Facebook Twitter
ბს-1300-1097-კ-04 4 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 10 მაისს ნ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხობის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ხობის რ-ის გამგეობის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ 1994 წლიდან მუშაობდა ხობის რ-ის კულტურის განყოფილების გამგედ, ამ ხნის მანძილზე სამინისტროდან მიღებული აქვს რამდენიმე წამახალისებელი ჯილდო.
მოსარჩელის მტკიცებით, ახალი გამგებელი მასზე ახორციელებდა დევნას, რაც გამოიხატა იმაში, რომ შექმნა სპეციალური 9 _ კაციანი კომისია, რომელმაც ჩაატარა ინვენტარიზაცია და შეადგინა ყალბი ოქმი, რასაც მოჰყვა მისი სამსახურიდან განთავისუფლება ხობის რ-ის გამგეობის 2004წ. 5 მაისის ბრძანებით და რაც, მოსარჩელის მითითებით, არაკანონიერია, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს, ხოლო მისი, როგორც სახელმწიფო მოხელის, გათავისუფლება და დანიშვნა შეუძლია კულტურის სამინისტროს, “ადგილობრივ მმართველობის ორგანოს კულტურის განყოფილების დროებითი დებულების” მე-7 პუნქტის თანახმად.
მოპასუხე ხობის რ-ის ადგილობრივი მმართველობის ორგანომ _ გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონისა და ხობის რ-ის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, სამსახურების, მათ შორის, კულტურის განყოფილების გამგის თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლება ხობის რ-ის გამგეობის პრეროგატივაა, რასაც ადასტურებს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2004წ. 5 მარტის ¹023/237-10 წერილი. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, არასწორია კომისიის მიერ აქტის გაყალბების შესახებ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული ფაქტები, ვინიდან აქტს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და თან ახლავს ცალკეულ პასუხისმგებელ პირთა ახსნა-განმარტებები, ოქმს გაეცნო ყველა პასუხისმგებელ პირი, რაზედაც შედგენილია სათანადო ოქმი, ხოლო ნ. გ-მ კი ხელი არ მოაწერა, რაც დასტურდება სხდომის ოქმითაც.
მოპასუხის მითითებით, შემოწმების შედეგიდან გამომდინარე, ხობის რ-ის გამგეობამ გამოიყენა გამგებლისათვის მინიჭებული უფლება და კულტურის განყოფილების გამგე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის საფუძველზე, გააავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
ხობის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც არ ეთანხმება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, უფლება აქვს, გაასაჩივროს იგი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში მისი გაუქმების (ძალადაკარგულად ან ბათილად გამოცხადების) მოთხოვნით, რასაც ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 61-ე და 177-ე მუხლები. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს შემოწმების აქტის გაუქმების თაობაზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ან სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, მისი მტკიცება, რომ მეთოდური შემოწმების აქტი ყალბია, არის დაუსაბუთებელი.
რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხობის რ-ის გამგეობა არ არის უფლებამოსილი ორგანო, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლოს კულტურის განყოფილების გამგე და მიუთითა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფენ კულტურის სფეროში _ მუზეუმების და გამოფენის, სამუსიკო სკოლების, ბიბლიოთეკების, კინო-თეატრების, კულტურისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულების შექმნას, მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას. გამომდინარე აქედან, ხობის რ-ის გამგებელი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, უფლებამოსილი იყო, მოეშალა შრომითი ურთიერთობა რ-ის კულტურის განყოფილების გამგესთან.
არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოში, რომლითაც აპელანტი ითხოვდა ხობის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ყურადღება არ მიაქცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნას _ თითოეულ ადმინისტრაციულ აქტში უნდა მიეთითოს იმ ორგანოზე, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მის მისამართსა და საჩივრის წარდგენის ვადაზე, რაც არ არის მითითებული ზემოხსენებულ ბრძანებულებაში.
რაიონული სასამართლოს მიერ ასევე უგულებელყოფილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნა _ ყველა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, დასაბუთება კი წინ უნდა უძღოდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, რაც არ არის დაცული ხსენებულ ბრძანებაში.
აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლო არასწორად მიიჩნევს რ-ის კულტურის განყოფილებას კულტურის დაწესებულებად. მისი მტკიცებით, არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კულტურის განყოფილების დროებითი დებულება, რომელიც ჯერ არავის შეუცვლია და სადაც აღნიშნულია, რომ კულტურის განყოფილება არის ადგილობრივი მმართველობის დარგობრივი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რ-ის (ქალაქის) ტერიტორიაზე განლაგებულ კულტურის დაწესებულებათა მუშაობას. განყოფილების მმართველობის სფერო მოიცავს კულტურულ-საგანმანათლებო დაწესებულებებს. იქვე, მე-7 პუნქტში, აღნიშნულია, რომ კულტურის განყოფილების გამგეს, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის სამინისტრო ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარდგინებით.
არც ხობის რ-ის გამგებლის და არც კულტურის მინისტრის მოადგილის წერილს არა აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის ძალა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოში 2004წ. 20 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს აპელანტმა – ნ. გ-მ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ხობის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. გ-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ნ. გ-ა აღდგენილ იქნა ხობის რ-ის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის განყოფილების ...ის თანამდებობაზე; ხობის რ-ის გამგეობას დაევალა ნ. გ-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 270 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევები გამოვლენილია კულტურის სახლში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქორეოგრაფიულ წრეში, რაც არ შეიძლება შეერაცხოს უშუალოდ კულტურის განყოფილების გამგეს, რადგან კულტურის სახლსა თუ ცენტრალურ ბიბლიოთეკას უშუალო ხელმძღვანელები ჰყავს, რასაც ადასტურებს სახელმწიფო საკლუბო დაწესებულებების ტიპური დებულების 1.2 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო საკლუბო დაწესებულება დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ამავე დებულების 3.1 მუხლის მიხედვით, საკლუბო დაწესებულებების სახეებია: კულტურის სახლი, კულტურის ცენტრი, კულტურისა და დასვენების ცენტრი. დებულების 5.1 მუხლის მიხედვით კი საკლუბო დაწესებულების მატერიალურ ბაზას მიეკუთვნება შენობები, ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები, მოწყობილობა, ინვენტარი, ფულადი სახსრები და სხვა ქონება, რომელიც აუცილებელია მისი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად. გამომდინარე აქედან, ამ დაწესებულებებში არსებულ ქონებაზე პასუხისმგებელი ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები არიან და არა კულტურის განყოფილების გამგე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის “ბ” პუნქტის და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს დაწესებულებისათვის ბუნებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა.
99-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას.
ამ ნორმიდან გამომდინარე, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს და სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველია სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა, 2004წ. 27 თებერვლის აქტში დაფიქსირებული დარღვევები კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შედიოდა ნ. გ-ს სამსახურებრივ მოვალეობაში.
სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, გამგებელი გამოსცემს ბრძანებასა და განკარგულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ ეს კომპეტენცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან კულტურის განყოფილება მიეკუთვნება ადგილობრივ სამსახურს, აღნიშნულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაში, რომლის მიხედვით, გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება გამგებლის (მერიის) წარდგინებით ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელთა დანიშვნა-განთავისუფლება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კულტურის განყოფილების გამგის გათავისუფლების უფლება აქვს გამგეობას, როგორც კოლეგიალურ ორგანოს და არა გამგებელს.
რაც შეეხება ხელფასის ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
არ დაეთანხმა რა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, ხობის რ-ის გამგეობის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელშიც მხარე მიუთითებდა, რომ სასამართლომ გაიზიარა რა შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევები და მიიჩნია, რომ აღნიშნული არ არის კულტურის განყოფილების გამგის პასუხისმგებლობის საფუძველი, რაც, კასატორის მოსაზრებით უსაფუძვლოა, ვინაიდან, “ადგილობრივი მართველობის ორგანოს კულტურის განყოფილების დროებითი დებულების” მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ “კულტურის განყოფილების გამგე პირადად პასუხისმგებელია დაქვემდებარებული დაწესებულების მუშაობაზე, კულტურის განყოფილების გამგეს არ მიუღია არანაირი ზომები დამნაშავეთა დასასჯელად და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, რაც მას კანონით ევალებოდა, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლით კი, დისციპლინარულ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა. კასატორის განმარტებით, ის, რომ შემოწმებით დადგენილია ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, ეს არც სასამართლოს უარუყვია, მაგრამ ნ. გ-მ არავითარი ზომები არ მიიღო მის აღმოსაფხვრელად და მომავალშიც სავსებით შესაძლებელი იყო ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროება, რაზეც სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ნ. გ-ს სასარჩელო განცხადებაზე დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ხობის რ-ის გამგეობის 2004წ. 12 თებერვლის ¹39 განკარგულებით ჩატარდა ხობის კულტურის განყოფილების შემოწმება.
2004წ. 27 თებერვალს შემოწმების შედეგად შედგა აქტი, რომელშიც დაფიქსირდა რიგი დარღვევები. დარღვევები შეეხო კულტურის სახლში, ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და ქორეოგრაფიულ წრეში გამოვლენილ ფაქტებს, კერძოდ, მითითებული აქტით დადგინდა, რომ კულტურის სახლში ინვენტარიზაციის მასალები იყო არასრულყოფილი, 2002წ. ინვენტარიზაციის მასალებში, ნაცვლად სამისა, ნაჩვენები იყო ორი ერთეული პიანინო; 2003 წელს დაკარგული იყო მბრუნავი სცენის მამოძრავებელი ძრავა და სახანძრო დანიშნულების ტუმბოს ძრავა, რაზედაც არ არსებობდა ოფიციალური მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისადმი. ბიბლიოთეკისათვის, წიგნების შესაძენად, ათვისებულ იქნა 1720 ლარი, რაც არ ასახულა ბიბლიოთეკის საინვენტარიზაციო შემოსავლებში, სამკითხაო დარბაზიდან დაიკარგა რიგი წიგნები. კულტურის სახლში არასრულყოფილადაა დაფიქსირებული მოსწავლეთა მიერ გადახდილი სასწავლო ქირა.
ზემოაღნიშნული დარღვევების საფუძველზე, ხობის რ-ის გამგეობის მიერ 2004წ. 5 მაისს მიღებულ იქნა ბრძანება ¹18, რომლითაც ხობის კულტურის განყოფილების გამგე ნ. გ-ა, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ნ. გ-ს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ზემოაღნიშნული დარღვევებთან ნ. გ-ს უშუალო შემხებლობის არარსებობის თაობაზე მართებულია და ადასტურებს, რომ მითითებული დარღვევები არ შეიძლება შეერაცხოს კულტურის განყოფილების გამგეს.
სახელმწიფო საკლუბო დაწესებულებების ტიპური დებულების 1.2 და 8.1 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საკლუბო დაწესებულებები წარმოადგენენ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს და სარგებლობენ იურიდიული პირის სტატუსით. ამავე დებულების 3.1 მუხლის მიხედვით, საკლუბო დაწესებულებების სახეებია: კულტურის სახლი, კულტურის ცენტრი, კულტურისა და დასვენების ცენტრი, რომელსაც ამავე დებულების 6.2 პუნქტის შესაბამისად, სათავეში უდგას დირექტორი ან გამგე, რომელიც მინდობილობის გარეშე მოქმედებს საკლუბო დაწესებულების სახელით.
ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ შემოწმების აქტში დაფიქსირებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკლუბო დაწესებულების ხელმძღვანელებს და არა კულტურის განყოფილების გამგეს.
საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხობის რ-ის გამგეობის მხრიდან ნ. გ-სთან მიმართებაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99.3 მუხლის გამოყენების მცდარობის თაობაზე და განმარტავს, რომ მითითებული მუხლი მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს ამ უკანასკნელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის მხოლოდ უხეში დარღვევისათვის.
საკასაციო სასამართლო, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მხრიდან წარმოდგენილი და დადასტურებული ვერ იქნა ნ. გ-ს მხრიდან უხეში დარღვევების არსებობის ფაქტი, თვლის, რომ ხობის რ-ის გამგეობის 2004წ. 5 მაისის ბრძანება ¹18 ექვემდებარება უკანონოდ ცნობას, მიუხედავად იმისა, მითითებული ბრაძანება მიღებულია თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც ნ. გ-ა აღდგენილ იქნა ხობის რ-ის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
საოლქო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხობის რ-ის გამგეობის 2004წ. 5 მაისის ¹19 ბრძანებით გაუქმდა კულტურის განყოფილების ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტი და მათ ბაზაზე შეიქმნა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის განყოფილება. ამდენად, უდავოა რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ახალი სამსახური, რომლის უფლებამოსილებისა და მოქმედების სფეროც მნიშვნელოვნად აღემატება ცალკე აღებული კულტურის განყოფილების ფუნქციებს.
მოსარჩელეს სარჩელის საფუძველზე არ მოუთხოვია ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, მის მოთხოვნას წარმოადგენდა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.
სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ზემოაღნიშნული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნებს, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველს და თვლის, რომ მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს კულტურის განყოფილების გამგის ტოლფას თანამდებობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ხობის რ-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: უკანონოდ იქნეს ცნობილი ხობის რ-ის გამგეობის 2004წ. 5 მაისის ¹18 ბრძანება ნ. გ-ს კულტურის განყოფილების გამგის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და ნ. გ-ა აღდგენილ იქნეს ტოლფას თანამდებობაზე;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.