ბს-1047-893-კ-04 24 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ........... არბიტრაჟის 2003წ. 13 მარტის ¹1 განკარგულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
აფხაზეთის ა/რ შს სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ........ არბიტრაჟის მიმართ და მოითხოვა არბიტრაჟის 2003წ. 13 მარტის ¹1 განკარგულების გაუქმება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ .......... არბიტრაჟის თავმჯდომარე გ. გ-ემ 2003წ. 13 მარტის ¹04-2003 საქმეზე მიიღო განკარგულება ¹1 პრეტენზიის მიღების შესახებ და დაადგინა, რომ: 1. სს ბიზნესცენტრ “ს-ის” გენერალურ დირექტორ გ. ბ-ის პრეტენზია აფხაზეთის შს სამინისტროს მიმართ მიღებულ იქნეს წარმოებაში; 2. პრეტენდენტს ნაწილობრივ გადაევადოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა; 3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის საკითხი გათვალისწინებულ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ............ არბიტრაჟის გასაჩივრებული განკარგულება ¹1 ეწინააღმდეგებოდა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის პირველი და მეორე მუხლების მოთხოვნებს, ........... არბიტრაჟის დებულების მე-2, მე-11, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებსა და სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომელთა შესაბამისად .......... არბიტრაჟს ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ კერძო არბიტრაჟს მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა. კონკრეტულ შემთხვევაში არბიტრაჟზე გადაცემული დავა წარმოადგენდა ადმინისტრაციულ დავას, რადგან იგი ეხება სს ბიზნესცენტრ “ს-სა” და აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგების პირობების შესრულებას, რის გამოც დავა უნდა განეხილა საერთო სასამართლოს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ბიზნესცენტრ “ს-ის” პრეტენზია წარმოებაში მიღებული იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენადაც მხარეებს შორის დადებულ იქნა საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, მათ შორის დამყარდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც რეგულირდებოდა სკ-ის 531-575-ე მუხლებით. ამასთან, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება დავის შემთხვევაში კერძო არბიტრაჟისათვის მიმართვის შესახებ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო სს ბიზნესცენტრი “ს-ი”. სასამართლოს 2003წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ......... არბიტრაჟის 2003წ. 13 მარტის ¹1 განკარგულება ¹014-2003 საქმეზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...... არბიტრაჟის” წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “........ არბიტრაჟის” სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2000წ. 1 იანვარს სს ბიზნესცენტრ “ს-სა” და აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 2-4 პუნქტის თანახმად, დამქირავებელი ვალდებული იყო, დროულად და სრულად გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა. ამავე ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სადავო საკითხი გადაეწყვიტა შპს “........... არბიტრაჟს. სს ბიზნესცენტრმა “ს-მა”, მიიჩნია რა ხელშეკრულების პირობა დარღვეულად, პრეტენზიით მიმართა ........... არბიტრაჟს, რომელმაც 2003წ. 13 მარტის ¹1 განკარგულებით პრეტენზია მიიღო წარმოებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს “ ....... არბიტრაჟის” მიერ პრეტენზიის წარმოებაში მიღებით დაირღვა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად კერძო არბიტრაჟს განსახილველად გადაეცემა მხარეებს შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით. მოცემულ შემთხვევაში, რადგან ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანო _ აფხაზეთის არ შს სამინისტროს სახით, ამიტომ დავა წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებას, ატარებდა ადმინისტრაციულ ხასიათს და უნდა გადაწყვეტილიყო საერთო სასამართლოების მიერ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შეთანხმება დავის კერძო არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ ....... არბიტრაჟის” თავმჯდომარემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა დავა ადმინისტრაციულ დავად, რადგან მხარეებს შორის არსებობდა არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც რეგულირდება სკ-ის 531-575-ე მუხლებით. ადმინისტრაციული დავა კი უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
მხარეები ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას შეთანხმდნენ დავის კერძო არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტაზე, რაც გამოხატავს მხარეთა ნებას და იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც მხარეთა ნებას ენიჭება პრიორიტეტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ............ არბიტრაჟის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის განჩინება და საქმის წარმოება შეწყდეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიებს. დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის სადავო სამართალურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, აგრეთვე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ......... არბიტრაჟის ¹1 განკარგულება პრეტენზიის მიღების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განსახილველ სასამართლოს განსჯად დავას, ვინაიდან ........... არბიტრაჟი არ არის ადმინისტრაციული ორგანო და დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია .......... არბიტრაჟის განკარგულება, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რადგან ........... არბიტრაჟი არ არის ადმინისტრაციული ორგანო და მის მიერ მიღებული განკარგულება ვერ განიხილება ადმინისტრაციულ აქტად. იმავე მიზეზით, რომ .......... არბიტრაჟი არ არის ადმინისტრაციული ორგანო, დავის საგანი ვერ შეფასდება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს ბიზნესცენტრ “ს-სა” და აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს შორის 2000წ. 1 იანვარს დადებული არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, ზაკ-ის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას და აღნიშნული გარიგების შესრულებაზე დავა განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს მიერ გასაჩივრებულია არა ხელშეკრულების შესრულების თაობაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, არამედ ამ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნით წარდგენილი საარბიტრაჟო პრეტენზიის მიღების შესახებ განკარგულება, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არ წარმოადგენს არც ადმინისტრაციულ აქტს და არც კერძო არბიტრაჟის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რომლის გასაჩივრების უფლება გააჩნია მხარეს “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, როგორც სასამართლოს უწყებრივად არაგანსჯადი დავა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მეორე მუხლებით, საქართევლოს სსკ-ის 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ...... არბიტრაჟის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის განჩინება და საქმის წარმოება შეწყდეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.