საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-653(2კ-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ო-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ო-მა 2022 წლის 30 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №5816536 ბრძანებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 3 მაისის №372 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დავალდებულება - გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. ო-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების - „ბ“ ბლოკის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.
სარჩელის მიხედვით, რ. ო-მა 2009 წელს მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მის კუთვნილ, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე კომერციული და საოფისე ფართების მშენებლობის შესახებ პროექტის შეთანხმება მოითხოვა. არქიტექტურის სამსახურმა 2010 წლის 5 ოქტომბერს შეათანხმა პროექტი და გამოსცა №01/30 ბრძანება რ. ო-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კომერციული და საოფისე ფართების (II კლასის) მშენებლობის შესახებ. პროექტის თანახმად, მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ჯერ უნდა აშენებულიყო „A“, შემდეგ კი „B“ ბლოკი. 2012 წლის 13 იანვარს რ. ო-მა კვლავ მიმართა არქიტექტურის სამსახურს და შეთანხმებული პროექტის კორექტირება მოითხოვა. მან წარადგინა შეცვლილი პროექტი, რომელიც შეთანხმდა 2012 წლის 10 თებერვალს. კორექტირებული პროექტით გათვალისწინებული იყო კომერციული, საოფისე და საცხოვრებელი (III კლასი) შენობების მშენებლობა. კორექტირებული პროექტის შემდგომ, 2012 წლის 25 აპრილს გაიცა მშენებლობის ნებართვა „A“ ბლოკის მშენებლობის შესახებ (ბრძანება №135771) და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 2 მაისიდან 2013 წლის 2 მაისამდე, რაზედაც მოსარჩელის მიმართვით ყოველ წელს ხდებოდა ვადის გაგრძელება.
2022 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და შეთანხმებული პროექტის თანახმად, „B“ ბლოკის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა მითხოვა, რაზეც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ პროექტის შეთანხმებიდან გასულია 10 წელი, ამ პერიოდში კი არ გაცემულა „B“ ბლოკის მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული უარი მხარემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რადგან, მისი მტკიცებით, დარღვეული იყო სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული პროექტის ნებართვის ვადის გამოთვლის (10-წლიანი) სისწორე. რ. ო-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი პროექტის შეთანხმების დროს (2010 წლის 5 ოქტომბერი) არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა, მხოლოდ პროექტი იყო შეთანხმებული. მშენებლობის ნებართვა გაიცა კორექტირებული პროექტის შეთანხმების შემდეგ, 2012 წელს და 10-წლიანი ვადის ათვლაც უნდა მოხდეს 2012 წლიდან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №5816536 ბრძანება და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ამასთანავე, ბათილად იქნა ცნობილი რ. ო-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 3 მაისის №372 ბრძანება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ დასახელებული დადგენილების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მიხედვით ათი წლის განმავლობაში არ იქნება გაცემული მშენებლობის ნებართვა ან/და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეცვლას, გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ითვლება ძალადაკარგულად.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული კანონმდებლობა განსაზღვრავს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის ძალაში ყოფნის პირობას. ამასთან, პროექტის კორექტირება წარმოადგენს იმ ძირითად დოკუმენტში ცვლილებას, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობა, ხოლო თუ განმცხადებელი არ მოიპოვებდა შესაბამის მშენებლობის ნებართვას, კანონმდებლობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ავტომატურად ითვლებოდა ძალადაკარგულად. დადგენილია, რომ არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა 2010 წლის 5 იანვრის №01/30 ბრძანებით, ხოლო რ. ო-მა „B“ ბლოკის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არქიტექტურის სამსახურს მიმართა 2022 წელს. შესაბამისად, გასული იყო მიმართვისთვის კანონით დადგენილი 10-წლიანი ვადა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო 2012 წლიდან ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური და დამატებით აღნიშნავს, რომ ცვლილების განმახორციელებელი აქტი წარმოადგენს თავდაპირველი აქტის შემადგენელ ნაწილს და ისინი არა დამოუკიდებლად, არამედ ერთობლიობაში მოქმედებენ და ერთობლივად აყენებენ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ მიმართვის 10-წლიანი ვადის დინება უნდა განისაზღვროს არა 2012, არამედ 2010 წლიდან. ამდენად, კასატორი არ ეთანხმება დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტას. იგი მიიჩნევს, რომ სადავო აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71“; „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვისთვის კანონით დადგენილი 10-წლიანი ვადის გასვლის საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა იყო განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფოდა 3 ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია -არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ გაიარა მშენებლობის ნებართვის მისაღებად დადგენილი I და II სტადია. შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ...ის №47-ში არსებულ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, კომერციული/საოფისე შენობის განთავსების მიზნით, დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და ქალაქ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 5 იანვრის №01/30 ბრძანებით ამავე მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა კომერციული/საოფისე შენობის არქიტექტურული პროექტი ზოგადი შინაარსით, ხოლო თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლის №01/315 ბრძანებით შეთანხმდა კომერციული/საოფისე შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, რომლის თანახმად, რ. ო-ს უნდა განეხორციელებინა „A“ და „B“ ბლოკების მშენებლობა შეთანხმებული პირობების მიხედვით. აღნიშნული კორექტირებული პროექტის საფუძველზე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 22 მარტის №135771 ბრძანებით, გაიცა ქალაქ თბილისში ...ის №47-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კომერციული და საოფისე შენობის - „A“ ბლოკის მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნებართვის მაძიებელმა პირმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში გააგრძელა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და შეათანხმა პროექტი, ხოლო კორექტირებული პროექტის შეთანხმებიდან 10 წლის ვადაში მიიღო მშენებლობის ნებართვა და განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, თუმცა, ასევე უდავოა, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა მხოლოდ კომერციული და საოფისე შენობების კომპლექსის ნაწილის -„A“ ბლოკის მიმართ.
საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს ზემოაღნიშნულ №57 დადგენილებაზე, რომლის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მიხედვით ათი წლის განმავლობაში არ იქნება გაცემული მშენებლობის ნებართვა ან/და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეცვლას, გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ითვლება ძალადაკარგულად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის შესაბამისად, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისათვის აუცილებელია მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების გაუგრძელებლობა (ათი წლის განმავლობაში) და ამავდროულად სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეცვლას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, რ. ო-მა მოიპოვა „A“ ბლოკის მშენებლობის ნებართვა, რომელიც ამ დროისთვის აშენებულია. შესაბამისად, საკასაციო პალატა, სააპელაციო პალატის მსგავსად მიიჩნევს, რომ კომპლექსური მშენებლობის პირობებში, მეორე - „B“ ბლოკის მშენებლობა ცალკე, დამოუკიდებელ მშენებლობას არ წარმოადგენს. მართალია, რ. ო-ის მიერ პირველი პროექტი შეთანხმებულ იქნა ჯერ კიდევ 2010 წელს, თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროექტით ცალკეული ბლოკების მშენებლობა გათვალისწინებული არ ყოფილა. კომპლექსის მშენებლობა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავდა „A“ და „ B“ ბლოკების მშენებლობას, შეთანხმდა კორექტირებული პროექტის ფარგლებში 2012 წელს. საკასაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება, რომ კორექტირებული პროექტის შეთანხმება შეეხებოდა ორივე ბლოკს, მისი შეთანხმება თავისთავად არ გულისხმობდა მხოლოდ ერთი სამშენებლო ბლოკის განთავსების სურვილს ნებართვის მაძიებელი პირის მხრიდან.
საკასაციო სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოებები შესწავლილი არ ყოფილა, კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 5 იანვრის №01/30 ბრძანების მიღებიდან 10-წლიან ვადაში არ მიმართა მოსარჩელემ ყველა ბლოკის თაობაზე ნებართვის მიღების მოთხოვნით, თუმცა არ იქნა შეფასებული რამდენად იყო სახეზე სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების ისეთი ცვლილება, რაც გამოიწვევდა შეთანხმებული პროექტის არსებით ცვლილებას. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თუ პროექტის შეთანხმებიდან 10 წლის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რომ სახეზეა პროექტის ცვლილების საჭიროება, შესაბამისად, განსხვავებული პარამეტრებით ახალი მშენებლობის განხორციელება გამოიწვევს „A“ ბლოკის ნაგებობის გვერდით ვიზუალურად განსხვავებული „B“ ბლოკის ნაგებობის აშენებას, რაც შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამშენებლო სფეროში მოქმედი რეგულაციების კვლევის მიზანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ, ამ ეტაპზე, საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავს. კერძოდ, მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ახალი აქტის გამოცემისას უნდა დაადგინოს შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გაცემის კონკრეტული სტადიისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 თებერვლის №5816536 ბრძანება, ასევე არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 3 მაისის №372 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს 2024 წლის 11 ივნისს №00918 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე