№ბს-508(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ფ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მესამე პირი - ლ. ფ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თ. ფ-ეის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 5 000 ლარისა და 25 000 აშშ დოლარის ოდენობით (ექვივალენტი ლარში - 76 250); ბ) დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თ. ფ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ-ეის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა არასრულწლოვანი ლ. ფ-ე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით თ. ფ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-ემ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, თ. ფ-ეის შვილს - ლ. ფ-ეს (დაბადების თარიღი ... წლის ...) დაუდგინდა შემდეგი სახის დიაგნოზი: ..., ..., ..., ... დაუზუსტებელი და ... დაუზუსტებელი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის უმძიმესი. საქართველოში ვერ ხერხდებოდა მკურნალობა და გაჯანსაღება, აუცილებელი იყო ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით მისი უცხოეთის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა. კასატორმა 2021 წლის 10 აგვისტოს და შემდგომ არაერთგზის მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვა, რომ მოწვეულიყო ექიმთა კონსილიუმი, რათა განსაზღვრულიყო ლ. ფ-ეისათვის უცხოეთის რომელიმე კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა. იმის გამო, რომ მოთხოვნასთან დაკავშირებით სამინისტრომ არ განახორციელა არანაირი ქმედება, თ. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 1 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება (საქმე №3/5303-21), რომლის თანახმადაც, დაადგინა შემდეგი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა კონკრეტულ შემთხვევაში, განახორციელოს ქმედებები (მოიძიოს შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსი, თუნდაც ხელშეკრულების საფუძველზე), მოსარჩელე თ. ფ-ეის დახმარების მიზნით, მის (თ. ფ-ეის) მიერ არჩეულ საზღვარგარეთის სამედიცინო ცენტრ - ჰ...თან კომუნიკაციის დამყარების თვალსაზრისით, არასრულწლოვანი პაციენტის ლ. ფ-ეის ხსენებულ ცენტრში მკურნალობის თაობაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში - ჰ...მა წარმოადგინოს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, რომლებიც წარედგინება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით „რეფერელური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროში შექმნილ კომისიას მძიმე პაციენტის არასრულწლოვან (რვა წლის) ლ. ფ-ეის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანის (ტრანსპორტირების) და მკურნალობასთან დაკავშირებით დაფინანსების (მოძიების, გამოყოფის, მობილიზების და ა.შ.) საკითხის გადასაწყვეტად, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, უზრუნველყოფილ იქნას ზემოაღნიშნულ სამკურნალო ცენტრში მისი ტრანსპორტირება (პაციენტის ტრანსპორტაბელურობის გათვალისწინებით) და მკურნალობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება. ლ. ფ-ე, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, დიდი ძალისხმევის, არაერთგზის მიმართვისა და იმის გამო, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობდა, გადაყვანილ იქნა სტამბულში - L...-ის კლინიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 1 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა 2021 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, რის გამოც მოსარჩელემ ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რათა უზრუნველყოფილიყო არასრულწლოვან ლ. ფ-ეისათვის ...ა და სრული სამედიცინო მკურნალობის კურსის ჩატარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2022 წლის 18 მარტს სარჩელთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს სასამართლოს განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ დაევალა, რომ უზრუნველეყო არასრულწლოვან ლ. ფ-ეის მკურნალობის დამატებითი ხარჯების დაფინანსება, რათა საფრთხე არ შექმნოდა არასრულწლოვნის სიცოცხლეს და მომხდარიყო ...ის შემდგომი პროცედურების გაგრძელება. არასრულწლოვანი ლ. ფ-ეის მეორე ...ა უნდა განხორციელებულიყო დაუყოვნებლივ, თუმცა სამინისტრომ არ უზრუნველყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილებების აღსრულება და არ განახორციელა შესაბამისი ფინანსების გამოყოფა, ამის გამო, ლ. ფ-ეის მამას - თ. ფ-ეს, მოუხდა სესხის აღება და 25 000 აშშ დოლარის გადახდა სტამბულის -L...-ის კლინიკისათვის.
სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე და გამოტანის შემდეგომ მოსარჩელე თითქმის ყოველდღე მიმართავდა სამინისტროს, რათა უზრუნველყოფილიყო ...ასთან დაკავშირებით ხარჯების გაღება, ასევე, სისტემატური კომუნიკაცია ჰქონდა სამინისტროს პასუხისმგებელ პირებთან, რასაც სამწუხაროდ არ მოჰყვა რეაგირება და ხდებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა. შედეგად სტამბულის - L... კლინიკამ არასრულწლოვან ლ. ფ-ეს დაატოვებინა კლინიკა, რამაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აღმოჩნდა ქუჩაში მის მშობელთან ერთად. მშობლებმა სესხად აღებული თანხით უყიდეს სანაციის აპარატი და ეტლი. მიუხედავად იმისა, რომ ლ. ფ-ეის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მოხდა არასრულწლოვნის გადაყვანა ჯერ პრაღაში და შემდგომ გერმანიის ქალაქ დრეზდენში. ზემოაღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვეს, რომ დაინტერესებულიყვნენ საქართველოს მოქალაქის - არასრულწლოვანი ლ. ფ-ეის ბედით, ჯანმრთელობით და ემოქმედათ მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რაზეც სამინისტრომ უმოქმედობა გამოიჩინა და არ დაინტერესებულან არასრულწლოვნის მდგომარეობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში სასამართლო აპელირებს იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაავალა მოპასუხეს მკურნალობა, მაშინ, როცა გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული ლ. ფ-ეის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სასამართლომ ნათლად და მკაფიოდ მიუთითა მოპასუხე მხარეს, რომ ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად უნდა გადადგმულიყო კონკრეტული ნაბიჯები, რაც ასევე ავტომატურად გულისხმობდა იმას, რომ საქართველოში, სანამ მისი გადაყვანა მოხდებოდა, გაწეულიყო მკურნალობა და სახელმწიფოს უზრუნველეყო მისი მკურნალობის ხარჯების დაფარვა, რაც არ მომხდარა. იმ დროს, როდესაც „ნ...“ ბავშვს კლინიკას ატოვებინებდა, რადგან თანხა იყო გადასახდელი, ოჯახი იძულებული გახდა, შუაღამეს, ნასესხები თანხით გადაეხადა მკურნალობის ხარჯები. როდესაც სასამართლო აპელირებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადაიხადა 5 500 ლარი კლინიკაში, ეს იყო შემდგომი ეტაპი, რისი ვალდებულებაც ჰქონდა. ასევე, ჰქონდა ის ვალდებულება, რომ ოჯახის მიერ სესხად აღებული თანხით გადახდილი საფასურიც აენაზღაურებინა სამინისტროს.
ის გარემოება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმეში ჩართო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც შეეცადა მოეძიებინა უცხოეთში კლინიკა, არ იყო საკმარისი და ეს არ არის უშუალოდ დაკავშირებული ზიანის ანაზღაურებასთან, ვინაიდან, ზიანის ანაზღაურება იმის გამო იქნა მოთხოვნილი, რომ ერთი მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების მიუხედავად არ მოხდა მკურნალობის ხარჯის გადახდა და ასევე, მეორე მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების შემდგომაც, არ მოხდა ლ. ფ-ეის ...ის გადანერგვის ანაზღაურება და ოჯახს, კვლავ ნასესხები თანხით მოუწია ...ის გადანერგვის დაფინანსება, მაშინ, როცა სარჩელიც იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კასატორის განმარტებით, ,,ბავშვთა უფლებების’’ შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი და მეორე პუნქტები სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები დროულად, დაუყოვნებლივ, რამაც გამოიწვია, მხარისათვის ზიანის მიყენება. ლ. ფ-ეის მშობლებმა ნასესხები თანხით დაფარეს მკურნალობის ხარჯები. თ. ფ-ე იძულებული იყო, რომ აღნიშნული თანხა გადაეხადა, რადგან პირველი ღეროვანი უჯრედის გადანერგვის შემდგომ, ექიმების მიერ განსაზღვრულ ვადაში, საჭირო იყო ...ის გადანერგვა და როდესაც ისეთ მნიშვნელოვან ღირებულს ეხება საკითხი, როგორიც არის ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ხოლო სახელმწიფო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით, არ დგამდა შესაბამის ნაბიჯებს, უსასრულოდ ვერ მოხდებოდა დალოდება. დაუსაბუთებელის სასამართლოს მითითება მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ პოზიტიური ვალდებულება მტკიცების წარდგენის თაობაზე განხორციელებულ იქნა და ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, ნათლად დგინდება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები დროულად, დაუყოვნებლივ, რამაც გამოიწვია, რომ ზიანი მიადგა მხარეს. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან მიმართებაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგზავნა კონკრეტული მიმართვები კონკრეტული სახელმწიფოს კლინიკებისადმი, კერძოდ, მიმართვები გაგზავნილია დეკემბერ-იანვარში, ხოლო ლ. ფ-ეს თურქული კლინიკა დაატოვებინეს აპრილის თვეში. ამასთან საქმეში არ არის დაცული მტკიცებულებები, რომ სახელმწიფო დაინტერესდა ან დღეს ინტერესდება ლ. ფ-ეის ბედით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ფ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ფ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე თ. ფ-ეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი - ლ. ფ-ე, დაბადებული ... წლის ...ს (ტ.1, ს.ფ 57); ბ) 2021 წლის 4 აგვისტოს, შპს „ნ...ის“ მიერ გაცემულ იქნა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, პაციენტი ლ. ფ-ე 2021 წლის 23 ივნისს მოთავსებულ იქნა სტაციონარში. ამავე ცნობის მიხედვით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მითითებულია, რომ პაციენტს აღენიშნებოდა ...; ..., დაუზუსტებელი; ...; ... დაუზუსტებელი; ... დაუზუსტებელი; ..., რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში (ტ.1, ს.ფ 18-55); გ) 2021 წლის 10 აგვისტოს, თ. ფ-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განცხადებაში მიუთითა, რომ თ. ფ-ეის შვილი - ლ. ფ-ე არის მძიმე ავადმყოფი, რომელიც ამჟამად მკურნალობის კურსს გადის კლინიკა „ჯ...ში“, მაგრამ მისი მკურნალობა არის უშედეგო და საქართველოში ფაქტობრივად ამოიწურა ყველა შესაძლებლობა, რომ მისი მკურნალობა იყოს სრულფასოვანი, ადეკვატური და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნეს გადარჩენილი. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ პაციენტის სიცოცხლისათვის საჭიროა უცხოეთში გადაყვანა მკურნალობის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს ეთხოვა უცხოეთის შესაბამისი პროფილის კლინიკებთან შესაბამისი კონტაქტების დამყარების უზრუნველყოფა და ბავშვის ეტაპირებისთვის ხელშეწყობა, მისი შემდგომი მკურნალობის მიზნით (ტ.1, ს.ფ 58-59). 2021 წლის 10 აგვისტოს განცხადების პასუხად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 18 აგვისტოს №01/12348 წერილით, თ. ფ-ეის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის აუცილებლობის განსაზღვრის მიზნით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გასცეს მიმართვა სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტთან. ამასთან, რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი კლინიკის მოძიებასთან დაკავშირებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ აღნიშნული სცილდება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს, თუმცა, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის და თხოვნის საფუძველზე აღნიშნული საკითხის მოგვარებაში დახმარებას უწევენ სამინისტროს ექსპერტი (ბატონი დ. ც-ე) და ასევე, უშუალოდ ის კლინიკა, სადაც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას პაციენტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 18 აგვისტოს №01/12348 წერილს დანართის სახით ერთვის დასკვნა საზღვარგარეთ ავადმყოფის მკურნალობის აუცილებლობის შესახებ, რომლის თანახმად, პაციენტი ლ. ფ-ე (დიაგნოზით: ..., დაუზუსტებელი; ...; ... დაუზუსტებელი; ... დაუზუსტებელი; ...; ..., რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში) საჭიროებს რეაბილიტაციის განსაკუთრებული მეთოდების გამოყენებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯერჯერობით დანერგილი, ამიტომ ექსპერტმა მიზანშეწონილად მიიჩნია პაციენტის გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში ნეირორეაბილიტაციის და შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. რეკომენდებული ქვეყანა (ქვეყნები): თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია (ტ.1, ს.ფ 60-62); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 26 ოქტომბრის №01/16522 წერილით თ. ფ-ეის წარმომადგენელს მ. ნ-ეს ეცნობა, რომ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს სამინისტროს ექსპერტების: ნ. (ნა.) ტ-ის (სამინისტროს ექსპერტი ...ის დარგში), ი. ნ-ის (სამინისტროს ექსპერტი ...ის დარგში) და დ. ც-ეის (სამინისტროს ექსპერტი ... და ...ის დარგში) მიერ იქნა შეფასებული პაციენტ ლ. ფ-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე და განისაზღვრა საზღვარგარეთ პაციენტის მკურნალობის მიზანშეწონილობა. საზღვარგარეთ ავადმყოფის მკურნალობის აუცილებლობის შესახებ 2021 წლის 22 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, პაციენტი ლ. ფ-ე ამჟამად საჭიროებს მკურნალობას სტაციონალურ დაწესებულებაში, რომელშიც არის საშუალება, როგორც ... პრობლემების მართვის, ასევე ...ისა. ასეთი სტაციონარი საქართველოში ჯერ არ არის, ამის გამო საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. რეკომენდებული ქვეყანა, საზღვარგარეთის სამედიცინო ცენტრი - ჰ...ი (ტ.1, ს.ფ 63-83); ე) თ. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში მოითხოვა: დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქმედების განხორციელება, კერძოდ: მოპასუხე მხარემ უზრუნველყოს კომუნიკაციის დამყარება საზღვარგარეთის სამედიცინო ცენტრ - ჰ...თან, ორგანიზება გაუწიოს ლ. ფ-ეის მითითებულ ცენტრში სამკურნალოდ გადაყვანას, მოაგვაროს გადაყვანასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, უზრუნველყოს პაციენტის ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ხარჯების გამოყოფა და ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/5303-21), თ. ფ-ეის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დადგინდა შემდეგი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომში სამინისტრო), კონკრეტულ შემთხვევაში, განახორციელოს ქმედებები (მოიძიოს შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსი, თუნდაც ხელშეკრულების საფუძველზე), მოსარჩელე თ. ფ-ეის დახმარების მიზნით, მის (თ. ფ-ეის) მიერ არჩეული საზღვარგარეთის სამედიცინო ცენტრ - ჰ...თან კომუნიკაციის დამყარების თვალსაზრისით, არასრულწლოვანი პაციენტის ლ. ფ-ეის ხსენებულ ცენტრში მკურნალობის თაობაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში - ჰ...მა წარმოადგინოს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, რომლებიც წარედგინება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით ,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროში შექმნილ კომისიას მძიმე პაციენტის არასრულწლოვან (რვა წლის) ლ. ფ-ეის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანის (ტრანსპორტირების) და მკურნალობასთან დაკავშირებით დაფინანსების (მოძიების, გამოყოფის, მობილიზების და ა.შ) საკითხის გადასაწყვეტად, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, უზრუნველყოფილი იქნას ზემოაღნიშნულ სამკურნალო ცენტრში მისი ტრანსპორტირება (პაციენტის ტრანსპორტაბელურობის გათვალისწინებით) და მკურნალობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით (საქმე №3/5303-21), ამავე სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის №3/5303-21 გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა (ტ.1, ს.ფ 63-83, 84-86); ვ) 2021 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ №01/18458 წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და თ. ფ-ეის სარჩელთან დაკავშირებით №3/5303-21 საქმეზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინების მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს დავალებული აქვს უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს გადაწყვეტილებაში მითითებულ ჰ... - ჰ...თან (... 56813 GG ... ...) კომუნიკაციის დამყარება და არასრულწლოვანი პაციენტის ლ. ფ-ეის ხსენებულ ცენტრში მკურნალობისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან მომზადებულ იქნა წერილი ხსენებული ცენტრის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეთხოვა მხარდაჭერის აღმოჩენა ჰ... - ჰ...თან ზემოთ აღნიშნული წერილის პროექტის და თანდართული მასალის მიწოდებისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაძლებლად მოკლე ვადაში მიღების უზრუნველყოფის საკითხში (ტ.1, ს.ფ 212); 2021 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კვლავ მიმართა წერილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აცნობა, რომ ლ. ფ-ეის მკურნალობის მიზნით სამინისტროს მხარდაჭერითა და ჰოლანდიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, შედგა კომუნიკაცია ჰ... - ჰ...თან, თუმცა ხსენებულმა კლინიკამ პაციენტის მდგომარეობიდან და კლინიკის საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, თავი შეიკავა პაციენტის მიღებაზე. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა პაციენტის ადვოკატსაც. ამასთან, წერილში მიეთითა, რომ ლ. ფ-ეის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მისი ოჯახი ითხოვს ალტერნატიული კლინიკის მოძიებას. სამინისტროს მიერ მომზადებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებებისთვის გასაგზავნი წერილის პროექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეთხოვა მხარდაჭერის აღმოჩენა გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოებისთვის კლინიკებისადმი გასაგზავნი წერილის პროექტის და თანდართული მასალის მიწოდების და ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაციის (ინვოისის) შესაძლებლად მოკლე ვადაში მიღების უზრუნველყოფის საკითხში (ტ.1, ს.ფ 225); აღნიშნული წერილების პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 22 დეკემბერს, №01/35432 წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აცნობა, რომ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკონსულო ნიდერლანდების სამეფოში დაუკავშირდა სარეაბილიტაციო ცენტრს - ... (სარეაბილიტაციო ცენტრი ხ...) და გადასცა ლ. ფ-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. სარეაბილიტაციო ცენტრმა საკონსულოს აცნობა, რომ პაციენტის სპეციფიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ არ აქვთ მკურნალობის ჩატარებისათვის აუცილებელი რესურსები. მათი რეკომენდაციით, საკონსულო დაუკავშირდა სათანადო პროფილის მქონე სამედიცინო ცენტრს - L... (რ...). ცენტრის განმარტებით, მომლოდინე პაციენტთა მრავალრიცხოვანი სიისა და სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობის გამო, აღნიშნულმა ცენტრმაც უარი განაცხადა ლ. ფ-ეის მიღებაზე (ტ.1, ს.ფ 214). 2021 წლის 30 დეკემბერს, ლ. ფ-ეის მშობლების მონაწილეობით შედგა კომუნიკაცია თურქეთის მულტიპროფილურ კლინიკა ,,ლ...“ და შპს ,,ნ...ის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრთან. თურქეთის კლინიკამ თანხმობა განაცხადა პაციენტის მიღებაზე (ტ.1, ს.ფ 209-210); ზ) 2022 წლის 14 იანვარს შედგა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით (,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“) შექმნილი კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა, მათ შორის, ლ. ფ-ეის ადვოკატის განაცხადი. კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, „ლი...დან“ წარმოდგენილია ინვოისი 327 800 აშშ დოლარის მოცულობით (1 წლის სერვისები, რომელიც მოიცავს სპეციალისტების კონსულტაციას, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს და სტაციონარულ რეაბილიტაციურ მკურნალობას). ამასთან, აღინიშნა, რომ პაციენტის თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირება 12 000 ლარის მოცულობით დაფინანსებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ, რომელმაც ასევე დააფინანსა ლ. ფ-ეის სამედიცინო სერვისები 10 000 აშშ დოლარის მოცულობით. ამავე სხდომაზე კომისიამ მოისმინა ინფორმაცია პაციენტ ლ. ფ-ეის შესახებ, აღინიშნა, რომ მართალია სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია, თუმცა პაციენტის ასაკის, დიაგნოზისა და კლინიკური სტატუსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა განხილული იქნეს წარმოდგენილი ინვოისიდან მხოლოდ პირველი კურსის დაფინანსების საკითხი. მხედველობაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის მიერ გაწეული დახმარების მოცულობა და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ლ. ფ-ეის თურქეთში სარეაბილიტაციო მკურნალობის 31 000 ლარით (10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) დაფინანსების თაობაზე (ტ.1, ს.ფ 144-164); თ) საქმის მასალებში წარმოდგენილია 2022 წლის 19 იანვრის საგადახდო დავალება, რომლის თანახმად, ნ. კ-იმა (ლ. ფ-ეის დედა) „ნ...ს“ გადაურიცხა 5 217 ლარი. 2022 წლის 28 იანვარს შედგა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების - „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ თანახმად შექმნილი კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა, მათ შორის, ლ. ფ-ეის მშობლებისა და ადვოკატის მოთხოვნა შპს „ნ...ში“ ჩატარებული მკურნალობის ხარჯების 5 500 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე. კომისიამ მოისმინა ლ. ფ-ეის ოჯახის თხოვნა და ერთხმად განაცხადა თანხმობა გამონაკლისის სახით დაფინანსდეს შპს „ნ...ში“ მისთვის ჩატარებული მკურნალობა (ტ.1, ს.ფ 293, 57, 144-164); ი) 2022 წლის 31 იანვარს, ლ. ფ-ე შეყვანილი იქნა თურქეთის კლინიკა „ლ...ში“. აღნიშნულ კლინიკაში ლ. ფ-ეს ჩატარებული აქვს ...ის ორი პროცედურა. საქმის მასალებში წარმოდგენილია პროფორმა ინვოისი, სადაც მითითებულია, რომ ლ. ფ-ეს ესაჭიროება ...ის 4 პროცედურა (ტ.1, ს.ფ 144-164, 116-118); კ) 2022 წლის 15 თებერვალს, თ. ფ-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განცხადებაში მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/5303-21), სამინისტროს დაევალა შესაბამისი ქმედებების განხორციელება ლ. ფ-ეის სიცოცხლის გადასარჩენად. ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ლ. ფ-ე ამჟამად გადაყვანილია სტამბულში, L...-ის კლინიკაში და ესაჭიროება ...ასთან დაკავშირებული დამატებითი პროცედურები და ასევე, სხვა სამედიცინო მანიპულაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს დანართის სახით წარედგინა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები და ეთხოვა ლ. ფ-ეის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისად (ტ.1, ს.ფ 87). 2022 წლის 17, 21 და 22 თებერვალს, თ. ფ-ეის წარმომადგენელმა ანალოგიური შინაარსის განცხადებებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დამატებით მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ ლ. ფ-ეს, რომელიც ამჟამად იმყოფება სტამბოლის L...-ის კლინიკაში, ესაჭიროება ხანგრძლივი ნეირორეაბილიტაცია და მკურნალობა. კლინიკის გადაწყვეტილების საფუძველზე, არასრულწლოვან ლ. ფ-ეს ერთხელ ჩაუტარდა ...ა. სულ უნდა მოხდეს ღეროვანი უჯრედის გადანერგვის პროცედურა 6-ჯერ. შესაბამისად, ...ის გაგრძელების მიზნით, საჭიროა ხარჯების დაფინანსება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს ეთხოვა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე და სტამბოლში არსებული კლინიკა L...-თან კომუნიკაციის შედეგად, დაფინანსების უზრუნველყოფა, რომ არ შეჩერებულიყო არასრულწლოვან ლ. ფ-ეისთვის მკურნალობის ჩატარება (ტ.1, ს.ფ 119-120, 122-125); ლ) საქმის მასალებში წარმოდგენილია 2022 წლის 3 მარტის საგადახდო დავალება, რომლის თანახმად, თ. ფ-ემ S...-ს (დანიშნულება: L..., PATIENTS’S NAME L. P-E) გადაურიცხა 15 000 აშშ დოლარი (ტ.1, ს.ფ 168); მ) 2022 წლის 4 მარტს შედგა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების („რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“) საფუძველზე შექმნილი კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ლ. ფ-ეის დაფინანსების საკითხი. სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის წევრებმა მხედველობაში მიიღეს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობაში მიღწეულია გარკვეული გაუმჯობესება, აგრეთვე ქ. თბილისის მერიის მზადყოფნა კვლავ აღმოუჩინოს ფინანსური მხარდაჭერა ლ. ფ-ეს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ლ. ფ-ეის 33 000 ლარით დაფინანსების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 9 მარტის მიმართვა №..., სადაც აღნიშნულია ლ. ფ-ეისთვის 33 000 ლარის ოდენობით დაფინანსების დამტკიცების თაობაზე, მიმღები დაწესებულება - L... თურქეთი, .../ლაბორატ. დასახელება - სტაციონარი სარეაბილიტაციო თერაპია, ...ის პროცედურები. ამასთან, 2022 წლის 9 მარტის განცხადებაში თ. ფ-ეის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 4 მარტს ჩაირიცხა 33 000 ლარი (ტ.1, ს.ფ 144-164, 227-228, 136-137); ნ) საქმის მასალებში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 16 მარტის წერილი, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა ლ. ფ-ეის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების ხარჯები 12 000 ლარის ოდენობით (2022 წლის 24 იანვრის ბრძანება 1-80), ხოლო საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების ხარჯები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ დაფინანსდა 2022 წლის 24 იანვარს 30 000 ლარით და მერის სარეზერვო ფონდიდან 18 000 ლარით (2022 წლის 7 მარტის 1-223 ბრძანების საფუძველზე) (ტ.1, ს.ფ 221); ო) თ. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს ქმედების განხორციელება იმ მხრივ, რომ გამოიყოს ფინანსური სახსრები არასრულწლოვან ლ. ფ-ეის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, რომელიც მას ესაჭიროება ...ასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1078-22), თ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არასრულწლოვან ლ. ფ-ეის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, მისთვის ...ის დარჩენილ პროცედურებთან დაკავშირებული დაფინანსების საკითხის განხილვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1 500 (ათას ხუთასი) ლარის თ. ფ-ეის სასარგებლოდ ანაზღაურება. გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია კომისიის მიერ არაერთხელ იქნა დაფინანსებული არასრულწლოვანი ლ. ფ-ეის მკურნალობის ხარჯები და შედეგად, მას თურქეთის კლინიკაში ჩატარებული აქვს ...ის ორი პროცედურა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ბავშვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან უნდა გატარდეს ყველა ღონისძიება, რომელიც არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ჭეშმარიტ ინტერესს ეფექტიანად უზრუნველყოფს. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვები მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან და ისინი სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ, რათა მინიმალიზდეს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის რისკები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს აღნიშნული რისკების შეფასების შედეგად არასრულწლოვან ლ. ფ-ეის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, მისთვის ...ის დარჩენილ პროცედურებთან (2 პროცედურა) დაკავშირებული დაფინანსების საკითხის განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით (საქმე №3/1078-22), ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის №3/1078-22 გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ტ.1, ს.ფ 144-164, 165-167); პ) 2022 წლის 23, 24 და 28 მარტს, თ. ფ-ეის წარმომადგენელმა განცხადებებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №3/1078-22), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის განჩინება (საქმე №3/1078-22) და მოითხოვა გადაწყვეტილების დროული აღსრულების უზრუნველყოფა (ტ.1, ს.ფ 138-141); ჟ) 2022 წლის 1 აპრილს შედგა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების (,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“) საფუძველზე შექმნილი კომისიის სხდომა, რომელზეც, წარმოდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №3/1078-22), ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განჩინება (საქმე №3/1078-22) და განხილული იქნა მათი აღსრულების საკითხი. სხდომის ოქმის თანახმად, ხ. ჩ-ამ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ 2022 წელს უკვე დაფინანსებულია ლ. ფ-ეის რეაბილიტაციური მკურნალობისა და ...ის 2 კურსი, სულ 64 000 ლარით. კომისიის მიერ დაფინანსებულია პაციენტისთვის საქართველოში - შპს „ნ...ში“ გაწეული მომსახურებაც 5 500 ლარი. ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დაფინანსებულია პაციენტის ტრანსპორტირების ხარჯები 18 000 ლარით და თურქეთში მკურნალობა 48 000 ლარით. ამავე ოქმის მიხედვით, ხ. ჩ-ამ აღნიშნა, რომ თურქი კოლეგების სიტყვიერი ინფორმაციით, ...ის ორი პროცედურის შემდგომ, რაიმე სახის რადიკალური გაუმჯობესება პაციენტის კლინიკურ სტატუსში, სამწუხაროდ არ შეინიშნება, რის შესახებაც ინფორმირებულია პაციენტის დედაც. კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ პაციენტი არაერთხელ იქნა დაფინანსებული კომისიის მიერ სოლიდური თანხით, რაც ორჯერ აღემატება დადგენილ ლიმიტს. ამასთან, რეფერალური პროგრამის მიერ თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, შეუძლებელია პაციენტების უზრუნველყოფა ყველა შესაძლო სამედიცინო სერვისით. კომისიის წევრები ერთხმად შეჯერდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილ იქნეს თურქეთის კლინიკიდან დეტალური სამედიცინო დასკვნა ლ. ფ-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისთვის ჩატარებული სამედიცინო ჩარევებისა და მიღებული ეფექტის მითითებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობაში მიღწეულია გარკვეული გაუმჯობესება, განხილულ იქნეს ლ. ფ-ეის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი (ტ.1, ს.ფ 215-220); რ) 2022 წლის 4 აპრილს, თ. ფ-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განცხადებაში მიუთითა, რომ ლ. ფ-ე მკურნალობის კურსს გადიოდა L...-ის კლინიკაში. სამწუხაროდ, აღნიშნულმა კლინიკამ შეწყვიტა ...ა, თუმცა გადასახდელი იყო კლინიკაში მკურნალობის ხარჯები, რომელიც არ დაფარა საქართველოს მთავრობამ. აღნიშნულის გამო, არასრულწლოვანი თურქეთის კლინიკამ გაუშვა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლ. ფ-ე ოჯახთან ერთად თურქეთიდან წავიდა ჩეხეთში, ხოლო შემდგომ გერმანიაში, რათა მისი მოთავსება მომხდარიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ...ს მხარეში არსებულ სამედიცინო ცენტრ V...-ში (ტ.1, ს.ფ 142-143).
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის, მისი ჯანმრთელობის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და უპირველესად მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, რომლის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი სანამ 18 წლის ასაკს მიაღწევდეს, თუ კანონით, რომელიც ამ ბავშვისადმი გამოიყენება, ის უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას (1-ლი მუხლი).
მითითებული კონვენციის 3.1 მუხლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
კონვენციის 24-ე მუხლი ეხება ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხს. კერძოდ, (1) მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით და ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ესწრაფვიან უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ შეელახოს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ამგვარ მომსახურებაზე; (2) მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ სრულად განახორციელონ ეს უფლება და, კერძოდ, მიმართავენ საჭირო ღონისძიებებს, რათა: ა) შემაცირონ ახლაშობილთა სიკვდილიანობისა და ბავშვთა სიკვდილიანობის დონეები; ბ) ყველა ბავშვი უზრუნველყონ საჭირო სამედიცინო დახმარებით და ჯანმრთელობის დაცვით, ამასთან უპირველესი ყურადღება დაუთმონ პირველადი სამედიცინო–სანიტარიული დახმარების განვითარებას; გ) ებრძოლონ დაავადებებსა და საკვების ნაკლებობას, მათ შორის პირველადი სამედიცინო–სანიტარიული დახმარების ფარგლებში, სხვა საშუალებებთან ერთად იმ გზით, რომ გამოიყენონ ადვილად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები და უზრუნველყონ საკმარისი უათიანი სურსათითა და სუფთა სასმელი წყლით, გარემოს დაბინძურების საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით; დ) დედებს სათანადო მომსახურება გაუწიონ ჯანმრთელობის დასაცავად მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდებში; ე) უზრუნველყონ, რომ საზოგადოების ყველა ფენა, კერძოდ მშობლები და ბავშვები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების, ძუძუთი კვების უპირატესობის, ბავშვის საცხოვრებელ გარემოში ჰიგიენის, სანიტარიის და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ, აგრეთვე, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს განათლება და დახმარება ეწეოდეთ ასეთი ცოდნის გამოყენებაში; ვ) განავითარონ საგანმანათლებლო მუშაობა და მომსახურება პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების და ოჯახის სიდიდის დაგეგმვის სფეროში; (3) მონაწილე სახელმწიფოები ყველა ეფექტიან და საჭირო ზომას მიმართავენ, რათა აღმოფხვრან ტრადიციული პრაქტიკა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ჯანმრთელობაზე; (4) მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, ხელი შეუწყონ საერთაშორისო თანამშრომლობას და განავითარონ იგი, რათა თანდათან მიაღწიონ ამ მუხლით აღიარებული უფლების სრულად განხორციელებას. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნილებებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით.
ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
მითითებული კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, (1) ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული; (2) სახელმწიფო ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებასა და დაცვას ახორციელებს ბავშვისთვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისა და დაწესებულებების ხელმისაწვდომობის, აგრეთვე უვნებელი გარემოს უზრუნველყოფით.
კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, (1) ყოველ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების (მათ შორის, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, სტაციონარული მომსახურების, რეაბილიტაციის) გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობით; (2) სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, რათა არცერთ ბავშვს, მათ შორის, არცერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ან/და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვს, არ შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა. მოსარჩელე მოპასუხის ვალდებულებას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით უკავშირებს სამინისტროს უმოქმედობას მისი შვილის - მცირეწლოვანი ლ. ფ-ეის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მათ შორის, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, რის გამოც თ. ფ-ეს მოუხდა სესხად აღებული თანხებით დაეფარა მითითებული ხარჯები. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ 25000 აშშ დოლარი გადახდილ იქნა ქალაქ სტამბულში მდებარე კლინიკისათვის, ხოლო 5000 ლარი - შპს „ნ...სთვის“. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, გარდა მატერიალური ზიანისა, მიადგა მორალური ზიანიც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული..“(სუს 10.04.2014წ. №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება). ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას უკავშირებს სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობას, თავდაპირველად ყურადღება უნდა მიექცეს სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებების შინაარსს.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/5303-21), რომლითაც თ. ფ-ეის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დადგინდა შემდეგი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომში სამინისტრო), კონკრეტულ შემთხვევაში, განახორციელოს ქმედებები (მოიძიოს შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსი, თუნდაც ხელშეკრულების საფუძველზე), მოსარჩელე თ. ფ-ეის დახმარების მიზნით, მის (თ. ფ-ეის) მიერ არჩეული საზღვარგარეთის სამედიცინო ცენტრ - ჰ...თან კომუნიკაციის დამყარების თვალსაზრისით, არასრულწლოვანი პაციენტის ლ. ფ-ეის ხსენებულ ცენტრში მკურნალობის თაობაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში - ჰ...მა წარმოადგინოს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, რომლებიც წარედგინება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით ,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროში შექმნილ კომისიას მძიმე პაციენტის არასრულწლოვან (რვა წლის) ლ. ფ-ეის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანის (ტრანსპორტირების) და მკურნალობასთან დაკავშირებით დაფინანსების (მოძიების, გამოყოფის, მობილიზების და ა.შ) საკითხის გადასაწყვეტად, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, უზრუნველყოფილი იქნას ზემოაღნიშნულ სამკურნალო ცენტრში მისი ტრანსპორტირება (პაციენტის ტრანსპორტაბელურობის გათვალისწინებით) და მკურნალობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1078-22), თ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არასრულწლოვან ლ. ფ-ეის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, მისთვის ...ის დარჩენილ პროცედურებთან დაკავშირებული დაფინანსების საკითხის განხილვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 9 მარტის №... მიმართვაში, აღნიშნულია ლ. ფ-ეისთვის 33 000 ლარის ოდენობით დაფინანსების დამტკიცების თაობაზე, მიმღები დაწესებულება - L... თურქეთი, .../ლაბორატ. დასახელება - სტაციონარი სარეაბილიტაციო თერაპია, ...ის პროცედურები. ამასთან, 2022 წლის 9 მარტის განცხადებაში თ. ფ-ეის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 4 მარტს ჩაირიცხა 33 000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2022 წლის 1 აპრილის №11 სხდომის ოქმით კომისიამ იმსჯელა ლ. ფ-ეის საკითხზე. კომისიის წევრები ერთხმად შეჯერდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო თურქეთის კლინიკიდან დეტალური სამედიცინო დასკვნა ლ. ფ-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისთვის ჩატარებული სამედიცინო ჩარევებისა და მიღებული ეფექტის მითითებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობაში მიღწეულია გარკვეული გაუმჯობესება, განხილულ ყოფილიყო ლ. ფ-ეის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო გადაწყვეტილებებით არ დავალებია რაიმე დამატებითი ხარჯის ანაზღაურება, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით დაევალა ...ის დარჩენილ პროცედურებთან დაკავშირებული დაფინანსების საკითხის განხილვა. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა კომისიის მიერ და გამოითქვა მზადყოფნა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტების მიღების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების პირობებში, ლ. ფ-ეის მკურნალობის ფინანსური მხარდაჭერის საკითხის განხილვის თაობაზე. ამდენად, არ დგინდება სახელმწიფოს მხრიდან თ. ფ-ეისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით 25000 აშშ დოლარის დაკისრებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მატერიალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრების შესახებ, სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 2022 წლის 19 იანვრის საგადახდო დავალება, რომლის თანახმად, ნ. კ-იმა (ლ. ფ-ეის დედა) „ნ...ს“ გადაურიცხა 5 217 ლარი. 2022 წლის 28 იანვარს შედგა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების („რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“) საფუძველზე შექმნილი კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ლ. ფ-ეის მშობლებისა და ადვოკატის მოთხოვნა შპს „ნ...ში“ ჩატარებული მკურნალობის ხარჯების 5 500 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე. კომისიამ ერთხმად განაცხადა თანხმობა გამონაკლისის სახით დაფინანსებულიყო შპს „ნ...ში“ ბავშვისთვის ჩატარებული მკურნალობა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მითითებული თანხა, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს თ. ფ-ე, უკვე დაფინანსებულია მოპასუხე მხარის მიერ და ამ ნაწილშიც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის მიხედვითაც, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელისათვის მოპასუხის ქმედებით/უმოქმედობით მორალური ზიანის მიყენების ფაქტი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო გადაწყვეტილებებით არ დავალებია რაიმე დამატებითი ხარჯის ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ არასრულწლოვან ლ. ფ-ეს მკურნალობის ხარჯების გადაუხდელობის გამო დაატოვებინეს კლინიკა და აღნიშნული განპირობებული იყო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით. შესაბამისად, არ დასტურდება მორალური ზიანის არსებობა და არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ფ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე