¹ას-836-1122-09 26 მარტი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი, ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი – ვ. ბოკუჩავა
კასატორი – თ. ც-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მოპასუხე)
დავის საგანი – შვებულების თანხისა და პრემიის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას 2007 წლის 19 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ც-ძემ მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ გამოუყენებელი შვებულების თანხისა და, წლიური შედეგების მიხედვით, პრემიის ანაზღაურების, ასევე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,007 პროცენტის გადახდის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 2300 ლარს. 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მისივე განცხადების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ¹85 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ საბოლოო ანგარიშსწორება დღემდე არ განხორციელებულა.
მოსარჩელის განმარტებით, მან თანამდებობიდან გათავისუფლებისას მიიღო კუთვნილი ხელფასი და პრემია, თუმცა არ მიუღია შვებულების თანხა და წლიური შედეგებისათვის საშუალო წლიური ხელფასი. მისივე მითითებით, მას საშვებულებო ანაზღაურება ეკუთვნის 9 თვეზე გაანგარიშებით, რაც შეადგენს 1728 ლარს. 1998 წლის 1 ივლისის ¹40 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მიხედვით პრემია დაწესებულია წლიური შედეგების მიხედვით, საშუალო წლიური ხელფასის ოდენობით, თ. ც-ძეს კი აღნიშნული თანხა - 1725 ლარი არ მიუღია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ც-ძემ მოითხოვა საბოლოო ანგარიშსწორებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით თ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ც-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ თ. ც-ძე მუშაობდა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტში დირექტორის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 2300 ლარს. 2007 წლის 1 ოქტომბერს თ. ც-ძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა აღნიშნული თანამდებობიდან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ¹85-ე ბრძანების საფუძველზე. თანამდებობიდან გათავისუფლებისას მან მიიღო კუთვნილი ხელფასი და კვარტალური შედეგების მიხედვით დაწესებული პრემია (ჯილდო). თ. ც-ძეს არ მიუღია შვებულების თანხა და წლიური შედეგების მიხედვით დაწესებული პრემია (ჯილდო).
პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის ნორმები, კერძოდ, შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით. იმავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით, შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულია დასაქმებულის უფლება, ისარგებლოს შვებულებით, ამასთან აღნიშნული უფლება დამოკიდებულია დასაქმებულის ნებაზე. მას შეუძლია ისარგებლოს კანონით მინიჭებული აღნიშნული უფლებით ან უარი განაცხადოს მასზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან, თ.ც-ძე მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა არაერთი წელი, შკ-ის 22-ე მუხლით მას უფლება ჰქონდა, სამუშაო წლის ნებისმიერ დროს მოეთხოვა ანაზღაურებადი შვებულება, ხოლო ამ უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, კანონი მას არ ანიჭებს გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან შვებულების ფულადი კომპენსაციით შეცვლას მოქმედი შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებიენა შკ-ის 26-ე მუხლი, რომლის თანახმად, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს საშვებულებო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლის წესს დასაქმებულის შვებულებით სარგებლობის შემთხვევაში და არ ადგენს საშვებულებო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას იმ დასაქმებულისათვის, რომელსაც შვებულებით არ უსარგებლია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება იმის შესახებ, რომ შვებულება არის შესვენება სამუშაოზე, თავისუფალი დრო, რომელიც ეძლევა მუშაკს ყოველწლიურად სამუშაო ადგილისა და ხელფასის შენარჩუნებით, შესაბამისად, პირი, რომელიც არ სარგებლობს შვებულებით და ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მისი შრომის ანაზღაურება ხდება საერთო საფუძველზე და კანონი სხვა თანხების გადახდის ვალდებულებას არ აკისრებს დამსაქმებელს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე სწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს წლიური შედეგების მიხედვით დაწესებული პრემიის (ჯილდოს) ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1998 წლის 1 ივლისის ¹40 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა „სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების და დახმარების ერთიანი ფონდის შექმნისა და გამოყენების დებულება“, რომლითაც შეიქმნა სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისა და დახმარების ერთიანი ფონდი, განისაზღვრა, ამ ფონდის გამოყენების სფერო და დაწესდა პრემიები კვარტალური შედეგების მიხედვით ერთი თვის ხელფასის და წლიური შედეგების მიხედვით საშუალო წლიური ხელფასის ოდენობით. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 30 დეკემბრის ¹50/5 გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დებულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პრემიის გაცემა დამოკიდებული იყო კომისიის გადაწყვეტილებაზე, იგი გაიცემოდა გარკვეული დამსახურების მიხედვით და ზემოაღნიშნული დებულება არ ავალდებულებდა დამსაქმებელს ყველა თანამშრომელისათვის მიეცა პრემია (ჯილდო), რამდენადაც მოსარჩელესა და მოპასუხე ორგანიზაციას შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სამუშაო წლის დასრულებამდე, ხოლო კვარტალური პრემია თ.ც-ძეს მიღებული ჰქონდა, მას არ გააჩნია წლიური შედეგების მიხედვით დაწესებული პრემიის (ჯილდოს) მოთხოვნის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა თ.ც-ძის სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციისა და წლიური შედეგების მიხედვით პრემიის ანაზღაურების თაობაზე, ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა კუთვნილი ხელფასი, ასევე კვარტალური შედეგების მიხედვით დაწესებული პრემია, ხოლო სხვა ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის მიმართ არ გააჩნდა, სწორად არ დაკმაყოფილდა თ.ც-ძის სარჩელი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,007 პროცენტის ანაზღაურების თაობაზე. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ც-ძემ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კოდექსის 26-ე მუხლი საშვებულებო ანაზღაურების შესახებ, არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი და 22-ე მუხლის 1-2 ნაწილები და მიიჩნია, რომ შვებულების უფლების გამოუყენებლობა წლის ბოლომდე, სამუშაოდან განთავისუფლებისას, ნიშნავს საშვებულებო თანხებზე უარის თქმას, რაც არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ. ც-ძე მუშაობდა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტში დირექტორის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 2300 ლარს. 2007 წლის 1 ოქტომბერს თ. ც-ძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა აღნიშნული თანამდებობიდან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ¹95-ე ბრძანების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ თანამდებობიდან განთავისუფლებისას მან მიიღო კუთვნილი ხელფასი და კვარტალური შედეგების მიხედვით დაწესებული პრემია (ჯილდო). თ. ც-ძეს არ მიუღია შვებულების თანხა და წლიური შედეგების მიხედვით დაწესებული პრემია (ჯილდო).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. ც-ძე მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა არაერთი წელი, ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შკ-ის 22-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, რადგან მოსარჩელემ არ ისარგებლა, მან დაკარგა გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამასთან ერთად სასამართლომ აღნიშნა, რომ შვებულების ფულადი კომპენსაციით შეცვლას მოქმედი შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო სასამართლოში სადავოდ არ ხდის ყოველი დაყოვნებული თანხის 0,007 პროცენტის გადახდის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას.
ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, თ. ც-ძე მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა არაერთი წელი, ხოლო 2007 წლის 1 ოქტომბერს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა აღნიშნული თანამდებობიდან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ¹85-ე ბრძანების საფუძველზე. ამდენად, კასატორს არ უსარგებლია 2007 წლის შვებულებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლები, კერძოდ, განსახილველი კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს არა მარტო შვებულების ხანგრძლივობის ფარგლებს, არამედ განსახილველი ნორმა ანიჭებს დასაქმებულს უფლებას, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს.
ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. ამ დანაწესის აუცილებლობა იმაშია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ შვებულების უფლება წარმოიშობა მხოლოდ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის პირობებში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, როდესაც დასაქმებული ტოვებს სამსახურს თავისი ნებით, იგი აღნიშნული ნების გამოხატვით წყვეტს დამსაქმებელთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობას და ამავე დროს არ იყენებს (უარს აცხადებს) ანაზღაურებად შვებულებას, ამდენად, შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ვერ იქნება გამოყენებული საშვებულებო კომპენსაციის მიღების უფლება, რადგან ამ შემთხვევაში აღარ არსებობს შვებულების რეალიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი წანაპირობა (შრომის სამართლებრივი ურთიერთობა). გამონაკლის წარმოადგენს ზოგიერთი ისეთი საფუძვლები, რომლის არსებობისას დამსაქმებლი თავისი ინიციატივით დასაქმებულთან წყვეტს შრომის სამართლებრივ ურთიერთობას.
“ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ” 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის, ამ კონვენციის შესაბამისად, იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს.
განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით არ შეიძლება დასაქმებულს წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. ამ შემთხვევაში არ არსებობს დასვენების ხანგრძლივი პერიოდით (შვებულების) გამოყენების შესაძლებლობა (რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შეწყდა შრომის ურთიერთობა), მაგრამ მას რჩება უფლება, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია. ამდენად, კონკრეტულ სადავო შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმა, რადგან შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა დამსაქმებლის ინიციატივით.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას წლიური შედეგების მიხედვით პრემიის ანაზღაურების შესახებ საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1998 წლის 1 ივლისის ¹40 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა “სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების და დახმარების ერთიანი ფონდის შექმნისა და გამოყენების დებულება”, რომლითაც შეიქმნა სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისა და დახმარების ერთიანი ფონდი, განისაზღვრა, ამ ფონდის გამოყენების სფერო და დაწესებულ იქნა პრემიები კვარტალური შედეგების მიხედვით საშუალო წლიური ხელფასის ოდენობით. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 30 დეკემბრის ¹50/5 გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დებულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დებულებით გათვალისწინებული სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისა და დახმარების ერთიანი ფონდი გამოიყენება, ასევე კვარტალური და წლიური შედეგებისა და სადღესასწაულო თარიღებთან დაკავშირებით პრემირებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრემიების გაცემა წარმოადგენს სემეკის უფლებას და არა ვალდებულებას, შესაბამისად, აღნიშნული უფლების რეალიზაცია უკავშირდება თანამშრომელთა მხოლოდ მატერიალური სტიმულირებასა და დახმარების საკითხებს და მისი გაცემა არა არის დამოკიდებული დასაქმებულის - (თ. ც-ძის) ნებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.