საქმე N 330141221004287424
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N49I-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის N3919/3919 განჩინებით:
მსჯავრდებულ ვ. ა–სს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებთი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით;
მსჯავრდებულ ვ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებთი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით დარჩა უცვლელად;
ვ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 ნოემბრიდან;
ვ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამორთმეული საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება და 20 წლით ჩამორთმეული საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - დარჩა ძალაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 სექტემბრის განჩინებით (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) აღმოფხვრილ იქნა ხარვეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის N3919/3919 განჩინებაში და განჩინებას მესამე აბზაცად დაემატა: „მსჯავრდებულ ვ. ა–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გათვალისწინებით მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით“. განჩინებაში მითითებულია, რომ იგი წარმოადგენს 2021 წლის 5 თებერვლის N3919/3919 განჩინების განუყოფელ ნაწილს და შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
3. 2022 წლის 15 სექტემბერს მსჯავრდებულმა ვ. ა–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.
4. 2022 წლის 29 სექტემბერს თბილისის საქალაქოს სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ა–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ).
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ. ა–ს საჩივარი შეესაბამება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს და მისი ადრესატია თბილისის სააპელაციო სასამართლო. ამდენად, საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილია საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაუცველად, ვინაიდან არ შეესაბამება იმ სასამართლოს დასახელებას, სადაც მსჯავრდებულმა შეიტანა საჩივარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი განუხილველი უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-303-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ა–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საჩივარი და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე