¹ბს-1113-950-კ-04 17 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ბ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001წ. 22 იანვარს ქ. თბილისის პრემიერის ¹23 განკარგულებით მოსარჩელე ნ. ბ.-ს მიენიჭა უფლება თბილისში, ... ქუჩაზე ¹7 და 9 შენობებს შორის არსებულ მიწისქვეშა გასასვლელის თავზე მდებარე ესტაკადაზე რკინისა და მინის კონსტრუქციებისაგან შემდგარი შენობის მოწყობაზე, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო სავაჭრო ობიექტად, რისთვისაც ნ. ბ.-მ აწარმოვა რიგი სამუშაოები, კერძოდ, 2002წ. 1 ნოემბერს მან გააფორმა კონტრაქტი თურქულ კომპანიას “ი.-სთან”, რომლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციად გათვალისწინებული იყო 5000 აშშ დოლარი. აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება ნ. ბ.-მ ვერ შეძლო რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრისა და 14 თებერვლის განჩინებების (სამშენებლო სამუშაოთა შეჩერების თაობაზე) გამო.
გარდა ამისა, მოსარჩელემ ისესხა 55000 აშშ დოლარი თვეში 3%-იანი სარგებლით ფიზიკურ პირ ნ. ღ.-სგან ერთი წლით და სესხის პროცენტმა შეადგინა 19800 აშშ დოლარი, ხოლო სამშენებლო ფირმა “ა.-თან” გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ნ. ბ.-მ გადაიხადა 15000 ლარი, ამასთან, მოსარჩელის მიერ მშენებლობისათვის შეძენილ და გახარჯულ იქნა 39000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები.
ზემოაღნიშნული თანხების გარდა, ნ. ბ.-მ გადაიხადა სანივთო უფლების რეგისტრაციისთვის 2273 ლარი, უძრავი ქონების მოსაკრებელი _ 10 ლარი, კონკურსის სპეცანგარიშზე _ 500 ლარი, საკადასტრო რუკის შედგენისათვის _ 24 ლარი, აუდიტორული დასკვნისათვის _ 200 ლარი. აღნიშნულ თანხებს, მოსარჩელის მოსაზრებით, უნდა დაემატოს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელმაც შეადგინა 30000 აშშ დოლარი.
მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებდა ზაკ-ის მე-60, სკ-ის 408-415-ე მუხლებზე და ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
მოპასუხე ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ:
ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც ნ. ბ.-ს მიეცა უფლება, ... ქ. ¹7 და ¹9 შენობებს შორის არსებულ მიწისქვეშა გასასვლელის თავზე მდებარე ესტაკადაზე მოეწყო შენობა და გამოეყენებინა იგი სავაჭრო ობიექტად, არ ყოფილა თბილისის მერიის მიერ ბათილად ცნობილი. მოპასუხის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია თურქულ ფირმასთან, კაბალური იყო, არ იყო განსაზღვრული ხელშეკრულების ღირებულება და არ იყო დადასტურებული დოკუმენტალურად ნ. ბ.-ს მიერ მასალების მიღების ფაქტი, აგრეთვე, მშენებლობის წარმოებისთვის დახარჯული მასალის ღირებულება და ოდენობა.
საფუძველს მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე იმდენად, რამდენადაც მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ბიზნეს-გეგმა, წარმოება არ დაწყებულა, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის გამოთვლა შეუძლებელი იყო. ამასთან, ნ. ბ.-ს მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელი იყო მისი ნოტარიულად დამოწმება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.
“...” ბანკმა ნ. ბ.-სთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, მდებარე ... ქუჩაზე, სადავო გახადა, მაგრამ 2003წ. 18 ივლისის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად, მერიამ შეუცვალა ნ. ბ.-ს მიწის ნაკვეთი სხვა მიწის ნაკვეთით, მდებარე თბილისში, ... ქუჩაზე, რაზეც ნ. ბ.-ს პრეტენზია არ განუცხადებია, შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება თბილისის მერიას არ წარმოეშვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ბ.-ს სარჩელი და მოპასუხე თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 42008 ლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ნ. ბ.-ს სასარგებლოდ 42008 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ნ. ბ.-მ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიისათვის 42008 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნ. ბ.-ს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ზაკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც ნ. ბ.-ს მიეცა უფლება, ...-ის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გასასვლელზე მდებარე ესტაკადაზე ეწარმოებინა მშენებლობა, ბათილად არ ყოფილა გამოცხადებული არც მერიის და არც სასამართლოს მიერ. უფრო მეტიც, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის განჩინებით დამტკიცებულ იქნა მხარეთა შორის მორიგების ხელშეკრულება და საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნული განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასწორი იყო რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზაკ-ის 60.6 მუხლის შესაბამისად და სკ-ის 408-ე მუხლის საფუძველზე ნ. ბ.-ს სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, მით უფრო მაშინ, როცა სკ-ის 415.1 მუხლით კანონმდებელი განსაზღვრავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისა და ანაზღაურების მოცულობის დასადგენად აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. იგივე წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში _ თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
დადგენილია, რომ 2003წ. 18 ივნისს თბილისის მერიასა და ნ. ბ.-ს შორის რაიონული სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა მორიგების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ბ.-ს ...-ის ქუჩაზე მდებარე ტერიტორიის ნაცვლად, უნდა მისცემოდა ...-ის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული მორიგების აქტის დამტკიცებისას ნ. ბ.-მ გამოხატა ნება მორიგების ამგვარი პირობებით მიღწევისა, რისი უფლებაც მინიჭებული აქვს სსკ-ის 3.2 მუხლის ძალით და რომლის რეალიზაციაც მოახდინა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თბილისის მერიისათვის 19800 აშშ დოლარის (მის მიერ სესხის სარგებლის სახით გადახდილი პროცენტის) დაკისრების შესახებ უსაფუძვლო იყო, რამდენადაც სკ-ის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკისა და ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილი იყო, რასაც ადგილი ჰქონდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში არ არსებობდა ნ. ბ.-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამ ნაწილში გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო და სამართლის ნორმები არ დარღვეულა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ.-მ, რომელმაც ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება.
კასატორი ნ. ბ.-ა ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს ზაკ-ის 60.6 და სკ-ის 408-ე მუხლის მოთხოვნებზე. ზაკ-ის 60.6 მუხლის თანახმად, თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ბათილად იქნა გამოცხადებული ამავე მუხლის მე-5 ნაწილში გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დაინტერესებულ მხარეს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად აცხადებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქ. თბილისის პრემიერის ¹23 განკარგულება, რომლითაც კასატორს მიენიჭა უფლება, ... ქუჩაზე, ¹7 და ¹9 შენობებს შორის არსებულ მიწისქვეშა გასასვლელის თავზე მდებარე ესტაკადაზე მოეწყო მსუბუქი კონსტრუქციების სავაჭრო ობიექტი, გაბათილდა საქმეზე მოპასუხედ დასახელებული _ ქ. თბილისის მერიის ან სასამართლოს მიერ. უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მორიგების ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული აქტი ფაქტობრივად ბათილად იყო ცნობილი, რადგან საკრებულოს 20.05.03წ. ¹8-1 გადაწყვეტილებით აეკრძალა ... ქუჩაზე არსებული ესტაკადის თავზე სავაჭრო ობიექტის მოწყობა. ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული ინსპექციის მიერ განხორციელდა მშენებლობის დემონტაჟი, ხოლო სასამართლოში საქმის წარმოებისას ამ უკანასკნელმა ცნო სს “...” ბანკის სარჩელი. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ მითითებული კონკრეტული ფაქტები, რომლებსაც ის მიიჩნევს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებად, არ განუხორციელებია ქ.თბილისის მერიას. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.07.03წ. განჩინებით არსებითად არ განხილულა სს “...” ბანკის სარჩელი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა მორიგება, რომლითაც კასატორმა უარი განაცხადა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით მინიჭებული უფლებების განხორციელებაზე, ხოლო ქ. თბილისის მერიამ თანხმობა განაცხადა ...-ის ქუჩაზე არსებული ესტაკადის თავზე გაცემული ტერიტორიის სანაცვლოდ, გადაეცა ...-ის ქუჩაზე არსებული ესტაკადის თავზე არსებული ტერიტორია იმავე დანიშულებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოთხოვნას ქ. თბილისის მერიის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან არ არის დადასტურებული ამ უკანასკნელის მიერ ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც ზაკ-ის 60.6 მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს.
სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურება ეკისრება იმ პირს, რომელიც ვალდებულია, აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის თანახმად, ასეთ პირს წარმოადგენს ის, ვინც თავისი განზრახი (არამართლზომიერი) ან გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანი მიაყენა სხვას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საქმეზე მოპასუხედ დასახელებულმა ქ. თბილისის მერიამ განახორციელა რაიმე ქმედება (გარდა სანაცვლო ტერიტორიის გამოყოფისა) ნ. ბ.-ს მიმართ და ამ ქმედების შედეგად კასატორმა ზიანი განიცადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რომელიც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ნ. ბ.-ს დაეკისროს შემცირებული სახელმწიფო ბაჟი 800 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.