Facebook Twitter
ბს-1113-692(კ-05) 18 მარტი, 2006წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. წკეპლაძე,
ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:
03.02.05წ. ი. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹...... საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორის ჯ. ხ-ის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1994წ. 7 თებერვლიდან მუშაობდა გეგუთის ¹...... დაწესებულებაში რეჟიმის განყოფილების კონტროლიორის, იუსტიციის ზემდეგის თანამდებობაზე. 16.03.04წ. სამსახურში მისვლისას მას განუცხადეს, რომ გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის განცხადებით განთავისუფლების შესახებ ბრძანება მას არ ჩაბარებია და მხოლოდ მისი ადვოკატის მომართვის პასუხად აცნობეს, რომ გათავისუფლებული იყო დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, სამსახურის უმიზეზოდ გაცდენისათვის.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 16.03.05წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ჩ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.05.05წ. განჩინებით ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 16.03.05წ. გადაწყვეტილება.
სააპელაცი პალატამ მიიჩნია, რომ ი. ჩ-ე სამსახურიდან კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განთავისუფლდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მის მიერ ხუთ დღეზე მეტი ხნით სამსახურის თვითნებური მიტოვების ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსის მოხსენებით ბარათის მიხედვით ი. ჩ-ეს გამოცხადებული ჰქონდა სასტიკი საყვედური და განთავისუფლებისას მის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების შესაბამისი ზომა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ი. ჩ-ე 15.03.04წ. პატაკის საფუძველზე სამსახურიდან განთავისუფლებული იყო და შესაბამისად მისი სამსაბურში გამოუცხადებლობაც საპატიოდ უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რადგან ასეთი პატაკი მე-...... დაწესებულების კანცელარიაში რეგისტრირებული არ ყოფილა. სააპელაციო პალატის აზრით, ი. ჩ-ის სარჩელი ხანდაზმულია, რადგან ი. ჩ-ემ განთავისუფლებიდან მხოლოდ 9 თვის შემდეგ მიმართა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს, ხოლო სასამართლოს მხოლოდ 03.02.05წ.
სააპელაციო პალატის განჩინება ი. ჩ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა. რადგან არ გაითვალისწინა და იურიდიულად არ შეაფასა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათი და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ გამოიყენა სასკ-ის 22-ე და 24-ე მუხლები, რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ მის ამინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 6 თვის ვადაში შეიტანა სარჩელი მოპასუხე დაწესებულებისათვის ისეთი მოქმედების განხორციელების დავალებით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად დაშვებას გულისხმობდა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლი და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლი, რომელთა თანახმად‚ სამსახურიდან დათხოვნის ერთი თვის ვადაში, ხოლო მოსარჩელეს ბრძანება მას დღესაც არ ჩაჰბარებია. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განთავისუფლდა. ვინაიდან კანონით დადგენილი წესით დასციპლინური სახდელი არ დაკისრებია, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხე დაწესებულების კადრების განყოფილების ინსპექტორი 22.03.04წ. მოხსენებით ბარათში. სინამდვილეს არ შეესაბამება სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტი მის მიერ სამუშაო ადგილის ხუთ დღეზე მეტი ვადით მიტოვების თაობაზე. კასატორის განმარტებით, იგი ვალდებულები, იყო სამუშაო გრაფიკის თანახმად, ყოველ მესამე დღეს გამოცხადებულიყო სამუშაო ადგილას. ამდენად ი. ჩ-ეს არასაპატიო მიზეზითაც რომ გაეცდინა სამსახური 15-22 მარტს. გრაფიკის მიხედვით უნდა ჩათვლოდა არა ხუთ არამედ სამ გაცდენილ დღედ. სსკ-ის 104-ე მუხლის დარღვევით შუამდგომლობის მიუხედავად არ გამოიძახა მოწმეები, რომლებსაც შეეძლოთ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადასტურება იმასთან დაკავშირებით, რომ კასატორი სამსახურიდან გათავისუფლდა პირადი დაინტერესების საფუძველზე. ის პერიოდულად დადიოდა სამსახურში და ცდილობდა გათავისუფლების მიზეზის დადგენას, ხოლო ადმინისტრაცია აძლევდა სამსახურში აღდგენის დაპირებას. მოწმეების ჩვენების საფუძველზე შესაძლებელი იყო აგრეთვე იმის დადგენა, რომ კასატორი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და მის მოვალეობას 15 მარტს ასრულებდა ი. კ-ა, რომლის ახსნა-განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით ერთვის საკასაციო საჩივარს. კასატორი თვლის, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა «საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის» 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.


სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება ი. ჩ-ის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. ზაკ-ის 182-ე მუხლის «ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველია, ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამ ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისას მისი აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის მიღება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც ადმინისტრაციული წარმოების ბატონ-პატრონის, თავისუფალი გადაწყვეტის სფეროს განეკუთვნება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჩივარი მიიღოს გასაჩივრების ვადის დარღვევით, თუ იგი არ ეხება მესამე პირების ინტერესებს. ვინაიდან გასაჩივრების ვადების შემოღება მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესების დაცვას, ამ უკანასკნელს უფლება აქვს, უარი თქვას მასზე, რაც აფართოებს ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის სამართლებრივი უფლების დაცვის საშუალებას. განსახილველ შემთხვევაში ი. ჩ-ემ სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს მიმართა განთავისუფლებიდან ცხრა თვის ვადაში. კერძოდ 08.12.04წ. მიმართა. ამასთანავე მხედველობაში მისაღებია აგრეთვე ის გარემოება, რომ სადავო ბრძანება რეჟიმის განყოფილების კონტროლიორის, იუსტიციის ზემდეგი ი. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კასატორს არ ჩაბარებია. საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია, რის გამოც არ დასტურდება კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის გაცდენა. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს სადავო საკითხის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული აქტი არ მიუღია, მისი სამსახურიდან განთავისუფლების საკითხი შესწავლილ იქნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ და მოხსენებითი ბარათი წარედგინა დეპარტამენტის თავმჯდომარეს. აღნიშნული მოხსენებითი ბარათი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა ¹..... დაწესებულების დირექტორს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების მიუხედავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საჩივრის მიღებაზე უარი არ განაცხადა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ვადის გაცდენით საჩივრის მიღება გზას უხსნის მომჩივანს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისაკენ, არამედ გავლენას ახდენს სასამართლოში სარჩელით მიმართვის დადგენილ ვადებზე და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გაცდენის შემთხვევაში ფაქტობრივად აღადგენს მას, ვინაიდან საჩივრის ავტორს შესაძლებლობა ეძლევა, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული აქტი სასამართლოში გაასაჩივროს. ამდენად ის გარემოება, რომ ი. ჩ-ემ სამსახურიდან გათავისუფლებიდან 9 თვის შემდეგ მიმართა დეპარტამენტს, არ ადასტურებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ჩ-ის საჩივართან დაკავშირებით არ გამოუცია. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსის მოხსენგებითი ბარათი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადისდარღვევა მოქმედი კანონმდებლობით ჩაითვლება აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ვადის დენა ასეთ შემთხვევაში დაიწყება აქტის გამოცემისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის ამოწურვიდან. მოცემულ შემთხვევაში 2005წ. 8 იანვრიდან. სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების 28.12.04წ. ¹10/5/3-8457 მიმართვა ¹...... დაწესებულების დირექტორისადმი დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების შესახებ განხილულ იქნა ¹...... დაწესებულების მიერ 17.01.05წ. ოპერატიულ თათბირზე, ხოლო სარჩელი ი. ჩ-ემ სასამართლოში 03.02.05წ. აღძრა, ანუ საჩივრის განხილვის ვადის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 31.12.99წ. ¹706 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის» 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად წახალისება და დასჯა მოსამსახურეს ეცნობება პირადად მწყობრის წინ ან თათბირის დროს. მოსამსახურეს სასჯელის დადებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ხსენებული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ბრძანება დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ, მოტივების აღნიშვნით, მოსამსახურეს გამოეცხადება ხელის მოწერით. საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციის მიერ დისციპლინური სასჯელის დადების აღნიშნული წესების დაღვა. სააპელაციო პალატამ ისე მიიჩნია ი. ჩ-ის სარჩელი ხანდაზმულად, რომ არ დაუდგენია მითითებული გარემოებები.
საქართველოს პრეზიდენტის 31.12.99წ. ¹706 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის» 34-ე მუხლის თანახმად მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა ხდება მინისტრის მიერ. მინისტრი უფლებამოსილია, რიგითი შემადგენლობის ცალკეული კატეგორიის მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნის უფლება გადასცეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასჯელაღსრულების ¹...... საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორის 23.03.04წ. @35 პ/შ ბრძანების მართლზომიერების დადგენა საჭიროებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორისათვის სამსახურიდან დათხოვნის უფლებამოსილების გარკვევას.
საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი. ჩ-ე სამსახურში ხუთ დღეზე მეტი ხნით, 15 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით არ გამოცხადდა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან. მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურის განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან. სასჯელაღსრულების ¹...... საერთო და მკაცრი დაწესებულების დირექტორის სადავო ¹35 პ/შ ბრძანებაში კასატორის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია მაიიორ მ. ფაიქიძის და უმცროსი სერჟანტის ნ. თ-ის მოხსენებითი ბარათები. აღნიშნული ბარათებით დასტურდება, რომ ი. ჩ-ე სამსახურში არ გამოცხადდა 15-18-21 მარტს. კასატორის განცხადებით, ¹....... სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დირექტორის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, მისთვის სამუშაო დღე იყო ყოველი მესამე დღე. ამდენად, საქმეზე დასადგენია, რამდენი სამუშაო დღის განმავლობასი არ გამოცხადდა ი. ჩ-ე სამსახურში. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების საფუძველზე უნდა დაადგინოს, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლის არსებობა. საქმეზე დადგენას საჭიროებს ი. ჩ-ის განცხადების მართებულობა იმასთან დაკავშირებით, რომ 15.03.04წ. პირადი პატაკის საფუძველზე ერთი დღით დაეთხოვა უფროსს და მის მაგივრად მოვალეობას ასრულებდა თ. კ-ა, ხოლო შემდგომ დღეებში (18 და 21 მარტს) ი. ჩ-ე არ იქნა დაშვებული სამსახურში ადმინისტრაციის მიერ.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საცივრის საფუძველს ქმნის. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის გარემოებები საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.05.05წ. განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.05.05წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.