¹ბს-1452-1027(კ-05) 18 იანვარი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ. ჯ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გენერალური პროკურატურა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 მაისს ზ. ჯ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1984 წლის 27 ივლისიდან 2004 წლის 4 ნოემბრამდე მუშაობდა აფხაზეთის ა/რ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა შატატების შემცირებისა და რეორგანიზაციის შედეგად.
მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლის 17 ივლისიდან მასზე გაპიროვნებული იყო სამსახურებრივი საშტატო იარაღი ,,მაკაროვის» სისტემის ¹ოტ-366 პისტოლეტი, 1962 წლის, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ 2003 წლის 18 დეკემბრის ¹034 ნებართვით გადაეცა უვადოდ ტარება-შენახვის უფლებით. საქართველოს გენერალური პროკურორის 2003 წლის 27 ივნისის ¹8-ჩ ბრძანებით მას მიენიჭა იუსტიციის მრჩევლის სპეციალური წოდება.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, ,,იარაღის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე თავის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასზე გაპიროვნებულ იარაღზე უნდა შენარჩუნებოდა ტარების უფლება, რაც არ განხორციელებულა და ამიტომ მან 2005 წლის 31 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საიდანაც 2005 წლის 11 აპრილის ¹02-6-2034 წერილით მიიღო უარი, რამაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა მის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტი არის უკანონო, ვინაიდან, ,,იარაღის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, აგრეთვე, პროკურატურის თანამშრომელებსაც, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.
მოსარჩელის მითითებით, პროკურატურის ადმინისტრაციულ აქტში მითითებულია, რომ მისი თხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან მასზე გაპიროვნებული იარაღი იმყოფება პროკურატურის ბალანსზე და იგი, როგორც პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადით ეძლევა პროკურატურის მუშაკებს. აღნიშნული. მოსარჩელის განმარტებით, ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული კანონის მითითებულ მუხლს, რადგან იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პროკურატურის თანამშრომლებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ მხოლოდ მასზე გაპიროვნებულ და არა რომელიმე სხვა იარაღზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2005 წლის 11 აპრილის ¹02-6-2034ჯ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობასა და სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მისთვის შენარჩუნების თაობაზე.
მოპასუხე – საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ ,,იარაღის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ პირს უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება და არა თავად საშტატო იარაღის მფლობელობასა და სარგებლობაში დატოვების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,იარაღის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის დებულება იმის შესახებ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდება საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს, მიუთითებს სამსახურიდან დათხოვნილი პირების უფლებაზე, შეინარჩუნონ იარაღის ტარებისა და ფლობის უფლება და არა თავად იარაღი – პირად სარგებლობასა და მფლობელობაში.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ ადმინისტრაცული აქტის გამოცემას, სასამართლოს განმარტებით, სარჩელის არსიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასამართლოს მიერ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაუკავშირა იმავე საკითხს (იარაღის მფლობელობაში დატოვებას), საქართველოს გენარალური პროკურატურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილობას, რაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან «იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, ხოლო მეორე პუნქტი განსაზღვრავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა წრეს. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს გადაეცემა სარგებლობაში ტარების უფლებით, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილ იარაღს, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და შესაბამისი პირი იძენს შენახვის უფლებას.
აპელანტის განმარტებით, «იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის 9.3 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის «რ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივი-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ამრიგად, კანონის შინაარსიდან გამომდინარე, კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნისას საკუთრებაში მყოფ იარაღზე (როგორც მოქალაქეს) პირს უნარჩუნებდა შენახვის უფლება, ხოლო მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში კანონმდებლობამ დაუშვა გამონაკლისი და სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება (როგორც მოსარგებლის) შეუნარჩუნა პროკურატურიდან დათხოვნილ მუშაკებს მხოლოდ კანონში ჩამოთვლილი განსაკუთრებული პირობების არსებობისას, მაგრამ, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ «იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის დებულება იმის თაობაზე, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდება საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს, მიუთითებს სამსახურიდან დათხოვნილი პირის უფლებაზე, შეინარჩუნოს იარაღის ტარებისა და ფლობის უფლება და არა თავად იარაღი პირად სარგებლობასა და მფლობელობაში, მაგრამ რომელი იარაღის, არ მიუთითა და ეს უფლება აღიარა იარაღის გარეშე, რაც არამართებულია, ვინაიდან უფლება არ არის იარაღის გარეშე და იარაღი უფლების გარეშე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ზ. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ «იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციე-ლების მიზნით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის «ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილ იარაღზე, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და შესაბამისი პირი ამ კანონით განსაზღვრული წესით იძენს მისი შენახვის უფლებას. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი აწესებს გამონაკლისს და სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას უნარჩუნებს მასში მითითებულ პირებს, მათ შორის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი სპეციალისტის წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში ან დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან სამსახურებრივი პასუხისმგებლობის გამო.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, ზ. ჯ-ა სრულად აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ პირობებს, მაგრამ იგი პროკურატურიდან დათხოვნამდე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით ატარებდა სახელმწიფოს კუთვნილ და არა მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილ იარაღს. ,,მაკაროვის» სისტემის ¹ოტ-366 პისტოლეტი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, იგი იმყოფება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გაიცემა საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებზე. ამასთან, «იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის გახორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებს და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის არც ერთ მუხლი მოწინააღმდეგე მხარეს, რომლის წარმომადგენლის განმარტებითაც მას ცეცხლსასროლი იარაღის დეფიციტი ისედაც გააჩნია, არ ავალდებულებს სახელმწიფოს, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი გადასცეს მოსარჩელეს მფლობელობაში.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ზ. ჯ-ა 1984 წლის 27 ივლისიდან 2004 წლის 4 ნოემბრამდე მუშაობდა აფხაზეთის ა/რ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა შტატების შემცირებისა და რეორგანიზაციის შედეგად.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 27 ივნისის ¹8-ჩ ბრძანებით, «სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ" საქართველოს კანონისა და «საქართველოს პროკურატურაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესის შესახებ" დებულების შესაბამისად, ზ. ჯ-ს – ტყვარჩელის საქალაქო და გულირიფშის რაიონულ პროკუროროს მიენიჭა იუსტიციის მრჩევლის წოდება, ხოლო 2003 წლის 18 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გაცემული ¹034 ნებართვის საფუძველზე, მას, როგორც პროკურატურის მუშაკს მიენიჭა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანებით ,,პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ» ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში მყოფი ზ. ჯ-ა დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან.
ზ. ჯ-მ 2005 წლის 31 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა ,,მაკაროვის» სისტემის ¹ოტ-366 სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება-შენახვის უფლების შენარჩუნება, რაზედაც საქართველოს გენერალური პროკუ-რატურიდან მიიღო უარი იმ მოტივზე მითითებით, რომ მასზე გაპიროვნებული პისტოლეტი იმყოფება პროკურატურის ბალანსზე, წარმოადგენდა პროკურატურის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადით ეძლეოდათ მხოლოდ პროკურატურის მუშაკებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდანY «იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების არასწორი განმარტების თაობაზე და კასატორის ყურადღებას მიაქცევს ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ცნებას. საყურადღებოა, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად სამსახურებრივ-საშტატო იარაღს მიეკუთვნება ის იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებათა განსახორციელებლად. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, «სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილ იარაღს, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და შესაბამისი პირი ამ კანონით განსაზღვრული წესით იძენს მისი შენახვის უფლებას.
საგულისხმოა, რომ ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი აწესებს გამონაკლისს და აღნიშნულის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის «რ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანომდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები და აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.
საკასაციო პალატა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ზ. ჯ-ა მართლაც წარმოადგენს პირს, რომელსაც «იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის 9.3 მუხლის შესაბამისად, უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ჯ-ა პროკურატურიდან დათხოვნამდე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით ატარებდა სახელმწიფოს კუთვნილ და არა მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილ იარაღს, აღნიშნული უკვე წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, იმყოფება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე და მისი გაცემა შეიძლება მხოლოდ პროკურატურის მოქმედ თანამშრომლებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის 9.2 ,,რ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, უნარჩუნდება იარაღის ტარებისა და ფლობის და არა შესაბამისი ორგანოების ბალანსზე რიცხული იარაღის პირად სარგებლობაში დატოვების უფლება, რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია მიიჩნიოს კანონშესაბამისად და უარი უთხრას კასატორს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.