№ბს-986(კ-24) 25 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ხ-ე, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ხ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის №146 ბრძანებულება, ზ. ხ-ეისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხეს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დასაბუთებული სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის №146 ბრძანებულება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 4 მაისის №MIA 8 20 00978098 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ზ. ხ-ე (დაბ. ...წ. პ/ნ ...), სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილდებოდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით. ამასთანავე, სააგენტოში წარდგენილ იქნა ზ. ი.-ს ძე ხ-ეის (დაბ. ...წ.) სახელზე რუსეთის ფედერაციის მიერ 2015 წლის 20 თებერვალს გაცემული რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი №... პასპორტის ასლი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 4 ივნისს მიიღო №1000708912 დასკვნა ზ. ხ-ეის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის №146 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა ზ. ხ-ეს.
სასამართლო, ნაცვლად იმისა, რომ საკითხის გადაწყვეტისას დაყრდნობოდა ზემოაღნიშნულ სათანადო მტკიცებულებებს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 4 მაისის №MIA 8 20 00978098 წერილს, დაეყრდნო არსებითად არასათანადო მტკიცებულებას, კერძოდ, რუსეთის შსს ტროიცკის და ნოვომოსკოვსკის ადმინისტრაციული ოლქების შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ 2022 წლის 12 მაისს გაცემულ №22-142177 ცნობას, რომლის მიხედვითაც, ზ. ხ-ე (დაბადებული ...წ., დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. ქუთაისი) რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ არ ირიცხება. აღნიშნული გარემოებების და მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლომ მიუთითა, რომ მოქალაქეობა ადასტურებს რა პირის კონკრეტულ სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირის არსებობას, მის შესაწყვეტად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდებოდეს შეწყვეტის საფუძველი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, მოქალაქეობის შესაწყვეტად საკმარისი არ არის პირის მიმართ სხვა ქვეყნის პასპორტის არსებობა, აუცილებელია, პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისა და აღნიშნულის შედეგად ოფიციალური ორგანოს მიერ პასპორტის გაცემით ან სხვაგვარად ამავე ქვეყანასთან სამართლებრივი კავშირის უტყუარად დადასტურება.
საკითხის გადაწყვეტისა და ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებების შეფასებისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონი, რომელიც არ გამოიყენა, კერძოდ, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა და განემარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების დასკვნა სასამართლოსთვის მიჩნეულ იქნა არასარწმუნო მტკიცებულებად, ხოლო რუსეთის ფედერაციის ტროიცკის და ნოვომოსკოვსკის ადმინისტრაციული ოლქების შინაგან საქმეთა სამმართველოს წერილი - სარწმუნო მტკიცებულებად. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაში ერთი მხრივ, არ გამოიყენა კანონი, რომლითაც უნდა დაედგინა სათანადო მტკიცებულება, მეორე მხრივ, ფაქტობრივად არასწორად შეაფასა საკითხი. პირველ რიგში, სასამართლოს უნდა განესაზრვრა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სათანადო მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მომზადებული და გაცემული დოკუმენტაცია. საკითხის არსებითად გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ ზ. ხ-ეის მიმართ არ არსებობდა გარემოება, რომლის საფუძველზეც მას არ უნდა შეწყვეტოდა საქართველოს მოქალაქეობა. მართალია, სასამართლომ საკითხზე მსჯელობისას ზოგადად მიუთითა აღნიშნულ საკანონმდებლო დათქმებზე, თუმცა არსებითად არასწორად გამოიყენა კანონის ნორმები და ფაქტობრივად არ იმსჯელა და არ განმარტა ეს დებულებები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2020 წლის 4 მაისს №MIA 8 20 00978098 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ზ. ხ-ე (დაბ. ...წ. პ/ნ ...), სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილდებოდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით. ასევე, გადაუგზავნა ზ. ი.-ს ძე ხ-ეის (დაბ. ...წ.) სახელზე რუსეთის ფედერაციის მიერ 2015 წლის 20 თებერვალს გაცემული რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი №... პასპორტის ასლი (ს.ფ 83-84, 76); ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 7 მაისს ზ. ხ-ეს გაუგზავნა №1000708912 წერილი, რომლითაც ატყობინებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით სააგენტოში მის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმისწარმოების დაწყების შესახებ. ამავე წერილით ადრესატს განემარტა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით 2020 წლის 4 ივნისამდე. საქმის მასალებით არ დგინდება წერილის ადრესატისთვის ჩაბარება (ს.ფ 78); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 4 ივნისს მიიღო №1000708912 დასკვნა ზ. ხ-ეის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. დასკვნის თანახმად, საქმის განხილვისას შესწავლილი იქნა საქართველოსთან ზ. ხ-ეის სამართლებრივი კავშირი და დადგინდა, რომ იგი ითვლება საქართველოს მოქალაქედ. „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 38-ე მუხლის თანახმად, ასევე, განხილულ იქნა ზ. ხ-ეის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობის საკითხი და დადგენილ იქნა, რომ ზ. ხ-ეის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2020 წლის 6 მაისის №1000708912 განცხადების/წარდგინების დაკმაყოფილება და ზ. ხ-ეისათვის (დაბ. ...წ.) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის №1000708912 დასკვნა, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, 2020 წლის 4 ივნისის №1000708904/1 მიმართვით გადაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ს.ფ 86, 81-82); დ) საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის №146 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა ზ. ხ-ეს, დაბადებულს ... წლის ...ს, საქართველოში. აღნიშნულის შესახებ ზ. ხ-ეს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 9 ივნისის №1000708912 წერილით (ს.ფ 85, 77); ე) ... წლის ...ის დაბადების სააქტო ჩანაწერის მიხედვით, ზ. ი.-ს ძე ხ-ე (დაბ. ...წ.) დაიბადა საქართველოში, ქ. ქუთაისში. აღნიშნულთან დაკავშირებით ... წლის ...ს განხორციელდა დაბადების სააქტო ჩანაწერი №1139. (ს.ფ 71-72); 2018 წლის 20 აპრილს ზ. ხ-ეის სახელზე გაცემული იქნა №... პასპორტი, რომელიც 2020 წლის 6 მაისის მდგომარეობით იყო აქტიური. (ს.ფ. 73-74 128); სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 20 აპრილს ზ. ხ-ეის (პ/ნ ...) სახელზე გაცემული №... პასპორტის განცხადება-ანკეტის თანახმად, პასპორტის მიღების თაობაზე მოქალაქის განცხადება წარდგენილ იქნა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში (ს.ფ. 170); ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ზ. ხ-ეის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ბოლო ფაქტი დაფიქსირა ქვეყნიდან გასვლის სახით, 2007 წლის 30 მარტს. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ. ხ-ეის (დაბ. ...წ.) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 მაისამდე არ დაფიქსირებულა (ს.ფ 137-138, 182); ზ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება ერთი ზ. ხ-ე (პ/ნ ...), რომელიც დაბადებულია ... წლის ...ს. ზ. ხ-ეის (პ/ნ ...) სახელზე გაცემული დოკუმენტები გაუქმებულია საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე (ს.ფ 148); თ) რუსეთის შსს ტროიცკის და ნოვომოსკოვსკის ადმინისტრაციული ოლქების შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ 2022 წლის 12 მაისს გაიცა №22-142177 ცნობა მასზედ, რომ რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხების მთავარი სამმართველოს ცენტრალიზებული აღრიცხვის მიხედვით და აის „მ...“-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ზ. ხ-ე (დაბადებული ...წ., დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. ქუთაისი), როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მინიჭებული, არ ირიცხება (ს.ფ 172-174).
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის კანონიერება.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 211 მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პირველი პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (მე-2 პუნქტი). არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით (მე-3 პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (მე-4 პუნქტი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტში ზ. ხ-ეისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მან მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ზ. ხ-ეის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლი, რომელიც გაცემულია 2015 წლის 20 თებერვალს (ს.ფ. 76).
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით საპირისპირო დასტურდება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ რუსეთის შსს ტროიცკის და ნოვომოსკოვსკის ადმინისტრაციული ოლქების შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ 2022 წლის 12 მაისს გაცემულ №22-142177 ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხების მთავარი სამმართველოს ცენტრალიზებული აღრიცხვის მიხედვით და აის „მ...“-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ზ. ხ-ე (დაბადებული ...წ., დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. ქუთაისი), როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მინიჭებული, არ ირიცხება. ასეთ პირობებში საქმეში წარმოდგენილ მხოლოდ პასპორტის ქსეროასლზე დაყრდნობით, სადავოდ გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქე ზ. ხ-ეისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველით, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ექვემდებარება ბათილად ცნობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია