საქმე #ბს-730(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ვ.ბ-ი
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 4 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ვ.ბ-ის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა ვ.ბ-ს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.03.2019წ. #896 ბრძანებით დამტკიცებული „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების“ შესახებ კონტრაქტი #20/44-ს.
ზემოაღნიშნული კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით ვადამდე იქნა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კოტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას, მას უპირობოდ ევალებოდა სამინისტროსთვის აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული კონტრაქტის 7.4 პუნქტზე მითითებით კი მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო. მოსარჩელე, ასევე, მიუთითებს, რომ მოპასუხის ნამსახურობამ შეადგინა 1 წელი, 10 თვე და 5 დღე.
ამდენად, მოსარჩელემ ვ.ბ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 28 000 ლარისა და პირგასამტეხლოს 8 400 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა. ამასთან, წარმოდგენილი სასარჩელო განაცხადის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ვ.ბ-ის (პ/ნ...) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე („ ...“ (...), სახელმწიფო სანომრე ნიშნით...) ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ვ.ბ-ის (პ/ნ...) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას - „...“ (...), სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., სასარჩელო მოთხოვნის, 36 400 ლარის ოდენობის ფარგლებში.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ვ.ბ-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად 10 000 (ათი ათასი) ლარი დაეკისრა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ვ.ბ-ის პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარის 0.2% 8 400 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ვ.ბ-ის (პ/ნ...) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას - „...“ (...), სახელმწიფო სანომრე ნიშნით .., დარჩა უცვლელი 10 000 ლარის ფარგლებში.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, ვ.ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.03.2017 წლის #896 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“. ამასთან, დადგენილი, რომ ვ.ბ-ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ...ის ... ასეულის მეთაურის მოადგილე (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“). სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით კონტრაქტის პირობების დარღვევით, ამავე კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის პერიოდში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, იგი უპირობოდ გახდებოდა კონტრაქტის შეწყვეტიდან, შეირაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა 28 000 ლარი. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვ.ბ-მა 2022 წლის 15 ივლისს პატაკით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის მეთურს და საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლის გამო, ითხოვა დათხოვნა. ზემოაღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ზემდგომ ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნდა. ასევე უდავოა ის გარემოება, რომ ვ.ბ-ს კონტრაქტის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხა 28 000 ლარი და პირგასამტეხლო 8 400 ლარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე არ ჩაურიცხავს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (28 000 ლარი) არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა აშკარად შეუსაბამო იყო და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებდა სამხედრო მოსამსახურეს. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა სამხედრო მოსამსახურის პირადი პატაკის გამო და კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები არ დარღვეულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობდა ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში 10 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, პრინციპულია შეფასდეს მოპასუხის მიმართ კონტრაქტით ერთჯერადად განსაზღვრული ჯარიმის სამართლებრივი ბუნება და მნიშვნელოვანია განიმარტოს, განსახილველი დავის ფარგლებში, რამდენად შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ფინანსური პასუხიმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო ოდენობის 30 %-მდე. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (8 400 ლარი) არის უკვე შემცირებული, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ზემოაღნიშნული გარემოება ჯეროვნად არ შეფასებულა, რაც ასევე წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ.ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 10 000 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნებისათვის, უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ.ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2020 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 მარტის #896 ბრძანებით დამტკიცებული #20/44-ს კონტრაქტი. ვ.ბ-ი, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკის საფუძველზე), 2022 წლის 2 აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის #MOD 0 22 00003298 ბრძანების შესაბამისად გათავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. 2022 წლის 9 აგვისტოს ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, ვ.ბ-ის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი 10 თვე და 5 დღე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ.ბ-ს შორის გაფორმებული 2020 წლის 28 სექტემბრის #20/44-ს კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესსა და სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული 10 000 - ლარიანი ჯარიმა შესატყვისია და შესაბამისობაშია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად, სამართლიანობის პრინციპებთან, რამდენადაც ჯარიმის 28 000 (ოთხი ათასი) ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერის #505 დადგენილებით ცვლილება შევიდა კანონქვემდებარე აქტში - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის შესახებ“ დებულებაში, კერძოდ, განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (კონტრაქტის სახის გათვალისწინებით). დადგენილია, რომ ვ.ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტი დადებულია 2020 წლის 28 სექტემბერს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები მის ძალაში შესვლამდე არსებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა - ჯარიმა, გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტით. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის #ბს-929(კ-22), 2022 წლის 10 მარტის #ბს-993(კ-21) განჩინებები).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა