ბს-1475-1196-კ-04 17 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: თანამდებობის პირის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 17 სექტემბერს აჭარის ა/რ პროკურორმა კ. მ.-მ სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხეების _ ი. გ.-ისა და ლ. ვ.-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ი. გ.-ის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც მოსარჩელეს აძლევდა საფუძველს, ევარაუდა, რომ ი. გ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და სხვა დაკავშირებული პირების მფლობელობაში იყო უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სარჩელის აღძვრის საფუძველს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე ი. გ.-ი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა თანამდებობის პირს და მას უკანონოდ ეკუთვნოდა შემდეგი ქონება: ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი 600” და მიწის ნაკვეთი ქ. ოზურგეთში.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე ლ. ვ.-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა ი. გ.-ის ოჯახის წევრს და მას უკანონოდ ეკუთვნოდა ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹29 საცხოვრებელი ბინა (საერთო ფართი _ 102,09 კვ.მ).
მოსარჩელის განმარტებით, ი. გ.-ი 1999წ. 14 მაისიდან 2004წ. 12 მაისამდე მუშაობდა ქ. ბათუმის მერიაში ვიცე-მერის თანამდებობაზე, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 12324 ლარი. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეების შემოსავლების შესახებ მოპოვებული მტკიცებულებები იძლეოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ოდენობის შემოსავალი ვერ უზრუნველყოფდა სარჩელში მითითებული ქონების შეძენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხეების მფლობელობაში არსებული ქონების დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცნობა, აღნიშნული ქონების მოპასუხეებისთვის ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს უარი ეთქვა ი. გ.-ისთვის ოზურგეთის რაიონში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... მდებარე, ლ. ვ.-ის სახელზე რიცხული ¹29 საცხოვრებელი ბინის ლ. ვ.-ისთვის ჩამორთმევაზე, ამასთან, ლ. ვ.-ს დაეკისრა აღნიშნული ბინის დაუსაბუთებელი ქონებით გაუმჯობესების გამო, სახელმწიფოს სასარგებლოდ 50000 ლარი კომპენსაციის გადახდა; დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი მოპასუხე ი. გ.-ის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი 600-ის” ჩამორთმევის ნაწილში _ იგი გამოცხადებულ იქნა უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად, ჩამოერთვა მოპასუხე ი. გ.-ს და გადაეცა სახელმწიფოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ.-ისა და ლ. ვ.-ის წარმომადგენელმა რ. მ.-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორების განმარტებით, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა დასკვნა, რომ მოპასუხე ლ. ვ.-ის სადავო ბინის ფასი შეადგენდა 116383 ლარს და არ წარუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, ხოლო სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნათა სრული უსაფუძვლობა ორივე მოპასუხის მიმართ. ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი 600-ის” ი. გ.-ისთვის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კასატორებმა აღნიშნეს, რომ ი. გ.-მა სასამართლოს წარუდგინა ქ. მოსკოვში გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ი. გ.-ს, როგორც შპს “მ.-ის” დამფუძნებელ წევრს, 1992 წლიდან 1998 წლამდე, ანუ ჯერ კიდევ 1999 წელს, ქ. ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ყოველწლიურად დივიდენდების სახით მიღებული ჰქონდა ათეულ ათასობით აშშ დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰქონდა სადავო ავტომანქანის შეძენის შესაძლებლობა. სასამართლომ აღნიშნული ცნობა არ მიიჩნია მტკიცებულებად იმის გამო, რომ ი. გ.-მა ვერ დაადასტურა მასში მითითებული თანხების საქართველოში საბაჟო წესების დაცვით შემოტანა და არ გაითვალისწინა ის, რომ ფიზიკური პირების მიერ საბაჟო შემოწმების გავლის შესახებ დოკუმენტაცია ინახებოდა მცირე ვადით, რის გამოც ი. გ.-ი, პრაქტიკულად, ამდაგვარ ცნობას ვერც მოიპოვებდა და ვერც წარადგენდა სასამართლოში 2004წ.თვის. გარდა ამისა, ქ. ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობაზე დანიშვნამდე ი. გ.-ი ეწეოდა შრომით საქმიანობას, კერძოდ, იყო მეზღვაური, სკოლის პედაგოგი და დირექტორის მოადგილე, ქ. ბათუმის მერიის თანამშრომელი. აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობისას ი. გ.-ი ღებულობდა შრომით ანაზღაურებას _ ჰქონდა შემოსავლები და დანაზოგები, ანუ სადავო მანქანის შესაძენად ჰქონდა კანონიერი საშუალება.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ბინის უკანონო და დაუსაბუთებელი სახსრებით გაუმჯობესების კომპენსაციის სახით მოპასუხე ლ. ვ.-ისთვის 50000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილშიც არასწორია, ვინაიდან სასამართლო დაეყრდნო ქ. ბათუმის ტექბიუროს მიერ გაცემულ ცნობას, რომლის მიხედვით სადავო ბინის ღირებულება 1990 წელს, როდესაც ლ. ვ.-ემ ბებიისგან _ ა. ვ.-ისგან მემკვიდრეობით მიიღო, შეადგენდა 7000 რუბლს, ხოლო აუდიტორის დასკვნით 2004წ. მდგომარეობით _ 116383 ლარს. ქ. ბათუმის ტექბიუროს აღნიშნული ცნობისა და აუდიტორის ხსენებული დასკვნის შედარების საფუძველზე სადავო ბინის ღირებულების ცვლილების თაობაზე დასკვნის გაკეთება არამართებულია, რადგანაც აღნიშნულ ცნობაში ქ. ბათუმის ტექბიუროს მითითებული აქვს სადავო ბინის საინვენტარიზაციო ღირებულება მაშინ, როდესაც აუდიტორმა თავის დაკვნაში მიუთითა მის საბაზრო ფასზე, ხოლო ამ მხრივ არსებული საბაზრო მდგომარეობა შესადარებლად შერჩეულ 1990 წელს, ცნობილი არ იყო.
კასატორების განმარტებით, ლ. ვ.-ის კუთვნილ სადავო ბინაში 8-9 წელია მიმდინარეობს რემონტი, რომელიც არ დამთავრებულა. აღნიშნულ ბინას, რომელიც საცხოვრებლად არის უვარგისი და რომლის კედლებიც დაუმუშავებელია, არ გააჩნია საპირფარეშო, წყლის ონკანი და სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო მოწყობილობები. ამის გამო, სადავო ბინაში არავის უცხოვრია. აუდიტორის ზემოაღნიშნული დასკვნა არის ზერელე და დაუსაბუთებელი, რადგან იგი გაკეთებულია შენობის გარეგანი, ვიზუალური დათვალიერებით, ხოლო ხსენებული ბინის ღირებულება შეფასებულია მისი გარკვეულ საცხოვრებელ ზონაში არსებობის, ამ ზონის განვითარების პერსპექტივის, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის და ა.შ. მიხედვით; აუდიტორი საერთოდ არ შესულა სადავო ბინაში და არ დაუთვალიერებია მისი შიდა ნაწილი, რაც ვერ უარყო მოსარჩელემ. ამდენად, ხსენებულ დასკვნაში უსაფუძვლოდაა ლაპარაკი აღნიშნული ბინის ტექნიკურ მდგომარეობასა და კეთილმოწყობაზე; სასამართლომ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი სადავო ბინის ფაქტობრივი მდგომარეობისა და მასში რემონტის დაწყების მომენტის ობიექტურად დადგენისთვის აუცილებელი ადგილზე გასვლითი დათვალიერების ჩატარებასა და შესაბამის მოწმეთა დაკითხვაზე.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ლ. ვ.-ის განმარტება, რომ მის სახელზე გაცემული სადავო ბინის ტექპასპორტი აღნიშნული ბინის ფართის თაობაზე შეიცავს არასწორ ციფრობრივ მონაცემებს, კერძოდ, ხსენებული ბინის მთლიანი ფართი რეალურად შეადგენს არა 102,09 კვ.მ-ს, როგორც ეს არის მითითებული აღნიშნულ ტექპასპორტში, არამედ მასზე ნაკლებს და აუდიტორის ზემოაღნიშნული დასკვნა, რომელიც არ გამხდარა და ვერც გახდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ამ მხრივაც არასწორია. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საკომპენსაციო თანხა _ 50000 ლარი განსაზღვრა საერთო შეხედულებიდან და შექმნილი რწმენიდან გამომდინარე, ლ. ვ.-ს დაუსაბუთებლად დააკისრა აღნიშნული თანხის გადახდა, რაც ბუნდოვანი და გაუგებარია. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოპასუხეთა მიერ წარდგენილი ცნობა იმის შესახებ, რომ ლ. ვ.-ის ბებია _ ა. ვ.-ე 1947 წლიდან 1990წ. ივნისამდე მუშაობდა სასტუმრო “ი.-ის” მთავარ ბუღალტრად, სადაც მას, ხსენებული ცნობის თანახმად, ჰქონდა საკმაოდ დიდი ხელფასი, რამაც მისი მუშაობის ბოლო ორი წლის მანძილზე შეადგინა წელიწადში დაახლოებით 8000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ლ. ვ.-ეს დარჩა დანაზოგი მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით, რამაც საშუალება მისცა, მოპასუხე ი. გ.-ის ქ. ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობაზე დანიშვნამდე, განეხორციელებინა 20 კვ.მ აივნის მიშენება, რასაც გარკვეულწილად ადასტურებს ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ სასამართლოსთვის გამოგზავნილი შესაბამისი პასუხი, რომელშიც არასწორადაა მითითებული, რომ თითქოს სადავო ბინაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო 2000 წლიდან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. სადავო ბინაში არ არის ნამყოფი აღნიშნული სამმართველოს არც ერთი წარმომადგენელი და, აქედან გამომდინარე, მათ არანაირად არ შეიძლებოდა სცოდნოდათ, თუ როდის დაიწყო ხსენებულ ბინაში სარემონტო სამუშაოები.
კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ 8-9წ. წინ მხოლოდ დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რომელიც არ დამთავრებულა და, შესაბამისად, არც სადავო ბინის გაუმჯობესებას, მით უმეტეს, ვითომდა რაღაც დაუსაბუთებელი სახსრებით, ადგილი არ ჰქონია. ამასთან, კასატორებს მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება (საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ი. გ.-ისა და ლ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ ი. გ.-ს ჰქონდა სადავო ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი 600-ის” შეძენის შესაძლებლობა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ ფიზიკური პირების მიერ საბაჟო შემოწმების გავლის შესახებ დოკუმენტაცია ინახებოდა მცირე ვადით, რის გამოც ი. გ.-ი, პრაქტიკულად, ამგვარ ცნობას ვერც მოიპოვებდა და ვერც წარადგენდა სასამართლოში 2004წ.თვის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოტივაციას, რომ ი. გ.-ის წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი, ქ. მოსკოვში გაცემული ცნობა ი. გ.-ის მიერ შპს “მ.-დან” 1992 წლიდან 1998 წლამდე დივიდენდის სახითY200000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე, როგორც მტკიცებულება, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს ვერავითარი დოკუმენტი აღნიშნული თანხის საქართველოში კანონიერი გზით შემოტანის შესახებ. ხსენებულ თანხას საქართველოში შემოტანისას არ გაუვლია საბაჟო შემოწმება, რომელიც საქართველოს საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის მიხედვით არ არის ასახული ი. გ.-ის შესაბამის დეკლარაციებში და, შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილად, ანუ უკანონო გზით მოპოვებულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ი. გ.-ს კანონის სრული დაცვით ჩამოართვა და სახელმწიფოს გადასცა დაუსაბუთებელი ქონება _ 60000 ლარად ღირებული ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი 600”, რომლის შეძენისთვის საჭირო კანონიერი ფინანსური სახსრების მოპოვების დოკუმენტები ი. გ.-ის წარმომადგენლებმა ვერ წარუდგინეს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებთან დაკავშირებითაც კასატორებს არ წამოუყენებიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემული საქმის მასალებითაც დგინდება, რომ ი. გ.-ი 1999წ. 14 მაისიდან 2004წ. 12 მაისამდე მუშაობდა ქ. ბათუმის ვიცე-მერად და ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 12324 ლარი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ ი. გ.-ს, ქ. ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობის გარდა, არ გააჩნდა სხვა ანაზღაურებადი სამუშაო და მის მიერ სადავო ქონების შეძენა-გაუმჯობესება ემთხვევა ქ. ბათუმის ვიცე-მერად მისი მუშაობის პერიოდს.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეში არსებული ქ. ბათუმის ტექბიუროს ცნობის თანახმად, ლ. ვ.-ის მიერ სადავო ბინის მემკვიდრეობით მიღების დროს (1990 წელი), აღნიშნული ბინის ღირებულება შეადგენდა 7000 მანეთს. ი. გ.-ის მიერ 2003 წელს შევსებული, საქმეში წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლის _ ლ. ვ.-ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... შეფასებულია 250000 ლარად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ბინის რეკონსტრუქცია, სარემონტო სამუშაოები და გაუმჯობესება განხორციელდა ი. გ.-ის ქ. ბათუმის ვიცე-მერად მუშაობის პერიოდში, ბინის გაუმჯობესება და სარეკონსტრუქციო სამუშაოები კი დაიწყო 2000 წელს, ანუ ი. გ.-ის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ხოლო ლ. ვ.-მ ვერ წარუდგინა სასამართლოს რაიმე დოკუმენტი მისი პირადი შემოსავლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ სწორად შეაფასა სადავო ბინის გაუმჯობესების საკომპენსაციო თანხა 50000 ლარად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების მოთხოვნები სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ.-ისა და ლ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. ი. გ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 4400 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.