¹ას-386-737-07 10 დეკემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მარიამ ცისკაძე, ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. და ნ. ა-ები
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინება და ამავე პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 30 ივლისს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს ი. ა-ს წინააღმდეგ და მოითხოვა სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის აღდგენა შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის მითითებით, იგი 2000 წელს გახდა სრულწლოვანი და მოიპოვა აწ გარდაცვლილი მამის - შ. ა-სა და ბიძის - ე. ა-ს დანაშთი ქონებიდან მის კანონიერ წილზე სამკვიდრო მოწმობის მიღების უფლება, თუმცა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და დედის _ ვ. ა-ს ავადმყოფობის გამო, სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა გაუშვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ იგი მამის – შ. ა-ს ერთადერთი მემკვიდრეა, ხოლო ბიძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობას ითხოვს იმ ნაწილზე, რომელიც მამამისმა ბიძისაგან 55 000 რუსულ მანეთად შეიძინა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების ვადა 6 თვით გაუგრძელდა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა. სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო; უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატაში გაასაჩივრა. სააპელაციო პალატამ 2004 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით საჩივარი დააკმაყოფილა და საქმის წარმოება განაახლა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით მხარეთა შორის მორიგება დაამტკიცა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება გააუქმა.
2006 წლის 24 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ა-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1988 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებელს, როგორც ი. ა-ს კანონიერ წარმომადგენელს, გ. ა-ს დანაშთი ქონებიდან ერთი მესამედი წილი მიეკუთვნა. ზემოაღნიშნული მორიგება კი მისი მონაწილეობის გარეშე დამტკიცდა, შესაბამისად, მისი საკუთრების უფლება დაირღვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინების საფუძველზე ნ. ა-ს განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინება და ი. ა-ს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ა-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ა-ს სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. ა-მა გაასაჩივრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატის 2007 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის პირველი დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და ი. და ნ. ა-ების სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.
სააპელაციო პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ი. ა-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ა-ს სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. მ. ა-ი არის აწ გარდაცვლილი შ. ა-ს შვილი;
2. 1988 წლის 15 აპრილს გარდაბნის ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, რომლის შესაბამისად გ. ა-ს შვილები _ ე. ა-ი და შ. ა-ი ცნობილ იქნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე მამის დანაშთი ქონების თანაბარი წილის მემკვიდრეებად;
3. გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1988 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიონის სახელმწიფო ნოტარიუსის სამემკვიდრეო საქმეში შეტანილ იქნა დამატება და ნ. ძ-ს, ი. ა-ს წარმომადგენლის დედას, მიეცა გ. ა-ს დანაშთი ქონებიდან _ გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მესამედი წილი;
4. შ. ა- გარდაიცვალა 1997 წლის 9 ივლისს;
5. 2003 წლის პირველ ივლისს მ. ა-ს წარმომადგენელმა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართა გარდაბნის ნოტარიუსს;
6. ნოტარიუსის 2003 წლის 7 ივლისის დადგენილებით განმცხადებელს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო;
7. მოსარჩელე მ. ა-ს მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე ემყარება იმ გარემოებას, რომ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ის იყო არასრულწლოვანი, ხოლო სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ (2000 წლის 9 ნოემბერს), დედის ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო კანონით მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელება;
8. მოსარჩელე მ. ა-ი დაიბადა ... წლის ... ნოემბერს, ხოლო სამკვიდრო გაიხსნა 1997 წლის 9 ივლისს, შესაბამისად, სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა დამთავრდა 1998 წლის 9 იანვარს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1422-ე და 1198-ე მუხლებით და განმარტა შემდეგი: საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 1422-ე მუხლის შესაბამისად, ქმედუუნარო და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ მათი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები თავიანთი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის _ სასამართლოშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ მ. ა-ს 1997 წლის 9 ივლისიდან 1998 წლის 9 იანვრამდე შეეძლო მემკვიდრეობა მიეღო მისი კანონიერი წარმომადგენლის _ დედის მეშვეობით. ამიტომ ამ საფუძვლით ვადის გაშვება არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ საპატიო მიზეზს, რაც შეეხება დედის ავადმყოფობას, პალატამ არც აღნიშნული მიიჩნია ვადის გაშვების საპატიოობის საფუძვლად, ვინაიდან მ. ა-ს დედის - ვ. ა-ს ავადმყოფობა დასტურდება 2000 წლის 31 ოქტომბრიდან 2000 წლის 7 ნოემბრამდე, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის მიღების უფლება 1997 წლის 9 ივლისიდან 1998 წლის 9 იანვრამდე ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მ. ა-ს უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის მიღების ვადის აღდგენაზე მისი არასაპატიოდ გაშვების საფუძვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლა და ამავე პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ 2006 წლის 8 ნოემბერს ისე განაახლა საქმის წარმოება, რომ არ უმსჯელია განჩინების ბათილობის საფუძვლის ხანდაზმულობაზე, გარდა ამისა, სასამართლო გასცდა ნ. ა-ს მოთხოვნის ფარგლებს. კასატორის აზრით, სასამართლოს ასევე არ უმსჯელია ნ. ა-სა და ნ. ძ-ის პიროვნებათა იდენტურობის შესახებ. კასატორი მიუთითებს ასევე სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევაზე და ეჭვქვეშ აყენებს ი. ა-ს წარმომადგენლის – თ. კ-ს უფლებამოსილების საკითხს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გაჩინებისა და გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნია, რომ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განცხადების ავტორის მითითება განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დაცვის შესახებ რაიმე მტკიცებულებით უნდა იყოს დადასტურებული. ასეთ შემთხვევაში ერთთვიანი ვადის დაცვის მტკიცების ტვირთი განცხადების ავტორს ეკისრება. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება აღნიშნული ვადის დაცვის დადასტურების მიზნით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება _ მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და კონკლუდენტური მოქმედებით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. კანონმდებელი საპატიოობის კრიტერიუმებს არ აკონკრეტებს, აღნიშნული ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარეობს, თუმცა, სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: 1. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; 2. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ა-ს 1997 წლის 9 ივლისიდან 2000 წლის 9 ნოემბრამდე შეეძლო, მემკვიდრეობა მიეღო მისი კანონიერი წარმომადგენლის - დედის მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საფუძვლით ვადის გაშვება კანონით განსაზღვრულ მიზეზს არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ წარმომადგენლის მიერ მოქმედებათა შეუსრულებლობა თავისთავად არ წარმოადგენს ვადის გაშვების საპატიო მიზეზს. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვადის გაშვების საპატიოობაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის დამოკიდებულება არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართ. კანონიერი წარმომადგენლის მიერ თავის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან უფლებამოსილების უკანონო გამოყენება შეიძლება გახდეს არასრულწლოვანის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. ა-ი მკურნალობდა 2000 წლის 31 ოქტომბრიდან 2000 წლის 7 ნოემბრამდე და 2000 წლის 9 ნოემბრიდან 2000 წლის 17 ნოემბრამდე. პალატამ აღნიშნული მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია სამკვიდროს მიღების ვადაში ვ. ა-ს ავადმყოფობის ფაქტის დასადასტურებლად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ვ. ა-ს ავადმყოფობის თაობაზე მტკიცებულებების შესწავლისას თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის თარიღებთან ერთად ყურადღება უნდა გაემახვილებინა ავადმყოფობის სიმძიმეზე და გაეთვალისწინებინა მისი შვილის შესაძლებლობა, ეზრუნა სამკვიდროს მიღებაზე ასეთ პირობებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, უნდა იმსჯელოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დასაშვებობის წინაპირობებზე, კერძოდ კი, განცხადების სასამართლოში კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში შეტანის საკითხზე. დამატებითი მტკიცებულებები კი სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ფაქტის დასადგენად მხოლოდ მას შემდეგ უნდა გამოიკვლიოს, თუ საქმის წარმოების განახლების პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა დადგინდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე, 427-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის პირველი სექტემბრის განჩინება, 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინება და 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა იმავე სააპელაციო პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.