Facebook Twitter
¹ბს-258-246(კ-05) 18 ივლისი, 2006 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე



განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. დ-ი

მესამე პირი _ სს “ფ...”

დავის საგანი – ბიულეტენის თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 24 აგვისტოს ა. დ-მა სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სს “ფ...სა” და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის საბიულეტენო დავალიანების, 292 ლარის, ანაზღაურების დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელე 1985 წლიდან 2004 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ზესტაფონის ... ქარხანაში (ამჟამად სს “ფ...”). ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა სამუშაოდან. ქარხნის ადმინისტრაციამ აუნაზღაურა 30 დღის ბიულეტენის თანხა, ხოლო დარჩენილი 292 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ “2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უნდა განხორციელდეს სოცდაზღვევის ფონდის მიერ (ს.ფ. 2-3).
ა. დ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე სს “ფ...მ” და შეპასუხებით მოითხოვა სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო მოპასუხედ საქმეში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩაბმა და მოსარჩელის სასარგებლოდ ბიულეტენის გაუნაღდებელი თანხის, 292 ლარის, გადახდის დაკისრება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის, ხოლო სსსკ-ის 89-ე მუხლის თანახმად, სს “ფ...ს” მესამე პირად ჩართვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეზე შემდეგი მოტივით:
მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სს “ფ...ს” მიმართ, რადგან კანონით დაკისრებული ვალდებულება მოპასუხის მიერ შესრულებულ იქნა, კერძოდ, მოსარჩელეს “2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აუნაზღაურდა 30 დღის ბიულეტენის თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრებით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალი წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ ანგარიშვალდებულ პირს და სათანადო მოპასუხეს, რომელსაც უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა.
მოპასუხის მითითებით, სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არასწორად განმარტავს “ბიუჯეტის შესახებ” კანონის მოთხოვნას და არ ანაღდებს მუშაკების იმ ბიულეტენების თანხას, რომლებიც 30 დღეზე მეტი ხნით არის გაცემული. სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2003 წლის 21 აპრილის ¹61/56-ო ბრძანებისა და ამავე ფონდის ზესტაფონის ფილიალის 2003 წლის 16 ივლისის ¹971 მომართვის თანახმად, დახმარებას პირველ 30 დღეზე გასცემს დამქირავებელი, ხოლო შემდეგ, თანხის ასანაზღაურებლად ბიულეტენები გადაეცემა სოცფონდის ფილიალს, რომელიც ადასტურებს ბიულეტენის ასლის დედანთან სისწორეს და სოცფონდს უდგენს განაცხადს, რის საფუძველზეც მიღებულ თანხებს ურიცხავს დამქირავებელს მუშაკებზე გასაცემად. მოპასუხის მოსაზრებით, სოცფონდი არასწორად მიიჩნევს, რომ დამქირავებელმა ყოველ წარმოდგენილ საავადმყოფო ფურცელზე უნდა აანაზღაუროს 30 დღეEდა არა მხოლოდ 30 დღე მთელი წლის განმავლობაში. სოცფონდი არ ღებულობს განაცხადსა და ბიულეტენებს 30 დღის ზევით და უკან უბრუნებს დამქირავებელს, როგორც ეს კონკრეტულ შემთხვევაშია.
მოპასუხის მითითებით, სს “ფ...ს” ადმინისტრაციამ და პროფკავშირებმა რამდენჯერმე მიმართეს წერილობით სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელობას, საიდანაც მიიღო განმარტება, რომ დამქირავებელმა უნდა აანაზღაუროს 30-30 დღე ყოველ წარდგენილ საავადმყოფო ფურცელზე და არა მთელი წლის განმავლობაში, რაც კანონის არასწორ განმარტებად მიიჩნია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან მიღებული 2005 წლის 20 ივლისის ¹9693/4-10/1392 პასუხის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ 30 დღე მთელი წლის განმავლობაში (ს.ფ. 12-14).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს “ფ...ს” დაევალა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალისათვის “სს ფ...ს” ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, ანგარიშსწორებისა და საბანკო კოდის მითითებით, განაცხადის გადაგზავნა ა. დ-ის საავადმყოფო ფურცლის დედნისა და მისი ასლის დართვით; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალს ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა შრომისუუნარობის დახმარების, 292 ლარის, ანაზღაურება; სს “ფ...ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის, 65 ლარის, ანაზღაურება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-ი 2004 წლის 9 დეკემბრამდე მუშაობდა სს “ფ...ში”, 60 კალენდარული დღე იმყოფებოდა შრომისუუნარობის ფურცელზე. მოსარჩელემ საწარმოდან მიიღო საბოლოო ანგარიშსწორება და ბიულეტენის თანხა პირველი 30 დღის ანგარიშით.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა “საქართველოს 2004 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-11 პარაგრაფით და გაიზიარა სს “ფ...ს” წარმომადგენლის მოსაზრება, რომ საწარმომ მოსარჩელეს აუნაზღაურა პირველი 30 დღის თანხა, ხოლო დარჩენილი დახმარების გაცემა მას არ ევალება.
რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა სს “ფ...ს” წარმომადგენლის მითითებას, რომ დამქირავებელმა სოცფონდის ზესტაფონის ფილიალს გადასცა განცხადება სათანადო დოკუმენტთან ერთად სადავო თანხის გაცემისათვის, რადგან კანონით დადგენილი წესით ფონდისათვის ჩაბარებული კორესპონდენცია სს “ფ...ს” წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა ფონდის ზესტაფონის ფილიალის წარმომადგენლის არგუმენტი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან ბიულეტენის თანხის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის 6-თვიანი ვადა არ არის დაწესებული, ამასთან, მოსარჩელე მითითებული ვადის გასვლაზე არაბრალეულია.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და ბოლო წინადადების შესაბამისად, ა. დ-ის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი თანხის (65 ლარის) გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე სს “ფ...ს, რადგან წარმოდგენილი 2005 წლის 13 სექტემბრის კოტრაქტით დასტურდება, რომ ა. დ-ი წარმომადგენელს _ მ. ჯ-ს უხდის ჰონორარს 65 ლარს, ხოლო მოპასუხე სს “ფ...” ბრალეულია სადავო თანხის მიღებასთან დაკავშირებით დოკუმენტების გადაუგზავნელობაში (ს.ფ. 38-40).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალმა და მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის შრომისუუნარობის დახმარების თანხის, 292 ლარის, გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის, შემდეგი მოტივით:
მოპასუხის მითითებით, სს “ფ...ს” სოცფონდის ზესტაფონის ფილიალში არ წარუდგენია ა. დ-ის საავადმყოფო ფურცელი, შესაბამისად, ფონდისათვის არ იყო ცნობილი საავადმყოფო ფურცლის შინაარსი, რის გამოც ფონდს ვერ ექნებოდა ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი პასუხი გაცემული ა. დ-ისათვის თანხის ანაზღაურების შესახებ. აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ თანხის აუნაზღაურებლობაში ბრალი მიუძღვის სს “ფ...ს”, რის გამოც მოსარჩელისათვის, საავადმყოფო ფურცლის შესაბამისად, მისაღები თანხა უნდა აენაზღაურებინა სს “ფ...ს”.
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა. დ-ს საავადმყოფო ფურცელი წადგენილი ჰქონდა სს “ფ...ს” ადმინისტრაციაში წყვეტილი პერიოდებით – 8, 25 და 27 დღით. სასამართლომ შეკრიბა მითითებული დღეები და მისი ჯამიდან 30 დღე ანაზღაურებულად ჩაუთვალა სს “ფ...ს”, ხოლო 30 დღის მისაღები თანხის ანაზღაურება დააკისრა სოცფონდს, რაც არასწორია, რადგან “საქართველოს 2004 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონითა და სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2004 წლის 11 ივნისისა და 2000 წლის 25 აპრილის წერილების თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის დახმარებას პირველი 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დამქირავებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავადმყოფობის ცალკეული შემთხვევის დროს წარმოდგენილ თითოეულ საავადმყოფო ფურცელზე პირველი 30 დღის განმავლობაში დროებით შრომისუუნარობის დახმარებას საკუთარი სახსრებიდან გასცემს დამქირავებელი. მითითებული წესი მოქმედებდა 2005 წლის 1 იანვრამდე და ამ პერიოდამდე ყოველ უწყვეტ ბიულეტენზე ფონდი ანაზღაურებდა 30 დღის გამოკლებით შემდეგ პერიოდს.
ამდენად, აპელანტის მითითებით, ფონდს შეეძლო ემსჯელა ა. დ-ის საავადმყოფო ფურცლის შესააბამისად, თანხის ანაზღაურებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უწყვეტი იქნებოდა ან თითოეული ფურცლის მიხედვით, ავადმყოფობის დღეები აღემატებოდა 30 სამუშაო დღეს (ს.ფ. 42-44).
სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ ცნო ა. დ-მა და მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (ს.ფ. 56-58).
სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის სააპელაციო საჩივარი ასევე არ ცნო სს “ფ...მ” და შეპასუხებით მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, გარდა გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა, რომელიც უნდა შეიცვალოს და სოცფონდის ზესტაფონის ფილიალს დაეკისროს მითითებული თანხა, რადგან სს “ფ...” არ წარმოადგენს სათანადო მხარეს.
შეპასუხების ავტორის მითითებით, სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული, რადგან ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება აპელანტის მიერ გასაჩივრდა 2005 წლის ნოემბერში კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, აპელანტს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2005 წლის 13 ოქტომბერს, რის გამოც გასაჩივრება უნდა მომხდარიყო 2005 წლის 27 ოქტომბრამდე.
გარდა აღნიშნულისა, შეპასუხების ავტორის მითითებით, აპელანტის არგუმენტები არის უკანონო და უსაფუძვლო, კერძოდ, არასწორია აპელანტის მითითება, რომ სს “ფ...ს” ფონდში არ წარუდგენია ა. დ-ის საავადმყოფო ფურცელი, რის გამოც ფონდი ვერ გადაწყვეტდა მოსარჩელისათვის თანხის ანაზღაურების საკითხს. შეპასუხების ავტორის მითითებით, სოცფონდის ზესტაფონის ფილიალი, საინსტრუქციო წერილების არასწორი განმარტებების საფუძველზე, უარს აცხადებდა დაწესებულებებიდან, მათ შორის, სს “ფ...დან” დროებითი შრომისუუნარობის ფურცლების მიღებაზე, რომლებიც განეკუთვნებოდა იმ მუშა-მოსამსახურეებს, რომელთაც დამსაქმებლის მიერ განაღდებული ჰქონდათ შრომისუუნარობის პირველი 30 დღე. აღნიშნულის გამო, არ მიიღო სოცფონდმა ათობით ბიულეტენი და მათ შორის, ა. დ-ის ბიულეტენიც.
შეპასუხების ავტორის მითითებით, აპელანტი არასწორად განმარტავს “ბიუჯეტის შესახებ” კანონსა და სოცფონდის წერილებს, რადგან “ბიუჯეტის შესახებ” 2000-2005 წლების კანონების მუხლები შრომისუუნარობის ფურცლების ანაზღაურების შესახებ არის იმპერატიული ხასიათის და არა სავარაუდო და მიუთითებს, რომ ბიულეტენის პირველი 30 დღე უნდა აანაზღაუროს დამქირავებელმა, წყვეტილი იქნება თუ ერთიანი. აღნიშნულს განამტკიცებს შრომის კანონთა კოდექსის 232-ე მუხლი, რომელიც მოქმედებდა 2005 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, დამქირავებელი მოვალე იყო წლის განმავლობაში აენაზღაურებინა მხოლოდ 30 დღე (ს.ფ. 60-62).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-ი საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2004 წლის 13 იანვრიდან 24 იანვრამდე, 2004 წლის 17 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე და 2004 წლის 25 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-11 პუქტით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2003 წლის 21 აპრილის ¹61/56 ბრძანების პირველი და მე-4 პუნქტებით და განმარტა, რომ დროებითი Dშრომისუუნარობის დახმარების გაცემას პირველი 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დამქირავებელი, ხოლო შემდეგ, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა დახმარება 6 თვის ვადაში, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს არც “ბიუჯეტის შესახებ” კანონიდან და არც სოცფონდის ბრძანებიდან (ს.ფ. 73-76).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესატაფონის ფილიალმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადიმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინების შეცვლა და ა. დ-ის შრომისუუნარობის დახმარების თანხის, 292 ლარის, გადახდის დაკისრება სს “ფ...სათვის” შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით დაირღვა მოპასუხის უფლებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, ვისი ბრალით არ იქნა ანაზღაურებული ა. დ-ის საავადმყოფო ფურცელი. ა. დ-მა სრულიად კანონიერად წარუდგინა საავადმყოფო ფურცელი ასანაზღაურებლად სს “ფ...ს”, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ აანაზღაურა იგი, რითაც დაარღვია მოსარჩელის კანონიერი უფლება. სს “ფ...ს” არც სოცფონდის ზესტაფონის ფილიალში წარუდგენია საავადმყოფო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონები არ მიუთითებდა დამქირავებლის ვალდებულებას წლის განმავლობაში მხოლოდ 30 დღის ანაზღაურების თაობაზე და ცალსახად იყო ასახული დამსაქმებლის ვალდებულება, დროებითი შრომისუუნარობის დახმარებების უზრუნველყოფის შესახებ პირველ 30 დღეზე. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა. დ-ს საავადმყოფო ფურცელი წარდგენილი ჰქონდა სს “ფ...ს” ადმინისტრაციაში წყვეტილი პერიოდებით, კერძოდ, საავადმყოფო ფურცლები იყო 8,25 და 27 დღით, რაც “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2004 წლის 11 ივნისის ¹01ად/04-1081 და 2004 წლის 25 აპრილის ¹08/19-328 საინსტრუქციო წერილებისა და თვით სს “ფ...ს” მიერ დასმულ შეკითხვებზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2003 წლის 25 აგვისტოს ¹03/03-2385 და 2004 წლის 2 დეკემბრის ¹07/07-5329 განმარტებების საფუძველზე, შრომისუუნარობის დახმარებას ავადმყოფობის ცალკეული შემთხვევის დროს წარმოდგენილ თითოეულ საავადმყოფო ფურცელზე პირველ 30 დღეს უზრუნველყოფს დამქირავებელი და გასცემს შრომისუუნარობის დახმარებას საკუთარი ხარჯებიდან.
კასატორის მითითებით, სს “ფ...ს” მიერ ა. დ-ის საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი, ფონდის ფილიალს არ შეეძლო ემსჯელა მასზე, რადგან არც ერთი არ აღემატებოდა 30 დღეს და თითოეული მათგანი უნდა აენაზღაურებინა თვით სს “ფ...ს”. საქმეში არსებული ა. დ-ის თითოეული საავადმყოფო ფურცელი არის დამოუკიდებელი, სრულყოფილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი და მათგან არც ერთი არ აღემატება 30 დღეს. ამდენად, კასატორის მითითებით, სს “ფ...” ვალდებულია, აუნაზღაუროს მოსარჩელეს საავადმყოფო ფურცლის შესაბამისად თანხა (ს.ფ. 95-97).
სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესატაფონის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ ცნო სს “ფ...მ” და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვება შემდეგი მოტივით:
სს “ფ...მ” ა. დ-ს აუნაზღაურა შრომისუუნარობის პირველი 30 დღე “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონისა და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2003 წლის 21 აპრილის ბრძანების შესაბამისად. ამდენად, სს “ფ...ს” ბრალი გამორიცხულია, რადგან მან გაანაღდა შრომისუუნარობის ფურცლის ის მონაკვეთი, რაც კანონით ევალებოდა.
შეპასუხების ავტორმა არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება საავადმყოფო ფურცლის წარუდგენლობის გამო სს “ფ...ს” ბრალეულობის შესახებ და აღნიშნა, რომ აღნიშნული განპირობებული იყო თავად ფონდის ბრალით, რადგან 2004 წელს როგორც სხვა საწარმოებიდან, ასევე სს “ფ...დან” არ ღებულობდა განაცხადებსა და ბიულეტენებს (ს.ფ. 107-108).
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე მნიშვნელოვანი იყო სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (ს.ფ. 109-112).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად, საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას ა. დ-ის საავადმყოფო ფურცლის აუნაზღაურებლობაზე ბრალეულობის დაუდგენლობისა და სს “ფ...ს” მიერ ა. დ-ის კანონიერი უფლებების დარღვევის შესახებ და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დამქირავებლის _ სს “ფ...ს” მხრიდან მოსარჩელე ა. დ-ის უფლებები არ დარღვეულა. ა. დ-მა მართებულად წარუდგინა საავადმყოფო ფურცლები დამქირავებელს სს “ფ...ს”, დროებითი შრომისუუნარობის დახმარების ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის დაცვით, რადგან თავად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2003 წლის 21 აპრილის ¹61/56-ო ბრძანების მე-2 ნაწილის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის დახმარების მისაღებად დროებითი შრომისუუნარობის ფურცელი წარედგინება დაწესებულების ადმინისტრაციას, რომელიც აანაზღაურებს პირველი 30 დღის დახმარებას, ხოლო შემდეგ პერიოდზე ადმინისტრაცია დაფინანსების მოთხოვნის განცხადებით მიმართავს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესაბამის ფილიალს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომ ა. დ-მა წარუდგინა რა საავადმყოფო ფურცელი დამქირავებელს, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო აენაზღაურებინა იგი.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას სს “ფ...ს” მიერ სავადმყოფო ფურცლის სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალში წარუდგენლობის შესახებ, რადგან საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის უფროსის არაერთი მიმართვა სს “ფ...ს” ადმინისტრაციისადმი, სადაც სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალი განმარტავს, რომ ფონდის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ყოველ უწყვეტ ბიულეტენზე 30 სამუშაო დღის შემდეგი პერიოდი. ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივარშიც მიუთითებს, რომ სს “ფ...ს” მიერ საავადმყოფო ფურცლის წარდგენის შემთხვევაშიც კი, ფონდი ვერ იმსჯელებდა ა. დ-ის საავადმყოფო ფურცელზე, რადგან არც ერთი მათგანი არ აღემატებოდა 30 დღეს და თითოეული მათგანი უნდა აენაზღაურებინა სს “ფ...ს”.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ შრომისუუნარობის დახმარებას ავადმყოფობის ცალკეული შემთხვევის დროს წარდგენილ თითოეულ საავადმყოფო ფურცელზე პირველ 30 დღეს უზრუნველყოფს დამქირავებელი და დახმარებას გასცემს საკუთარი ხარჯებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლოა და აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციასა და მოპასუხე სს “ფ...ს” მოსაზრებას და განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 232-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დაქირავებულისათვის საავადმყოფო ფურცლებით ანაზღაურება ხდება 5 დღემდე, ხოლო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 დღისა.
ამდენად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს დამქირავებლის ვალდებულებას, წლის განმავლობაში მხოლოდ 30 დღის ანაზღაურების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი სს “ფ...ს” 2005 წლის 18 ივლისის ¹41.22.D472 წერილი თანახმად, სს “ფ...მ” ა. დ-ს აუნაზღაურა შრომისუუნარობის პირველი 30 დღე, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან. რაც შეეხება კასატორის მითითებას “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის მიხედვით: “დროებით შრომისუუნარობაზე დახმარებებს პირველი 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დამქირავებელი, ხოლო შემდეგ, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი”, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა იმპერატიულად არ ადგენს და არ აკეთებს დათქმას იმის შესახებ, რომ დამქირავებელი ვალდებულია, აანაზღაუროს საკუთარი ხარჯებიდან შრომისუუნარობის დახმარება ყოველ საავადმყოფო ფურცელზე, მეტიც, ცალსახად არის განსაზღვრული, რომ პირველი 30 დღის შემდეგ სწორედ სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს წარმოეშვება შრომისუუნარობის დახმარების ანაზღაურების ვალდებულება, რაც დაქირავებულის შრომითი უფლებების დაცვის ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთოებების რეგულირებას. კერძოდ, “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების თანახმად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი მონაწილეობს დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის, სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხილვაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს მოქალაქეთა სავალდებულო სოციალურ დაზღვევის, სამედიცინო დახმარებების, სოციალური დაცვის, დასაქმების, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და სხვა სახელმწიფო პროგრამებს, ასევე ახორციელებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქიებს. ამდენად, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ახორციელებს სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ფუნქციებს და კანონით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, იგი ვალდებულია უზრუნველყოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება, მით უფრო, რომ ზემოაღნიშნული დებულების 9.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს სოციალური დაზღვევის გადასახადი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ შრომის კანონთა კოდექსის 232-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-11 პუნქტს შორის კოლიზიას ადგილი არა აქვს, ხოლო ასეთის არსებობის პირობებშიც კი, სადავო ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი ნორმით, რადგან სამართლის ზოგადი პრინციპის თანახმად, ერთი და იმავე დონის სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის არსებობისას, გამოიყენება სპეციალური ნორმა _ კონკრეტულ შემთხვევაში, შრომის კანონთა კოდექსის 232.3 მუხლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელია და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული განმარტების შედეგად, საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის მოტივები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის და რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალს ა. დ-ისათვის დროებითი შრომისუუნარობის დახმარების გაცემა წელიწადში 30 დღეზე ზემოთ პერიოდისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცველელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.