Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1396-971(კ-05) 20 აპრილი, 2006
ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 19 მაისს შპს «პ...ს» დირექტორმა რ. ს-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1991წ. 18 თებერვალს, ბათუმის სახელმწიფო დეპარტამენტის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹110 გადაწყვეტილებით რესპუბლიკის გაერთიანება «...» სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადება-გასაღების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების და ტრანსპორტის სამეურნეობათაშორისო ბაზას, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოეყო მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმში‚ ... ¹52, ¹54 და ... ქ. ¹18-ში.
აღნიშნული მშენებლობის განხორციელებისთვის არქიტექტურისა და დაგეგმარების საქმეთა განყოფილების მიერ გაიცა გეგმარებითი დავალება, პროექტი შეთანხმებულ იქნა ქალაქის მთავარ არქიტექტორთან და იგი აჭარის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს პროექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ბიუროს მიერ რეკომენდირებულ იქნა დასამტკიცებლად.
ქ. ბათუმის მერიის 1997წ. 14 იანვრის ¹21 გადაწყვეტილებით ზემოთ მითითებული მიწის ფართი იმავე მიზნისათვის გადაეცა შპს «პ...ს», რომელმაც ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზების გამო, ვერ განახორციელა სამშენებლო საქმიანობა.
2003 წელს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის დადგენილებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი 1997წ. 14 იანვრის ¹21 გადაწყვეტილება მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით. მოსარჩელის მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177 დადგენილება კანონსაწინააღმდეგოა იმდენად, რამდენადაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება. უფრო მეტიც, სადავო ადმინისტრაციული აქტის მიღებისას ქ. ბათუმის მერიამ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მთელი რიგი გარემოებანი, მათ შორის, არ შეისწავლა შპს «პ...ს» საქმიანობა, მშენებლობის განხორციელების მიზნით მის მიერ გაწეული სამუშაოების ფარგლები და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს «პ...» წარმოადგენს რესპუბლიკური გაერთიანება «...» ბაზაზე შექმნილ იურიდიულ პირს.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177 დაგენილებით შპს «პ...ს» მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, უფრო მეტიც, გასაჩივრებული აქტით შეილახა საწარმოს, ბინათმშენებლობაში ჩართული ამხანაგობების უფლებები და სახელმწიფო ინტერესები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177 დაგენილების ბათილად ცნობას.
მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177 დადგენილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, იმის გამო, რომ ქ. ბათუმის მერიის 1997წ. 14 იანვრის ¹21 გადაწყვეტილება წლების განმავლობაში პრაქტიკულად ვერ შესრულდა და უფრო მეტიც, მშენებლობისათვის გამოყოფილ მიწის ფართზე მცხოვრებ მოქალაქეთა მოთხოვნების შესრულება შპს «პ...მ» ვერ უზრუნველყო, მოპასუხის მოსაზრებით, მითითებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, მით უფრო, რომ შპს «პ...ს» აღნიშნული აქტის საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის ქმედება არ განუხორციელებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «პ...ს» აღუდგა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მისი სასარჩელო განცხადება დააკმაყოფილა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177 დადგენილება.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ექვსთვიანი ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელემ გაუშვა საპატიო მიზეზით, კერძოდ, აჭარაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველია.
სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ქ. ბათუმის მერიამ, დადეგნილების მიღებისას არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის «ბ» პუნქტი, მით უფრო მაშინ, როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218.2 მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ შეიძლება, თუ პირმა ამ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს «პ...მ» განახორციელა არაერთი იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, კერძოდ, მოსარჩელის თხოვნის საფუძველზე ჩატარდა 7511 აშშ დოლარის ღირებულების მქონე სამუშაოები, გაფორმდა ასათვისებელი ბინის მეპატრონე დოღონაძესთან ხელშეკრულება და მასზე გაიცა საგარანტიო წერილი, შპს «პ...სთან” შეიქმნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ბინათმშენებლობისთვის შეიტანა 32800 აშშ დოლარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ვინაიდან სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა მატერიალური სამართლის არცერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც ბათილად სცნო ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177 დადგენილება. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქოს სარპოცესო კოდექსის 249.1 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, გადაწყვეტილებაში ერთმანეთისაგან არ გამიჯნა შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაშინ, როცა თავისი ინიციატივით საპატიოდ ჩათვალა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ექვსთვიანი ვადის გაშვება და ამავე დროს უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის, ქ. ბათუმის მერიის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სადავო აქტის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ექვსთვიანი ვადა. მით უფრო მაშინ, როცა ირკვევა, რომ შპს «პ...მ» გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შესახებ შეიტყო 2003წ. 10 სექტემბერს, ხოლო სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2004წ. 19 მაისს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე სათანადოდ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია სადაო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი მიზეზები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამოდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 29 სექტემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და მოცემული საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 7 აპრილის განჩიებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელე შპს «პ...სათვის" ხანდაზმულობის ვადის აღდგენის ნაწილში, ხოლო ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177-ე დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, «თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს, მისთვის ადმინისტრაციული აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას", ხოლო როგორც საქმის მასალებით დასტურდება და რასაც არც ბათუმის მერია უარყოფს, მას მსგავსი მოქმედება არ შეუსრულებია და სადავოდ ქცეული ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის დადგენილება შპს «პ...ს" დირექტორისათვის არ ჩაუბარებია და არც ფოსტით გაუგზავნია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა; ვინაიდან, მოსარჩელე, შპს «პ...ს" არ უთხოვია გაშვებული ხანდაზმულობის ვადის აღდგენა და ეს პირველმა ინსტანციის სასამართლომ თავისი ინიციატივით განახორციელა. გარდა ამისა ადმინისტრაციული ხანდაზმულობის ვადის აღდგენა ზემოთ აღნიშნული მუხლის შესაბამისად, შეიძლება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალწამოების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში და არა ადმინისტრაციული საქმის სასამართლოში განხილვის დროს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერიამ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ბ" ქვეპუნქტით მოცემული შემთხვევისა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, 1997წ. 14 იანვრის ¹21 გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შპს «პ...მ" განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მოქმედებები.
სააპელაციო პალატის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177-ე დადგენილების ბათილად ცნობის ერთ-ერთი საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად, «ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესით ბინათმშენებლობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კერძო საკუთრებად არ გამოცხადებულა უსასყიდლოდ გადადის მათ საკუთრებაში".
ამასთან, ქ. ბათუმის გამგეობამ ისე გააუქმა 1997წ. 14 იანვრის ¹21 გადაწყვეტილება შპს «პ...სათვის” მიწის გამოყოფის შესახებ, რომ აღნიშნულის თაობაზე არ აცნობა მხარეებს, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნები.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 99-ე, 218-ე მუხლები, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონი, რომელიც სადავო საკითხს საერთოდ არ ეხებოდა. არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებეს, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენიალად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1991წ. 18 თებერვლის ¹110 გადაწყვეტილებით «.. .." საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი ... პროსპექტის 51/54-სა და ... ქ. 318-ში განთავსებულ ტერიტორიაზე კომუნალურ და ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების აღებით. აღნიშნულის საფუძველზე შედგა ამხანაგობის წევრთა სია და განსაზღვრა ის შენატანები, რომელიც ამ უკანასკნელთ უნდა გაეღოთ.
დადგენილია, რომ «ამხანაგობის" წევრების მიერ თანხის ნაწილი გადახდილია.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის 1997წ. 14 იანვრის ¹21 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა აღმასკომის გადაწყვეტილებაში და მითითებული ¹110 გადაწყვეტილებით გამოყოფილი ტერიტორია გადაეცა შპს «პ...ს", რათა მას გაეგრძელებინა დაგეგმილი ბინათმშენებლობა იმავე ტერიტორიაზე, იმავე პროექტის შესაბამისად, იგივე ამხანაგობის წევრთა მონაწილეობით.
იმ მოტივით, რომ ზემოაღნიშნული დადგენილება პრაქტიკულად ვერ განხორციელდა, ეს უკანასკნელი, ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177 დადგენილებით, ბათილად იქნა ცნობილი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორი გამოყენების თაობაზე და თვლის, რომ კასაცია უსაფუძვლოა.
კასატორი _ ქ. ბათუმის მერია საკასაციო საჩივრის საფუძველზე მართალია, არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებას, მაგრამ ვერ ასაბუთებს, რატომ არ უნდა ყოფილიყო მითითბული კანონი გამოყენებული და რა ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებს ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია გამოყოფილი იყო ბინათმშენებლობისათვის, მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებას და აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესით ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კერძო საკუთრებად არ გამოცხადებულა, დაექვემდებარა უსასყიდლოდ ამ პირთა საკუთრებაში გადაცემას.
ის გარემოება, რომ შპს «პ...ს” მიწაზე წარმოეშვა კანონისმიერი საკუთრების უფლება, საკასაციო სასამართლო აძლევს საფუძველს, უდავოდ მიიჩნიოს, რომ ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 30 დეკემბრის ¹177 დადგენილება პირდაპირ და უშუალო მხედველობაშია მოწინააღმდეგე მხარის _ შპს «პერანგის" ინტერესებთან.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის დებულებებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ მუხლში დეკლარირებული ნორმები მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმ პირის ინტერესების მაქსიმალური დაცვა, რომლის უფლებებსაც შესაძლოა მითითებული აქტი შეეხოს. აღნიშნული პირები უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულიდან გამონაკლისი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.
დადგენილია, რომ შპს «პ...სათვის” ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობილი არ იყო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს რა ზემოაღნიშნულ მუხლზე, იმავდროულად განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი წარმოადგენს ზოგად ნორმას და მასში წარმოდგენილი პრინციპის გამოყენება უზრუნველყოფილია იმავე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა გასაჩივრებული აქტის შინაარსს და ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიულ ხასიათს, თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოწინააღმდეგე მხარის მიმართ არ მოხდა კანონით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა.
საყურადღებოა, რომ დაინტერესებული მხარის უფლებათა დაცვის მიზნით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მხარის უფლებით გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაც გულისხმობს პირის უფლებას წარადგინოს მტკიცებულებები, დააყენოს შუამდგომლობები და ა.შ. რაც რეგლამენტირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-99-ე მუხლებში და რაც ასევე არ იქნა დაცული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევის ფაქტი სააპელაციო სასამართლოს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე, აძლევდა გადაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს და თვლის, რომ კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ადმინისრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადას უკავშირებს გადაწყვეტილების გაცნობის ფაქტს. ხოლო რაც შეეხება აქტის ოფიციალურ გაცნობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცენობა ნიშნავს მისთვის ადმინისტრაციული აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აქტი შპს «პ...ს" ოფიციალურად არ გასცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში ვერ წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და თვლის, რომ კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტის გამოცემისას უხეშადაა დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის საფუძველზე მითითებული აქტის ბათილობას და თვლის, რომ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას, შესაბამისად არ არსებობს კასაციის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.