Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა


¹ ას-167-861-03 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე

დავის საგანი: ძირითად სარჩელში – სესხის დაბრუნება, შეგებებულ სარჩელში – სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 18 მარტს დ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის, მ. გ-ის მიმართ, სესხის დაბრუნების მოთხოვნით. მან აღნიშნა, რომ მოპასუხეს ასესხა ჯერ 400 აშშ დოლარი, შემდეგ კი 200 აშშ დოლარი პროცენტების დარიცხვის გარეშე, ერთი წლის ვადით. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა წერილობით და დამოწმდა ნოტარიუსის მიერ 2000წ. 11 ოქტომბერს. სესხის დაბრუნების საგარანტიოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მ.გ-ეს კუთვნილი ერთი ოთახი უნდა გადაეცა დ.მ-ისათვის დროებით სარგებლობაში და სესხის გადახდის ვადის დადგომისთანავე მ.გ-ეს უნდა გადაეხადა დ. მ-ისათვის სესხად აღებული 600 აშშ დოლარი, რის შემდეგ დ.მოდებაძეს დაკავებული ოთახი უნდა გაეთავისუფლებინა. სესხის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2002წ. 11 მარტს, მაგრამ მოპასუხემ სესხი აღარ დააბრუნა, რის გამოც დ.მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ისან-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
მ.გ-ემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მისი განმარტებით, მხარეებმა სესხის ხელშეკრულების დადებით დაფარეს სხვა გარიგება, კერძოდ, ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. რაც შეეხება 600 აშშ დოლარს, ეს იყო არა სესხი, არამედ დ.მ-ემ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წინასწარ გადასცა მ.გ-ეს ქირის მთლიანი სადავო თანხა.
ქ.თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა _ მხარეთა შორის დადებული 2000წ. 11 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სადავო სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.მ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა. დ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ.გ-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 600 აშშ დოლარის გადახდა. მ.გ-ის მოთხოვნას მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო დ.მ-ე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხისა და არა ქირავნობის ხელშეკრულება. სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტი, თითქოს სადავო სესხის ხელშეკრულება დადებულ იქნა სხვა, კერძოდ, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების დასაფარად, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ ქირავნობის გარიგების არსებობა დაფარული სახით ვერანაირი მტკიცეფბულებებით ვერ დაადასტურა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თვალთმაქცური გარიგების დადებისას ორივე მხარის ნება ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს და ორივეს უნდა სურდეს, რომ ამ გარიგებას იურიდიული შედეგი არ მოყვეს და დაიფაროს სხვა გარიგება. საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 533-ე და 502-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ქირავნობის ხელშეკრულებით არ შეიძლებოდა მხარეთა მიერ გათვალისწინებული ყოფილიყო მთლიანი ქირის წინასწარ გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, ანუ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური. აღნიშნულს თავიდან მოწინააღმდეგე მხარეც დაეთანხმა და მ.გ-ის შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში აღიარა, რომ სესხის ხელშეკრულება თვალთმაქცური იყო. მისი განმარტებით, მხარეთა შორის იყო ბინის გირავნობის ხელშეკრულება, რის შედეგად დ.მ-ემ თითქოსდა მიიღო უფლება ეცხოვრა მ.მ-ის ბინაში. მოწინააღმდეგე მხარეც დაეთანხმა, თუმცა, შემდგომში წარადგინა ხელწერილი, რომელზეც მ.გ-ის ხელმოწერა გაყალბებულა. ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებლად კასატორმა მიუთითა იმ ფაქტზე, რომ დ.მ-ე თავის ოჯახის წევრებთან ერთად მოცემული მომენტისათვისაც სარგებლობს სადავო ბინით. მ.გ-ის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, ცალმხრივად შეაფასა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია დადგენილად სესხის ხელშეკრულების არსებობა. კასატორი არ დაეთანხმა საოლქო სასამართლოს მსჯელობას, თითქოს სესხის ხელშეკრულების გაფორმებით ორივე მხარემ თავისი ნება გამოხატა, ვინაიდან მან შეგებებულ სარჩელშივე აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა თვალთმაქცური გარიგების დადებას.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო, რომ დ. მ-ესა და მ. გ-ეს შორის 2000წ. 11 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც დ. მ-ემ მ. გ-ეს სარგებლის გარეშე ერთი წლითა და 5 თვის ვადით სესხად გადასცა 600 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მ.გოგუაძე დ.მ-ეს დროებით საცხოვრებლად დაუთმობდა მის კუთვნილ ქ.თბილისში, ..... მეორე შესახვევში, ¹1 ბინას. ასევე დადგენილია, რომ სესხის გადაცემიდან დ.მოდებაძე ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.
სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივრის შესწავლით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი ზემოხსენებული სახის პრეტენზიას არ შეიცავს, კერძოდ, საკასაციო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად კასატორი მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თვალთმაქცურ ხასიათზე და სინამდვილეში ბინის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ ადასტურებს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა საპროცესო ნორმების დარღვევით, ან მის მიერ წამოყენებულ პრეტენზიაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.
ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებების ანალიზით სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად არ გაიზიარა მ.გ-ის მოსაზრება, რომ 2000წ. 11 ოქტომბრის ხელშეკრულება, სკ-ს 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დადებული იყო ქირავნობის ხელშეკრულების დასაფარად.
სკ-ს 56-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
მ. გ-ემ მის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული სესხის ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ ვერ შეძლო რაიმე მტკიცებით დაესაბუთებინა ბინის ქირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა, კერძოდ, მტკიცებულება, რომ მოდავე მხარეები შეთანხმდნენ ბინის ქირის ოდენობაზე, გადახდის წესზე, ვადაზე და ქირავნობის ხელშეკრულების სხვა არსებით პირობებზე კასატორმა ვერ წარმოადგინა. კასატორი ვერ უთითებს ვერც ისეთ გარემოებაზე, რომელიც მიანიშნებდა ქირავნობის შეთანხმების არსებობას, გარდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინით მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარგებლობისა. ეს უკანასკნელი გარემოება ქირავნობის ხელშეკრულების დასტურად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან მესაკუთრის ნებართვით ნივთით სარგებლობა თავისთავად არ წარმოშობს ქირავნობის ხელშეკრულებას. მესაკუთრისაგან ამგვარ ქმედებას შეიძლება საფუძვლად დაედოს სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიც.
საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის არგუმენტზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას აღიარა სესხის ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი და ქირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა დ.მ-ეს არ დაუდასტურებია. ამასთან, სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
მოცემულ შემხთვევაში, მხარეთა შეთანხმება ბინით სარგებლობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით არ არის გაფორმებული, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მ.გოგუაძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დ.მ-ის ბინიდან გამოსახლების თაობაზე და დააკმაყოფილა იგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას კანონი არ დაურღვევია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.