საქმე # 330100120004056217
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №879აპ-22 ქ. თბილისი
გ. შ. 879აპ-22 28 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ შ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ბ–სა და ნ. ც–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. შ. გ–მ განიზრახა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს. შ–ის, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოკვლა. კერძოდ, შ. გ–ს მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, ფიქრობდა, რომ მას უნდა გადაეწყვიტა, თუ როგორ იცხოვრებდა ს. შ–ი და ვისთან ექნებოდა ურთიერთობა. ამ უპირატესობის დამტკიცების და დემონსტრირების მიზნით გადაწყვიტა, დაუმორჩილებლობისთვის სამაგალითოდ დაესაჯა იგი. სწორედ ამ მიზნით, 2020 წლის 30 ივნისს, დაახლოებით, 00:30 საათზე, შ. გ–სე მივიდა ქალაქ თ–ში, .........ის N..-ში მდებარე ს. შ–ის საცხოვრებელ სახლთან. გაიყვანა იგი სახლიდან და მოტყუებით წაიყვანა იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც შეიძინა ბენზინი. ს. შ–ის სახლთან დაბრუნების შემდეგ შ. გ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა და ხელი ორჯერ გაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის განზრახვით, ისეთი საშუალების გამოყენებით, რაც იწვევს განსაკუთრებულად ძლიერ ტკივილს, მის მიერ შეძენილი, წინასწარ გამზადებულ ავზში მოთავსებული, ბენზინი მიასხა ს. შ–სს ფეხებზე, ასევე დაასხა მის ირგვლივ და ეზოს ტერიტორიაზე, რათა მას გაქცევა ვერ მოესწრო. აღნიშნულის შემდგომ, შ. გ–ე გავიდა მისთვის უსაფრთხო ადგილზე, სანთებლით ცეცხლი მოუკიდა ბენზინს, რომელიც აალდა და ცეცხლი წაეკიდა ს. შ–ს. შ. გ–სე ცეცხლწაკიდებულ ს. შ–ს უყურებდა შორიდან, თუ როგორ ედებოდა მას ალი სხეულზე და როგორ ითხოვდა შველას. ს. შ–ის ყვირილზე ადგილზე შეიკრიბა ხალხი, ისინი დაეხმარნენ სხეულზე მოკიდებული ცეცხლის ჩაქრობაში. შ. გ–ე, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ცეცხლის დროულად ლოკალიზებისა და სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხერხდა ს. შ–ის გადარჩენა. ცეცხლის წაკიდების შედეგად ს. შ–მა ქვედა კიდურებსა და ხელის მტევნებზე მიიღო პირველი, მეორე და მესამე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დამწვრობები და მძიმე დამწვრობით შოკი.
2.2. 2020 წლის თებერვლის მეორე ნახევარში, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ..........ის N... კორპუსის, ბინა N..-ში, შ. გ–მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, კერძოდ, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. შ–სს სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რითაც ს. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2020 წლის მაისში, რამდენჯერმე, ს–ს რაიონის სოფელ პ–ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში შ. გ–მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. შ-ს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რითაც ს. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენით შ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (თებერვლის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მაისის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
3.2. შ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;
3.3. შ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
3.4. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ შ. გ–ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 17 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა - განესაზღვრა აკად. .........ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხ–ი-ქ–ი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით;
3.5. შ. გ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 30 ივნისიდან;
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ შ. გ–მ 2020 წლის თებერვლის მეორე ნახევარში, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ქეთევან .......ის N... კორპუსის, ბინა N..-ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, კერძოდ, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. შ–ს სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რითაც ს. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე არ დადასტურდა, რომ 2020 წლის მაისში, რამდენჯერმე, ს–ს რაიონის სოფელ პ–ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, შ. გ–მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, კერძოდ, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. შ–ს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რითაც ს. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბრალდებულმა შ. გ–მ განიზრახა მასთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ს. შ–ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა, დაზარალებული გაიყვანა სახლიდან და მოტყუებით წაიყვანა იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც შეიძინა ბენზინი. ს. შ–ის სახლთან დაბრუნების შემდგომ შ. გ–მ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ს. შ–სმაც მიაყენა შ. გ–სეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, შ. გ–მ განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის განზრახვით, ისეთი საშუალების გამოყენებით, რაც იწვევს განსაკუთრებულად ძლიერ ტკივილს, მის მიერ შეძენილი წინასწარ გამზადებულ ავზში მოთავსებული ბენზინი მიასხა ს. შ–ს ფეხებზე, ასევე დაასხა მის ირგვლივ და ეზოს ტერიტორიაზე, რათა მას გაქცევა ვერ მოესწრო. აღნიშნულის შემდგომ, შ. გ–ე გავიდა მისთვის უსაფრთხო ადგილზე, სანთებლით ცეცხლი მოუკიდა ბენზინს, რომელიც აალდა და ცეცხლი წაეკიდა ს. შ–სს. შ. გ–ე ცეცხლწაკიდებულ ს. შ–ს უყურებდა შორიდან, თუ როგორ ედებოდა ალი სხეულზე და როგორ ითხოვდა შველას, თუმცა შ. გ–ე მას არ დახმარებია. დაზარალებულ ს. შ–ის ყვირილზე ადგილზე შეიკრიბა ხალხი, ისინი დაეხმარნენ სხეულზე მოკიდებული ცეცხლის ჩაქრობაში. შ. გ–ე, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ცეცხლის დროულად ლოკალიზებისა და სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხერხდა ს. შ–ს გადარჩენა. ცეცხლის წაკიდების შედეგად ს. შ–მა ქვედა კიდურებსა და ხელის მტევნებზე მიიღო პირველი, მეორე და მესამე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დამწვრობები და მძიმე დამწვრობით შოკი.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
5.1. მსჯავრდებულ შ. გ–სის ადვოკატებმა - ნ. ც–მ და გ. ბ–მ მოითხოვეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმდების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირება, ვინაიდან შ. გ–ს არ ჰქონია ს. შ–ის მოკვლის განზრახვა.
5.2. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ მოითხოვა შ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“, „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
6.1. შ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (თებერვლის თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მაისის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
6.2. შ. გ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილზე (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია);
6.3. შ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
6.4. შ. გ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 30 ივნისიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
7.1. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა გამყრელიძე ითხოვს შ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“, „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას.
7.2. მსჯავრდებულ შ. გ–ს ადვოკატები - გ. ბ–ე და ნ. ც–ე ითხოვენ შ. გ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და მისთვის სასჯელის ზომად - 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ: პროკურორმა, რომელიც ითხოვს შ. გ–ს დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“, „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე -საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ხოლო ადვოკატები ითხოვენ თავისუფლების აღკვეთის შემსუბუქებას 9 წლამდე.
10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას შ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდების შესახებ და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (თებერვლის თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მაისის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში შ. გ–ს გამართლება, ასევე საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილზე (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირება განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი პროკურორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) შ. გ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა შ. გ–ს მიერ ს. შ–ზე ძალადობის ფაქტს. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მოწმის ირიბი ჩვენება, მიღებული იმავე წყაროსგან, მაშინ, როდესაც სხვა მტკიცებულება არ არსებობს, საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
10.2. რაც შეეხება უშუალოდ მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის ცეცხლის წაკიდების ეპიზოდს, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის უტყუარად დასადასტურებლად, რომ შ. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. მხარეთა მიერ წარმოდგენილ აშკარა, დამაჯერებელ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება შ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ე.ი. სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
12. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის - 12 წლით თავისუფლების აღკვეთის - შემსუბუქების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ჩადენილი დანაშაულის სახის, ჩადენის ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ შ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ბ–სა და ნ. ც–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე