Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-324(2კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. ს-ი
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მესამე პირი (ასკ-ის 16.1 მუხ.) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო გ. ს-ი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ს-იმა 2020 წლის 17 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გ. ს-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 400 000 ლარის ანაზღაურებისა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო, 2019 წლის 21 ივნისიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე სარჩოს სახით ყოველთვიურად დაუბეგრავი თანხის - 794 ლარისა და 41 თეთრის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, გ. ს-ი 2019 წლის 20-21 ივნისს იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე, რათა მშვიდობიანი გზით გამოეხატა საკუთარი პროტესტი მომხდარი ფაქტის მიმართ. ღამით დაახლოებით 22:00-22:15 საათზე უკვე გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი და მიტინგის მონაწილეთა ნაწილი იყო დაშლილი, რა დროსაც შენიშნა ,,...ს’’ ლაივ ჩართვის სცენა, საკუთარი თანამშრომლები, მეგობრები და წავიდა მათი მიმართულებით. კონკრეტულ ადგილზე მან დაყო დაახლოებით 40-45 წუთი.
აღნიშნული დროის განმავლობაში კვლავ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული ცრემლსადენი გაზი. ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდგომ ხალხი იშლებოდა, თუმცა კვლავ გროვდებოდა პარლამენტის წინ. ამ პერიოდში ...ს თანამშრომელი/ჟურნალისტი მ. გ-ი იმყოფებოდა პარლამენტის კიბეების ზემოთ, რა დროსაც დაიწყო პოლიციამ რეზინის ტყვიების გამოყენება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მ. გ-ი აღმოჩნდა ცხელ წერტილში, სადაც შეიძლებოდა, რომ მას მიეღო ნებისმიერ წამს ყველანაირი სახის დაზიანება. არსებული ხმაურის გამო ერთმანეთის ხმა თანამშრომლებს არ ესმოდათ, სწორედ ამიტომ თანამშრომლების ექვს კაციანმა გუნდმა გადაწყვიტეს მისი გამოყვანა უსაფრთხო ადგილზე. გახშირდა რეზინის ტყვიების ხალხის წინააღმდეგ გამოყენება, თუმცა ამასთანავე სწორედ ამ პერიოდში პარლამენტის წინ კიბეებთან და მის წინა ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებოდნენ, გარდა ...ს ჟურნალისტებისა და ასევე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებისა. ეს ფაქტი დასტურდება ვიდეო ჩანაწერებით. სროლის გახშირების შემდეგ მოსარჩელეს მისთვის უცნობმა პირმა მიაწოდა ე.წ. დამცავი ფარი, რომლის მსგავსი მიწაზე ბევრი იყო.
მ. გ-ითან ოდნავ დისტანციის შემცირების შემდეგ მოსარჩელემ კვლავ სცადა მ.-თან კონტაქტი, თუმცა უშედეგოდ - იგი იმყოფებოდა აგონიაში. ერთ-ერთი დაძახების დროს, როდესაც მოსარჩელემ სახიდან ფარი გასწია, მოხვდა რეზინის ტყვია. მოსარჩელემ იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი და ძლიერი დარტყმა, თუმცა გონება არ დაუკარგავს. ცდილობდა ფეხზე წამოდგომასა და გზის გაგრძელებას ...ს საავტომობილო გზის მიმართულებით. იპოვა მეგობრები, რომელთა დახმარებითაც მიაღწია სასწრაფო სამედიცინო დახმარებამდე.
გ. ს-ი გადაიყვანეს „ნ...ში“, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, მიღებული აქვს ..., მეათე დღეს მოსარჩელე გაგზავნეს მ... კლინიკაში, ჩაუტარდა წინასაოპერაციო მოკვლევები, ყოველ 2 თვეში იგი გერმანიაში შემოწმებებზე ჩადიოდა. პოლიციის აღნიშნული ქმედებით მიიღო როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანი, რაც გახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. ს-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება და შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 2019 წლის 21 ივნისიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე დაუბეგრავი თანხის - 794 ლარისა და 41 თეთრის ყოველთვიურად გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფის - პოლიციელთა მიერ, შეკრების დროს ფიზიკური ძალის კანონშეუსაბამოდ გამოყენების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო შეკრებაში მშვიდობიანად მონაწილე გ. ს-იმა, რის გამოც მან ნაწილობრივ დაკარგა შრომის უნარი, რომლის შედეგადაც 2019 წლის 23 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით გ. ს-ი დაზარალებულად იქნა ცნობილი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ არსებობდა გ. ს-ისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მისი ოდენობასთან დაკავშირებით პალატამ გაითვალისწინა ის სულიერი ტკივილი, რომელიც 27 წლის ასაკში გ. ს-იმა განიცადა ჯანმრთელობის ისეთი მძიმე ხარისხის დაზიანებით, როგორიცაა ... თვალში მხედველობის დაკარგვა, რამდენიმე ოპერაციის ჩატარება, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით, ფსიქოლოგიური კონდიციით და მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 09 თებერვლის №007620320 და 2021 წლის 25 მარტის №00196572 ექსპერტის დასკვნებზე, რომლითაც დადასტურებულ იქნა მოსარჩელის შრომისუნარიანობის შემცირების ფაქტი. საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პალატამ განმარტა, რომ გ. ს-ის დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარის მყარი დაკარგვით 35%-ის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე აღნიშნა, რომ გ. ს-ი 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2020 წლის 09 ივნისამდე დასაქმებული იყო შპს „ს...-ში“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად. მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შრომისუნარიანობის შეზღუდვა. ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება არ იყო ფიქსირებული. სს „ს...დან“ ამონაწერის თანახმად, შპს „ს...-ში“ გ. ს-ის ხელფასის სახით ყოველთვიურად ერიცხებოდა სხვადასხვა ოდენობის თანხა, შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისს მომხდარი ტრაგედიის გამო, ვინაიდან მოსარჩელე გ. ს-ის შეუმცირდა შრომისუნარიანობა, აღარ ჰქონდა ის ფიზიკური შესაძლებლობა, გაეგრძელებინა ჩვეული სამუშაო და მიეღო ის ხელფასი, რომელსაც ზემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში იღებდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. ს-ის სასარგებლოდ 2019 წლის 21 ივნისიდან, მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე უნდა დაჰკისრებოდა სარჩოს გადახდა, 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2020 წლის 09 ივნისამდე შპს „ს...-ში“ ხელფასის სახით მიღებული თანხის გათვალისწინებით. კერძოდ, ამ პერიოდში მოსარჩელისთვის სრულად მიღებული თანხის ყოველთვიური გაანგარიშებით, რამაც შეადგინა 794 ლარი და 41 თეთრი.
პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სარჩოს სიცოცხლის ბოლომდე დაკისრების უმართებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილად იყო ცნობილი მოსარჩელის შპს „ს...-ში“ დასაქმების ფაქტი, რაც არ წარმოადგენდა საჯარო სამსახურს, შესაბამისად მხარე არ იყო შეზღუდული საპენსიო ასაკით, ხოლო შრომისუნარიანობის აღდგენასთან დაკავშირებით პალატამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განმარტა, რომ გ. ს-ის ... თვალზე არსებული ცვლილებები მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის შრომისუნარიანობის აღდგენას მითითებული პროცენტულობით.
სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებზე, რომელთა თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით (სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის დროს არსებული ბოლო მონაცემებით), საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1855 ლარსა და 40 თეთრს, რომლის მხედველობაში მიღებით პალატამ სამართლიანად და გონივრულად მიიჩნია ყოველთვიური სარჩოს 794.41 ლარის ოდენობით განსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. ს-ის მიერ.
კასატორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეფასება არის ზედაპირული;, საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც აქციამ დაკარგა მშვიდობიანი სახე. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პოლიციის კორდონების გარღვევასა და საპარლამენტო ორგანოში შეჭრას. აქციის მონაწილეები ფარებითა და ხელკეტებით ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს, რაც გრძელდებოდა 2 საათის განმავლობაში, შესაბამისად, პოლიციამ მიიღო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად გამოეყენებინათ კონკრეტული საშუალებები და ასე შეეწყვიტათ ძალადობრივი შეკრება, რომელიც გასცდა კანონის ფარგლებს.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ძირითად აქცენტს აკეთებს აქციის ძალადობრივ ხასიათზე, შესაბამისად ასკვნის, რომ მოსარჩელისათვის, რომელიც იმყოფებოდა აქციის ტერიტორიაზე, თვალნათლივ საცნობი იყო, რომ იგი აღარ წარმოადგენდა მშვიდობიან დემონსტრანტს, ვინაიდან ის შეკრება, რომელშიც მონაწილეობდა, უკვე იქცა ძალადობრივ ღონისძიებად, შესაბამისად, მისი მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ კონკრეტული ტერიტორიის არ დატოვება მას შემდეგ, რაც აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი იზიარებდა სხვა დემონსტრანტების სულისკვეთებას ადმინისტრაციულ ორგანოში შეჭრასთან დაკავშირებით.
კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, სახეზე იყო „ნამდვილი“ თავდასხმა და წინააღმდეგობა ხორციელდება პოლიციის მიმართ ან პოლიციის ქონების წინააღმდეგ. საქმის მასალებზე დაყრდნობით სამინისტრო დადგენილად მიიჩნევს, რომ დემონსტრანტების მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ვანდალიზმისა და პოლიციელებზე თავდასხმას, ასეთი ქმედება დიდი ალბათობით გადაიზრდება მასობრივ არეულობაში, ამიტომ სამართალდამცავების მხრიდან ჩარევა იყო აუცილებელი. პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო საჭირო და პროპორციული და გონივრული არსებული გარემოებების გათვალისწინებით. კასატორის წარმომადგენელი მორალური ზიანის ოდენობას მიიჩნევს არაგონივრულად.
კასატორის, გ. ს-ის წარმომადგენელი მიუთითებს სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დამდგენ ნორმებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურების საკითხს (საქმეები №ბს-810(კ-18); №ბს-241(კ-23); მიუთითებს გ. ს-ის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და მის მიერვე ჩატარებულ მკურნალობებზე, მათ შორის, ...იურ პრობლემებზე, დიაგნოზზე, კერძოდ, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებული განმეორებადი აზრების ინტრუზიები, ძლიერი მწვავე რეაქციები, ძლიერი ნეგატიური გრძნობები, უიმედობა, დაუცველობა, შეზღუდული კონტაქტები, გარიდება, ანჰედონია - სიამოვნების უნარის დაკარგვა, ასოციალიზაცია, აქვს სახლიდან გასვლისა და ხალხთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტის პრობლემა; სუიციდიალური ფიქრები და მოგონებები და ფიქრები, რომელიც მუდმივად ტრიალებს მის მოგონებებში, ახალი ინფორმაციის (ახალი სწავლის) ათვისების უნარის შეზღუდვა.
,,შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს გააჩნია უფლება იყოს აქციაზე გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დაცვით. ,,პოლიციის შესახებ“ კანონის 31-ე და 33-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნევს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული საშუალება იყო არაპროპორციული, ამასთან მათ არ გაუფრთხილებიათ აქციის მონაწილეები, რაც იმის დასკვნის საფუძველია, რომ გამოყენებული ღონისძიება იყო არაპროპორციული კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევის კუთხით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით (Giuliani and Gaggio v. Italy; Gülcü v. Turkey; Laguna Guzman v. Spain; Primov and Others v. Russia; Zakharov and Varzhabetyan v. Russia; Izci v. Turkey; Labita v. Italy; Ireland v. the United Kingdom; Pretty v. the United Kingdom და სხვ.) აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ უფლებაში ჩარევის არაპროპორციული საშუალება იქნა გამოყენებული. გ. ს-ი იყო მშვიდობიანი აქტივისტი, რომელიც მეგობრის დასახმარებლად გაემართა, მას მიზნად არ ჰქონია ძალადობის გამოყენება და ამით სახელმწიფოებრიობისთვის რაიმე საფრთხის შექმნა. პოლიციის თანამშრომლებმა კი წინასწარი გაფრთხილების, კანონის მოთხოვნათა დარღვევით ესროლეს რეზინის ტყვია. პოლიციისთვის ცხადი იყო, რომ ჟურნალისტებს ესროდა ტყვიებს და არა ძალადობის სურვილით განმსჭვალულ მონაწილეებს. ის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გადაამეტეს აუცილებელ და პროპორციულ ძალას იმაშიც ვლინდება, რომ მათ მიზანმიმართულად სახეში ესროლეს ტყვია გ. ს-ის. ამ ინციდენტის შედეგად კი კასატორმა დაკარგა მხედველობა ... თვალში. მაშასადამე, სახეზეა როგორც მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ისე ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მათ შორის.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, საავადმყოფოში გადაყვანისას შედგა პროტოკოლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტს აღენიშნება დიდი ზომის კიდეებიანი ...ები, ...ში ...ის ფრაგმენტები, ..., ...ის და ..., ..., ..., ..., ...ის რენტგენოგრაფია. ამასთან, მას აღენიშნება ..., ...ლი და ზომაში შემცირებულია, ... კი ... მდგომარეობაშია. ნ...ის შემდეგ კასატორმა მკურნალობა გაიარა მ... კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. მიუხედავად ხანგრძლივი მკურნალობისა, მას დღემდე უწევს სამედიცინო მომსახურებების მიღება. აღნიშნულ უბედურ შემთხვევამდე გ. ს-ი მუდმივად დასაქმებული იყო, იღებდა ანაზღაურებას, ვითარდებოდა პროფესიულად, აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობდა და დაკავებული იყო სხვადასხვა აქტივობით. მისთვის ყველა სამედიცინო მანიპულაცია დიდ სტრესთან ასოცირდებოდა, ვინაიდან არსებობდა სავალალო შედეგის დადგომის რისკი. იგი ჩამოშორდა თავის ნორმალურ ცხოვრებას, იძულებულია იტაროს სპეციალური სამედიცინო მომსახურებები მთელი სიცოცხლის მანძილზე, ჩაიტაროს ოპერაციები, გამოკვლევები, გაუმკლავდეს გაუსაძლის ტკივილს. ამასთან, მეორე თვალზეც დაეწყო პრობლემები, რაც ამ თვალის გადაღლაში, გაწყლიანებასა და მხედველობის დაქვეითებაში გამოიხატება, რადგან მხოლოდ ამ თვალზე მოდის სრული დატვირთვა. გაუჩნდა ძილის პრობლემები, დაკარგა საზოგადოებაში გასვლისა და ხალხთან კონტაქტის სურვილი. გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, დიდია ფსიქოლოგიური წნეხიც. გ. ს-ის რამდენჯერმე მოუწია ქვეყნის დატოვება შვილის გარეშე, რადგან ფონდმა ,,ქ...მ“ არ დააფინანსა ბავშვის მგზავრობა. მშობლებისა და შვილის განშორებამ უარყოფითად იმოქმედა როგორც ბავშვზე, აგრეთვე უფროსებზე. ყოველივე ამის გამო მას ესაჭიროება ...თან შესაბამისი კურსის გავლა.
ამდენად, გ. ს-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ 50 000 ლარით ზიანის ანაზღაურების განსაზღვრა გ. ს-ის მიერ განცდილ ზიანთან მიმართებაში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. ს-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გ. ს-ის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს სახით 2019 წლის 21 ივნისიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად 794 ლარისა და 41 თეთრის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯარო და უიარაღოდ შეკრების უფლება. ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შეკრების შეწყვეტა თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო (21.3 მუხ.).
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შეკრების თავისუფლების განხორციელების უმთავრესი მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტია პარლამენტის მიერ 1997 წელს მიღებული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი. იგი ადგენს უფლების შინაარსსა და ფარგლებს, განსაზღვრავს მის სუბიექტებს, მათ უფლება-მოვალეობებს და შეკრების თავისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ძირითად შეზღუდვებს, ამასთან, უფლების სრულფასოვანი რეალიზების მიზნით, კანონი სახელმწიფოს გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს (სუსგ. №ბს-917(კ-22), 11.07.2023წ.).
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივი ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს (1.1 მუხ.). ამ კანონის მიზანს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს (1.2 მუხ.).
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება ან მანიფესტაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, მის შეწყვეტაზე პასუხისმგებელ სამართალდამცავ ორგანოს სწორედ საქართველოს პოლიცია წარმოადგენს, რომელიც თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში („პოლიციის შესახებ“ კანონის 13.1 მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი პოლიციელს ანიჭებს უფლებამოსილებას კონკრეტული სიტუაციის დროს გამოიყენოს იძულების ღონისძიებები. კერძოდ, პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პოლიციელი უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევა (1 პუნ.). პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია (3 პუნ.). იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს (4 პუნ.), პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით (6 პუნ.).
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი აწესრიგებს სპეციალური საშუალებების სახესა და გამოყენების პირობებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად იყენებს პასიურ და აქტიურ სპეციალურ საშუალებებს. პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს პოლიციელის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები (2 პუნ.); აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით უსპობს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და პოლიციელს ეხმარება საპოლიციო ფუნქციის შესრულებაში. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე (3 პუნ.). ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) გამოიყენება პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს („გ“ ქვ.პ.). ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №1006 ბრძანებით დამტკიცებული „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის“ მე-4 მუხლი განსაზღვრავს სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით „პოლიციის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა საშუალებები არაეფექტიანი იქნება მიზნის მისაღწევად. მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და უფლებამოსილი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია გაფრთხილება. მე-3 პუნქტი კრძალავს სპეციალური საშუალებების გამოყენებას ორსულობის, მცირეწლოვნების, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ახორციელებენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უფლებამოსილ პირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და უფლებამოსილ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით შეუძლებელია თავდასხმის მოგერიება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმად საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე გ. ს-ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივ, ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ამავდროულად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან გ. ს-ის მიმართ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული, რადგანაც როგორც ზემოთ აღინიშნა, პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი აწესებს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსთვის, ორგანიზაციისთვის ან/და მოქალაქისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი (სსკ-ის 992 მუხ.). ამასთან, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით (სსკ-ის 413.1 მუხ.).
საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მორალურ ზიანს არ გააჩნია ფულადი ეკვივალენტი, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი მუხლით განსაზღვრული „გონივრული და სამართლიანი“ ანაზღაურების განსასაზღვრად გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხი, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინება. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
საქმეში დაცული მასალებით დადგენილია, რომ გ. ს-ი 2019 წლის 20-21 ივნისს იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წინ, აქციაზე. 2019 წლის 21 ივნისს 01:13 საათზე, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულების სტაციონარში - შპს „ნ...ში“. გ. ს-ის დაესვა დიაგნოზი: ..., ...ები ... ნახევარში, ... ..., ...ის ...ი მდგომარეობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ..., იმავე დღეს გ. ს-ის ჩაუტარდა ოპერაცია ... სხვა ოპერაციები ...ზე, ....
მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის კონსულტაციით გ. ს-იმა მიმართა აღნიშნული კლინიკის ზოგად ამბულატორიას 01.08.2019წ. სადაც დაესვა დიაგნოზი: ... თვალის: ..., პირველადი ...ის შემდეგ (21.06.2019წ. საქართველო) დემონსტრაციის დროს რეზინის ...ით დაზიანების შედეგად.
... კლინიკა და პოლიკლინიკა ...ის კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაციით გ. ს-ის 29.11.2019წ ჩაუტარდა ოპერაცია, დაესვა დიაგნოზი - ... ნაწილში, ... მხარეს ...ით მიყენებული დაზიანების შემდგომი მდგომარეობა, ...ის დაკარგვით, ..., ..., ..., ....
სს „ს...ის“ ... ჯგუფის ხელმძღვანელის ნ. ს-ის დასკვნის თანახმად, გ. ს-ის მიერ წარდგენილ გამოსახულებებზე (...ების ელ. ვერსია) ისახება ...ის ...: ... ... (...ის) და ქვედა (...) კედლების ...ები შეცილებით. ...ის წინა, ...) ფრაგმენტული ...ები; ... ...ის ..., ..., ..., შემდგომი გამოსახულებები ... ...ებია. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (20-21.06.2019წ.) წინააღმდეგობაში არ არის.
ამავე დასკვნის თანახმად, დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარის მყარი დაკარგვით 35%-ის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს 20-21.06.2019 წელს.
... ქ. მ-ის 01.01.2021წ. ბენეფიციარის ... მდგომარეობის შესახებ ცნობით, გ. ს-ითან განხორციელდა სამი შეხვედრა, რომელიც მიმართულია მდგომარეობის სტაბილიზაციაზე, განხორციელდა ... კვლევა, ...ის გავლენაზე სხეულზე ორიენტირებული მიდგომა. ...ის მიერ გაიცა რეკომენდაცია - ...ის კონსულტაცია, ხანგრძლივი ....
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის 2019 წლის 23 ნოემბრის №0013761142 დადგენილებით, გ. ს-ი დაზარალებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის №074091119801 საქმეზე, რომელიც უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, ...ს გამზირზე ...ის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელებულ საპოლიციო მოქმედებებს, მათ შორის, გამოყენებულ სპეციალური საშუალებებს, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავმა ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, რის გამოც გ. ს-იმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (ცალკეული თანამშრომლების) მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გ. ს-ის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 50 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად, რა გარემოებაც მართებულად შეაფასა სააპელაციო პალატამ.
განსახილველ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების გარდა, გ. ს-ი ითხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ყოველთვიური სარჩოს სახით. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის კანონიერი უფლების ხელყოფისა და შესაბამისად, უკანონო ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ამ ნორმების ანალიზიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უწინარესად მიმართულია შელახული სამართლებრივი სიკეთის ან დარღვეული უფლების აღდგენისა და შენარჩუნების ინტერესისაკენ. გამონაკლისის სახით, ანუ როდესაც რესტიტუციის გზით შელახული სამართლებრივი სიკეთის, ან დარღვეული უფლების აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია, ან არათანაზომიერად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია, კრედიტორს მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ანუ ზიანი ანაზღაურდეს მატერიალური ბალანსის აღდგენის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ პოლიციელთა მიერ, შეკრების დროს სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო შეკრებაში მონაწილე გ. ს-იმა, რის გამოც მოსარჩელემ, ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგად ნაწილობრივ დაკარგა შრომის უნარი. ასევე დადგენილია, რომ გ. ს-ი 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2020 წლის 09 ივნისამდე დასაქმებული იყო შპს „ს...-ში“ უსაფრთხოების თანამშრომლად; შრომის ანაზღაურება არ იყო ფიქსირებული, შპს ,,ს...-ში’’ გ. ს-ის ხელფასის სახით ყოველთვიურად ერიცხებოდა სხვადასხვა ოდენობის თანხა. რამდენადაც გ. ს-ის შეუმცირდა შრომისუნარიანობა და აღარ აქვს ის ფიზიკური შესაძლებლობა განაგრძოს ჩვეული სამუშაო და მიიღოს ის ხელფასი, რომელსაც ზემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში მიიღებდა, მართებულია სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გ. ს-ის სასარგებლოდ შესაბამისი ოდენობით ყოველთვიური სარჩოს დაკისრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


გ. მაკარიძე


ბ. შონია