Facebook Twitter
ბს-1203-778 (კ-05) 25 იანვარი, 2006 წ.
ქ. თბილისი



ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ლ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ლ-ძემ 2005 წლის 10 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹-- ბრძანების, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად ცნობა, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი განაცდურის, ასევე წინა წლებში არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და გადაწყვეტილების ამ ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თ. ლ-ძე 1995 წლიდან 2004 წლის 17 დეკემბრამდე მუშაობდა საბაჟო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, აქვს უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლება. საბაჟო სისტემაში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს --- კლასის ---ის წოდებები და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
თ. ლ-ძე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
2004 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელე დაინიშნა რეგიონალური საბაჟო «---ის" საბაჟო გამშვებ პუნქტ «---ს" ---ად და იმავე წლის 23 აგვისტოს მივლინებული იყო საბაჟო გამშვებ პუნქტ «---ზე" (სოფ. ---ი).
2004 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სოფელ ---ში აზერბაიჯანული მოსახლეობიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ შემოტანილი სამრეწველო საქონელი, რომელიც მიჩნეული იყო კონტრაბანდულ ტვირთად, რის გამოც ფინანსური პოლიციის უფროსის 2004 წლის 23 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით საბაჟო გამშვებ პუნქტ «---ის" (---ის) თანამშრომლები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹-- კს ბრძანებით, გაურკვეველი მიზეზების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს თ. ლ-ძე, რაც, მოსარჩელის აზრით, კანონსაწინააღმდეგოდ განხორციელდა, რამდენადაც სპეცოპერაცია «---ის" საგუშაგოზე ჩატარდა მისი მორიგეობის დაწყებისთანავე, კერძოდ, 2004 წლის 8 დეკემბერს. ამასთან, მოსარჩელე 8 დღის განმავლობაში სოფელ ---ში არ იმყოფებოდა, რადგან 4 დეკემბერს მორიგეობდა ჯანდარის საგუშაგოზე, რომელიც სოფელ ---ის ძირითად საგუშაგოსთან ერთად აერთიანებს საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, ---რს’’.
მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია აუნაზღაუროს მას წინა წლებში არსებული სახელფასო დავალიანება 2000 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 2-3).
რაიონულ სასამართლოში 2005 წლის 14 თებერვალს გამართულ მთავარ სხდომაზე მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ. 29-34).
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹-- ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა თ. ლ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების, 1816,67 ლარის ანაზღაურება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროს დ. კ-ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 8 დეკემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ---ში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ამოღებულ იქნა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით შემოტანილი კონტრაბანდული ტვირთი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია ,,---ის’’ საბაჟო გამშვებ პუნქტში მოქმედი თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ---ის მოხსენებითი ბარათის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციამ განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მოხსენებითი ბარათი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილები, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ საბაჟო დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციაში არსებული მონაცემებით, დასახელებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ცვლაში მყოფი საბაჟოს მუშაკები არაჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ყოველდღიურად, რამდენიმეჯერ ატარებდნენ საზღვარზე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც პატარ-პატარა პარტიებად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი. აღნიშნულის გამო საბაჟო-გამშვებ პუნქტ «---ის" მთელი პირადი შემადგენლობა «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 79.1 მუხლის «ვ" ქვეპუნქტისა და 99.3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან.
სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლი, ვინაიდან დისციპლინის დამრღვევს დისციპლინური სასჯელის დადებამდე არ მოსთხოვეს წერილობითი ახსნა-განმარტება და არ შეატყობინეს დისციპლინური სასჯელის დადების მოტივები ხელწერილის ჩამორთმევით.
სასამართლომ დაასკვნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე და 79-ე მუხლებით არ არის რეგლამენტირებული, კონკრეტულად რა ითვლება სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევად და მიიჩნია, რომ დისციპლინური გადაცდომის შეფასების უფლებამოსილება გააჩნია დაწესებულების ხელმძღვანელობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹-- ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი ხასიათის ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც განხორციელდა ადმინისტრაციული გარიგების, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა და მისი გამოცემისას არ იქნა გამოკვლეული და კონკრეტულად მითითებული მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის ფაქტი.
სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ სადავო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹-- ბრძანება არ არის ადმინისტრაციული აქტი, რამდენადაც იგი მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის შეწყვეტისაკენ.
სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომლებიც სათანადოდ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია, რის გამოც სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. 32.4 მუხლების საფუძველზე ჩათვალა, რომ სადავო ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სახელფასო დავალიანება საბაჟო დეპარტამენტის მიერ ასიგნებების მიუღებლობის გამო, არ აუნაზღაურდება, რადგან სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ თ. ლ-ძეზე დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს 1816.07 ლარს (იხ. ს.ფ. 35-37).
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:
აპელანტმა ჩათვალა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის I განყოფილებისა და ფინანსური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გამოვლენილ იქნა გარდაბნის რაიონის სოფელ ---ში საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული ტვირთი, რაც, აპელანტის აზრით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელთაგან შექმნილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდნენ და ზიანს აყენებდნენ ყოველდღიურად საქართველოს ბიუჯეტს (იხ. ს.ფ. 40-42).
მოწინააღმდეგე მხარემ_თ. ლ-ძემ თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართა შეგებებული სააპელაციო საჩივრით, რომლითაც საქართველოს ფინანსთა საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, აგრეთვე შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების, მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების სახით მოსარჩელის სასარგებლოდ 1816,67 ლარის ანაზღაურების ნაწილში უცვლელად დატოვება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად გამოიყენა საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, რამდენადაც სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით, კერძოდ, მოპასუხის მიერ უგულებელყოფილ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 136-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5, 96.1 მუხლების მოთხოვნები. აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სადავო აქტის კანონიერება და უნდა მიეღო გადაწყვეტილება მისი ბათილად ცნობის შესახებ.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის შესაბამისად სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მხარისათვის მიეკუთვნებინა ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, კერძოდ, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაავალა მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, მაშინ, როდესაც აღნიშნული მოსარჩელეს არ მოუთხოვია (იხ. ს.ფ. 49-53).
თბილისის საოლქო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე 2005 წლის 5 ივლისს მოწინააღმდეგე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ბათილად აღიარება და სამუშაოზე აღდგენა (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ. 81).
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ლ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹-- ბრძანება თ. ლ-ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თ. ლ-ძე აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო «---ში" ---ის თანამდებობაზე; საბაჟო დეპარტამენტს დაევალა თ. ლ-ძისათვის იძულებითი განაცდურის და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1816,67 ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
თ. ლ-ძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹-- ბრძანებით დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,, ---ის” საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, ---ს” ---ის თანამდებობაზე, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹-- ბრძანებით სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევისათვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის 2004 წლის 13 დეკემბრის ¹--/-- მოხსენებითი ბარათის, საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 20 აგვისტოს ¹-- და 24 ნოემბრის ¹-- ბრძანებების საფუძველზე.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე თ. ლ-ძე ,,---ის” საგუშაგოზე 2004 წლის 30 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე არ იმყოფებოდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე ვერ ჩაიდენდა იმ დისციპლინურ გადაცდომას, რაზეც ფინანსური პოლიციის მოხსენებით ბარათში ზოგადად იყო მითითებული.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ფინანსური პოლიციის მოხსენებითი ბარათი არ წარმოადგენს კონკრეტულად თ. ლ-ძის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებას და არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი მებაჟეების უშუალო მონაწილეობით, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, კონტრაბანდული ტვირთის შემოტანისა და დანაშაულებრივ ჯგუფში - თ. ლ-ძის მონაწილეობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2005 წლის 4 მარტის ცნობის მიხედვით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, ---ის” რომელიმე მებაჟე დანაშაულში არ იმხილება.
სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, რომელთა მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლი, რომლის თანახამად, დისციპლინური სასჯელის დადებამდე დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საბაჟო დეპარტამენტში რეგიონალური საბაჟო ,, ---ის” საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, ---ს” გაუქმების გამო, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა მოსარჩელე ---ის თანამდებობაზე, მისი აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებას, რამდენადაც თ. ლ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება.
სააპელაციო სასამართლომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე და 37-ე მუხლების და შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად შეაფასა ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გამოვლენილი კონტრაბანდული ტვირთის შემოტანასა და დანაშაულებრივ ჯგუფში თ. ლ-ძის მონაწილეობა და საქმის მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებისა და შეფასების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394. ,,ე” მუხლები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99.3 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამასახურებრივ მოვალეობას, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ აღადგინა მოსარჩელე რეგიონალურ საბაჟო ,, ---ში” ---ის თანამდებობაზე, რადგან თ. ლ-ძე ასრულებდა ---ის მოვალეობას რეგიონალური საბაჟო ,, ---ის” საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, ---ში”, რომელიც გაუქმდა. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელის სამსახურში აღდგენა გამოიწვევს კანონიერად დანიშნული მოხელის გათავისუფლებას.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 97.1. მუხლი, რომლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში (107-110 ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული არ არის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლოს მიერ საქმის მასალები გამოკვლეულია ყოველმხრივ და ობიექტურად, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია, კერძოდ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად შეაფასა ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გამოვლენილი კონტრაბანდული ტვირთის შემოტანასა და დანაშაულებრივ ჯგუფში თ. ლ-ძის მონაწილეობა და საქმის მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებისა და შეფასების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მითითებული არგუმენტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის თანახმად არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. უფრო მეტიც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ წარადგინა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ რეალურად მოსარჩელე თ. ლ-ძემ უხეშად დაარღვია დისციპლინა, ასევე არ მოიპოვება საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ დისციპლინური დარღვევის ამსახველი კონკრეტული მასალა, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სრულიად ალოგიკური და დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ თ. ლ-ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის ფაქტი დადასტურებულია საქმის მასალებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99.3 მუხლი. საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური სასჯელის გამოყენებისა და გასაჩივრების წესი, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, დისციპლინური სასჯელის დადებამდე, შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება, რაც მოცემულ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტმა არ განახორციელა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანების საფუძვლად მითითებული საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 20 აგვისტოს ¹-- და 24 ნოემბრის ¹-- ბრძანებები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის 2004 წლის 13 დეკემბრის ¹--/-- მოხსენებითი ბარათი, რომელიც შეიცავს ზოგად მითითებას საბაჟო დეპარტამენტში რეგიონალური საბაჟო ,, ---ის” საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,---ის” თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახებ, არ წარმოადგენს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამასახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 99.3. მუხლით ცალსახად განისაზღვრა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა დისციპლინური გადაცდომის მოქმედების გარეშე, იმ შემთხვევაში თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის ფურცელ 54-ზე წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ---ის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ გ. წ-ას 2005 წლის 4 მარტის ¹-- ცნობით დასტურდება, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, ---ის’’ რომელიმე მებაჟე დანაშაულში არ იმხილება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 97.1. მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მითითებული მუხლით განსაზღვრულია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები შემცირებისას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა და აღნიშნული მოსარჩელე თ. ლ-ძის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ასევე ალოგიკური და დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ თ. ლ-ძის თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, ---ს” გაუქმების გამო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 127. 5 მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი კასაციის მოტივები სრულიად დაუსაბუთებელია და იგი ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.