საქმე # 330100122005542913
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №519აპ-23 ქ. თბილისი
ქ. ი. 519აპ-23 11 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ი. ქ–ს, - დაბადებულს ..... წელს, რ. ქ–ს, - დაბადებულს 19.. წელს და ჯ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს - ბრალად ედებოდათ პოლიციელზე თავდასხმა, ესე იგი პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 17 იანვარს, შუადღის საათებში, ი. ქ–ი, რ. ქ–ი და ჯ. მ–ი იმყოფებოდნენ ქ.თ–ში, ......–ა, რ–ს გზატკეცილი №..-ში მდებარე საცხობში, სადაც შელაპარაკება მოუვიდათ საცხობში მყოფ გ. ნ–სთან. ამავე საცხობთან იმყოფებოდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .........ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს დეტექტივი თ. ს–ი, რომელმაც აღნიშნულ პირებს წარუდგინა სამსახურეობრივი მოწმობა, უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მოუწოდა წესრიგისკენ. მას შემდეგ, რაც ი. ქ–მა, რ. ქ–მა და ჯ. მ–მა გაიგეს, რომ თ. ს–სი იყო პოლიციის თანამშრომელი, მის მიმართ გახდნენ აგრესიულები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ი. ქ–მა თ. ს–სს ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში, რის შემდგომაც ჩასხდნენ ი. ქ–ს მართვის ქვეშ მყოფ „BMW” მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ....... და სცადეს მიმალვა. მათ, სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით, თავისივე მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით დაედევნა თ. ს–ი, რა დროსაც სამსახურებრივი საშტატო იარაღიდან განახორციელა ჰაერში გასროლა. ვინაიდან, ვერ შეძლო მათი შეჩერება, თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გააჩერა ქ.თ–ში, რ–ს გზატკეცილისა და მ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარედ და გადმოვიდა ავტომანქანიდან. სწორედ ამ დროს, თ. ს–ს დაესხნენ თავს უკან მობრუნებული ხელკეტებ მომარჯვებული ი. ქ–ი, რ. ქ–ი და ჯ. მ–ი და ხელისა და ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურეობრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ჯ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
3.2. ჯ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ჯ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 18 იანვრიდან;
3.4. ი. ქ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
3.5. ი. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. ი. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 18 იანვრიდან;
3.7. რ. ქ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
3.8. რ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რ. ქ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული და ამავე სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და 3 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ქ–ს მოსახდელად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.10. რ. ქ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 18 იანვრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
4.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ქ–ის, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
4.2. მსჯავრდებულების: ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ბ–მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს გამართლება და უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობას, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსჯავრდებულების ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მათთვის წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს პოლიციელზე თავდასხმის, ესე იგი პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდათ.
9.1.იმავდროულად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2022 წლის 17 იანვარს, შუადღის საათებში ი. ქ–ი, რ. ქ–ი და ჯ. მ–ი იმყოფებოდნენ, ქ.თ–ში, .............ა, რ–ს გზატკეცილი №..-ში მდებარე საცხობში, რა დროსაც ი. ქ–ს შელაპარაკება მოუვიდა საცხობში მყოფ გ. ნ–სთან. კონფლიქტში ჩაერია ამავე საცხობში მყოფი ქ.თ–ს პოლიციის დეპარტამენტის .............ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს დეტექტივი თ. ს–ი, რომელსაც შელაპარაკებისას ი. ქ–სმა ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში. აღნიშნულის შემდეგ ისინი ჩასხდნენ ი. ქ–სის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან წავიდნენ. მათ, თავისივე მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით დაედევნა თ. ს–ი, რა დროსაც სამსახურებრივი საშტატო იარაღიდან ჰაერში გაისროლა. ვინაიდან, ვერ შეძლო მათი შეჩერება, თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გააჩერა ქ.თ–ში, რ–ს გზატკეცილისა და მ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარედ. გარკკვეული დროის შემდეგ ი. ქ–ი, რ. ქ–სი და ჯ. მ–სი უკან მობრუნდნენ სადაც დახვდათ იარაღით ხელში მომარჯვებული თ. ს–სი, რომელსაც ხელისა და ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით, თავისა და ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ი. ქს, რ. ქ–სსა და ჯ. მ–ს ჩადენილი ქმედებებით თ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. ი. ქ–ი, რ. ქ–ი და ჯ. მ–ი კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდნენ პოლიციელზე თავდასხმის მიზნით, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად. შესაბამისად, ი. ქ–მა, რ. ქ–მა და ჯ. მ–მა ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეთა ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, 2022 წლის 28 თებერვალს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით, სსიიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-იდან გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულების: ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
12. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა - ი. ქ–მა, რ. ქ–მა და ჯ. მ–მა შელაპარაკებისას, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს თ. ს–სზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ცალსახად არ დასტურდება, რომ, მსჯავრდებულების აგრესიული ქმედებები მიზნად ისახავდა სწორედ პოლიციელის სტატუსის ან/და მისი საქმიანობიდან გამომდინარე თ. ს–ზე თავდასხმას (სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მათ შორის, დგინდება: დაზარალებულებთან დაპირისპირებამდე მსჯავრდებულები სხვა, სამოქალაქო პირებთან კამათობდნენ, რასაც მოჰყვა სწორედ თ. ს–ს კონფლიქტში ჩარევა; დაზარალებული და მსჯავრდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ; დაპირისპირებისას თ. ს–ს არ ეცვა პოლიციელის ფორმა). შესაბამისად, მსჯავრდებულთა ქმედებებში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმა, არამედ - ჯგუფურად ჩადენილი ცემის შემადგენლობა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
13. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. რ. ქ–სათვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლისა და 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და განუსაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა(საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით განაჩენთა ერთობლიობის წესით), ხოლო ჯ. მ–სა და ი. ქ–ს განუსაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
15. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე