაისს დაზუსტდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემი და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ... (საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება №...).
2012 წლის 13 სექტემბერს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ბათუმში, ...ა ...ზე მდებარე 553 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებად (ს/კ ...). 2020 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 09 ოქტომბრის №25/20821 წერილის (...), ა(ა)იპ ...ის 2020 წლის 06 ოქტომბრის №01-17/224 წერილის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება გაერთიანდა და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ... (მიწის ფართი - 1499 კვ.მ). 2020 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 20 ოქტომბრის №25/22004 წერილის (...), ა(ა)იპ ...ის 2020 წლის 20 ოქტომბრის №01-17/233 წერილის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილების საფუძველზე №..., №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები გაერთიანდა ერთ საკადასტრო ერთეულად და მიეთითა ახალი საკადასტრო კოდი №... (მიწის ფართი - 1097823.00 კვ.მ და მასზე განთავსებული 36 შენობა-ნაგებობა); 2021 წლის 23 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა სსიპ - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, ამ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლოს უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეფასებინა მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესი გასაჩივრებული აქტების მიმართ, რამდენადაც ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიზანს, ამიტომ ნებისმიერი ადმინისტრაციული სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. ამასთან, მართლმსაჯულება მიმართული უნდა იყოს სადავო საკითხის გადაჭრისაკენ, იგი უნდა იყოს შედეგის მომტანი, სასამართლო ფორმალურად არ უნდა უდგებოდეს საკითხის გადაჭრას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა გარანტირებულია კანონმდებლობით, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება, რაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. წინამდებარე დავაში გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარისათვის კონკრეტული შედეგის მომტანი არ არის, სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ისეთი სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობით კონკრეტული მდგომარეობით აღარ არსებობს, უფრო მეტიც, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დამატებითი დავების წარმოშობა გამოიწვიოს, რადგან რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. გარდა აღნიშნულისა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა არსებითი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხარის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი, რომლის საფუძველზე მოსარჩელე მხარე უფლების რეგისტრაციას ითხოვდა, არ შეესაბამება მისი უფლების დამდგენ დოკუმენტაციას. გადაწყვეტილებაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზ. ჯ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტაციაზე და მიიჩნია, რომ აზომვითი ნახაზის და სადავო ქონების იდენტურობა დგინდებოდა, თუმცა სასამართლომ ყურაღება არ მიაქცია იმ გარემოებს, რომ ზ. ჯ-ეს მიწის ნაკვეთი ...ის მოსაწყობად გამოეყო ...ის შესასვლელთან და არ ...ის ტერიტორიაზე (როგორც ეს არის მოთხოვნილი წინამდებარე დავაში). ზ. ჯ-ეს ნება დაერთო აეშენებინა ერთ სართულიანი შენობა-ნაგებობა, დღეის მდგომარეობით აზომვითი ნახაზი წარდგენილია 2 სართულიანი შენობა-ნაგებობის მიმართ. არქიტექტურული პროექტის მიხედვით ზ. ჯ-ეს უნდა აეშენებინა 98.5 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ექსპლუატაციაში ასევე მიღებულ იქნა ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა 95.8 კვ.მ (საერთო ფართი 95.8 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი 95.8კვ.მ ექსპლუატაციაში ჩაბარებული ფართობი 95.8 კვ.მ) ხოლო დღეის მდგომარეობით უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია 189.33 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე (პირველი სართული 100 კვ.მ, მეორე სართული 89.33 კვ.მ შენობის განაშენიანების ფართია 135.35 კვ.მ). გარდა იმისა, რომ ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა ნაგებობა განსხვავდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შენობა-ნაგებობისაგან (ფართისა და არქიტექტურული თვალსაზრისით), მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ აზომვით ნახაზით მითითებულ ქონებაზე მოსარჩელის უფლების არსებობას. მოსარჩელის/აპელანტის მიერ წარმოდგენილია მიწის მართვის სამმართველოს მიერ დამტკიცებული მიწის გენგეგმა, რომლის მიხედვით, ზ. ჯ-ის მიერ აშენებული შენობა- ნაგებობას ესაზღვრება ...ი, ამასთან შენობა მდებარეობს ზღვის ნაპირიდან 28 მეტრის დაშორებით (გეგმაზე მითითებულია, რომ გეგმის მასშტაბი არის 1:500, შენობის უკიდურესი ჩრდილოეთი კუთხე სანაპიროდან დაშორებულია 5.6 სმ-ით, რაც ადგილზე 28 მეტრს გულისხმობს), მაშინ როცა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული შენობა-ნაგებობა ზღვის ნაპირიდან (უკიდურესი ჩრდილოეთი კუთხე) დაშორებულია 0.1 კმ-ით (100 მეტრით), როგორც მიუთითებს საკადასტრო მონაცემთან ელექტრონული პორტალი (...). მიუხედავად ამდენი განსხვავების, შეუსაბამობის და გაურკვევლობისა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული იყო და ბათილად ცნო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელიც დღეის მდგომარეობით სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს უძრავ ქონებაზე განხორციელებული შემდგომი ტრანზაქციების გამო.
6.3. კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებით შ. ჯ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 552 კვ.მ უძრავ ნივთზე მდებარე ...ი, სოფ. ...ი (ს/კ ...). უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 13 მარტს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა. ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 25 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ზემოთ მითითებულ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით ..., უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, თარიღი: 19.03.2008წ.) დარეგისტრირდა ნ. ჩ-ას საკუთრების უფლება.
2010 წლის 1 თებერვალს ...ის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა ამონაწერი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილებიდან, რომელიც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრირებულ იქნა №... პირობითი განცხადებით. აღნიშნული ამონაწერის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოქალაქე შ. ჯ-ეზე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 11 მარტს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა და დასახელებული დოკუმენტის საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ...ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ვ’’ პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 8 თებერვალს №... მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასული იყო ახალ მესაკუთრეზე.
...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით ზემოთ ხსენებულ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ნ. ჩ-ას 17.05.2010წ. განცხადების საფუძველზე განხორციელდა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია.
...ის სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი №... სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 28.05.2010წ. №01- 22/1995 მომართვის შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა ...ის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 552 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...), რომელზეც საკუთრების უფლება მიტოვებულია, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. ...ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 03 ივნისს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 02 თებერვლის №... გადაწყვეტილებით რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ...ი, სოფ. ...ი და სახელმწიფოს საკუთრების უფლება აღირიცხა 553 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული მონაცემებით), საკადასტრო კოდი ..., წინა საკადასტრო კოდი .... შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა. სარეგისტრაციო განაცხადს თან ერთვოდა: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 8 დეკემბრის №01-22/5285 მომართვა, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთის დაზუსტებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ასევე, წარმოდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 2012 წლის 07 სექტემბერს წარდგენილ იქნა №... განაცხადი - თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ბათუმი, ...ა ...ი. სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქის ბათუმის სახელზე - საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 13 სექტემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 553 კვ.მ მიწის ნივთზე მდებარე ქ. ბათუმი, ...ა ...ი, დარეგისტრირდა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრების უფლება (ს/კ ..., წინა ს/კ ...). რეგისტრაციის შესახებ №... (01.07.2020) გადაწყვეტილების განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად გაცემული ამონაწერის თანახმად, მესაკუთრედ მიეთითა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის უფლებამონაცვლე სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი (ს/ნ ...). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე ქ. ბათუმი, ...ა ...ი, საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი: ...). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით კვლავ განხორციელდა უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე ქ. ბათუმი, ...ა ...ი, საკადასტრო კოდი: ... (ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი: .... ...). ამდენად, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 1097823.00 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი (მდებარე: ქ. ბათუმი, ...ა ...ი/...ა ...ი) რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, საკადასტრო კოდით ... (ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი: ..., ..., ...).
გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ რეგისტრაციის შესახებ №... (01.07.2020) გადაწყვეტილებით, ხსენებულ უძრავ ნივთზე, ასევე, დარეგისტრირდა შეზღუდული სარგებლობის, კერძოდ, უზუფრუქტის უფლება. უზუფრუქტუარს წარმოადგენს ა(ა)იპ ,,...ი’’, საგანი - 1097823 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი №1-დან №36-ის ჩათვლით, უზუფრუქტუარის არსებობის ვადით (ხელშეკრულება უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ 16.04.2021).
კასატორის განმარტებით, უძრავი ნივთი მდებარე ქ. ბათუმი, ...ი, მიწის ნაკვეთი ფართით 100 კვ.მ, საკადასტრო კოდით ..., წარმოადგენდა დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთს, რომელსაც არ გააჩნდა კანონითა და ინსტრუქციით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემები, ამდენად ზედდების დადგენა სარეგისტრაციო წარმოების პროცესში შეუძლებელი იყო. მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც არ იძლეოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას. აღნიშნული შეუძლებელს ხდიდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთის საზღვრების ზედდების გამოვლენას უკვე რეგისტრირებულ დაუზუსტებელ მონაცემებთან.
კასატორის განმარტებით, სასამართლოში დავის საგანი არ გამხდარა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციები, კერძოდ, 2010 წლის 8 თებერვლის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა შემძენის - ნ. ჩ-ას საკუთრების უფლება და 2010 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილება საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის თაობაზე. ამდენად, აღნიშნული რეგისტრაციების შემდგომ მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ავტომატურად იწვევს მანამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. სასამართლოს არ შეუფასებია №... და №... გადაწყვეტილებების კანონიერება, ისინი ძალაშია, ამდენად, ისინი დააბრკოლებს, უფრო მეტიც, შეუძლებელს გახდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, იმ კუთხით, რომ მოსარჩელეს შეექმნას რაიმე სამართლებრივი სიკეთე. სახელმწიფოს/თვითმმართველის საკუთრების უფლების რეგისტრაციების გაბათილების მიუხედავად, მოსარჩელე მხარის დაინტერესებაში არსებული 100 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთი კვლავ რჩება უფლებრივად დატვირთული.
გარდა ამისა, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ რეგისტრაციის შესახებ №... (01.07.2020) გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, რეგისტრირებულია შეზღუდული სარგებლობის, კერძოდ, უზუფრუქტის უფლება. უზუფრუქტუარს წარმოადგენს ა(ა)იპ ,,...ი’’, ხოლო უზუფრუქტის საგანს მთელი მიწის ნაკვეთი - 1097823 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობანი №1-დან №36-ის ჩათვლით, უზუფრუქტუარის არსებობის ვადით. სასამართლოს არ შეუფასებია, თუ რამდენად შესაძლებელი იყო აღნიშნული რეგისტრაციის ძალაში ყოფნის პირობებში, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციების გაბათილება და არ გადაუწყვიტავს უზუფრუქტუარის უფლებრივი მდგომარეობა. უძრავ ნივთზე უზუფრუქტის უფლების რეგისტრაციაც აბრკოლებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად, იგი ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და რეალურად არ ემსახურება მოსარჩელის ინტერესებს.
კასატორის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სადაო მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია მოხდა რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილი იყო მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურისათვის და მოეთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს საკუთრებად და ამასთან დაკავშირებით გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი (მიმართვა). ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო მოეხდინა უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვის და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანების ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია სადაო უძრავი ქონების სახელმწიფოს/თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებიდან გასვლა, ვინაიდან, სადაო უძრავი ქონება თავდაპირველად შ. ჯ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 13 მარტს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. აღნიშნულის შემდეგ, სადაო უძრავი ქონება 2008 წლის 19 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. ჩ-ას საკუთრებად. ნ. ჩ-ამ 2010 წლის 17 მაისის პირადი განცხადების საფუძველზე მიატოვა საკუთრების უფლება ...ის რაიონში სოფელ ...ში მდებარე 552 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვის საფუძველზე მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ამდენად, უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ ის წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, სახელმწიფოზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით, სადაო უძრავ ნივთზე არ იყო აღრიცხული ფიზიკური პირის საკუთრების უფლება, ის თავისუფალ მდგომარეობაში დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში აპელანტს აღუდგება არსებული მდგომარეობა, როცა ზ. ჯ-ის საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, ხოლო ის რეგისტრაციები, რომელთა შედეგადაც ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ქონება მოექცა სხვა საკადასტრო ერთეულის ფარგლებში, გაუქმდება, რითაც გამოირიცხება ზ. ჯ-ის რეგისტრირებული უფლების ხელყოფა, რასაც სადავო აქტების ძალაში ყოფნით აქვს ადგილი და რაც თავიდან იქნებოდა არიდებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის პროცესში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების შემთხვევაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა უძრავ ნივთზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებამდე არსებული უფლებრივი მდგომარეობა და მასზე შეზღუდული სარგებლობის (უზუფრუქტის) უფლების რეგისტრაციის ფაქტი, რომელიც მთლიან მიწის ნაკვეთზე ვრცელდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საკითხი. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა მის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთთან ზედდების პრობლების აღმოფხვრა, რა მიზნითაც მან წარადგინა სარჩელი ისეთი სასარჩელო მოთხოვნებით, რომელთა დაკმაყოფილების პირობებშიც კი, შეუძლებელია ზედდების თავიდან აცილება. შესაბამისად, სარჩელი არ ამართლებდა მისი წარდგენის მიზანს და მოსარჩელეს არ გააჩნდა სადავო აქტების ბათილად ცნობისადმი ლეგიტიმური/კანონიერი ინტერესი ამ პირობებში, სარჩელის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არასწორ მოლოდინს უჩენს დაინტერესებულ მხარეს. ამდენად, ცალსახაა, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილების მიღებით, თუმცა დააკმაყოფილა სარჩელი, მაგრამ ვერ შეუქმნა აპელანტს რაიმე სამართლებრივი სიკეთის მიღების წინაპირობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 13 მარტს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის მიხედვით, შ. ჯ-ეს (პ/ნ ...) საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 552 კვ.მ, მდებარე ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი. მოწმობის მიხედვით, მოწმობა ძალაში იყო დამოწმებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა მოწმობის განუყოფელ ნაწილს. საკუთრების მოწმობაზე დართულ 10.01.2008წ. შედგენილ აზომვით ნახაზზე დატანილია შენობა-ნაგებობა, ფართით - 103 კვ.მ (შენობა-ნაგებობის თაობაზე საკუთრების მოწმობაში აღნიშნული არ არის) (ტ.2.ს.ფ. 17-18). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი მდებარე ...ი, სოფ. ...ი, ფართობი - 552 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი - ... საკუთრების უფლებით აღირიცხა შ. ჯ-ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი - №... საკუთრების უფლების მოწმობა (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: ..., მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსების თაობაზე ამონაწერში მითითებული არ არის) (ტ.1. ს.ფ. 155, 156-157); ბ) 2008 წლის 19 მარტს შ. ჯ-ესა (,,გამყიდველი’’) და ნ. ჩ-ას (,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 552 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ...ის რაიონი, ...ი, სოფელი ...ი, საკადასტრო კოდი .... ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა 3112 ლარი (ტ.2, ს.ფ. 21); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი მდებარე ...ი, სოფ. ...ი, ფართობი - 552 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი - ... საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ჩ-ას სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი - 2008 წლის 19 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.2. ს.ფ. 22-23); გ) ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილებით ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 13 მარტს შ. ჯ-ის სახელზე გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა და დასახელებული დოკუმენტის საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქე შ. ჯ-ეზე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 11 მარტს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის საფუძვლად მიღებული ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწვეტილების კანონიერების შესწავლისას დადგინდა, რომ დასახელებულ მიწის ნაკვეთზე შ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდა როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. საკუთრების უფლების მოწმობით და მისი გაცემის საფუძვლად გამოყენებული საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა შ. ჯ-ის საკუთრების უფლება სოფელ ...ში მდებარე 552 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. დასახელებული წარმოებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ მოსმენაზე გამოცხადდა შ. ჯ-ის მეუღლე - რ. ჯ-ე, რომელმაც განმარტა, რომ მიწის ნაკვეთს, როგორც მისი ოჯახის წევრის ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიას, სარგებლობდა წლების განმავლობაში, მიწის ნაკვეთში მრავალწლიანი დეკორატიული ნარგავები მათ მიერ იყო მოშენებული და აღნიშნულის გათვლისწინებით კანონიერად გადაეცა უძრავი ქონება მის მეუღლეს შ. ჯ-ეს საკუთრების უფლებით. წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ ნაკვეთი მდებარეობდა სანაპიროსთან ახლოს, სოფელ ...ში მდებარე ...ის და შესაბამისად ...ის (...ის) ტერიტორიაზე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობეობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა - საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), ...ი და ...ი. ამასთან, „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №... ბრძანებულების თანახმად, სოფელი ...ი წარმოადგენდა კურორტს და შესული იყო საკურორტო ადგილების ნუსხაში. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობეობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. დასახელებული ნორმების მხედველობაში მიღებით მიჩნეული იქნა, რომ სოფელ ...ში და უშუალოდ საკუთრების მოწმობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის განკარგვა უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი წესით და უშუალოდ საკურორტო ადგილისთვის გათვალისწინებული პირობიანი წესით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვლისწინებით მიჩნეულ იქნა, რომ კომისიის მიერ უსაფუძვლოდ განხორციელდა შ. ჯ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება და შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა აღიარებული საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე (ტ.1. ს.ფ. 163-171); დ) 2010 წლის 01 თებერვალს ...ის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა ამონაწერი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილებიდან, რომელიც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრირებული იქნა №... პირობითი განცხადებით (ტ.1. ს.ფ. 162). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ...ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უარი ეთქვა სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმებაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, (რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასული იყო ახალ მესაკუთრეზე) (ტ.1. ს.ფ. 172); ე) 2010 წლის 17 მაისს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ნ. ჩ-ას (პ/ნ ...) №... განცხადება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. 17.05.2010წ. განცხადებაში ნ. ჩ-ა აღნიშნავდა, რომ სოფელ ...ში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს 552 კვ.მ მიწის ფართობი, საკადასტრო კოდით: ..., თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ რეგისტრაციის დროს დაშვებული იქნა ხარვეზი, თანახმა იყო აღნიშნული ქონება დარეგისტრირებულიყო სახელმწიფო საკუთრებად (ტ.1. ს.ფ. 60-61, ტ.2. ს.ფ. 24). მარეგისტრირებელი ორგანოს 2010 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით, ნ. ჩ-ას განცხადება დაკმაყოფილდა და ...ის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი ფართით 552 კვ.მ, საკადასტრო კოდით: ..., დარეგისტრირდა საკუთრების უფლების მიტოვება (ტ.1 ს.ფ. 62-63, 173, ტ.2. ს.ფ. 25, 26); ვ) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2010 წლის 28 მაისს №01-22/1995 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მარეგისტრირებელ ორგანოს ეთხოვა სახელმწიფო საკუთრებად დაერეგისტრირებინა ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში დებარე 552 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., საკუთრების უფლება მიტოვებულია) (ტ.2. ს.ფ. 27). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 03 ივნისის №... გადაწყვეტილებით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 28.05.2010) ...ის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართით 552 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 28.05.2010წ. №01-22/1995 მიმართვის საფუძველზე აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად (ტ.2. ს.ფ. 28,29); ზ) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2010 წლის 08 დეკემბერს 01-22/5285 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 09.12.2010წ.), რომლითაც მარეგისტრირებელ ორგანოს ეთხოვა სახელმწიფო საკუთრებად დაერეგისტრირებინა ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 553 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ..., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული აზომვითი ნახაზის და ელექტრონული ვერსიის საფუძველზე (ტ. 1. ს.ფ 67, ტ.2. ს.ფ. 30-31). უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 09.12.2010წ. №... განცხადებასთან დაკავშირებით 15.12.2010წ. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში დატანილი იყო შენობა–ნაგებობის კონტური, თუმცა არ იყო წარდგენილი შენობა–ნაგებობის ქაღალდის ვერსია. შესაბამისად, წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ქაღალდის ან ელექტრონული ვერსია (ტ.4. ს.ფ. 290). ამავე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში 29.12.2010წ. მარეგისტრირებელმა ორგანომ კვლავ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება №... და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარმოსადგენი იყო შენობა–ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია (ტ.4. ს.ფ. 290). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 553 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... (ძველი საკადასტრო კოდი ...), დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 28.05.2010წ. №01-22/1995 მიმართვა (ტ.2. ს.ფ. 33, 34-35); თ) ,,ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ...ის მუნიციპალიტეტს და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757 დადგენილების და ,,ბათუმის ,,ზონისა და სექტორის საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის №831 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 04 აგვისტოს №... ბრძანების თანახმად, სადავო უძრავი ნივთი (ს/კ ...) მიეკუთვნა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ზონის ფარგლებს და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდა ახალი საკადასტრო კოდით - ..., რომლის საკადასტრო მონაცემებიც საჯარო რეესტრიდან 07.05.2012წ. მომზადებული ამონაწერი მიხედვით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., განცხადების რეგისტრაციის თარიღი: 04.05.2012წ.) იყო შემდეგი: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 553 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., მისამართი: ქალაქი ბათუმი, ...ა ...ი, მესაკუთრე: სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 28.05.2010წ. №01-22/1995 მიმართვა (ტ.1. ს.ფ. 71-73; ტ.2. ს.ფ. 36); ი) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის თვითმმარველი ქალაქის ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 04 სექტემბრის №02/452 ბრძანებით დადგინა, რომ საჯარო რეესტრში თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით სხვა უძრავ ქონებებთან ერთად უნდა აღრიცხულიყო: ...გ) ქ. ბათუმში, ...ა ...ზე მდებარე 553 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტროო კოდი: ...) (ტ.2. ს.ფ. 37-39). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 2012 წლის 07 სექტემბერს წარდგენილი იქნა №... განაცხადი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ბათუმი, ...ა ...ი. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი იქნა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 04.09.2012წ. №02/452 ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქის ბათუმის სახელზე - საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 13 სექტემბერს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ და უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ბათუმი, ...ა ...ი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 553 კვ.მ მიწის ნაკვეთი), აღირიცხა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრების უფლება (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...) (ტ.1. ს.ფ. 17, 18; ტ.2. ს.ფ. 40-41); კ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ა(ა)იპ “...ისათვის“ სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 28.05.2020წ. №408 ბრძანებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „...ს“ მისი არსებობის ვადით, უსასყოდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული: ...დ) ქ. ბათუმში, ...ა ...ში მდებარე 553 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) (ტ.3. ს.ფ. 54-55, 56, 57-58, 50-53); ლ) 2020 წლის 19 ოქტომბერს, უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: ... და ...) განხორციელებული ცვლილების, გაერთიანების შედეგად წარმოიქნა ახალი საკადასტრო ერთეული მდებარე: ქალაქი ბათუმი, ...ის ქუჩა, №7ბ, ქალაქი ბათუმი, ...ა ...ი; საკადასტრო კოდი: ...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1499.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ...; ...; მესაკუთრე: სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი (ს/ნ ...) (ტ.4 ს.ფ 221-223); მ) 2020 წლის 22 ოქტომბერს, უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: ..., ... და ...) კვლავ განხორციელდა ცვლილები, კერძოდ, გაერთიანების შედეგად წარმოიქნა ახალი საკადასტრო ერთეული მდებარე: ქალაქი ბათუმი, ...ა ...ი; ქალაქი ბათუმი, ...ა ...ი; საკადასტრო კოდი: ...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1097823.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ...; ...; ...; შენობა-ნაგებობები: №1 – №36, მესაკუთრე: სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი (ს/ნ ...). აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია შეზღუდული სარგებლობა. უფლების რეგისტრაციის №...; თარიღი: 16/04/2021; იპოთეკარი: უზუფრუქტუარი: ა(ა)იპ ,,...ი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...); საგანი: 1097823 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1-დან №36-ის ჩათვლით; უზუფრუქტუარის არსებობის ვადით; საფუძველი: ხელშეკრულება უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, დამოწმების თარიღი 16/04/2021, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ტ.4. ს.ფ. 217-219, 221-223);
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) საქმის მასალებში, ზ. ჯ-ის სახელზე 1999წ. მომზადებული ...ის საპროექტო დოკუმეტაციის (ტ.4. ს.ფ. 159-177), სხვადასხვა ნებართვებისა და თანხმობების (ტ.4 ს.ფ. 127-149, 151-155) გარდა, ასევე წარმოდგენილია შემოწმების აქტი და დასკვნა, რომლის მიხედვით, კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ზ. ც-ე - ...ის საკრებულოს გამგებელი, ზ. წ-ა - რაიონის მიწის მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ...ის სადაბო საკრებულოში, ს. ღ-ი - ...ის დირექტორი, ზ. ა-ი - რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსი, ზ. ძ-ე - რაიონის მთავარი არქიტექტორი - შეადგინეს ეს აქტის შემდეგზე: კომისიამ ადგილზე მისვლით შეისწავლა ...ში მცხოვრებ ზ. ჯ-ის რაიონის გამგეობში შეტანილი (17.06.99წ. 12ჯ-27) განცხადება, რომლითაც იგი მოითხოვდა 0,010 ჰა მიწის ფართობის გამოყოფას, კერძოდ, ...ში ...ის შესასველთან არსებულ ...ში ქ. ბათუმის ...გან გამონთავისუფლებულ ტერიტორიაზე, განმცხადებელს სურვილი ჰქონდა ამ ფართობზე მოეწყო თანამედროვე სტილის ...ი, რაზეც არსებობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობისა და ურბანიზაციის 1999 წლის 22 ივლისის №19, ...ის სადაბო საბჭოს 1999 წლის 16 ივნისის №127, ...ის დირექციის 1999 წლის 14 ივნისის, ...ის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 1999 წლის 30 ივნისის №..., ...ის რაიონის სახაზინო საწარმოო ენერგოკომპანიის 22 ივნისის №... და ...ის რაიონის სახანძრო-საწინააღმდეგო სამსახურების შესაბამისი დაკსვნები. გამომდინარე აღნიშნულიდან, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა დაეკმაყოფილებინა ზ. ჯ-ის თხოვნა და მას გამოჰყოფოდა 0,010 ჰა ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე ...ის მშენებლობისათვის, რაზეც საკითხი განხილულ უნდა ყოფილიყო გამგეობის სხდომაზე (ტ.4. ს.ფ. 150); ბ) „...ის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ ზ. ჯ-ისთვის ...ის მშენებლობაზე ნებართვის მიცემის შესახებ“ ...ის რაიონის გამგეობის 04.10.1999წ. №112 გადაწყვეტილებით, გამგეობამ გადაწყვიტა: „1) დაკმაყოფილდეს ...ში მცხოვრებ ზ. ჯ-ის თხოვნა და ...ში, ...ის მიმდებარედ არსებულ ...ში, ...ისაგან გამოთავისუფლებულ 100 კვ.მ ფართობზე ააშენოს ...ი; 2) გაფრთხილდეს მენაშენე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ობიექტის აღების აუცილებლობისას არ მოხდება შენობის ღირებულების ანაზღაურება; 3) საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდეს რაიონის მთავარ არქიტექტორთან; 4) კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ...ის სადაბო საკრებულოს გამგეობას (ზ. ც-ე) და რაიონის მთავარ არქიტექტორს (ნ.ძ-ე)“ (ტ.4. ს.ფ. 124-126); გ) ...ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურის მიერ გაცემული საკადასტრო რუკის მიხედვით, მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო №..., საკადასტრო №... (ზონა), 1 (სექტორი), მისამართი: ...ი, თარიღი: 20.08.2000წ. ფართობი: 0,14 ჰა, მოსარგებლეა - ზ. ჯ-ე (ტ.4. ს.ფ. 152); დ) საქმეში წარმოდგენილი 20.08.2000წ. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, განცხადების რეგისტრაციის ნომერი: .... ...ის რაიონის, ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 1400 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთიდან, საკადასტრო კოდით: ..., საკუთრების საგანს წარმოადგენს 100 კვ.მ, ხოლო სარგებლობის (იჯარა-აღნაგობით) 1300 კვ.მ ფართობი. განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 20.08.2000წ. უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი: ...ის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება №112, 04.08.99წ.; მიწის ნაკვეთის და შენობის მესაკუთრე - ზ. ჯ-ე (ტ.4. ს.ფ. 181); ე) მიწის (უძრავი ქონების) შესახებ 20.08.2000წ. ამონაწერის მიხედვით, საჯარო რეესტრიდან (ამონაწერის გაცემის თარიღი: 16.03.2007წ.) (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) ...ის რაიონის, ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 100 კვ.მ (დაუზუსტებელი) ფართის (საკადასტრო კოდი: ..., უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი ...ის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება №112, 04.08.1999წ.) მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა ზ. ჯ-ე, მცხ. სოფ. …ში (ტ.4. ს.ფ. 184); ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ 20.08.2000 წლის №1 ხელშეკრულების თანახმად, „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად და ...ის გამგეობის 1999 წლის 04 ოქტომბრის №112 გადაწყეტილების საფუძველზე, მეიჯარე (...ის გამგეობა) გადასცემს მოიჯარეს (ზ. ჯ-ე) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 013 კვ.მ-ს, რომელიც მდებარეობს ...ის რაიონის, სოფელ ...ში. ხელშეკრულებით მიწი ნაკვეთი იჯარა-აღნაგობით გაიცა 20 წლის ვადით (ტ.4. ს.ფ. 185-189); ზ) „სოფელ ...ში ზ. ჯ-ის „...ის“ ექსპლუატაციაში მიღება-ჩაბარების შესახებ“ სახელმწიფო კომისიის 2005 წლის 07 დეკემბრის №0/18 აქტის მიხედვით დგინდება, რომ ...ის რაიონის ტერიტორიაზე მშენებლობადამთავრებულ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიმღებმა კომისიამ (განკარგულება№172, 21.10.2005წ.) განიხილა ექსპლუატაციაში მისაღები ობიექტის მდგომარეობა და ზ. ჯ-ის ...ი“ მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში (ტ.4. ს.ფ. 196-197); თ) 2015 წლის 29 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 28.01.2015წ.), ირკვევა, რომ ქალაქ ბათუმში, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით 100 კვ.მ, საკადასტრო კოდით ..., რეგისტრირებულია ზ. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებად. განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 20.08.2000, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გადაწყვეტილება №112, დამოწმების თარიღი: 04.08.1999, ...ის გამგეობა (ტ.4. ს.ფ. 198); ი) 2014 წლის 15 დეკემბერს ზ. ჯ-ემ (პ/ნ ...) №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ... ...ში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განაცხადს ზ. ჯ-ემ დაურთო, ინდ. მეწარმე „ლ. თ-ის“ მიერ 13.03.2014 წელს გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვითაც, ქ. ბათუმში, ...ის ...აში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორსართულიანი შენობა-ნაგებობა, ფართით: 189,33 კვ.მ, დანიშნულება: საცხოვრებელი, პირველი სართულის ფართობი 100 კვ.მ, მეორე სართულის - 89,33 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 53, 144-151); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის №... (19.12.2014) გადაწყვეტილებით, ზ. ჯ-ის 15.12.2014წ. №... განცხადებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც ზედდება იყო №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს მიეთითა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის 50 ლარის ოდენობით გადახდის ქვითარი (ტ.1. ს.ფ. 152); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის №... (21.01.2015) გადაწყვეტილებით, ზ. ჯ-ის 15.12.2014წ. №... განცხადებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1. ს.ფ 153); მ) ზ. ჯ-ის 15.12.2014წ. №... განცხადებაზე 2020 წელს განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულია სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (14.07.2021) გადაწყვეტილება (ტ. 3. ს.ფ. 19-20);
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.08.2016 წლის №005103216 ექსპერტიზის დაკსვნის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია: 1. პირველ შეკითხვაზე (რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს ს/კ ...-სა და ს/კ ... უძრავი ქონებების საკადასტრო მონაცემთა ზედდება, მდებარე ბათუმი, ...ი, სოფელი ...ი) პასუხის გაცემა შეუძლებელია კვლევაში მითითებული მიზეზის გამო; 2. მეორე შეკითხვაზე (ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) მთლიანად ან ნაწილობრივ შედის თუ არა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულ (ქ. ბათუმში, ...ა ...ში მდებარე 553 კვ.მ) მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) შემადგენლობაში) პასუხის გაცემა შეუძლებელია კვლევაში მითითებული მიზეზის გამო; 3. მესამე შეკითხვაზე (თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ...ა ...ში მდებარე 553 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) განლაგებულია თუ არა შენობა-ნაგებობა და თუ კი, რამდენ კვადრატულ მეტრზე) ექსპერტი განმარტავს, რომ ქ. ბათუმში, ...ა ...ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 553 კვ.მ მიწის ნაკვეთში განთავსებულია შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომლის ფართობიც შადგენს 132,17 კვ.მ. კვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ პირველ და მეორე შეკითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, 2016 წლის 18 ივლისს №... წერილის საფუძველზე მოთხოვნილი იქნა დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება, კერძოდ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ელექტრონული ვერსია შესაბამის კოორდინატთა სისტემაში, რათა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მონაცემები შეედარებინა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებთან. შესაბამისად, ვინაიდან ექსპერტიზაზე არ იქნა წარდგენილი დამატებით მოთხვონილი დოკუმენტაცია, პირველ და მეორე შეკითხვებზე პასუხის გაცემა ვერ განხორციელდება. ექსპერტიზის წინაშე დასმულ მე-3 შეკითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, ექსპერტიზის მიერ სპეციალური გეოდეზიური ხელსაწყოების მეშვეობით (GPS აპარატი LEICA VIVA GS08 CS10 და ელექტრონული ტახეომეტრი TRIMBGLE M3) განხორციელდა ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. ბათუმში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე შენობა-ნაგებობის გარე კონტურების აზომვა. მიღებული მონაცემები შედარებული იქნა საჯარო რეესტრში ფიქსირებულ მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის მთლიანი განაშენიანების ფართი შეადგენს 133,35 კვ.მ-ს. აქედან 132,17 კვ.მ ფართი განთავსებულია ქ. ბათუმში, ...ა ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე რეგისტრირებულ 553 კვ.მ მიწის ნაკვეთში (ტ.2. ს.ფ. 148-159); ბ) „უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 10.08.2020წ. №42 ბრძანების მიხედვით, დადგინდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ...ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 04 აგვისტოს №112 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული, ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე ზ. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში (ს/კ ..., 20.08.2008წ.) დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 2014 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი: ი/მ „ლ. თ-ე“; თარიღი: 2014 წლის 13 მარტი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (იდენტურობის დადგენას საფუძვლად დაედო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2020 წლის 06 აგვისტოს №000054 ოქმი) (ტ.3. ს.ფ.144-145, 146-147); გ) შპს „...“-ის მიერ 2022 წლის 14 თებერვალს მომზადებული ექსპერტიზის №4 დასკვნის თანახმად: „1. 100 კვ.მ დაუზუსტებელი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმში, ...ი, სოფელი ...ი, განთავსებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართი შეადგენს 133,35 კვ.მ (ს/კ ..., მესაკუთრე - ზ. ჯ-ე); 2. რადგან ... ძველი საკადასტრო კოდია, მისი შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან შენობა-ნაგებობის კონტურები ელექტრონულ რუკაზე არ ჩანს. თუ მივიჩნევთ, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 10.08.2020წ. №42 ბრძანების ტექსტი ადგენს დაუზუსტებელი მონაცემებით ზ. ჯ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 2014 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, მაშინ აღნიშნული №... საკადასტრო კოდი გადაფარვაშია №... კოდთან და ეს გადაფარვა მოიცავს №... კოდით გათვალისწინებულ სრულ ფართს. №... კოდი წარმოადგენს რამდენიმე ნაკვეთის გაერთიანების შედეგად მიღებულ ერთიან ნაკვეთს. მისი შემადგენელი ერთ-ერთი ნაკვეთის რეგისტრაციისას, კერძოდ, 2010 წლის 09 დეკემბერს, სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს განცხადება №...-ის მსვლელობის პროცესშიც გამოიკვეთა აღნიშნულ ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტი. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განუმარტა დაინტერესებული პირის წარმომადგენელს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში არის დატანილი შენობა-ნაგებობის კონტური, ხოლო არ არის წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ქაღალდის ვერსია. შესაბამისად, წარმოსადგენია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ქაღალდის ან ელექტრონული ვერსია; 3. დაუზუსტებელი ფართის 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) შენობა-ნაგებობა ნათლად ჩანს 2004 წლის GOOGLE EARTH-ის ორთოფოტოზე, ასევე 2005 წლის და შემდგომ გადაღებულ ყველა ფერად ორთოფოტოზე, თუმცა 2000 წლის შავ-თეთრ ორთოფოტოზე აღნიშნული შენობა-ნაგებობის კონტურები არ იკვეთება“ (ტ.4.ს.ფ. 269-273).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ნ. ჯ-ის მოთხოვნა - ა) ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვა, სოფელ ...ში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; ბ) ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 03 ივნისის №... გადაწყვეტილება სოფელ ...ში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; გ) ბათილად იქნას ცნობილი თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმსარულებელი ორგანოს 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანება და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილება სოფელ ...ში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის (საკუთრების უფლება) პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ამდენად, პირველი დამატებითი ოქმი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას არა მარტო არ ჩაერიოს საკუთრების თავისუფლად სარგებლობის უფლებაში, არამედ გაატაროს პოზიტიური ზომები საკუთრების უფლების დაცვისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
დადგენილია, რომ 2000 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, ...ის რაიონის, ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1400 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთიდან, საკადასტრო კოდით ..., ზ. ჯ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო 100 კვ.მ (ასევე შენობა-ნაგებობა), ხოლო სარგებლობის უფლებით (იჯარა-აღნაგობით) 1300 კვ.მ ფართობი (უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი: ...ის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება №112, 04.08.99წ). საქმეში ასევე წარმოდგენილია 2015 წლის 29 იანვარს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 100 კვ.მ, საკადასტრო კოდით: ..., რეგისტრირებულია ზ. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებად (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 20.08.2000, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გადაწყვეტილება №112, დამოწმების თარიღი: 04.08.1999, ...ის გამგეობა).
„უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 10.08.2020წ. №42 ბრძანების მიხედვით, დადგინდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ...ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 04 აგვისტოს №112 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული, ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე ზ. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში (ს/კ ..., 20.08.2008წ.) დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 2014 წლის 15 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი: ი/მ „ლ. თ-ე“; თარიღი: 2014 წლის 13 მარტი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (იდენტურობის დადგენას საფუძვლად დაედო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2020 წლის 06 აგვისტოს №000054 ოქმი). ამასთან, მხარეთა შორის დავას არ იწვევს, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც ზ. ჯ-ემ მის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია ვერ განახორციელა, იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის ზედდება №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან. შპს „...“-ის მიერ 2022 წლის 14 თებერვალს მომზადებული ექსპერტიზის №4 დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების მიერ მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის გათვალისწინებით, №... კოდთან გადაფარვა მოიცავს №... კოდით გათვალისწინებულ სრულ ფართს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე, კერძოდ, საკუთრების, იპოთეკის, გირავნობის, ყადაღის და სხვა სამართლებრივ უფლებათა. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია.
რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 მაისის №01-22/1995 მიმართვა, ისევე როგორც, თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმსარულებელი ორგანოს 2012 წლის 4 სექტემბრის №02/452 ბრძანება წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტებს და მათ საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურს შეეძლო სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, თუმცა აღნიშნულს არ უნდა გამოეწვია ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე, ამ შემთხვევაში, ზ. ჯ-ის სახელზე უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ხელყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №ბს-367-363(კ-12) საქმეზე (2013 წლის 28 თებერვლის განჩინება) განმარტა, რომ „ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი“
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 111 მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები არ გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ნამდვილ მდებარეობასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადით განსაზღვრული უძრავი ნივთის მდებარეობას შორის შეუსაბამობის დაშვებას სხვა პირთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესს და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით, მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემების და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა.
ამდენად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო მიწის ნაკვეთის ჯერ სახელმწიფოს სახელზე, ხოლო შემდეგ, ქ. ბათუმის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, ისევე როგორც, თავდაპირველად შ. ჯ-ესა და ნ. ჩ-ას სახელზე რეგისტრაციამდე, უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება მასთან დაცული დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობის თაობაზე, გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობას, რამდენადაც კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. სარეგისტრაციო სამსახურის პოზიცია, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი, არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში, წარმოადგენდა დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთს, რომელსაც არ გააჩნდა კანონითა და ინსტრუქციით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემები, რაც არ იძლეოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას და აღნიშნულის გამო ზედდების დადგენა სარეგისტრაციო წარმოების პროცესში შეუძლებელი იყო, ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას, რაც დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაშვებული დარღვევების შედეგად, რაც გამოიხატებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების სათანადოდ შეუსრულებლობაში, გასაჩივრებული აქტებით მოხდა ზ. ჯ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე აღრიცხვა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეკვლია აღნიშნული საკითხები შ. ჯ-ის სახელზე ქონების რეგისტრაციის დროსაც, რითაც თავიდან იქნებოდა არიდებული წინამდებარე საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემაც, თუმცა წინამდებარე დავის ფარგლებში ამ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სადავო არ არის და შესაბამისად, ამ რეგისტრაციის კანონიერების შეფასებაც სცდება მოცემული დავის საგანს. თუმცა, ცხადია, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღრიცხვისას ძალაში იყო ზ. ჯ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გაუქმება ხდება აქტისადმი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის გათვალისწინებით (სზაკ-ის 601 მუხ.). შესაბამისად, სახელმწიფოს და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციით საჯარო რეესტრმა დაუშვა ორი პარალელური რეგისტრაცია, იმ პირობებში, როდესაც ზ. ჯ-ის რეგისტრაციის მიმართ მოქმედებდა რეგისტრაციის კანონიერების და უტყუარობის პრეზუმფცია, მისი კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა.
იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა დაცული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის იმპერატიული დანაწესის მოთხოვნა, არ იქნა უზრუნველყოფილი მათთან დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე საჯარო რეესტრში 2000 წლიდან რეგისტრირებული მოსარჩელის მამკვიდრებლის - ზ. ჯ-ის საკუთრების უფლების უსაფრთხოება, რის გამოც შეუძლებელი გახდა მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების ობიექტის თავისუფლად ფლობა/სარგებლობა და უფლების ობიექტი გასულია მოსარჩელის საკუთრებიდან სხვა პირზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ეს გარემოება სამართლებრივ საფუძველს აცლის სადავო მიწის ნაკვეთის ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვის კანონიერებას. სადავო რეგისტრაციების განხორციელებით, მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა რეგისტრირებული საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე. შესაბამისად, კანონის დარღვევითაა მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად დაედო სადავო უძრავი ქონების ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებად აღრიცხვას, რაც ამ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველია, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე 05/01/23წ. №00067 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვიტოს გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05/01/23წ. №00067 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე