Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-320(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. ჯ-ე

კასატორი (მოპასუხე) - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 24 აგვისტოს ი. ჯ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2020 წლის 3 აგვისტოს №003902/21 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის ი. ჯ-ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის, კერძოდ, მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე მიუღებელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების დავალება.

სარჩელის მიხედვით, ი. ჯ-ე, რომელიც უმაღლესი განათლებით წარმოადგენს პედაგოგს, 2001 წლის 22 ოქტომბრიდან 2018 წლის 2 აპრილამდე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სადაც დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად და მაღალ პროფესიულ დონეზე. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №3164/25 ბრძანებით, იგი შტატების შემცირების საფუძველზე, გათავისუფლებულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან.

მოსარჩელის მითითებით, მან ზემოაღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა სასამართლოში, სადაც მისი მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 32.4-ე მუხლის საფუძველზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თუმცა აღნიშნულის შემდგომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2020 წლის 3 აგვისტოს №003902/21 ბრძანებით - ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით მოსარჩელე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან შტატების შემცირების საფუძველზე კვლავ 2018 წლის 2 აპრილიდან ჩაითვალა თანამდებობიდან გათავისუფლებულად. ბრძანების მიღების საფუძვლად კი, მითითებულ იქნა გენერალური აუდიტორის 2020 წლის 23 ივლისის №03632/21 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2020 წლის 30 ივლისის №03758/35 დასკვნა.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას დამატებით წარმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2020 წლის 23 ივლისის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2020 წლის 30 ივლისის №003758/35 დასკვნის ბათილად ცნობა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჯ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებით ი. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ი. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03164/25 ბრძანებით, ი. ჯ-ე გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან 2018 წლის 2 აპრილიდან. აღნიშნული ბრძანება ი. ჯ-ემ გაასაჩივრა სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის განჩინებით.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის განჩინების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორის 2020 წლის 23 ივლისის №003632/21 ბრძანებით შეიქმნა კომისია. კომისიის მიერ ჩატარებული გამოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით უპირატესი დარჩენის უფლების მქონე კანდიდატების გამოსავლენად განისაზღვრა შეფასების სარეიტინგო მეთოდი, რომლის გამოყენებით მიღებულ იქნა შემდეგი სარეიტინგო შედეგები: ა. ზ-მა ჯამში მიიღო 13.6 ქულა; ლ. ა-ემ მიიღო - 12.9 ქულა; ლ. გ-ამ მიიღო 12.0 ქულა; თ. კ-ემ მიიღო - 10.6 ქულა; თ. ქ-ემ მიიღო 10.5 ქულა; ი. ჯ-ემ მიიღო 9.9 ქულა, ხოლო ნ. ქ-ამ - 8.0 ქულა. შედეგად, სწორედ ორი ყველაზე დაბალი შედეგის მქონე მოხელე - ი. ჯ-ე და ნ. ქ-ა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ი. ჯ-ის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისად მიიჩნია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2020 წლის 3 აგვისტოს №003902/21 ბრძანებით ი. ჯ-ე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვალა 2018 წლის 2 აპრილიდან.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორის 2020 წლის 23 ივლისის №003632/21 ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნაში არსებული მსჯელობა და მიიჩნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია სააპელაციო სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების მითითების გათვალისწინებით საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები - დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, მათი პროფესიული უნარ-ჩვევები და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია მოსარჩელე მიუთითებდა, რომ რეალურად სახელმწიფო აუდიტის სისტემაში საქმისმწარმოებლის შტატების გაზრდა მოხდა და არა შემცირება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაწყებულ რეორგანიზაციის მოჰყვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასების წესით განსაზღვრულ პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურებში იმ ასისტენტ-ადმინისტრატორთა რიცხოვნობის შემცირება 1 ერთეულით, რომლებიც საქმისმწარმოებლის ფუნქციას ასრულებდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმე განიხილეს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამდენადაც მათ მიერ არ იქნა შესწავლილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ჩატარებულ რეორგანიზაციას მოჰყვა თუ არა საქმისწარმოების შტატების შეფასება.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ 2018 წლის 2 აპრილის №03133/21 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სისტემაში 2018 წლის 2 აპრილიდან დამტკიცებულ იქნა საქმისმწარმოებლის 13 შტატი. ხოლო, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საქმისმწარმოებლის ფუნქციას ასრულებდა 10 აუდიტორ-ასისტენტი, იმის გამო რომ არ არსებობდა საქმისმწარმოებლის შტატი. ამასთან, დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული იქნა 2 ახალი სტრუქტურული ერთეული - პოლიტიკური ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი 12 შტატით და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტისა და ადმინისტრირების დეპარტამენტი 20 სხვადასხვა შტატით, ორივე მათგანი მათ შორის მოიცავდა თითო-თითო საქმისმწარმოებლის შტატს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემაში რეალურად არათუ არ მომხდარა საქმისმწარმოებლის შტატის შემცირება, არამედ პირიქით, მათი რაოდენობა გაიზარდა 3 ერთეულით.

გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კერძოდ კომისიამ ჩატარებული 4 სხდომიდან კასატორი მიიწვია მხოლოდ ერთზე, სადაც არავითარი საკითხი არ განხილულა და მას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს ი. ჯ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2020 წლის 3 აგვისტოს №003902/21 ბრძანების კანონიერება, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ი. ჯ-ის აუდიტის სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების წინაპირობების არსებობა. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტი მიღებულ იქნა სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის №ბს-185(2კ-20) განჩინებით) აღსრულების ფარგლებში, ამდენად, წინამდებარე დავის ფარგლებში, სადავო საკითხის შეფასებისას, პირველ რიგში გამოკვლეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რამდენად იქნა შესრულებული დასახელებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული მითითებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურად ითვლება სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამავე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურად ითვლება ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში საქმიანობა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებას. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. აღსანიშნავია, რომ შრომის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ნორმა-პრინციპი გათვალისწინებული იყო საქართველოს 2018 წლის 23 მარტის №2071 კონსტიტუციური კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე არსებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის 30-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-19).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მსგავსი შინაარსის რეგულირებას შეიცავდა საქართველოს 2018 წლის 23 მარტის №2071 კონსტიტუციური კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე არსებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის 29-ე მუხლიც, რომელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

ამდენად, პირის სამსახურიდან გათავისუფლების თითოეული შემთხვევის შეფასება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რამდენადაც იგი წარმოადგენს კონსტიტუციურად განმტკიცებულ ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ძირითად უფლებას, რომლის შეზღუდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში, გათავისუფლების როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისას, დასაცავ ინტერესსა და შეზღუდულ უფლებას შორის პროპორციულობის დაცვით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც განმარტებულ იქნა, რომ: „საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ.“ (სუსგ №ბს-449-442(კ-15), 08.07.2015წ.).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03164/25 ბრძანებით, ი. ჯ-ე გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან 2018 წლის 2 აპრილიდან. აღნიშნული ბრძანება ი. ჯ-ემ გაასაჩივრა სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება ი. ჯ-ის მიმართ აქტის გამოცემისას და გაითვალისწინა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ განთავისუფლებისას მისი პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობის ხარისხი. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის №ბს-185(2კ-20) განჩინებით.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის №ბს-185(2კ-20) განჩინების აღსრულების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორის 2020 წლის 23 ივლისის №003632/21 ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობაზე მყოფ ი. ჯ-ის 2017 წლის შეფასების შედეგია - 96.40%, ხოლო თ. კ-ის - 99.66%; აუდიტის დეპარტამენტის ... აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობაზე მყოფ ნ. ქ-ას 2017 წლის შეფასების შედეგია - 61.94%, ხოლო ლ. გ-ას - 85.36%.

დადგენილია, რომ კომისიის მიერ საკითხის გამოკვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესში შტატების შემცირების გამო, დღის წესრიგში დადგა უპირატესი დარჩენის უფლების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით, ზემოაღნიშნულ მოხელეთა შორის საუკეთესოს შერჩევის საკითხი და გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ იმ პირებს, რომელთა შეფასების შედეგები შეადგენდა 100%-ზე მეტს, მიენიჭათ დასახელებულ თანამდებობაზე დანიშვნის უპირატესი უფლება (სულ 4 პირი). რაც შეეხება 100%-ზე ნაკლები შეფასების შედეგების მქონე პირებს (სულ 7 პირი: თ. კ-ე; ი. ჯ-ე; ა. ზ-ი; ლ. გ-ა; ლ. ა-ე; თ ქ-ე; ნ. ქ-ა), მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას, აუდიტორულ დეპარტამენტებში საქმისმწარმოებლის საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, პრიორიტეტად განისაზღვრა ისეთი უნარები, როგორიცაა: ა) საოფისე პროგრამების ცოდნა და გამოყენება, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, ინგლისური ენის ცოდნა; ბ) განათლება/სპეციალობა (იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, საერთაშორისო ურთიერთობები); გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობის სტაჟი. კომისიამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შტატების შემცირების პირობებში, საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით უპირატესი დარჩენის უფლების მქონე კანდიდატების გამოსავლენად განისაზღვრა შეფასების სარეიტინგო მეთოდი, რომლის გამოყენების შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი სარეიტინგო შედეგები: ა. ზ-მა ჯამში მიიღო 13.6 ქულა; ლ. ა-ემ მიიღო - 12.9 ქულა; ლ. გ-ამ მიიღო 12.0 ქულა; თ. კ-ემ მიიღო - 10.6 ქულა; თ. ქ-ემ მიიღო 10.5 ქულა; ი. ჯ-ემ მიიღო 9.9 ქულა, ხოლო ნ. ქ-ამ - 8.0 ქულა.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სარეიტინგო მონაცემების შესაბამისად, გამოვლინდა ორი ყველაზე დაბალი შედეგის მქონე მოხელე - ი. ჯ-ე და ნ. ქ-ა, რომლებსაც ასევე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ დეპარტამენტის ჭრილში განხორციელებული შეფასების შედეგების მიხედვითაც. შედეგად, ი. ჯ-ე და ნ. ქ-ა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის გამო, ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან კანონით დადგენილი კომპენსაციის ანაზღაურებით.

ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულმა კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ი. ჯ-ის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ჩათვალა კანონშესაბამისად და მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შედეგის შეუცვლელად. შედეგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2020 წლის 3 აგვისტოს №003902/21 ბრძანებით ი. ჯ-ე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვალა 2018 წლის 2 აპრილიდან.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში რეალურად არ მომხდარა საქმისმწარმოებლის შტატების შემცირება და მათი რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, რაც არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი ერთი მხრივ გამოკვლეულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო, მეორე მხრივ, წინამდებარე სამართალწარმოების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ, ადმინისტრაციული ორგანოდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის პერიოდს. სააპელაციო პალატამ მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №3133/21 ბრძანების საფუძველზე საშტატო რიცხოვნობა მოხელეთა შეფასების პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურებში მითითებულ პოზიციაზე შემცირდა 1 ერთეულით და განისაზღვრა - 9 საშტატო ერთეულით, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესრულებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიცემული მითითებები და სრულად იქნა გამოკვლეული ი. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებულმა კომისიამ დისკრეციის ფარგლებში სწორად შეაფასა გამოკვლეული გარემოებები და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო აქტი წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან და არ იკვეთება მისი ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა.

რაც შეეხება ი. ჯ-ის მოთხოვნებს სამსახურში აღდგენისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დასახელებული მოქმედებების განხორციელება დაკავშირებულია შესაბამისი პირის გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე, შესაბამისად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ი. ჯ-ის სამუშაოზე აღდგენის და მის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების საფუძვლების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა