Facebook Twitter
საქმე N 330100122006022278

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით

საქმე №1205აპ-23 6 თებერვალი, 2024 წელი
ქ-ე ნ., №1205აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, შ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ქ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2021 წლიდან - 2022 წლის 3 ივლისის ჩათვლით, ნ. ქ–ე, არასრულწლოვანი შვილის - ი. ქ–ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ იყო ქალი და მიიჩნევდა უუფლებოდ, სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ. კ–ს. აღნიშნულმა ქმედებებმა მ. კ–ს ტანჯვა გამოიწვია. 2022 წლის 3 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. თ.........,. ....... ში ყოფნისას ნ. ქ–ემ, არასრულწლოვანი შვილის - ი. ქ–ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ იყო ქალი და მიიჩნევდა უუფლებოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. კ–ს, კერძოდ: მისაღებ ოთახში ყოფნისას ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები და შეეცადა მის დახრჩობას. მ. კ–მშეძლო თავის გათავისუფლება და შევიდა საძინებელში, რა დროსაც, ნ. ქ–ემ ხელზე ძლიერად მოუჭირა და სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. აღნიშნულმა ქმედებებმა მ. კ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2022 წლის 3 ივლისს, საღამოს საათებში, ქ.თ........., .....ში ყოფნისას ნ. ქ–ე, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ იყო ქალი და მიიჩნევდა უუფლებოდ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. კ–ს, კერძოდ: უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. მ. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლიდან - 2022 წლის 3 ივლისის ჩათვლით, ნ. ქ–ე, არასრულწლოვანი შვილის - ი. ქ–ს თანდასწრებით, სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ. კ–ს. აღნიშნულმა ქმედებებმა მ. კ–ს ტანჯვა გამოიწვია.

2022 წლის 3 ივლისს, საღამოს საათებში, ქ.თ..........,-..ში ყოფნისას ნ. ქ–მ, არასრულწლოვანი შვილის - ი. ქ–ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. კ–ს, კერძოდ: მისაღებ ოთახში ყოფნისას ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები და შეეცადა მის დახრჩობას. მ. კ–მ შეძლო თავის გათავისუფლება და შევიდა საძინებელში, რა დროსაც, ნ. ქ–ემ ხელზე ძლიერად მოუჭირა და სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. აღნიშნულმა ქმედებებმა მ. კ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2022 წლის 3 ივლისს, საღამოს საათებში, ქ.თ-.....,....ში ყოფნისას ნ. ქ–ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. კ–ს, კერძოდ: უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. მ. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენით ნ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ქ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - შ. მ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. მ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება;

ნ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ქ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

3.2. 2023 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - შ. მ–მ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, რადგან არასწორად იქნა დადგენილი ის გარემოებები, რომ თითქოს ნ. ქ–ე წლების განმავლობაში ძალადობდა მეუღლეზე, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია. სასამართლომ არასწორად შეაფსა 2023 წლის 3 ივლისის მოვლენები და დაადგინა, რომ ნ. ქ–ემ ფიზიკურად იძალადა მ. კ-ზე და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით. დაცვის მხარის შეფასებით, ნ. ქ–ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმე წარმოადგენს კლასიკურ შემთხვევას, როდესაც სახეზეა დანაშაულის დაბრალება გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დანაშაულის ინსცენირებას, რომლის რეალური მსხვერპლი თავად მსჯავრდებულია. დაზარალებულს ამოძრავებდა მატერიალური სარგებლის მიღების მიზანი, რაც დასტურდება მოწმეების და მსჯავრდებულის ჩვენებით და თავად მ. კ–ს მოქმედებებით. კერძოდ, მან სახლიდან წაიღო ავეჯი და წაიყვანა ავტომანქანა, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოძიება წარიმართა სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევით. ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომლითაც დადგინდებოდა დააზიანა და ჩამოაგდო თუ არა საძინებელი ოთახის კარი მსჯავრდებულმა, როგორც ეს მ. კ–მგანაცხადა. 2022 წლის 3 ივლისს, კი ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეკამათებას, რა დროსაც მ. კ-ი დაემუქრა მეუღლეს 112-ში დარეკვით და მისი დაჭერით. საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის და მოწმე – ი. ქ–ს გამოკითხვის ოქმები შედგენილია კანონის არსებითი დარღვევით, ასევე არ არის გამორიცხული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანდართული ლაზერული დისკის ან მასზე არსებული ინფორმაციის შეცვლის ეჭვი. ვინაიდან, დისკზე არ არის ასახული მისი მოცულობა და მასზე ჩაწერილი ფაილების შესახებ ინფორმაცია. ასევე სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ვიზუალური დათვალიერების ოქმი მტკიცებულებად, რადგან აღნიშნული ბრალდების მხარეს არ ჰქონდა შეტანილი მტკიცებულებათა ნუსხაში. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები (მ. კ–ი, ი. ქ-ე და ლ. ყ-ე) რადგან ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოა. არასანდოა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, ვინაიდან დაკითხულმა ესპერტმა განმარტა, რომ დაზარალებულს შეხვდა ერთხელ, მაშინ როცა ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენისათვის საჭიროა სულ მცირე სამი შეხვედრა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ნ. ქ–ს ნასამართლევ პირად მიჩნევა და ამ საფუძვლით მისთვის სასჯელის დამძიმება წარმოადგენს კანონის არასწორ ინეტრპრეტაციას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი ნ. ქ–მ მოიხადა 2018 წლის 21 ივნისს. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო ნასამართლობის არ მქონე პირი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ და არ ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. ქ–ს მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ჩადენა.

5.3. დაზარალებულ მ. კ–ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ნ. ქ–ე 2021 წლიდან 2022 წლის 03 ივლისის ჩათვლით, არასრულწლოვანი შვილის - ი. ქ–ს თანდასწრებით, სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას, რაც მის ტანჯვას იწვევდა. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ 2022 წლის 03 ივლისს, ნ. ქ–ემ, არასრულწლოვანი შვილის ი. ქ–ს თანდასწრებით, ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები და შეეცადა მის დახრჩობას. მან შეძლო თავის გათავისუფლება და შევიდა საძინებელში, რა დროსაც ნ. ქ–ემ ხელზე ძლიერად მოუჭირა და სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.4. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია არასრულწლოვანი მოწმე ი. ქ–ს ჩვენებით, რომლის მიხედვით, მის მშობლებს შორის ხშირი იყო კონფლიქტი. მამა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჩხუბებოდა დედას, რასაც ეს უკანასკნელი ძალიან განიცდიდა. 2022 წლის 3 ივლისს, შეკამათებისას, ნ. ქ–ემ ყელში ხელი მოუჭირა მ. კ–ს. აგინებდა, უყვიროდა და ემუქრებოდა მას. საძინებელ ოთახში შესვლისას კი დაინახა, რომ დაზარალებულს სახე გაწითლებული ჰქონდა.

5.5. შეტყობინების ოქმით დგინდება, რომ 2022 წლის 3 ივლისს, 20:15 საათზე, მ. კ-ი დაუკავშირდა 112-ს და განაცხადა, რომ იმავე დღეს, 8:13:23 (PM) საათზე, თ- ში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე ფიზიკურად შეეხო მას.

5.6. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, 2022 წლის 24 ივლისს, გამომძიებელმა ლ. ყ-მ დაათვალიერა საქართველოს შს სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი, 2022 წლის 3 ივლისის შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ დისკზე. მასში ჩაწერილია ერთი აუდიო ფაილი, რომელიც შეიცავს შემდეგ შინაარს: ქალბატონი ესაუბრება ოპერატორს. აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის გამოძახება სურს. კარნახობს მისამართს, ისმის ხმაური, მტვრევის ხმა, მამაკაცის გინება თქვენი „დედა მო...ნ“. ასევე სიტყვები „ვაიმე დამეხმარეთ“. ამის შემდეგ, ოპერატორი აზუსტებს მისამართს, ზარის ინიციატორის სახელს და გვარს. ქალბატონი აცხადებს, რომ მეუღლე არის არაფხიზელ მდგომარეობაში, ძალადობს და ურტყამს, ითხოვს შველას. ამ დროს ისმის ქალბატონის კივილის ხმა და საუბარი წყდება.

5.7. 2022 წლის 3 ივლისის N.......... შემაკავებელი ორდერითა და მასზე თანდართული ოქმით დასტურდება, რომ იმავე დღეს, მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ნ. ქ–ეს ერთი თვის ვადით აეკრძალა, იმ სახლთან მიახლოება სადაც მ. კ-ი ცხოვრობს, ასევე მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მსხვერპლის გადმოცემით, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, 2008 წელს დაბადებულ ი. ქ–ს თანდასწრებით. მ. კ–ს განმარტებით, მეუღლე ემუქრებოდა მოკვლით და ყელის გამოჭრით. მან მუქარა აღიქვა რეალურად.

5.8. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 4 ოქტომბრის N.......... სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ქ–მ, მამის - ნ. ქ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

5.9. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 4 ოქტომბრის N........... სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. კ-მა, მეუღლის - ნ. ქ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

5.10. ექსპერტმა მ. ბ-მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

5.11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია რომ ზემოხსნებული მტკიცებულებები ქმინის საფუძველს დასკვნისათვის, რომ 2021 წლიდან - 2022 წლის 3 ივლისის ჩათვლით, ნ. ქ–ე, არასრულწლოვანი შვილის - ი. ქ–ს თანდასწრებით, სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ. კ–ს, რამაც გამოიწვია მ. კ–ს ტანჯვა. ასევე, 2022 წლის 3 ივლისს, ნ. ქ–ემ, არასრულწლოვანი შვილის - ი. ქ–ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. კ–ს, რამაც მ. კ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

5.12. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ. ქ–ს მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. დაზარალებულ მ. კ–ს ჩვენებით დადასტურებულია როგორც ნ. ქ–ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ჩვენება კი გამყარებულია ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: 2022 წლის 3 ივლისის შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ მ. კ-მა, დამოუკიდებლად, თავისუფალი ნების პირობებში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, ნ. ქ–ს მიერ, მის მიმართ განხორცილებული ქმედებების თაობაზე. მსხვერპლის გადმოცემით, მეუღლე ემუქრებოდა მოკვლით, ყელის გამოჭრით და შესაძლებელი იყო მუქარა რეალურად განეხორციელებინა. რაც ასევე უტყუარად დასტურდება შეტყობინების აუდიო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით. კერძოდ, ოპერატორთან საუბრისას დაზარალებული არის აღელვებული, ხმამაღლა კივის, ითხოვს დახმარებას და საუბრობს მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა ფაქტზე, ხოლო ზარის ინიციატორის ოპერატორთან საუბრისას ისმის მამაკაცის გინების და ნივთების მტვრევის ხმა.

5.13. საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივარში მითითებულ გარემოებებს, რომ დაზარალებულ მ. კ–ს და მოწმე ი. ქ–ს ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და მოგონილია დაზარალებულის ქონებრივი დაინტერესებიდან გამომდინარე. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენებების სანდოობასა და უტყუარობაზე მოახდენდა გავლენას. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა გარემოება, რაც მიანიშნებდა დაზარალებულის მატერიალურ დაინტერესებაზე. ზემოხსენებული ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

5.14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას ბრალდების მხარის მტკიცებულებების: ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმზე თანდართული ლაზერული დისკის და გამოკითხვის ოქმების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ხსენებულ მტკიცებულებებს გადალახული აქვს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებობის ეტაპი, რა დროსაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი არ ყოფილა მოპოვებული კანონის არსებითი დარღვევით. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას, არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც გავლენას მოახდენდა ხსენებული მტკიცებულებების კანონიერებასა და მათ საპროცესო დამაგრებაზე.

5.15. რაც შეეხება ვიზუალური დათვალიერების ოქმს, საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის გამოიყენეს ,,მტკიცებულება“, რომელიც არ იყო მითითებული მტკიცებულებათა ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ ნ. ქ–ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში (ტ.1, ს.ფ.7-8) განთავსებული ოქმი, ვიზუალური დათვალიერების შესახებ, ბრალდების მხარეს არ აქვს შეტანილი მტკიცებულებათა ნუსხაში. ამასთან, წინასასამართლო სხდომის ოქმის გაცნობით დგინდება, რომ პროკურორი არ შუამდგომლობს ზემოხსენებული ოქმის მტკიცებულებად დაშვებას და მოსამართლის შეკითხვაზე განმარტავს, რომ ის არ წარმოადგენს მტკიცებულებას. ამდენად, ვიზუალური დათვალიერების ოქმის მტკიცებულებად დაშვებაზე არ უმსჯელია წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს და შესაბამისად არც ყოფილა დაშვებული საქმის არსებით განხილვაზე, როგორც მტკიცებულება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის ბრალის დამადასტურებლად ან უარსაყოფად ისეთი დოკუმენტის გამოყენება, რომელიც არ წარმოადგენს მტკიცებულებას - არის საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა. თუმცა საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ვიზულაური დათვალიერების ოქმი არ იყო ის ერთადერთი და წონადი ,,მტკიცებულება“ რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, შესაბამისად, მის გამოყენებას არსებითად არ უმოქმედია საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისია დასკვნისათვის, რომ ნ. ქ–ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

5.16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. ქ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ქ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სსკ-ის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.

5.17. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ნ. ქ–ს ნასამართლობის არმქონე პირად მიჩნევის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის განაჩენით, ნ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, შეეცვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამარლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ნ. ქ–ეს პროპორციულად შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი და 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 3 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 4 ივლისის წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის განაჩენის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო საქმისწარმოება დასრულდა 2018 წლის 21 ივნისს.

5.18. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული; ბ) მძიმე დანაშაული; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას.

5.19. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, რისთვისაც ნ. ქ–ს მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის განაჩენით წარმოადგენს მძიმე კატეგორიის განზრახ დანაშაულს.

5.20. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.

5.21. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობითად, არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს პირთან რომელსაც დანიშნული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალა პირობით და გაცილებით ადრე გაუქარწყლდეს ნასამართლობა, ვიდრე თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით (მაგალითად: ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა) მსჯავრდებულს, რაც, ერთი მხრივ, უსამართლოა, ხოლო, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, ნასამართლობის გაქარწყლებისათვის მკაფიოდ დადგენილი ვადების გამოთვლის წესს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N1331-21).

5.22. მოცემულ შემთხევევაში, ნ. ქ–ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სააღსრულებო საქმის წარმოება მის მიმართ დასრულდა 2018 წლის 21 ივნისს. შესაბამისად, სასჯელის მოხდის შემდგომ არ იყო გასული კანონით დადგენილი ნასამართლობის გაქარწყლების ექვსწლიანი ვადა და ქმედების ჩადენისას იგი იყო ნასამართლობის მქონე.

5.23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის, ადვოკატ შ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცევლი ადვოკატის შ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

3. ნ. ქ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ქ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

4. ნ. ქ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2022 წლის 4 ივლისიდან.

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი კომპიუტერული დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ნინო სანდოძე


მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი


შალვა თადუმაძე