Facebook Twitter
ბს-1453-1028(კ-05) 7 ნოემბერი, 2006
ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ.სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე,
მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსის 02.12.03წ. ¹5392 და ¹5393 ბრძანებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. მ-მა, მ. ხ-მა, გ. მ-ემ და ნ. თ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს თავდაცვის მინისტრის 04.05.01წ. ¹1/1/688 წერილით ¹22153-52 საშტატო განრიგში შეტანილი ცვლილებების გაუქმება და მანამდე არსებული სამხედრო საშტატო კატეგორიების აღდგენა; თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 02.06.01წ. ¹1321 ბრძანებისა და თავდაცვის მინისტრის 31.05.01წ. ¹1164 ბრძანების გაუქმება; თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის 02.12.03წ. ¹5392 და ¹5393 ბრძანებების გაუქმება, თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელფასო, კვების და სანივთე დავალიანებების ანაზღაურება; სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებითი გაცდენილი დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლა და მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭება.
მოსარჩელეეებმა აღნიშნეს, რომ მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ბოლო სამსახურის ადგილს წარმოადგენდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა, სადაც გ. მ-ი იყო ........ ციკლის მასწავლებელი, მ. ხ-ი _ ....... ციკლის მასწავლებელი, გ. მ-ე _ ........ ციკლის უფროსი, ნ. თ-ი _ ........ ციკლის უფროსი მასწავლებელი, შესაბამისად: მაიორის, მაიორის, პოლკოვნიკისა და ვიცე-პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიებით. 15.05.01წ. სამხედრო კათედრამ მიიღო თავდაცვის მინისტრის 04.05.01წ. ¹1/1/688 წერილი და თანდართული ნუსხა შტატში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რის შემდეგაც მათი თანამდებობის საშტატო კატეგორიები: მაიორი, პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი შეიცვალა «სამოქალაქო» პირით. როგორც მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსმა 02.06.01წ. ¹1321 ბრძანებით ისინი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და გადაიყვანა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში და იგივე თანამდებობაზე დაავალა მოვალეობის შესრულება. 20.01.04წ. საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის დასჭირდათ ცნობა იმის შესახებ, რომ როგორც კადრების ოფიცრები, იმყოფებოდნენ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. 02.02.04წ. შეიტყვეს, რომ ¹5392 და ¹5393 ბრძანებების საფუძველზე დათხოვნილი არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფის მოხსნით. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 06.04.92წ. ¹398 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრებზე სტუდენტთა თადარიგის ოფიცერთა პროგრამით მომზადების შესახებ» დებულების მე-8 მუხლის თანახმად‚ «საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ევალება სამხედრო კათედრების საშტატო განრიგების დამტკიცება»‚ ანუ საშტატო ერთეულებში ცვლილებების დამტკიცების უფლება ჰქონდა მხოლოდ განათლების და არა თავდაცვის მინისტრს. ხსენებული დებულების მე-18 მუხლის თანახმად, «ოფიცრები და ზემდეგები, რომლებიც დანიშნული არიან სამხედრო კათედრაზე, აგრეთვე განათლების სისტემის სამხედრო ორგანოებში, ითვლებიან სამხედრო სამსახურში, უნარჩუნდებათ ყველა უპირატესობა, რომელიც გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურისთვის»‚ ანუ ამ დებულებაში ცვლილებების შეტანის გარეშე არავის ჰქონდა უფლება‚ უმაღლესი სამხედრო პირები გარდაექმნა სამოქალაქო მოსამსახურეებად. მე-17 მუხლის შესაბამისად‚ «სამხედრო კათედრების ოფიცრების სამსახურიდან დათხოვნა ხდება მოქმედი დებულების თანახმად‚ უმაღლესი სასწავლებლის რექტორთან შეთანხმებით». ამავე დებულების მე-16 მუხლის თანახმად «სამხედრო კათედრების გამგეების, მათი მოადგილეების, ციკლის უფროსების, აგრეთვე უფროსი მასწავლებლებისა და მასწავლებლების თანამდებობაზე დაინიშნებიან უმაღლესი სამხედრო და უმაღლესი სამხედრო სპეციალური განათლების ოფიცრები. გამონაკლისის სახით კი სამხედრო საშუალო განათლებისა და ჯარში ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირები». თავდაცვის მინისტრის ¹1/1/688 წერილი, მისი თანდართული ნუსხა, ეწინააღმდეგება დებულების მითითებულ ნორმებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 02.06.01წ. ¹1321 ბრძანება ეწინააღმდეგება «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულების მე-9 თავის მე-6 მუხლს, «საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრებზე სტუდენტთა თადარიგის ოფიცერთა პროგრამით მომზადების შესახებ» დებულების მე-17 მუხლს, რომელთა თანახმად ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს და «სამხედრო მოსამსახურეთა დანიშვნა სამხედრო კათედრების საშტატო თანამდებობაზე გამგეების, მათი მოადგილეების კანდიდატურების ან მათი გადაადგილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ თანხმდება რექტორთან. სამხედრო კათედრის ოფიცრების სამსახურიდან დათხოვნა ხდება მოქმედი დებულების თანახმად უმაღლესი სასწავლებლის რექტორთან შეთანხმებით. კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 02.06.01წ. ¹1321 ბრძანება ეწინააღმდეგება მისივე 15.05.01წ. ¹1/1/688 წერილსა და თანდართული ნუსხის შენიშვნას, რომ სამოქალაქო თანამდებობები თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნობაში არ შედის. ამით, მოსარჩელეთა აზრით, თავდაცვის სამინისტრომ უკანონოდ მოიხსნა უფლებამოსილება სამხედრო კათედრაზე მომუშავე სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, 02.06.01წ. ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლებულ და კადრების განკარგულებაში გაყვანილ პირებს დაევალათ იმ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება, რაც თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნობაში აღარ შედიოდა.
მოსარჩელის განმარტებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს უფროსის 02.1203წ. ¹5392 და ¹5393 ბრძანებები აგრეთვე ეწინააღმდეგება «საჯარო სამსახუროს შესახებ» კანონის 93-ე მუხლს, ვინაიდან მათი გათავისუფლება მოხდა არა მინისტრის ბრძანებით, რომელსაც მათი სამსახურში მიღების უფლება გააჩნდა, არამედ, კადრების დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით, ამავე კანონის 97.2 მუხლის თანახმად‚ მათთვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა, ხოლო 108-ე მუხლის თანახმად, ერთი თვით ადრე არ ეცნობათ მოსალოდნელი შედეგების შესახებ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროს უკანონო ქმედებების შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი სანივთე ქონების კომპენსაციისა და განაცდური ხელფასის სახით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.07.04წ. გადაწყვეტილებით გ. მ-ის, მ. ხ-ის, გ. მ-ის და ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. მ-მა, მ. ხ-მა, გ. მ-ემ და ნ. თ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.07.05წ. განჩინებით გ. მ-ის, მ. ხ-ის, გ. მ-ის და ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.07.04წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით 15.05.01წ. წერილის, შტატში ცვლილებების შეტანის ნუსხისა და 31.05.01წ. ¹1164 და 02.06.01წ. ¹1321 ბრძანებების თაობაზე მოსარჩელეებისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რადგან წერილი და ნუსხა იმავეწ. მაისში მიღებული იქნა სამხედრო კათედრაზე. ამასთან, მათ იმთავითვე შეუწყდათ იმ თანხებისა და კომპენსაციების მიცემა, რასაც თავდაცვის სამინისტროდან იღებდნენ. ამის მიუხედავად მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს მხოლოდ 2004წ. თებერვალში, რითაც მათ მიერ დარღვეულ იქნა სარჩელის სასამართლოში მიმართვის ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსის 02.12.03წ. ¹5392 და ¹5393 ბრძანებები არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო გამოცემული იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.07.01წ. ¹153 ბრძანება «კადრების და რეზერვის პირად შემადგენლობასთან მუშაობის გაუმჯობესების ზოგიერთ საორგანიზაციო ღონისძიებათა შესახებ», რომლითაც კადრების მთავარი სამმარველოს უფროსს მიენიჭა უფლებამოსილება გამოსცეს ბრძანებები საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, რითაც მოხდა უფლების დელეგირება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებები არ არის ძალაში შესული, ვინაიდან არ არიან რეგისტრირებულნი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. სააპელაციო პალატის განმარტებით თავდაცვის მინისტრის 13.07.01წ. ¹153 ბრძანება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს არა ნორმატიულ, არამედ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად‚ ოფიცრის თანამდებობიდან კადრების განკარგულებაში გადაყვანა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, ამასთან, 31.05.01წ. და 02.06.01წ. ბრძანებებით მოხდა მოსარჩელეები გათავისუფლდნენ, როგორც სამხედრო მოსამსახურეები. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.3 და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეებს სასამართლოსთვის უნდა მიემართათ ერთი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა ამ ბრძანებების გამოცემის თაობაზე, კანონმდებლობის ეს მოთხოვნა მათ მიერ არ შესრულებულა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 06.07.05წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. მ-ის, მ. ხ-ის, გ. მ-ის და ნ. თ-ის მიერ. კასატორებმა შეამცირეს მოთხოვნა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის 02.1203წ. ¹5392 და ¹5393 ბრძანებების ბათილად ცნობა.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ არასწორედ განმარტა სზაკ-ის მე-2 მუხლის I ნაწილის «ე» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად‚ ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს». თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება ¹153 უფლებამოსილების დელეგირების შესახებ სწორედ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არის გამოცემული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და შეიცავს მუდმივი და რაც მთავარია მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს, ანუ მინისტრის ¹153 ბრძანების შესაბამისად კადრების დეპარტამენტის უფროსს შეეძლო აქტის სრულ გაუქმებამდე განეხორცილებინა სამხედრო მოსამსახურეთა დანიშვნა, განთავისუფლება თუ სხვა ქმედებანი. მინისტრის ბრძანებები ინდივიდუალური ხასიათის იქნებოდა მხოლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ განეხორციელებინა მინისტრის დელეგირება. კასატორები თვლიან, რომ ვინაიდან თავდაცვის მინისტრის ¹153 ბრძანება არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო იყო მისი რეგისტრაცია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, რასც არ მომხდარა. ამდენად, თავდაცვის მინისტრის ¹153 ბრძანება არ არის იურიდიული ძალის მქონე, რაც ადასტურებს იმას, რომ კასატორების სამსახურიდან დათხოვნა მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ.
მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა მხარეთა მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ხ-ის, გ. მ-ის, გ. მ-ის და ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.07.05წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ რომ მოსარჩელეები მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში და მათი სამსახურის ადგილი იყო თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა. თავადაცვის მინისტრის 15.05.01წ. წერილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრას გაეგზავნა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სამხედრო კათედრის შტატში ცვლილებების შეტანის ნუსხა, რის საფუძველზეც მოსარჩელეების გ. მ-ის, მ. ხ-ის, გ. მ-ისა და ნ. თ-ის თანამდებობის საშტატო კატეგორიები: მაიორი, მაიორი, პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი, შეიცავალა «სამოქალაქო პირის» კატეგორიით. თავდაცვის მინისტრის 13.05.01წ. ¹1164 და თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 02.06.01წ. ¹1321 ბრძანებებით კასატორები განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, გაყვანილ იქნენ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, მათ დაევალათ მოვალეობების შესრულება იმავე თანამდებობაზე. საქართველოს თავადაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსის 02.12.03წ. ¹5392 და ¹5293 ბრძანებებით კადრების განკარგულებაში მყოფი მოსარჩელეები დათხოვნილ იქნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2 მუხლის თანახმად ჩაირიცხნენ თადარიგში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.07.01წ. ¹153 ბრძანება «კადრის და რეზერვის პირად შემადგენლობასთან მუშაობის გაუმჯობესების ზოგიერთ საორგანიზაციო ღონისძიებათა შესახებ» წარმოადგენს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტს და მისი ძალაში შესვლისთვის საჭირო იყო მისი რეგისტრაცია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდაცვის მინისტრის ხსენებული ბრძანება, მისი ტექსტის მიხედვით, გამოცემულია კადრების მთავარი სამმართველოს დებულების საფუძველზე, ბრძანება შეეხება კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის უფლებამოსილებას, ბრძანება შეეხება კონკრეტულ პირს და ამ აქტით განსაზღვრულია მისი კონკრეტული უფლებამოსილება, ბრძანებას არ გააჩნია ნორმატიული აქტის სპეციფიური ნიშანი – ქცევის ზოგადი წესის დადგენა, რომელიც მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელ პირთა მიმართ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზღვარს ინდივიდუალურ და გენერალურ მოწესრიგებას შორის განსაზღვრავს არა პირთა რიცხობრივი ოდენობა, არამედ ის, განსაზღვრებადია თუ არა ეს წრე. თავდაცვის მინისტრის 13.07.01წ. ¹153 ბრძანება მიმართულია კონკრეტულად განსაზღვრულ პირთა კონტინგენტის მიმართ, აქტს შიდასისტემური რეგულირების ხასიათი აქვს, ბრძანება აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს და ანიჭებს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსს გარკვეულ უფლებამოსილებებს. კასატორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ თავდაცვის მინისტრის ხსენებული ბრძანება გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით, ამდენად ბრძანების ძალაში შესვლა არ საჭიროებდა რეგსტრაციას იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეეტრში. ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას მინისტრის ბრძანების კანონიერებაზე, მისი გამოცემისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების არსებობაზე და გამოყენების მართლზომიერებაზე, ვინაიდან თავდაცვის მინისტრის 13.07.01წ. ¹153 ბრძანება არ გასაჩივრებულა, იგი არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს, ამასთანავე თუნდაც კანონმდებლობის დარღვევით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სავალდებულო ძალის მატარებელია და სამართლებრივი შედეგის გამომწვევია, თუ ის კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გასაჩივრებულა. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსის 02.12.03წ. ¹5392 და ¹5393 ბრძანებები გ. მ-ის, გ. მ-ის, კ. ტ-ის, მ. ხ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისა და რეზერვში ჩარიცხვის ნაწილში გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ე» ქვეპუნქტი უსაფუძვლოა და თავისთავად არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა არაუფლებამოსილი პირი მიერ. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სხვა რაიმე საფუძველს. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნები სახელფასო, კვების, სანივთე კომპენსაციების ანაზღაურების, გაცდენილი დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლის და მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების თაობაზე უსაფუძვლოა. კასატორები არ ასაჩივრებენ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც მათ უარი ეთქვათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.05.01წ. ¹1/1/688 წერილის, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 02.06.01წ. ¹1321 ბრძანების და თავდაცვის მინისტრის 31.05.01წ. ¹1164 ბრძანების ბათილად ცნობაზე, შესაბამისად საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას მათ კანონიერებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე‚ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად გამორიცხავს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.07.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.