Facebook Twitter

ბს-1168 (კ-22) 04 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ამ“ 01.03.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 05.06.2020წ. N04-15/738 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტ რ.გ-ის ნაწილში და შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 22.01.2021წ. N10/301 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რ.გ-ის ნაწილში შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2021წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2022წ. გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 05.06.2020წ. N04-15/738 გადაწყვეტილება პაციენტ რ.გ-ის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 22.01.2021წ. N10/301 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამსახურს დაევალა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა" და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, პაციენტ რ.გ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს "...ასთვის" ანაზღაურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ შპს "...ას" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2022წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით პაციენტი რ.გ-ე, როგორც პროგრამის დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, 2019 წლის 08 ოქტომბრიდან 2019 წლის 14 ოქტომბრამდე მკურნალობდა შპს ,,...ას“ ბათუმის ფილიალში. შემთხვევა წარმოდგენილი იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: ..., დიაგნოზი: ... ...: ...; ... (09.10.2019წ-11.10.2019წ), ...- ... (5 პროცედურა), დიაგნოზი: ... სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 05.06.2020წ. №04-15/738 წერილით შპს „...ას" ეცნობა, რომ რ.გ-ის შემთხვევაში დაკორექტირდა ძირითადი კოდი, რადგან ინფორმაცია არ დასტურდებოდა, ასანაზღაურებელ თანხას დააკლდა 10 % N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მიწოდებული ინფორმაციის უსწორობის თაობაზე სხვა რაიმე დასაბუთებას სადავო №04- 15/738 წერილი არ შეიცავს. პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომელზეც მიუთითებს სააგენტო, ადგენს, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების დაფიქსირებას, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

სააპელაციო პალატის მითითებით სსიპ ჯანმთელობის ეროვნული სააგენტო სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ რ.გ-ეს არ ჩატარებია მიწოდებული კოდით გათვალისწინებული მომსახურება და არა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული კოდით გათვალისწინებული შემთხვევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. კერძოდ, აპელანტი ეჭვქვეშ აყენებდა პაციენტის თერაპიულ განყოფილებაში მოთავსებისას მისთვის გაწეული მომსახურების სამედიცინო კოდს და თვლიდა, რომ წარმოდგენილი კოდი: ... იყო ქირურგიული, ხოლო პაციენტს რაიმე სახის ქირურგიული/ოპერაციული ჩარევა არ ჩატარებია. ამდენად, სააგენტოს მოსაზრებით კლინიკამ არასწორად მიაწოდა ასანაზღაურებელი შემთხვევის კოდი, რაც ასანაზღაურებელი შემთხვევის კორექტირების საფუძველი გახდა. სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ რ.გ-ის მიმართ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობის სახე ურთიერთშესაბამისია. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს არ წარმოუდგენია. არც სადავო აქტებით და არც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე მიწოდებული ინფორმაცია და შემთხვევა კონკრეტულად რა ნაწილში და რატომ არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ არსებობდა შესაბამისი ცოდნითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი კომპეტენტური პირის დასკვნები, რაც დაადასტურებდა გაწეული მომსახურების (შესაბამისად, მიწოდებული კოდების) შეუსაბამობას დასმულ დიაგნოზთან, ან დიაგნოზის არასწორად დასმას.

სააპელაციო პალატის მითითებით მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გასცდა ინსპექტირების ფარგლებს, რადგან ინსპექტირებისას მას უფლება ჰქონდა შეემოწმებინა მხოლოდ დოკუმენტების გამართულობა და შეედარებინა მონაცემების სისწორე, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები ეფუძნება ისეთ გარემოებებს, რომელთა შემოწმებაც მხოლოდ რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტი რ.გ-ე 2019 წლის 08 ოქტომბრიდან 2019 წლის 14 ოქტომბრამდე მკურნალობდა შპს ,,...ას“ ბათუმის ფილიალში. შემთხვევა წარმოდგენილი იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: ..., დიაგნოზი: ... ...: ...; ...(09.10.2019წ-11.10.2019წ), ...- ... (5 პროცედურა), დიაგნოზი: ... კასატორის მითითებით რადგან პაციენტს აღენიშნებოდა ..., შემთხვევაზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ინტენსიური მოვლის შესაბამისი კოდი, რადგან სწორედ ამ კოდზე დაყოვნების დროს მოხდა სისხლის კომპონენტების გადახდა. ამდენად, აღნიშნული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება სააგენტოს მიერ მოხდა N36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის "კ" ქვეპუნქტის მიხედვით. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად დაადგინა მითითებული გარემოებები და შესაბამისად მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული შპს "...ას" ბათუმის კლინიკის მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა-ის თანახმად, პაციენტი რ.გ-ე სტაციონარში მოთავსდა 08.10.2019წ.. პაციენტის ძირითად დიაგნოზი იყო ..., ძირითადი დაავადების გართულებას წარმოადგენდა). პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მათ შორის ..., ...ის განსაზღვრა, ... და სხვ. აღნიშნულის შემდგომ პაციენტისთვის საჭირო გახდა სისხლის და სხვა კომპონენტების გადასხმა. შპს "...ამ" ანაზღაურებაზე მოთხოვნა წარადგინა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: ..., დიაგნოზი: ... ..., ჩარევა: ...; ...(09.10.2019წ-11.10.2019წ), ...- ... (5 პროცედურა), დიაგნოზი: .... სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 05.06.2020წ. №04-15/738 წერილით შპს „...ას" ეცნობა, რომ რ.გ-ის შემთხვევაში დაკორექტირდა ძირითადი კოდი, რადგან ინფორმაცია არ დასტურდებოდა და ანაზღაურება N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრა.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „...ას“ მიერ პაციენტ რ.გ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში არასრულად ანაზღაურების საკითხი. სადავო აქტების მიხედვით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა გადაცემული ძირითადი კოდის ანაზღაურებაზე, თუმცა სადავო აქტები არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 22.10 მუხლზე, რომლის თანახმად, ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამი, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი ძირითადად შეიცავს ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებასა და ნორმათა ციტირებას. მხოლოდ ზოგადი მითითება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უსწორობაზე, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, ხოლო კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა ... და დაფინანსებაც მხოლოდ შესაბამისი კოდის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და იმ გარემოების დადასტურება, რომ კლინიკის მიერ საჭირო არ იყო ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ფარგლებში პაციენტისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა. საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ პაციენტისათვის ჩატარებულია სხვადასხვა პროგრამული კოდით გათვალისწინებული მომსახურება, ხოლო სადავო გადაწყვეტილებებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ გაწეული მომსახურების დასმულ დიაგნოზთან შესაბამისობის და დიაგნოზის სისწორის დადგენა ინსპექტირების ეტაპზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ შესამოწმებელ გარემოებას არ წარმოადგენს, რამეთუ ინსპექტირების ეტაპზე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-14 მუხლის ფარგლებში ამოწმებს დოკუმენტაციის გამართულობას და მათ ურთიერთშესაბამისობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2022წ. განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.10.2022წ. N27436 საგადახდო მოთხოვნოთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.11.2022წ. N30298 საგადახდო მოთხოვნოთ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი