Facebook Twitter
ბს-236-225(კ-06) 4 ოქტომბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე



საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი _ პ. ჟ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინება.

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 13 მაისს პ. ჟ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. არის ..... მაიორი, უმაღლესი იურიდიული განათლებით.
შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის პერიოდში არ ყოფილა დასჯილი დისციპლინური წესით. 2003 წელს წარმატებით ჩააბარა საატესტაციო გამოცდები. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
მოსარჩელის მითითებით, 2003 წლის 23 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ¹517 ბრძანება, რომლითაც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სრულიად უსაფუძვლოდ, შტატების შემცირების მოტივით და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-12 მუხლის შესაბამისად, ოთხი თვის ვადაში უნდა გადაწყვეტილიყო მისი შრომითი მოწყობის საკითხი.
მოსარჩელის განმარტებით, მას, ვინაიდან იგი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, «ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის პირველი ნაწილის «ფ» პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეთა სოციალური დაცვის მიზნით, სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად, სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას, სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლება გააჩნია. ასევე, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, რომლის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, მას აქვს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, მისი კვალიფიკაციისა და შს ორგანოებში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟის გამო.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანების შესაბამისად, იგი დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან ისე, რომ ოთხი თვის განმავლობაში არ გადაუწყვიტიათ მისი შრომითი მოწყობის საკითხი. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ბრძანება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, არაკანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომოდინარე, მოსარჩელე ითხოვდა: საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანების არაკანონიერად აღიარებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულებას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნებოდა შს სსს მთავარი სამმართველოს საბრძოლო სამმართველოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორად, სადაც მუშაობდა 2004 წლის 23 სექტემბრამდე, ასევე საქართველოს შს სამინისტროს დაკისრებოდა ა/წ 23 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ფულადი ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის სახით.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ 2004 წლის 23 სექტემბრის შს მინისტრის ¹527 ბრძანებით, შტატების შემცირების გამო, მოსარჩელე პ. ჟ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და, ვინაიდან ვერ მოხდა მისი დასაქმება ოთხი თვის განმავლობაში, იგი დათხოვნილ იქნა შს სამინისტროს ორგანოებიდან. ამასთან, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია კადრების განკარგულებაში გადაყვანის ბრძანება და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე უსაფუძვლოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით პ. ჟ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139-ს დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შს ორგანოებში საშტატო ღონისძიების განხორცილებისას შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა, ორი თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მოსარჩელე პ. ჟ-ას შრომითი მოწყობის საკითხი «სამსახურის გავლის წესის შესახებ» მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვერ გადაწყდა ოთხი თვის განმავლობაში და მოსარჩელე შს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა მოცემული დებულების 67-ე მუხლის «ვ» და 65-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად, შტატების შემცირების გამო და «საქართველოს შს სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შს ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის შესახებ» საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით დამტიცებული ნუსხის პირველი პუნქტის შესაბამისად.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიმართ 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანება ცალკე აღებული არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ: «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის «ბ» პუნქტს და «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 დებულების დამტკიცების თაობაზე მე-12 მუხლის მე-7 პუნქტს, რომელთა შესაბამისადაც კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს ოთხი თვის განმავლობაში. ამავე დებულების 67-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, შს სამინისტროდან დათხოვნის საფუძველია შტატების შემცირების გამო მოსარჩელის სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ჟ-ამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მას, როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, «ომისა და სამხედრო Aძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის 15.2 «დ» მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას გააჩნდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. სასამართლომ, აპელანტის მითითებით, კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები მხედველობაში არ მიიღო და საერთოდ უგულებელყო იგი, რითაც უხეშად დარღვია კანონის მოთხოვნა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე დაარღვია სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, მან, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რისი უფლებაც სასამართლოს არ ჰქონდა, ვინაიდან, აღნიშნული მუხლის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების უფლება სასამართლოს აქვს განსაკუთრებულად რთული საქმეების მიმართ, მოცემული საქმე კი არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა, ანუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
Eთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით პ. ჟ-ას სააპეაციო საცივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქემთა კოლეგიის 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილსიის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით პ. ჟ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ», «საჯარო სამსახურის შესახებ» და «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონების, «საქართველოს შს სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» და «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹ 263 დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 23 სექტემბრის ¹517 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი. ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 12 ივლისის ¹376 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა, რის გამოც, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
«საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 67-ე მუხლის «ვ» და 65-ე მუხლის «გ» პუნქტებით (შტატების შემცირებით) და «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი თანამშრომლები, მათ შორის, პოლიციის მაიორი პ. ჟ-ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2005 წლის 23 იანვრიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
«საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებში ორგანიზაციულ- საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვის ვადით 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია მინისტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებსა და ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელე პ. ჟ-ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2004 წლის 23 სექტემბრიდან, მისი შრომითი მოწყობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ოთხი თვის ვადაში, ანუ 2005 წლის 23 იანვრამდე, რაც არ განხორციელდა და 23 იანვრიდან იგი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2004 წლის 23 სექტემბრის ¹517 ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია და მხარეთა განმარტებით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვა დამთავრებულია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 11.2 მუხლის ოანახმად, პოლიციის თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, სპეციალური კანონმდებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებას აძლევდა, მას შემდეგ, რაც მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხი არ გადაწყდებოდა, გამოეცა ბრძანება მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ.
სააპელაციო PAპალატამ აღნიშნა, რომ «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლი სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას აწესებს მხოლოდ თანაბარი პირობების არსებობისას. აპელანტის მითითებას აღნიშნულ ნორმაზე სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიღებს, ვინაიდან ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა, საქმის მასალებით არ დასტურდება. გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, უფლებამოსილების ფარგლებში და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც, სააპელაციო პალატის მითითებით, არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1977 პ/შ ბრძანების არაკანონიერად აღიარების, აქედან გამომდინარე კი მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ჟ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი და გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოთხოვნის საგანი 2005 წლის 15 აპრილის @¹1877 პ/შ ბრძანების არაკანონიერად აღიარება, მისი გაუქმება და თანამდებობაზე აღდგენა იყო. სასამართლომ, მიუხედავად შს სამინისტროს პროტესტისა, გამოითხოვა 2004 წლის 9 ოქტომბრის ¹1669 პ/შ და 2004 წლის 11 ოქტომბრის ¹532 და 2004 წლის 2 ნოემბრის ¹1763 პ/შ ბრძანებები და განიხილა ისინი მაშინ, როდესაც აღნიშნული ბრძანებები მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს _ კასატორის აზრით, მან მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ბრძანებების განხილვის დროს, როდესაც გვერდი აუარა იმ ფაქტს, რომ 2004 წლის 9 ოქტომბრის ¹1669 პ/შ ბრძანებებში აღინიშნებოდა 13 ერთეული ვაკანსია მთელ შს მთავარ სამმართველოში, ხოლო მის განყოფილებაში – 1 ერთეული, ¹532 ბრძანებით დამტკიცებულ, უკვე გაზრდილ საშტატო განაკვეთზე, 2004 წლის 2 ნოემბრის ¹1763 პ/შ ბრძანებით მის განყოფილებაში აღინიშნებოდა 7 ერთეული ვაკანსია, ხოლო მთლიანად შს სამმართველოში 71 ერთეული ვაკანსია, მაშინ, როდესაც იგი რჩებოდა კადრების განკარგულებაში.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის «ფ» პუნქტი. მან იგნორირება გაუკეთა სპეციალურად მინიჭებულ კანონის უპირატესობას.
კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არასწორად განმარტავს კანონს, მაშინ, როდესაც აღნიშნავს, რომ «სპეციალური კანონმდებლობა საქართველოს შს მინისტრს უფლებას აძლევს, მას შემდეგ, რაც მოსარჩელის შრომითი მოწყობა არ მოხდება, გამოსცეს ბრძანება მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ». კასატორი მიუთითებდა, რომ კანონი ამას არ ითვალისწინებდა, პირიქით, ის ავალდებულებდა შს მინისტრს, მოეხდინა შრომითი მოწყობა, რაც დავის საგანია. სააპელაციო სასამართლოს, კასატორის აღნიშვნით, არ უმსჯელია გადაწყვეტილებაში, თუ რატომ არ მოახდინა შს მინისტრმა მისი დანიშვნა, დატოვა იგი კადრების განკარგულებაში და ხელი მოაწერა ბრძანებებს ჯერ ¹1669 პ/შ და შემდგომ ¹1763 პ/შ პერსონალური განლაგების შესახებ, სადაც ათეულობით ვაკანსიები აღინიშნებოდა, ხოლო მაღალი რანგის ოფიცერი კი ყველა პრიორიტეტებით, დაუმსახურებლად ვერდასაქმების მოტივით, დაითხოვა შს ორგანოებიდან.
სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში, მას შემდეგ, რაც გასცილდა სარჩელის მოთხოვნებს, კასატორის მითითებით, კვლავ დაუბრუნდა განხილვის საგანს და სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ 2005 წლის 15 აპრილის ¹1977 პ/შ მინისტრის ბრძანება გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, უფლებამოსილების ფარგლებში და კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი არაკანონიერად აღიარების და აქედან გამომდინარე, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის და იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი პ. ჟ-ა ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
კასატორი პ. ჟ-ა 2004 წლის სექტემბრამდე მუშაობდა შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარ სამმართველოში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორად, მაიორის წოდებით.
შს მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹517 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა, მათ შორის კასატორი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
«საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტს ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 67-ე მუხლის «ვ» და 65-ე მუხლის «გ» პუნქტებით, «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის 1-ლი მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი თანამშრომლები, მათ შორის _ .... მაიორი პ. ჟ-ა, 2005 წლის 23 იანვრიდან დათხოვნილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
დადგენილია, რომ «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის დანიშვნის შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 9 ოქტომბრის ¹1669 პ/შ ბრძანებით დაინიშნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ბრძანებაზე დართული პერსონალური განლაგების თანახმად, რომელშიც კასატორი შეყვანილი არ ყოფილა.
2004 წლის 11 ოქტომბრის ¹532 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შს სამინსტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ახალი სტრუქტურა, საშტატო განრიგი და რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა კვლავ აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ზემოაღნიშნული საორგანიზაციო-საშტატო ბრძანებით საშტატო ერთეულები გაიზარდა, ამასთან, მათი რიცხოვნობა შემცირდა 2004 წლის 23 სექტემბრამდე არსებულ საშტატო ერთეულებთან შედარებით.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართლებულებას და აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად ხსენებული კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად პოილიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად მიჩნეულია რეორგანიზაცია და-ან შტატების შემცირება. «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» მე-12 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არაუმეტს ოთხი თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო 2 თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, შს ორგანოებში განხორციელებული საშტატო და სტრუქტურული რეორგანიზაცია, დაწესებულების სპეციფიკიდან, კერძოდ, მისი პოლიციური და გასამხედროვებული რეჟიმიდან გამომდინარე, წარმოადგენს შს ორგანოს თანამშრომლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს, მაგრამ იმავდროულად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პ. ჟ-თან მიმართებაში «ომისა და სამხდრო ძალების ვეტერანთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნათა დაცვის შესახებ.
«ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ» საქართველოს კანონის პრეამბულის შესაბამისად, მითითებული კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციული, ეკონომიკური და სამართლებრივი საფუძველების განსაზღვრა, მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული კანონი ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებისათვის ადგენს სოციალური დაცვის განსაკუთრებულ პირობებს, ეს კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს, ამასთან იგი არ ეწინააღმდეგება «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონს და, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ» საქათველოს კანონის დადგენილი ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
«ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლი, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებისათვის სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად, სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაკთა ან შტატების შემცირებისას, ადგენს სამუშაოზე უპირატესი დატოვების უფლებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს: სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ დისკრეციაზე საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი ყველა პირი სარგებლობს ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი შეღავათიანი პირობით. საქმეში არ მოიძიება მტკიცებულება, რომელიც დაასტურდებდა თანაბარ პირობებში პ. ჟ-ას უპირატესობის გამორიცხვის შესაძლებლობას, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ პ. ჟ-ას შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება მიღებულია შესაბამისი გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ კასატორისათვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება სცილდება სასამართლოს ოფიციალურ-უწყებრივ კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, თვლის, რომ საქართველოს შს სამინისტროს პ. ჟ-თან მიმართებაში უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. პ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. პ. ჟ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შს სამინისტროს 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანება პ. ჟ-ას შს ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში და შს სამინისტროს დაევალოს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა პ. ჟ-ას სამსახურებრივი მოწყობის თაობაზე;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.