Facebook Twitter
საქმე N 330100121004844236

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №521აპ-22 19 ოქტომბერი, 2022 წელი
გ–ა გ. №521აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენით გ. გ–ს (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ–სმ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორზე მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში, ქ. თ–ში, ვ. კ–ს ქ. №..-ის №.. კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ. გ–ს სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა თავის არასრულწლოვან შვილებზე - გ. გ–ზე, ლ. გ–სა და გ. გ–ზე, რა დროსაც ეს უკანასკნელები განიცდიდნენ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–სს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ქ–მ და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 29 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ადვოკატმა ს. ფ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენის გაუქმება და გ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლოებმა უპირობოდ გაიზიარეს ბრალში მოყვანილი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ფორმულირებები და გ. გ–სს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს ყოველგვარი უტყუარი მტკიცებულების გარეშე, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ გ. გ–სს მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია მოწმეების - გ.დ–ს, დ.შ–სა და ვ.ბ–ს ჩვენებებზე, ადრე გაცემულ შემაკავებელ ორდერებსა და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით. გ. გ–ს მსჯავრდება ეფუძნება იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთაგან არცერთი არ ყოფილა ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები პირდაპირი მტკიცებულება არ არის. ექსპერტიზის დასკვნებით არ დადასტურდა დაზარალებულ არასრულწლოვნებზე ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის მიყენების ფაქტები. ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ დაზარალებულებს ფსიქიკური ტანჯვა არ განუცდიათ. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, ისინი არ არის დაკავშირებული მოცემულ შემთხვევასთან. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაშვებულმა კანონის უგულებელყოფამ აშკარად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მოთხოვნები.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

4.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.

4.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახსა თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

4.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19 და 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).

4.6. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია პირდაპირი მტკიცებულება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სახით და ასევე სხვა, არაპირდაპირი მტკიცებულებები, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

4.7. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულები - ლ. და გ. გ–ები დაიკითხნენ სასამართლოს წინაშე, სადაც მათ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გადმოსცეს მამის მიერ ჩადენილი სისტემატური ცემის ფაქტები, ასევე ის განცდები, რაც თან სდევდა მშობლის მხრიდან მათ მიმართ სისტემატური ხასიათის მქონე ძალადობრივ მოპყრობას. ლ. გ–ს ჩვენების თანახმად, როდესაც მამა არაყს სვამს, უბრაზდება მათ; როცა ის და მისი ძმები რამეს დააშავებენ, მათ მამა სცემს ხოლმე; მას არ სურს ამ საკითხის გახსენება; მას სურს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მამა აღარ სვამდეს და კარგი იყოს. დაზარალებულმა გ. გ–მ თავის ჩვენებაში დაადასტურა იგივე ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ როდესაც მამა ფხიზელია, მაშინ მას კარგი ურთიერთობა აქვს შვილებთან, ხოლო როდესაც არაყს სვამს, მაშინ უბრაზდება მათ; დედა აკავებს ხოლმე მამას; გაბრაზებული მამა მას და მის და-ძმას ხელს ურტყამდა სახეში, რის გამოც მათ სტკიოდათ და ტიროდნენ; ასეთი შემთხვევები იყო თითქმის ყოველდღე; მამა ერთი ბავშვის საქციელის გამო ყველა მათგანს სჯიდა; როდესაც მამა მის და-ძმას სცემდა, მას უწევდა ამის ყურება, რაც არ სიამოვნებდა; ასევე მის და-ძმას უწევდა მისი ცემის ყურება; ზოგჯერ თვითონ იბრალებდა ლ–ს მიერ გაკეთებულ რაღაცებს, რომ მამას მისი დის მაგივრად იგი ეცემა, რადგან ლ–ო გოგო იყო და არ უნდოდა მამას მისი და ეცემა.

4.8. საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს შეიცავს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შინაარსი სასამართლოსთვის სახელმძღვანელოა ძალადობის ფაქტობრივი გარემოებების და დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობისა და დამაჯერებლობის შესაფასებლად. კერძოდ, საექსპერტო კვლევის ფორმატში გასაუბრებისას არასრულწლოვან დაზარალებულთა მონათხრობი შეესაბამება მათ ჩვენებებში გადმოცემულ - მამის მხრიდან ჩადენილი ცემის ფაქტობრივ გარემოებებს. ლ. გ–სსა და გ. გ–ს მიმართ ჩატარებულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.......... და .......... დასკვნებში ექსპერტი მ. მ–ი აღნიშნავს, რომ: „გამოკითხვის ოქმში არსებული და საექსპერტო კვლევის ფორმატით გასაუბრებისას გადმოცემული შინაარსი წარმოადგენს უკმაყოფილების, დისკომფორტის, არასტაბილურობის განცდის აღწერას მისთვის უახლოეს ადამიანთან, მამასთან კონფლიქტის არსებობის, არასასურველი შეზღუდვების, აკრძალვების, ავტორიტარული, ძალადობრივი დამოკიდებულების, ემოციურად არაჯანსაღ გარემოში ყოფნის გამო, თუმცა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები არ ასახავს ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობას“. ამავე დასკვნებში ექსპერტი იძლევა რეკომენდაციას - მამამ შეცვალოს ბავშვებთან ურთიერთობის ფორმა, სხვა შემთხვევაში მამის ქცევა ბავშვებთან მიმართებით განიხილება ძალადობის ფორმად, რაც ხელს უშლის არასრულწლოვნის ჰარმონიულ განვითარებას. ამდენად, დგინდება, რომ დაზარალებულთა ჩვენებები და მათში გადმოცემული ცემის ფაქტები არ იწვევს ეჭვს არასრუწლოვანთა სანდოობისა და გულწრფელობის მიმართ, რის გამოც სასამართლოს ზემოაღნიშნული საკვანძო და პირდაპირი მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნია. დაზარალებულთა ჩვენებების დამაჯერებლობა გამყარებულია საქმეში არსებულ შემაკავებელ ორდერებში გადმოცემული ინფორმაციებით, კერძოდ: სისტემატურ ძალადობასა და ძალადობის ადრეულ ფაქტებზე მიუთითეს დაზარალებულებმა 2021 წლის 25 მაისს გამოცემულ შემაკავებელი ორდერების ოქმებშიც, რაც დაზარალებულების ჩვენებებთან ერთად, რელევანტური მტკიცებულებაა ბავშვების მიმართ ოჯახში მიღებული ძალადობრივი მოპყრობის პრაქტიკისა და სისტემატური ხასიათის დასადასტურებლად.

4.9. დაცვის მხარე მიუთითებს სასამართლო-ფსიქიატრული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს და მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა არ განუცდიათ. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ გ. გ–ს მოქმედებების შედეგად ლ. გ–სა და გ. გ–ს ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდიათ. ექსპერტმა მ. მ–მა მსჯავრდებულის ქმედება შეაფასა, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა, თუმცა ახსნა ის ფაქტორები, რის გამოც არ დაადგინა ფსიქოლოგიური ტანჯვის არსებობა. კერძოდ, ექსპერტმა განმარტა, რომ თავად არასრულწლოვნების მედეგი ხასიათიდან გამომდინარე, ის, რომ ბავშვებს ამგვარ გარემოში ყოფნით ჩამოუყალიბდათ თავდაცვითი მდგომარეობა, სიტუაციიდან გაქცევის მცდელობა, პროტესტის განცდა, შეურიგებლობა დათრგუნვილობასთან, ლიდერის მდგომარეობა - სწორედ არასრულწლოვანთა ამგვარი ხასიათის არსებობამ არ განაპირობა ტანჯვის ხარისხი. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძვლიანობაში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი, თუმცა აუცილებელად მიიჩნევს გაიმიჯნოს ფსიქოლოგიური ექსპერტისათვის სახელმძღვანელო მეთოდოლოგია სამედიცინო თვალსაზრისით ფსიქიკური ტანჯვის შესაფასებლად და სასამართლოსთვის აუცილებელი მტკიცებითი სტანდარტი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნის - ფსიქიკური ტანჯვის დასადგენად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადია, ამ მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია შედეგი - ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის სახით, რაც ნორმატიული კატეგორიაა და მოიცავს ფიზიკური/ფსიქიკური ტანჯვის შეფასების სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა უნდა დადგინდეს არა ცალკეული ერთი მტკიცებულების - ექსპერტიზის დასკვნის, არამედ - საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზისა და შეფასების შედეგად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №617აპ-18 გადაწყვეტილების თანახმად: „საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დასჯადია ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს მითითებული მუხლით, სავალდებულოა, რომ სისტემატურმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. გამოიწვია თუ არა პირის ქმედებებმა ტანჯვა, ეს საკითხი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. პ-ს არ ჩასტარებია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით მართლაც არ არის დადგენილი, გამოიწვია თუ არა მ. გ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა მისი ტანჯვა. რა თქმა უნდა, სასურველი და უკეთესი იქნებოდა, თუკი ბრალდების მხარე ლ. პ-ს ჩაუტარებდა ექსპერტიზას და წარმოადგენდა შესაბამის დასკვნას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე“.

4.10. ამდენად, მნიშვნელოვანია, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნდეს ძალადობის ფაქტების არსებობაში, ხოლო ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, როგორც ქმედების თანამდევი, კანონზომიერი შედეგი, უნდა დადგინდეს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ძალადობის ფორმა და ინტენსივობა, მსხვერპლის ასაკი, მოძალადესა და მსხვერპლს შორის ურთიერთდამოკიდებულება, მსხვერპლის აღქმა და განცდების დონე ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის შედეგების მიმართ. „სისტემატურ ძალადობას ახასიათებს: ძალადობის პერმანენტულობა - ერთხელ ან ორჯერ ჩადენილი ძალადობა შეუძლებელია იყოს სისტემატური, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი; დროის მცირე ინტერვალები - ყოველი მომდევნო ძალადობის ინტერვალი არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ განცდილი ტკივილი განელდეს და ვეღარ მიაღწიოს ტანჯვის ხარისხს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის №617აპ-18 გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში სასამართლოსთვის საგულისხმოა, რომ არასრულწლოვნები მუდმივად, თითქმის ყოველდღე, იყვნენ ნასვამი მამის მხრიდან ცემისა და დასჯის მსხვერპლნი, გარდა ამისა, ისინი იყვნენ ერთმანეთის ცემის ფაქტების შემსწრენიც. დაზარალებულებმა სასამართლოს განუმარტეს, რომ ცემა ატარებდა სადამსჯელო და პერმანენტულ ხასიათს, კერძოდ: მსჯავრდებული ხშირად იყო ნასვამი და ბავშვებზე თითქმის ყოველდღე ძალადობდა, რის გამოც ისინი ტიროდნენ, არ სიამოვნებდათ ერთმანეთის ცემის ყურება და სახლში დაბრუნება არ სურდათ, ხოლო გ. გ–ა ცდილობდა დის დაცვას. დაზარალებულებმა ისიც განმარტეს, რომ სურთ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მამა აღარ სვამდეს და აღარ სცემდეს მათ.

4.11. აღსანიშნავია, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ბავშვთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების აღსრულების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. სახელმწიფო ვალდებულია, მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსი და საკანონმდებლო მექანიზმები მიმართოს იქითკენ, რომ აღმოიფხვრას ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და ნორმალურ გარემოში ზრდა-განვითარების შემაფერხებელი ყველა ფაქტორი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის უარყოფითი გავლენა ბავშვთა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მიმართ, განურჩევლად იმისა, ისინი ძალადობის შემსწრენი არიან თუ საკუთარ თავზე განიცადეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის კონვენციის მე-19 მუხლი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, მიმართოს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ.

4.12. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და მათი ეფექტიანი დაცვა ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან, უპირველესად, მოითხოვს ბავშვის ფუნდამენტური უფლების პატივისცემას - იყოს მოსმენილი. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას სასამართლომ და მხარეებმა მოისმინეს არასრულწლოვან დაზარალებულთა ზემოაღნიშნული ჩვენებები, უშუალოდ იხილეს ბავშვების ცოცხალი და გაუნელებელი ემოციები მამის ქმედებების გახსენებისა და გადმოცემისას. ამდენად, ფაქტია, რომ მსჯავრდებულის ძალადობრივმა ქმედებებმა უარყოფილი გავლენა მოახდინა ბავშვების ცხოვრების დონესა და მათ ქცევებზე (სახლში დაბრუნება არ სურდათ, მამას და რომ არ ეცემა ძმა იბრალებდა, სურთ მამა აღარ სვამდეს და ა.შ.), რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ბავშვების მძიმე ემოციურ მდგომარეობასა და შიშზე ძალადობის განმეორების მიმართ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას, ასევე დაკითხვისას არასრულწლოვანთა მიერ გამოვლენილი ემოციები უნდა შეფასდეს ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად, რაც, თავის მხრივ, მეტყველებს ტანჯვის განცდაზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. ამდენად, ძალადობის სისტემატურობის, ბავშვების ასაკის, მშობელთან ემოციური მიჯაჭვულობისა და ძალადობის გამოცდილების, ასევე ოჯახური სიმშვიდისა და სტაბილურობის განსაკუთრებული მოთხოვნილების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებამ მიაღწია ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის ისეთ ხარისხს, რაც საკმარისია გ. გ–სს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისათვის.

4.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–სს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ნინო სანდოძე



მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი



შალვა თადუმაძე