ბს-113-106(კ-06) 28 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 9 აგვისტოს ი. და რ. ლ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის მიმართ და აღნიშნეს, რომ საჩხერის რაიონის სოფ. ...სთან მდებარე იცქის-იტავაზის ქვიშის კარიერი ოფიციალურად გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ამუშავდა. აღნიშნული საბადოს ¹1 უბნის დამუშავებას 1963 წლიდან აწარმოებდა საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საწარმო. იმჟამად კი ¹1 უბნის წიაღით სარგებლობას, ორი სხვა საწარმოს გარდა, ასევე ახორციელებდა სს “.. ..” რომელიც საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული იმავე სახელწოდების საწარმოს სამართალმემკვიდრე იყო. ხსენებული კარიერის ექსპლუატაცია ხდებოდა არასწორი მეთოდებით, რის გამოც კარიერის თავზე გაშენებული სოფ. ... 1985 წელს მთლიანად დაინგრა. მთავრობის გადაწყვეტილებით სოფ. ...სის დაზარალებული მოსახლეობისათვის უსაფრთხო ადგილას დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილების საფუძველზე შემუშავდა საცხოვრებელი სახლების პროექტები და მათ ცალ-ცალკე გამოეყოთ 1000-1000 კვ.მ მიწის ნაკვეთები და დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, სახელმწიფოს სახსრებით უნდა აშენებოდათ ორსართულიანი, ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლები სათავსებით, მაგრამ გაკეთდა მხოლოდ ფუნდამენტი, რომელიც იმჟამინდელი მდგომარეობით მშენებლობისათვის უვარგისი იყო და იძულებული იყვნენ ცხოვრება გაეგრძელებინათ დამეწყრილ სოფ. ძველ ...ში, რომელიც საცხოვრებლად საშიშ ზონად იყო გამოცხადებული. ზემოაღნიშნული დადგენილებით საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს დაევალა მეწყერის შედეგად დანგრეულ სოფ. ...ის მოსახლეობისათვის 1500000 მანეთის გამოყოფა.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მათი სახლების მშენებლობა არც კი დაწყებულა, რის გამოც ისინი წლების მანძილზე მიმართავდნენ შესაბამის ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს სსრ სახმშენის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ “ს...ის” მიერ 1990 წელს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით, 1984წ. ფასებისა და ნორმების მიხედვით, თითო ორსართულიანი, ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გათვალისწინებული იყო 45555 მანეთი, რაც ორი საცხოვრებელი სახლისთვის შეადგენდა 91110 მანეთს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2002წ. 15 აპრილს გაცემული ცნობით, 1984წ. მდგომარეობით, 100 აშშ დოლარი საშუალოდ უდრიდა 81,42 მანეთს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 45555 მანეთი შეესაბამებოდა 55700 აშშ დოლარს, რაც ორზე გამრავლებით უდრიდა 111400 აშშ დოლარის შესაბამის ლარს, ხოლო ადვოკატის მომსახურების ხარჯები შეადგენდა 4456 აშშ დოლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთვის მათ სასარგებლოდ საჩხერის რაიონის სოფ. ...ში დანგრეული და იმ დროისთვის ჯერ კიდევ აუშენებელი, მათი კუთვნილი სახლების ასაშენებელი თანხის _ 111400 აშშ დოლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 4456 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით, თანხების გამოყოფის უზრუნველყოფის დავალება ფინანსთა სამინისტროსთვის, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ ხსენებული თანხების გამოყოფაზე კონტროლის განხორციელების სახელმწიფო კანცელარიისთვის დავალება.
სასარჩელო განცხადებაზე შესაგებელი წარადგინა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრომ და მოითხოვა არასათანადო მოპასუხედ ცნობა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა მთლიანად ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა იყო.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომაც წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სასარჩელო განცხადება მოკლებული იყო, როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოპასუხეები _ სახელმწიფო კანცელარია, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო შეიცვალა სს “.. ..”; არასათანადო მოპასუხეებად მიჩნეული პირები (დაწესებულებები) საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. და რ. ლ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა და ფინანსთა სამინისტროს მათ სასარგებლოდ დაეკისრა საჩხერის რაიონის სოფ. ...ში დანგრეული და მათთვის დღემდე აუშენებელი სახლების ასაშენებელი თანხის _ 111400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, აგრეთვე, ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 4456 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ვაკე_საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. და რ. ლ-ებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ ხანდაზმულობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონის სოფ. ...სთან მდებარე იცქის-იტავაზის ქვიშის კარიერის არასწორი ექსპლუატაციის გამო, 1985 წელს მთლიანად დაინგრა ხსენებული კარიერის თავზე გაშენებული სოფელი .... მთავრობის გადაწყვეტილებით სოფ. ...ის დაზარალებული მოსახლეობისათვის უსაფრთხო ადგილას დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებით, შემუშავდა საცხოვრებელი სახლების პროექტები და მოსარჩელეებს _ ი. და რ. ლ-ებს ცალ-ცალკე გამოეყოთ 1000_1000 კვ.მ მიწის ნაკვეთები და დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, სახელმწიფო სახსრებით უნდა აშენებოდათ ორსართულიანი, ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლები სათავსებით, მაგრამ გაკეთდა მხოლოდ ფუნდამენტი. მეწყერის შედეგად დანგრეულ სოფ. ...ის მოსახლეობისათვის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებით საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს დაევალა 1500000 მანეთის გამოყოფა, რათა 1988_1994 წლებში აეშენებინათ სოფ. ...ის დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლები და დამხმარე სათავსები. 1990 წელს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით, 1984წ. ფასებისა და ნორმების მიხედვით, თითო ორსართულიანი ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გათვალისწინებული იყო 45555 მანეთი.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა დაარღვიეს თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დაცვის კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) მე-80 მუხლით, ხანდაზმულობის ვადა იწყებოდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სასარჩელო განცხადებიდან გამომდინარე კი მოსარჩელეებს აღნიშნული უფლება წარმოეშვათ 1994 წელს, როდესაც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებით, სოფ. ...ის მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსების აშენება უნდა დამთავრებულიყო. ხსენებული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეები ვალდებული იყვნენ, სასამართლოსათვის სარჩელით სამიწ. ვადაში მიემართათ, მათ კი სასამართლოში სარჩელი 2002წ. 9 აგვისტოს აღძრეს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ი. და რ. ლ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 28 დეკემბრის განჩინებით ი. და რ. ლ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებით, საჩხერის რაიონის სოფ. ...ში მოსახლეობისათვის მეწყერის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და მეწყერსაშიშ ზონაში მოქცეულ კომლთა უსაფრთხო ადგილას დასახლების მიზნით, საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტსა და საჩხერის რაიონული საბჭოს აღმასკომს დაევალათ, საქართველოს სსრ გეოლოგიურ სამმართველოსთან შეთანხმებით, ერთი თვის ვადაში უზრუნველეყოთ სოფ. ...სის დამეწყრილ ზონაში მოქცეულ კომლთა უსაფრთხო ადგილზე დასახლებისათვის სათანადო მიწის ნაკვეთის გამოყოფა დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული დადგენილებით საქართველოს სსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს დაევალა ინსტიტუტ “ს...ის” ძალებით, საერთო ლიმიტის ფარგლებში, 1987წ. ბოლომდე, სოფ. ...ის დამეწყრილ ზონაში მოქცეული კომლების ახალ ადგილზე გადასახლებისათვის განაშენიანების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საჩხერის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებისათვის შედგენა, ხოლო საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროს დაევალა სოფ. ...ის დამეწყრილ ზონაში მოქცეული კომლებისათვის დაზიანებულ შენობა-ნაგებობებზე დაზღვევის საზღაურის გაცემა დადგენილი წესის მიხედვით, საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს კი _ 1988-94 წლებში საჩხერის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებისათვის 1500000 მანეთის გამოყოფა; ხსენებული დადგენილებით საქართველოს სსრ გეოლოგიურ სამმართველოს იმავე მიზნით დაევალა საჩხერის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებისათვის 100000 მანეთის გამოყოფა, ასევე _ 1987 წელს საჩხერის რაიონის სოფ. ...ში სტაციონალური პოლიგონის მოწყობა და მეწყერული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით, დაკვირვებების წარმოება, იმავე პერიოდისათვის საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს დაკვეთით, ქვიშის კარიერის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების დამთავრება მისი შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნული დადგენილებით საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს დაევალა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისა და გეგმური წესით ჩამოსახლებისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი მშენებლობის ლიმიტების ხარჯზე სოფ. ...ის კომლებისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის 1988_1994 წლებში დამთავრება, ასევე _ ამავე წლებში სოფ. ...ის კომლების ახალ ადგილზე დასახლებისათვის საინჟინრო გარე კომუნიკაციებისა და კულტსაყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობის დამთავრება “ს...ის” მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, ამ დანიშნულებით საკოლმეურნეო მშენებლობაზე გამოყოფილი ლიმიტის ხარჯზე. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის გაღებული ხარჯების დაფარვა წლების შესაბამისად უნდა მომხდარიყო საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი 1500000 მანეთით, საქართველოს სსრ გეოლოგიური სამმართველოს მიერ გამოყოფილი 100000 მანეთითა და სახდაზღვევის მიერ მოსახლეობაზე გაცემული თანხებით.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა, რომ ზემოხსენებული დადგენილებით საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს დაევალა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს 1988-1994 წლების საიჯარო სამუშაოების გეგმაში საჩხერის რაიონის სოფ. ...ის დამეწყრილ ზონაში მოქცეული კომლების ახალ ადგილზე დასახლებისათვის საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობების, კომუნალური და კულტსაყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობის გათვალისწინება საქართველოს სსრ აგროსამრეწველო კომიტეტის ფორმა ¹34-ის მიხედვით. აღნიშნული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება დაევალა მშენებლობის სამინისტროს ¹8 ტრესტს, ხოლო საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომს დაევალა ქმედითი ზომების მიღება სოფ. ...სის კომლებისათვის მეწყერული მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და ახალ ადგილზე საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის მიმდინარეობაზე სათანადო კონტროლის დაწესება. ამდენად, სოფ. ...ის დამეწყრილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობების, ასევე დასახლებისათვის საინჟინრო გარე კომუნიკაციებისა და კულტსაყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 1994 წელს. მოცემულ საქმეში არსებული საჩხერის რაიონის გამგეობის წერილის თანახმად, სოფ. ...ის დამეწყრილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო 1988 წელს, თუმცა ამავე წერილისა და საქმეში არსებული მასალების მიხედვით, 1993 წლიდან, ვინაიდან დამკვეთისათვის თანხები არ გამოიყო, მშენებლობა აღარ გაგრძელებულა, რის გამოც ასაშენებელი დარჩა 13 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, ი. ლ-ის სახლიც.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1994 წელს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლის თანახმად, უფლების დაცვის საერთო ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეული იყო, განისაზღვრებოდა სამი წლით, აღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყებოდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობოდა იმ დღეს, როდესაც პირი შეიტყობდა თავისი უფლების დარღვევის თაობაზე. სკ-ის (1997 წ.) 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მიმენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სოფ. ...სის დამეწყრილი მოსახლეობისთვის, მათ შორის, მოსარჩელეებისთვის, სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობა მთლიანად უნდა დასრულებულიყო 1994 წელს, მაგრამ მშენებლობა, ფაქტობრივად, იმ დროს შეწყდა და აღარ გაგრძელებულა. მოსარჩელეებისთვის სასარჩელო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა სწორედ 1994 წელს დაიწყო, მათ კი სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მხოლოდ 2002წ. 9 აგვისტოს მიმართეს, ანუ გაუშვეს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა აპელანტების მითითება საქმეში არსებული მიმოწერების, აგრეთვე იმის თაობაზე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილის 2002წ. 28 მარტის ¹3-1/711 წერილის თანახმად, სამინისტროში ინახებოდა კაპიტალდაბანდებათა მოცულობების პროექტის ასლი 1996_2000 წლებისათვის, რომლის თანახმადაც 1996_2000 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო გარკვეული თანხები სოფ. ...იდან გადასახლებულთათვის ახალი დასახლების მშენებლობისათვის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ თანხების გამოყოფა არ მოხდა და მშენებლობები ვერ დასრულდა, სკ-ის (1997 წ.) 137-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა აღნიშნულ მუხლებში მითითებული ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც შეიძლებოდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი გამხდარიყო.
სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითება იმის თაობაზე, რომ სკ-ის (1997 წ.) 128-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა 10 წელს შეადგენდა, ვინაიდან იმავე კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების (რაც სახეზე იყო მოცემულ შემთხვევაში) ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ სამ წელს შეადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 28 დეკემბრის განჩინება ი. და რ. ლ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები და შესაბამისად, დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში საუბარია მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონის სოფ. ...ის დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 1994 წელს, მაგრამ შესაბამისი თანხების დაუფინანსებლობის გამო, მშენებლობები შეწყდა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა 1994 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე და მე-80 მუხლებით, აგრეთვე, ამჟამად მოქმედი სკ-ის (1997 წ.) 130-ე მუხლით, მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ 1994 წელს, მათ კი სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2002წ. 9 აგვისტოს, რის გამოც გაშვებულად ჩათვალა სასამართლოსთვის მიმართვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც მიიჩნია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად. სააპელაციო სასამართლოს ასეთი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილება, რომლის მე-8 პუნქტით, საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომს დაევალა მიეღო ქმედითი ზომები სოფ. ...ის დაზარალებულ კომლთათვის მეწყერული მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და დაეწესებინა სათანადო კონტროლი ახალ ადგილზე საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის მიმდინარეობაზე. 1996წ. 12 თებერვალს საჩხერის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს და მოითხოვა სოფ. ...ში მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობის დასამთავრებლად შესაბამისი კაპიტალდაბანდებების გამოყოფა. საჩხერის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარემ 1998წ. 10 ივნისს წერილობით მიმართა ქ. თბილისის მერიის სს “საშენმასალების” გენერალურ დირექტორს და მიუთითა, რომ სოფ. ...ის მკვიდრმა რ. ლაბაჩიძემ სოფლის სახელით შექმნა შპს “.. ..”, რომელსაც სურდა მოეწყო საკარიერო მეურნეობა, რითაც გარკვეულწილად დაეხმარებოდა სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამასთან, მოითხოვა კარიერის ტერიტორიიდან სამი ჰექტარი მიწის ფართობის შპს “.. ..” გადაცემაზე თანხმობა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული წერილებით დასტურდება, რომ რ. ლაბუჩაძე მიმართავდა ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მათი სახლების ასაშენებლად სათანადო ზომების მისაღებად, ასევე, მმართველობის ადგილობრივი ორგანოც, რომელსაც დავალებული ჰქონდა კონტროლის განხორციელება სოფ. ...ის დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობის მიმდინარეობაზე, მიმართავდა ხელისუფლების ზემდგომ ორგანოებს შესაბამისი კაპიტალდაბანდებების გამოსაყოფად. სწორედ აღნიშნულის შედეგად იქნა შემუშავებული კაპიტალდაბანდებათა პროექტი 1996-2000 წლებისათვის, მაგრამ შესაბამისი დაუფინანსებლობის გამო, სახლები არ აშენდა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით აშკარად დასტურდება სახელმწიფოს ვალდებულება მოსარჩელეთა მიმართ, სააპელაციო სასამართლომ კი ხსენებული მასალები სათანადოდ არ შეაფასა და საერთოდ არ იმსჯელა საჩხერის რაიონის გამგეობის კომპეტენტურობაზე სადავო საკითხთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებით, საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე კონტროლის განხორციელება დაევალა საჩხერის რაიონული მმართველობის ორგანოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შესაბამისი დაუფინანსებლობის გამო, 1996-2000 წლების პროექტი იმთავითვე განუხორციელებადი იყო. რადგან ხსენებული პროექტი ვერ განხორციელდა სახელმწიფოსაგან სათანადო დაუფინანსებლობის გამო, მოსარჩელეთა წინაშე შესაბამისი ვალდებულების შესრულება სახელმწიფოს უნდა დაეკისროს.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის (1997 წ.) 137-ე და 138-ე მუხლები, სათანადოდ, სრულად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა.
კასატორები მიუთითებენ, რომ სკ-ის (1997 წ.) 128-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს, ხოლო 1507-ე მუხლის თანახმად, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს, გამოიყენება ეს სამოქალაქო კოდექსი. ამდენად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
კასატორთა განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულება კასატორებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) მე-4, 154-ე, 212-ე, 457-ე და 470-ე მუხლებით.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა რა საქმის მასალები სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 9 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. და რ. ლ-ების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 9 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარედგინათ უზენაეს სასამართლოში მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 26 აპრილამდე.
2006წ. 20 აპრილს ი. და რ. ლ-ებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინეს მოსაზრება და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების მიხედვით, მათი საკასაციო საჩივარი დასაშვებია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ი. და რ. ლ-ების განმარტებით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის განჩინების შესაბამისად მოპოვებული და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა დამატებითი წერილობითი მასალები, რომლებიც თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის საოქმო განჩინებით მიღებულ იქნა მტკიცებულებებად და აღნიშნული მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და ფინანსთა სამინისტროს როინ ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13800 ლარის, ბ. ტ-ის სასარგებლოდ _ 14720 ლარის, ბიკენტი შაორშაძის სასარგებლოდ _ 9200 ლარის და გიული ლ-ის სასარგებლოდაც _ 9200 ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 26 აპრილის განჩინებით ი. და რ. ლ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006წ. 14 ივნისს, 12.00 საათზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებით, საჩხერის რაიონის სოფ. ...ში მოსახლეობისათვის მეწყერის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და მეწყერსაშიშ ზონაში მოქცეულ კომლთა უსაფრთხო ადგილას დასახლების მიზნით, საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტსა და საჩხერის რაიონული საბჭოს აღმასკომს დაევალათ, საქართველოს სსრ გეოლოგიურ სამმართველოსთან შეთანხმებით, ერთი თვის ვადაში უზრუნველეყოთ სოფ. ...სის დამეწყრილ ზონაში მოქცეულ კომლთა უსაფრთხო ადგილზე დასახლებისათვის სათანადო მიწის ნაკვეთის გამოყოფა დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული დადგენილებით საქართველოს სსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს დაევალა ინსტიტუტ “ს...ის” ძალებით, საერთო ლიმიტის ფარგლებში, 1987წ. ბოლომდე, სოფ. ...ის დამეწყრილ ზონაში მოქცეული კომლების ახალ ადგილზე გადასახლებისათვის განაშენიანების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საჩხერის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებისათვის შედგენა, ხოლო საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროს დაევალა სოფ. ...ის დამეწყრილ ზონაში მოქცეული კომლებისათვის დაზიანებულ შენობა-ნაგებობებზე დაზღვევის საზღაურის გაცემა დადგენილი წესის მიხედვით, საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს კი _ 1988-94 წლებში საჩხერის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებისათვის 1500000 მანეთის გამოყოფა; ხსენებული დადგენილებით საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს დაევალა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისა და გეგმური წესით ჩამოსახლებისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი მშენებლობის ლიმიტების ხარჯზე სოფ. ...ის კომლებისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის 1988-1994 წლებში დამთავრება. აღნიშნული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება დაევალა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს ¹8 ტრესტს, ხოლო საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომს დაევალა ქმედითი ზომების მიღება სოფ. ...ის კომლებისათვის მეწყერული მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და ახალ ადგილზე საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის მიმდინარეობაზე სათანადო კონტროლის დაწესება. სოფ. ...ის დამეწყრილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლებისა და ზოგიერთი სხვა ობიექტის მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 1994 წელს, ხოლო მშენებლობა დაიწყო 1988 წელს, თუმცა 1993 წლიდან, ვინაიდან დამკვეთისათვის თანხები არ გამოიყო, მშენებლობა აღარ გაგრძელდა, რის გამოც ასაშენებელი დარჩა 13 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, ი. ლ-ის სახლიც.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და შესაბამისად, დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში საუბარია მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონის სოფ. ...ის დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 1994 წელს, მაგრამ შესაბამისი თანხების დაუფინანსებლობის გამო, მშენებლობები შეწყდა, სააპელაციო სასამართლომ კი იხელმძღვანელა 1994 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე და მე-80 მუხლებით, აგრეთვე, ამჟამად მოქმედი სკ-ის (1997 წ.) 130-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ 1994 წელს, მათ კი სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2002წ. 9 აგვისტოს, რის გამოც გაშვებულად ჩათვალა სასამართლოსთვის მიმართვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილების მე-8 პუნქტით საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომს დაევალა მიეღო ქმედითი ზომები სოფ. ...ის დაზარალებულ კომლთათვის მეწყერული მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და დაეწესებინა სათანადო კონტროლი ახალ ადგილზე საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის მიმდინარეობაზე. ამასთან, 1996წ. 12 თებერვალს საჩხერის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს და მოითხოვა სოფ. ...ში მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობის დასამთავრებლად შესაბამისი კაპიტალდაბანდებების გამოყოფა. საჩხერის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარემ 1998წ. 10 ივნისს წერილობით მიმართა ქ. თბილისის მერიის სს “ს...ის” გენერალურ დირექტორს და მიუთითა, რომ სოფ. ...სის მკვიდრმა რ. ლ-მ სოფლის სახელით შექმნა შპს “.. ..”, რომელსაც სურდა მოეწყო საკარიერო მეურნეობა, რითაც გარკვეულწილად დაეხმარებოდა სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამასთან, მოითხოვა კარიერის ტერიტორიიდან სამი ჰექტარი მიწის ფართობის შპს “.. ..” გადაცემაზე თანხმობა.
საჩხერის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობამ (საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომის უფლებამონაცვლე), რომელსაც დავალებული ჰქონდა კონტროლის განხორციელება სოფ. ...ის დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობის მიმდინარეობაზე, საქართველოს სახელმწიფო და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრებს შესაბამისი კაპიტალდაბანდებების გამოსაყოფად 1996 წელს მიმართა. აღნიშნულის შედეგად შემუშავდა კაპიტალდაბანდებათა პროექტი 1996-2000 წლებისათვის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 1996-2000 წლების პროექტი იმთავითვე განუხორციელებადი იყო, ვინაიდან ასეთი მოსაზრების დასაბუთებისათვის სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე, რაც დაადასტურებდა ხსენებული პროექტის მხოლოდ ოფიციალურ-ფორმალურ ხასიათს და მისი მატერიალური რეალიზების შეუძლებლობას, მით უმეტეს, რომ 1996-2000 წლების პროექტის პერსპექტივის შეფასება მართლზომიერი იქნებოდა მხოლოდ ამ პროექტის შემუშავებისას და არა დროის ამ მომენტიდან რამდენიმეწ. შემდეგ.
მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჩხერის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობა (საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომის უფლებამონაცვლე), რომელსაც დავალებული ჰქონდა კონტროლის განხორციელება სოფ. ...ის დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობის მიმდინარეობაზე, მიმართავდა ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაზარალებულთა სახლების მშენებლობისათვის შესაბამისი კაპიტალდაბანდებების გამოსაყოფად, რაზეც თანხმობა გამოხატეს ხსენებულმა ორგანოებმა და ამის შედეგად შემუშავდა კაპიტალდაბანდებათა პროექტი 1996-2000 წლებისათვის. მას შემდეგ, რაც მოსარჩელეებმა დაინახეს, რომ აღნიშნული პროექტი არ ხორციელდებოდა, უკვე თვითონ მიმართეს ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. სახელმწიფო ხელისუფლების სათანადო ორგანოები კი პირდებოდნენ მოსარჩელეებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რითაც, ფაქტობრივად, აღიარეს სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება მოსარჩელეთა წინაშე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ 1994 წელს, სასამართლოს კი სარჩელით მიმართეს მხოლოდ 2002წ. 9 აგვისტოს, მათ არ დაურღვევიათ სასამართლოსათვის მიმართვის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლით (რომლის მიხედვითაც, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეული იყო (სასარჩელო ხანდაზმულობა) განისაზღვრებოდა სამი წლით) გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან აღნიშნული ვადის დინება შეწყდა იმავე კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც, როცა ერთი მოდავე მხარე მოქალაქე იყო, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდებოდა ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებდა. სკ-ის (1997 წ.) 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფომ სწორედ სხვაგვარად აღიარა მოსარჩელეების, როგორც უფლებამოსილი პირების წინაშე მოთხოვნის არსებობა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 83-ე და სკ-ის (1997 წ.) 137-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 11 თებერვლის განჩინებაში, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, მიუთითა მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზეც არ იმსჯელა რაიონულმა სასამართლომ და შესაბამისად, არ დაადგინა ისინი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გაუკეთებია არანაირი მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაიონული სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მითითებების შესრულების ნაცვლად, დაეყრდნო თავის მოსაზრებას მოსარჩელეთა მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება სააპელაციო სასამართლოს მითითებებზე, რომლებიც მისთვის სავალდებულო იყო შესასრულებლად და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად დატოვა სააპალაციო სასამართლომ და რომელმაც საერთოდ არ მიუთითა ხსენებული სავალდებულო მითითებების შეუსრულებლობასა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე.
სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორები სწორად აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ, სრულად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მოცემული საქმის მასალები და მართებულად დაადგინოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, იმსჯელოს იმ საკითხებზე, რომლებიც მოცემულია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილში და რომელზეც თავის დროზე არ იმსჯელა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ.
სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თვითონ ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოცემული საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. და რ. ლ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 28 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.