საქმე Nბს-892 (გ-24) 02 აგვისტო, 2024 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ 09.07.2024წ. განცხადებით მიმართა მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს და წარადგინა ბ. ო-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის ფაქტზე შედგენილი N... სამართალდარღვევის ოქმი და მასალები.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 15.07.2024წ. განჩინებით სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ ბ. ო-ის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N... განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ აღნიშნა, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება. საქართველოს მთავრობის 04.01.2018წ. N1-1/2 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების" პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150. ამავე დებულების მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს (მისი სამსახურის) ფუნქციას წარმოადგენს კომპეტენციის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშების განხილვა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, 18.06.2024წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტის მიერ ბ. ო-ის (პ/ნ ..., მისამართი: მარნეულის რაიონი, სოფელი ..., მე-... ... ჩიხი, N...) მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N.... ოქმის თანახმად ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს 01 აპრილიდან 01 მაისამდე წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, რაც არ იქნა შესრულებული დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში განსჯადი (უფლებამოსილი) სასამართლოს დადგენისათვის გასათვალისწინებელია შერაცხული სამართალდარღვევის სპეციფიკა, რაც მდგომარეობს შესაბამისი ანგარიშის წარუდგენლობაში (აღნიშნული წერილობითი ფორმით უნდა განხორციელებულიყო ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში). ამ ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) კი მოქცეულია თბილისის თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში. საგულისხმოა, რომ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს დებულების თანახმად ტერიტორიული ორგანოები არ აქვს, შესაბამისად, მას მხოლოდ ერთადერთი მისამართი გააჩნია.
სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის 1-ელ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასთან ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით აღნიშნული ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთ-ერთი შემდეგი ქმედების ჩადენა: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობა, მრიცხველზე ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის ლიცენზიის ვადის გასვლამდე ათვისების შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე განცხადების წარუდგენლობა, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის პირველი ნაწილი ეხება ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციებისა და ანგარიშების წარდგენასთან. შესაბამისად, დარღვევად კანონმდებლობა მიიჩნევს ამ ინფორმაციებისა და ანგარიშების წარუდგენლობას. სასამართლოს მოსაზრებით სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს განსაზღვრავს ის ადგილი, სადაც პირს უნდა წარედგინა ინფორმაცია ან ანგარიში. ლიცენზიის გამცემს ან სხვა მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ერთი ადგილსამყოფელი, ეს ადგილსამყოფელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, ხოლო თუ მას აქვს რამდენიმე ადგილსამყოფელი (ტერიტორიული სამსახურების, სტრუქტურული ერთეულის სახით), მაშინ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი შეიძლება დაუკავშირდეს შესაბამის ტერიტორიული სამსახურის ადგილსამყოფელს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ. ო-ის დარღვევად ერაცხება ანგარიშის წარუდგენლობა სსიპ საქართველოს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში მისამართზე - თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N150. ამდენად, ადმინისტარციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელი, სადაც ლიცენზიის მფლობელს უნდა წარედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილ, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.2024წ. განჩინებით სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ ბ. ო-ის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N... ოქმი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო‘’. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ედავება ლიცენზიით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობას, კერძოდ ლიცენზიის გამცემ ორგანოში - სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარუდგენლობას. ლიცენზიის თანახმად წიაღისეულის ათვისება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს შეუძლია მარნეულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ბ. ო-იზე გაცემული N100185 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ს ტერიტორიაზე. სასამართლოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ის ადგილი/ტერიტორია, რომელიც გათვალისწინებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიაში კონკრეტულად მითითებულ ტერიტორიაზე იძენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. ლიცენზიანტის საქმიანობის განხორციელების ფარგლები მკაცრად არის განსაზღვრული. ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაკავშირებულია უშუალოდ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიასთან, იგი ვერ იქნება ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის მიღმა ადგილი. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად ბ. ო-ის მიერ დარღვეულია ლიცენზიით განსაზღვრული პირობები, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ბ. ო-ის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ სამუშაოებთან.
სასამართლოს მოსაზრებით ანგარიშის ლიცენზიის გამცემ ორგანოში წარსადგენად ლიცენზიანტს არ სჭირდება ქ. თბილისში ჩამოსვლა და ოქმის შემდგენ ორგანოში მისვლა არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით მატერიალური სახით რაიმე დოკუმენტის ჩასაბარებლად. ამ ვალდებულების შესრულება შესაძლებელია დაუბრკოლებლად, თუნდაც ელექტრონული სახით იმ ადგილიდან, სადაც ეს უკანასკნელი ეწევა საქმიანობას, იმ ტერიტორიიდან, სადაც გაცემულია შესაბამისი ლიცენზია (რეგულირების საფასურის გადახდის შემთხვევაში ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიიდან/ადგილზე არსებულ საბანკო დაწესებულებაში თანხის გადახდის მეშვეობით, წერილობითი ანგარიშგების და ათვისების შესაბამის გეგმის წარდგენის შემთხვევაში იმავე ადგილიდან - ელექტრონულად შესაბამისი ოფიციალური საიტის მეშვეობით და ა.შ.). სავარაუდო სამართალდარღვევა გამოიხატა უმოქმედობაში - ანგარიშგების წარუდგენლობაში. მოცემულ პირობებში სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაძლო სამართალდარღვევის ადგილი არის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ფაქტობრივი საქმიანობის განხორციელების ადგილი - ლიცენზიით მოცული ტერიტორია, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტი. სასმართლოს მოსაზრებით სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა უნდა მოხდეს შესაბამისი განსჯადი სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლეს) შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა, როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ზოგადი წესის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას (261.1 მუხ.), თუმცა დადგენილია გამონაკლისი კოდექსის 1151−1163, 118-ე−123-ე, 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (261.2 მუხ.), ასევე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც განიხილება მათი ჩადენის ადგილას ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (261.3 მუხ.), კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო და კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო (261.1 მუხ., მართალია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 09.02.2023წ. N2574 კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად 261-ე მუხლის პირველი ნაწილის რედაქცია შეიცვალა, თუმცა აღნიშნული ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 01 იანვრიდან. ამასთანავე, ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმის რედაქცია არ ადგენს რაიმე განსხვავებულ წესს სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის საფუძველზე მიმდინარე საქმეების ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ამასთან, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ. ო-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 18.06.2024წ. N... ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობას. მითითებული ოქმის თანახმად ბ. ო-ის მიერ არ იქნა შესრულებული "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს ყოველწლიურად, 01 აპრილიოდან 01 მაისამდე წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. შესაბამისად, ბ. ო-ითან მიმართებით შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და მისი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან. ამასთან, ბ. ო-ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლში დასახელებული რომელიმე იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც ტერიტორიული განსჯადობის ორდინალური წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს, რის გამო სამართალდარღვევის საქმე უნდა გადაწყდეს ზოგადი წესის შესაბამისად - მისი ჩადენის ადგილის მიხედვით. წიაღზე, მის მდგომარეობასა და სარგებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ძირითადი მიზანია წიაღით მოსარგებლეების მიერ წიაღის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის დადგენა და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება ("წიაღის შესახებ" კანონის 31.1. მუხ.). მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის გადამწყვეტი ელემენტია ლიცენზიანტის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობა, ინფორმაციის წარუდგენლობა და არა წარსადგენი ანგარიშის მიმღები ორგანოს ადგილმდებარეობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის ... ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი არის ლიცენზიის მფლობელი, დაუსაბუთებელია ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით. სუბიექტური მხრივ სამართალდარღვევა ხასიათდება ბრალის განზრახი ან გაუფრთხილებელი ფორმით, ობიექტური მხრივ სამართალდარღვევა გამოიხატება ლიცენზიის მფლობელის უმოქმედობაში, ინფორმაციის წარუდგენლობაში, ლიცენზიის მფლობელის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობაში, თავის მხრივ ინფორმაციის შედგენა უშუალოდ უკავშირდება ლიცენზიით (26.12.16წ. N1004185) გათვალისწინებულ ტერიტორიას (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., K-38-90-Г-6 ნომენკლატურის ტოპოგრაფიული რუკა), სწორედ ამ ტერიტორიას უკავშირდება ლიცენზიანტის უფლება/მოვალეობები, ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით აქვს ლიცენზიანტს ნაკისრი ვალდებულებები, ლიცენზიანტის ვალდებულების შეუსრულებლობა უკავშირდება არა ორგანოს ადგილმდებარეობას, არამედ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიას, საკასაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლიცენზიანტის ვალდებულება ვერ იქნება ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის მიღმა ადგილი, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ლიცენზიით განსაზღრული პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ უკავშირდება ბ. ო-ის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ სამუშაოებს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ დავა მიჩნეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადად იმ დასაბუთებით, რომ ლიცენზიის გამცემი ორგანო მდებარეობს ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ლიცენზიის მფლობელს უნდა წარედგინა ანგარიში, რის გამოც სასამართლომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელი მიიჩნია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 26.12.2016წ. N2025/ს ბრძანებით ბ. ო-იზე გაიცა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ს ტერიტორიაზე ...ის (სამეწარმეო დანიშნულებით) მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 25 წლის ვადით. 26.12.2016წ. N1004185 სალიცენზიო მოწმობა შეიცავს ინფორმაციას ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის მდებარეობის, ფართობის, ასევე მოსაპოვებელი რესურსის სახეობისა და მოცულობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლიცენზია წარმოადგენს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს გარკვეული სახის საქმიანობის განხორცილებაზე, რასაც სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური ნებართვა სჭირდება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის "ა" ქვეპუქნტის მიხედვით ლიცენზია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. ამავე კანონის მე-21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება. განსახილველ შემთხვევაში ოქმის შემდგენი ორგანო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ედავება ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობას, კერძოდ ლიცენზიის გამცემ ორგანოში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარუდგენლობას. ამასთან, საქმეში დაცულია მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს შეტყობინების ბარათი (N...), რომლის მიხედვითაც ბ. ო-ის ეცნობა, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 21.3 მუხლის თანახმად ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინოს RS.GE პორტალზე, რაც ბ. ო-ის მიერ არ იქნა შესრულებული, ამიტომ მის მიმართ შედგებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ ანგარიშის წარსადგენად საჭირო არ იყო ლიცენზიის გამცემ ორგანოში გამოცხადება და არსებული ვალდებულების მატერიალური სახით შესრულება. კანონმდებლობა ასეთ დანაწესს არ ითვალისწინებს. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები. ამდენად, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს ლიცენზიანტს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიში, ელექტრონულად, RS.GE პორტალზე უნდა წარედგინა, რაც იმ ადგილიდანაც შესაძლებელია, სადაც ლიცენზიანტი ცხოვრობს და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. განსახილველ შემთხვევაში ლიცენზიანტის საცხოვრებელი ადგილი და ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალგეთში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელი. ამასთან, ნორმატიულად დადგენილი ტერიტორიული განსჯადობის წესი (კოდექსის 261.1 მუხ.) არ ითვალისწინებს ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით დავის განხილვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბ. ო-იზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ 26.12.2016წ. ბრძანებით განისაზღვრა არა მხოლოდ ლიცენზიით მოცული კონკერტული ტერიტორია, ასევე ლიცენზიანტის უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის ... პუნქტის "ი" ქვეპუნქტით განისაზღვრა სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენის ვალდებულება. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიაში კონკრეტულად მითითებულ ტერიტორიაზე იძენს უფლებებსა და ვალდებულებებს. შესაბამისად, ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულება და შეუსრულებლობა დაკავშირებულია სწორედ ზემოაღნიშნულ ტერიტორიასთან. "წიაღის შესახებ" კანონის მე-7 მუხლის ... და მე-2 პუნქტების მიხედვით წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით. სამთო მინაკუთვნი არის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლების გარეთ ("წიაღის შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი.). მოცემულ შემთხვევაში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ბ. ო-იზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალიწინებული ტერიტორია მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ს ტერიტორიაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შესაძლო სამართალდარღვევის ადგილი არის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ფაქტობრივი საქმიანობის განხორციელების ადგილი - ლიცენზიით მოცული ტერიტორია, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტი.
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.06.2020წ. N3 დადგენილებით განსაზღვრულია რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, რომლის მიხედვით მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები მოქცეულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში (5.2 მუხ.). ამასთანავე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაშია 2 მაგისტრატი მოსამართლე, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (5.4 მუხ.). სასკ-ის 6.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ასევე სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე საქმეები განიხილება მაგისტრატი მოსამართლეების მიერ („ბ“, „ბ1“ ქვ.პ.). ამასთანავე, იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლემ (სსკ-ის 13.3 მუხ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ ბ. ო-ის მიმართ 18.06.2024წ. შედგენილი №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე და 399-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით და:
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ ბ. ო-ის მიმართ 18.06.2024წ. შედგენილი №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლეს);
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი