Facebook Twitter
საქმე N 020100121004593604

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით

საქმე №686აპ-22 20 ოქტომბერი, 2022 წელი
ბ. ხ. №686აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენზე;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ. ბ–მ (პირადი ნომერი: 1...) ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება მაშინ, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 4 ივლისს ხ. ბ–სა და შპს ,, კომპანიას“ შორის ქ... დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხ. ბ–ს მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა შპს .......... კომპანიის სახელზე რიცხული, 12000 ლარად ღირებული ავტომანქანა - ,,VOLKSWAGEN PASSAT“, გამოშვების წელი - 2013, სახელმწიფო ნომერი - ....., სერიული ნომერი - 1 ......... სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხ. ბ–ს დაეკისრა ვალდებულება, შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ დაებრუნებინა ლიზინგის საგანი. მიუხედავად აღნიშნულისა, ხ. ბ–მ ქ..... მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დასახელებული ავტომანქანა, რაც განკარგა პირადი შეხედულებისამებრ, რითაც შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ მიაყენა 12000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ხ. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე. ხ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 60000 ლარი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა თანხების ან მატერიალური ნივთების შენახვაზე პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით.

2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ბ–მ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება მაშინ, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 4 ივლისს ხ. ბ–სა და შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ შორის ქ...... დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხ. ბ–ს მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა შპს .......... კომპანიისსახელზე რიცხული, 12000 ლარად ღირებული ავტომანქანა - ,,VOLKSWAGEN PASSAT“, გამოშვების წელი - 2013, სახელმწიფო ნომერი - ....... სერიული ნომერი - 1 ... ავტომობილის მიღების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი არსებითად დაზიანდა, რის გამოც მნიშვნელოვნად შემცირდა მისი ღირებულება. ლიზინგის ხელშეკრულების 5.6 პუნქტის მიხედვით, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის განკარგვა დაუშვებელია ლიზინგის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. მიუხედავად აღნიშნულისა, ხ. ბ–მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს .......... კომპანიის სახელზე რიცხული, არსებითად დაზიანებული ავტომანქანა, რაც განკარგა პირადი შეხედულებისამებრ, რითაც შპს ,,......... კომპანიას“ მიაყენა 150 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.

2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელმაც მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ხ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ხ. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;

ხ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

მსჯავრდებულ ხ. ბ–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა თანხების ან მატერიალური ნივთების შენახვაზე პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 6 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. ბ–ს ადვოკატმა რ. მ-ამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმება, ხ. ბ–ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორი სადავოდ მიიჩნევს მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის XXV თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. დაცვის მხარემ მიმართა დაზარალებულად ცნობილ შპს „....... კომპანიას“ იმის დასადგენად, თუ რა ოდენობის თანხა უნდა აენაზღაურებინა ბრალდებულ ხ. ბ–ს. მათი განმარტებით ასანაზღაურებელი იყო ზიანის თანხა - 9700 ლარი, რაც გადახდილ იქნა 2022 წლის 04 აპრილს და რასაც ადასტურებს 2022 წლის 4 აპრილის ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი (ზიანის ანაზღაურების დოკუმენტი) N....., რის შემდეგ შპს „............. კომპანიამ“ 2022 წლის 4 აპრილს გასცა ცნობა N0---------, რომ ხ. ბ–მ სრულად დაფარა შპს „............ კომპანიასთან“ (ს.კ. ......) გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და დავალიანება არ ერიცხება. ამდენად, ხ. ბ–ს მიერ შპს „........... კომპანიისათვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენდა არა 12000 ლარს, რაც სისხლის სამართლის საქმის მასალებშია მითითებული, არამედ - 9700 ლარს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე არ დანიშნულა სასაქონლო ექსპერტიზა ზიანის ოდენობის დასადგენად, არც დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩვენებით არ არის დადგენილი ზიანის ოდენობა. მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურებული ზიანის თანხით კი ირკვევა, რომ ზიანის ოდენობა შეადგენდა სწორედ 9700 ლარს. კასატორის პოზიციით, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ იძლევა ხ. ბ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის და მსჯავრდების საფუძველს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 07 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს, ხ. ბ–ს ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მსჯავრდებულს განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი. კასატორი ასევე ითხოვს, 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულს გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი, როგორც ნასამართლობის არ მქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და დაზარალებული სასამართლოს წინაშე აცხადებს თანხმობას ამ კანონის გამოყენების შესახებ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით დასჯადია მითვისება ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. მითვისებას საკუთრების ხელყოფის სხვა ფორმებისაგან განასხვავებს მიმთვისებლის მიერ სხვისი ქონების მართლზომიერი ფლობა, შესაბამისად, პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს იმყოფებოდა თუ არა დანაშაულის ობიექტი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში. როგორც განსახილველი საქმის მასალებით დგინდება, ხ. ბ. მართლზომიერად, ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ კუთვნილ ქონებას - ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ხოლო მფლობელობის პირობები და ლიზინგის საგნის ხ. ბ–ს საკუთრებაში გადაცემის სამომავლო პირობა და წესი განსაზღვრული იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.

5.3. დადგენილია, რომ შპს „......... კომპანიასა“ (შემდგომში ლიზინგის გამცემი) და ხ. ბ–ს (შემდგომში ლიზინგის მიმღები) შორის 2019 წლის 4 ივლისს გაფორმდა №T......... ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ლიზინგის საგანს წარმოადგენდა ლიზინგის მიმღების მიერ შერჩეული და წინამდებარე ლიზინგის ხელშეკრულების დანართი N..-ით განსაზღვრული ქონება, რომელიც ლიზინგის გამცემმა შეიძინა ლიზინგის მიმღების მიერ შერჩეული მომწოდებლისგან და ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცა. ირკვევა, რომ №T...... ლიზინგის ხელშეკრულების დანართი N..-ს წარმოადგენს 2019 წლის 4 ივლისს მხარეთა (გამყიდველი ხ. ბ. და მყიდველი: სს „....... ბანკი“) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანია - ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების „WOLKSWAGEN passat“ შეძენა ლიზინგით გადაცემის მიზნით.

5.4. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების - მითვისების ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი - ქმედება შესაძლოა გამოიხატოს ნებისმიერი სახის მოქმედებასა თუ უმოქმედობაში, რის საფუძველზეც დამნაშავე სცილდება ქონების ფლობის დადგენილ ზღვარს და განკარგავს ქონებას, როგორც საკუთარს. განსახილველ შემთხვევაში ლიზინგის საგნის ხ. ბ–ს მფლობელობაში გადაცემის, სარგებლობის პირობები და მოცულობა განისაზღვრა ლიზინგის გამცემსა და მიმღებს შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის თანახმად: „ამ ხელშეკრულებით, მისი დანართ(ებ)ით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების საფუძველზე ლიზინგის საგანი დამატებითი პირობის გარეშე გადადის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში“. ხელშეკრულების 5.5-5.6 პუნქტები ითვალისწინებს ლიზინგის მიმღების პასუხისმგებლობას გარკვეული ქმედებების ლიზინგის გამცემის თანხმობის გარეშე განხორციელების შემთხვევაში, კერძოდ საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად: „ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ან/და მისი ნაყოფის განკარგვა (სარგებლობაში გადაცემა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გარდაქმნა, გაყოფა ან/და გაერთიანება სხვა საგანთან და სხვა) დაუშვებელია ლიზინგის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ლიზინგის გამცემის უარი გამორიცხავს ლიზინგის საგანზე ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად, ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედებით ან/და გარიგებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ლიზინგის მიმღებსა და სოლიდარულად მონაწილე ხელშეკრულების მეორე მხარეს. მისი განზრახ ქმედების ან ბრალეულობის შემთხვევაში ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ლიზინგის საგნის დაბრუნება ან/და ლიზინგის მთლიანი ფასის გადახდა. ამდენად, ხ. ბ–ს, როგორც ლიზინგის მიმღებს არ ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება ხელშეკრულების წესისა და პირობების (5.5.-5.6. პუნქტები) დარღვევით განეკარგა. შესაბამისად, თავად მხარეთა შეთანხმება განსაზღვრავდა ლიზინგის საგნის მფლობელობის ფარგლებს და აწესებდა პასუხისმგებლობას ლიზინგის მიმღების განზრახი ან ბრალეული ქმედებისათვის ლიზინგის საგნის განკარგვისას. საქმის მასალებით ირკვევა და არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხ. ბ–მ დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულების პირობა, ასევე არ გადაიხადა ლიზინგის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა.

5.5. მხარეებს შორის სადავო გარემოება უკავშირდება ხ. ბ–ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით შპს „....... კომპანიისათვის“ მიყენებული ზიანის ოდენობას, რაც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას - დიდი ოდენობით ზიანს უკავშირდება. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსი მატერიალური ზიანის ოდენობას უკავშირებს ხელყოფილი ქონების - ნივთის ღირებულებას. შესაბამისად, სასამართლოსათვის მაკვალიფიცირებელი გარემოების დადგენისას განმსაზღვრელია სწორედ ხ. ბ–ს მიერ მითვისებული ქონების - ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება. ბრალდების ფორმულირების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება უკავშირდება ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ლიზინგის საგნის ღირებულებას და შეადგენს 12000 ლარს. ბრალდების შესახებ დადგენლებაში ასევე მითითებულია, რომ ხ. ბ–ს ლიზინგის ხელშეკრულების დარღვევისას ეკისრებოდა ლიზინგის საგნის დაბრუნების ვალდებულება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხ. ბ–სთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს სწორედ ხელშეკრულების დადებისას შეფასებული ღირებულების შესაბამისად, რაც შეადგენდა - 12000 ლარს. თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს დაზარალებულისათვის ფაქტობირვად მიყენებული ზიანის შესაბამისად, რისთვისაც უნდა გაიმიჯნოს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ქონებისა და დამნაშავის მიერ მითვისებული ქონების ღირებულება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოცულობა და საფუძველი, განსხვავდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რა დროსაც კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებით ნაკისრი მხარეთა ფინანსური პასუხისმგებლობის სამართლებრივი შედეგები განსხვავდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანისაგან. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დანაშაულის ობიექტის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის საფუძველს სწორედ ლიზინგის ხელშეკრულება წარმოადგენდა, საკასაციო სასამართლოსთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს სწორედ ლიზინგის ხელშეკრულება და ამ ხელშკერულებით დადგენილი მხარეთა უფლება-მოვალეობები.

5.6. ირკვევა, რომ 2019 წლის 4 ივლისს დადებული №T......... ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის პროექტის ჯამური ღირებულება მოიცავდა ლიზინგის პირველადი შენატანისა და სალიზინგო ინვესტიციის ჯამს. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად: „ხელშეკრულების 4.1. პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების მიზნით ლიზინგის გამცემი ვალდებულია, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის პროექტში ლიზინგის მიმღების პირველადი შენატანის თანხის სრული მოცულობით გადახდის საფუძველზე ან საკუთარი შეხედულებით მის გადახდამდე, ლიზინგის მიმღების მიერ დანართი N..-ით (ან სხვა დანართებით არსებობის შემთხვევაში) შერჩეული გამყიდველისაგან და განსაზღვრულ ფასად შეისყიდოს ლიზინგის მიმღების მიერ შერჩეული ლიზინგის საგანი“. ლიზინგის ხელშეკრულების დანართი N.. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი განსაზღვრულია ნასყიდობის საგნის ფასი, ანგარიშსწორების პირობები და გადახდის წესი, კერძოდ ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად: „ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 12000 (თორმეტი ათას) ლარს. აღნიშნულ თანხაში შედის ყველა გადასახადი, გადაფორმების ხარჯის გარეშე სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მოსაკრებლისა. ასევე, 4.2. პუნქტის მიხედვით, „მხარეთა შეთანხმებით, მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გადახდილი იქნება მთლიანი ღირებულების ნაწილი 6100 (ექვსი ათას ასი) ლარი, ხოლო ღირებულების დარჩენილი ნაწილი 5900 (ხუთი ათას ცხრაასი) ლარი ჩაითვლება მყიდველის მიერ გადახდილად, რომელიც გაიქვითება: დადგენილი პირველადი შენატანის თანხაში და ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში ჩაითვლება მის მიერ გადახდილ თანხად, შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით, ამ თანხის ოდენობით შემცირდება მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გადასახდელი თანხა“. წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N..-ის თანახმად, განსაზღვრულია ლიზინგის დაფარვის გრაფიკი №T........, საიდანაც სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს - 12125 ლარს, პირველადი შენატანის ოდენობა - 5900 ლარს, ხოლო სალიზინგო ინვესტიცია კი - 6225 ლარს. ლიზინგის დაფარვის გრაფიკის დასაწყისია 05.08.2019, ხოლო დასასრული - 05.07.2021 წელი. ამასთან, ლიზინგის დაფარვის გრაფიკის თანახმად, სალიზინგო საზღაურის ჯამური ოდენობა შეადგენს 9342,61 ლარს. ამდენად, ირკვევა, რომ მართალია ლიზინგის საგნის - ავტომანქანის ღირებულება მხარეებმა შეაფასეს - 12000 ლარად, თუმცა შეთანხმების შესაბამისად, ხ. ბ–მ (ლიზინგის მიმღებმა) განახორციელა ლიზინგის პირველადი შენატანი - 5900 ლარის ოდენობით, ხოლო სალიზინგო ინვესტიცია კი, რაც შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ნასყიდობის საგანში იქნა გადახდილი შეადგენდა - 6225 ლარს.

5.7. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ლიზინგის ხელშეკრულების დარღვევისას ლიზინგის მიმღებს ეკისრებოდა ლიზინგის საგნის დაბრუნების ან ლიზინგის მთლიანი თანხის გადახდის პასუხისმგებლობა, აღნიშნული წარმოადგენს კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებით მხარეთა ნების თავისუფლების პირობებში შეთანხმებულ პირობას და ხელშეკრულების დარღვევის სამართლებრივ შედეგს, რაც უნდა გაიმიჯნოს სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში კონკრეტული დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ თავად ხელშეკრულება ითვალისწინებდა ლიზინგის მიმღების მიერ გაწეული პირველადი შენატანის ლიზინგის საპროექტო თანხიდან გაქვითვას. ასევე, ლიზინგის მთლიანი ფასი, რაც ხ. ბ–ს უნდა აენაზღაურებინა ლიზინგის პირობების დარღვევისას, ამავე ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა სალიზინგო საზღაურების ჯამს, ხოლო ლიზინგის მთლიანი ფასი ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო სალიზინგო საზღაურის გადახდით. სალიზინგო საზღაურის ოდენობა კი ლიზინგის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, შეადგენდა არა ავტომანქანის შეფასებულ ღირებულებას, არამედ - 9342,61 ლარს. დადგენილია, რომ შპს „......... კომპანიას“ ხ. ბ–სთვის გადაცემულ ავტომანქანაზე გაცემული აქვს სალიზინგო ინვესტიცია 6500 ლარი, ხოლო ლიზინგის ხელშეკრულებით მის მიერ მისაღები სარგებელი შეადგენდა 9432,61 ლარს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხ. ბ–ს მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა 12000 ლარის ღირებულების ავტომანქანა, მან ხელშეკრულების დადებისას მითითებული ღირებულების ნაწილი - 5900 ლარი პირველადი შენატანის სახით დაფარა, ხოლო .......... კომპანიის ზიანი შეადგენდა არა ავტომანქანის ღირებულებას, არამედ იმ ქონების (ფულადი თანხის) ღირებულებას, რაც კომპანიამ გასწია ლიზინგის საგნის ნასყიდობისას და საბოლოოდ უნდა მიეღო ხელშეკრულების შესრულების შედეგად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ხ. ბ–ს ქმედების შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა არ აღემატება 10000 ლარს, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

5.8. გარდა ამისა, საკსაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების სახით - ზიანის ანაზღაურების დოკუმენტისა და დაზარალებულის მიერ გაცემული ცნობის დასაშვებად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით: „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2022 წლის 24 თებერვლის N1053აპ-21, 2021 წლის 18 ნოემბრის N484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 გადაწყვეტილებები). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „დაზარალებულს უფლება აქვს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია“. ამდენად, მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლო არ იკვლევს ახალ მტკიცებულებებს, თუმცა დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების ფაქტი და დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენების შესახებ, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, სასამართლო კი შებოჭილია ვალდებულებით: მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

6.4. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. მსჯავრდებულს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ხ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობის ხარისხს, მასზედ დაკისრებული მოვალეობის დარღვევის ხასიათს და მისი განხორციელების სახეს, რის გამოც მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენების უკიდურესი წინაპირობა. გარდა ამისა, ვინაიდან, სასჯელის სამართლიანობის ერთ-ერთ კომპონენტს მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინება შეადგენს, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის რესტიტუცია მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დანაშაულით გამოწვეულ შედეგსა და ამაღლებს მსუბუქი სასჯელის გამოყენებით სასჯელის მიზნების მიღწევის ეფექტიანობის მოლოდინს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ზიანის ანაზღაურების ფაქტის, როგორც შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებას სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას. კერძოდ, სასჯელის სახედ - ჯარიმის გამოყენება უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის ეკონომიკურ პირობებს, მიყენებული ზიანის ოდენობას, მისი ანაზღაურების ფაქტს და მიაჩნია, რომ 25000 ლარის ოდენობით ჯარიმა იქნება პროპორციული და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი ღონისძიება. ამასთან, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის გარემოებები უკავშირდება ხ. ბ–სთვის მართლზომიერად მიბარებული საკუთრების ხელყოფას და მინიჭებული უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობას, მიზანშეწონილია მას დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას თანხების ან მატერიალური ნივთების შენახვაზე პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება - 1 წლით.

6.5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან“. ხსენებული მუხლის დანაწესი ადგენს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის არასაპატიმრო სასჯელის ზომაში გათვალისწინების აუცილებლობას. დადგენილია, რომ მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფება 2022 წლის 7 მარტიდან, შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მას უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი და განესაზღვროს ჯარიმა - 10000 ლარი.

6.6. 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“. ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბარმდე და ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება ჯარიმის სახით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მიმართ. ხოლო, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ხ. ბ–ს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა უნდა გაუნახევრდეს და მას 6 თვით უნდა ჩამოერთვას თანხების ან მატერიალური ნივთების შენახვაზე პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ხ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ხ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე;

4. ხ. ბ. (პირადი ნომერი: 1.......) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 7 მარტიდან 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით), ხ. ბ–ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა - 10000 (ათი ათასი) ლარი;

6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თანხების ან მატერიალური ნივთების შენახვაზე პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდეს და 6 თვით ჩამოერთვას თანხების ან მატერიალური ნივთების შენახვაზე პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება;

7. მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლების პენიტენციური დაწესებულებიდან;

8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნინო სანდოძე




მოსამართლეები: შალვა თადუმაძე




ლევან თევზაძე