Facebook Twitter
ბს-35-17-კ-05 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:
ახმეტის რაიონის გამგეობასა და ბ. ბ.-ს (კასატორ თ. ბ.-ის მამა) შორის 1998წ. 5 იანვარს, 9 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოიჯარე ბ. ბ.-ს იჯარით გადაეცა ახმეტის რაიონში, შავ მთაზე, მდებარე 270 ჰა საძოვარი და 34 ჰა სახნავი. ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 14 მარტის ¹16 დადგენილებით დამტკიცდა ახმეტის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის მსურველთა განცხადებების განმხილველი კომისიის 2003წ. 17 თებერვლის ოქმი ¹148 და, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ბათილად იქნა ცნობილი სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებები. ახმეტის რაიონის გამგეობის აღნიშნული დადგენილებით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო ბათილად იქნა ცნობილი ასევე ბ. ბ.-თან 1998 წელს დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებაც და ჩამოერთვა საიჯარო ნაკვეთები.
2003წ. 11 დეკემბერს თ. ბ.-მ სარჩელი აღძრა ახმეტის რაიონულ სასამართლოში ახმეტის რაიონის გამგეობის, მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ გამგეობის 2003წ. 14 მარტის ¹16 დადგენილების გაუქმება:
მოსარჩელის მითითებით, 1998წ. 5 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მამამისს, აწ გარდაცვლილ ბ. ბ.-ს, შირაქში, შავ მთაზე, 9 წლის ვადით იჯარით გადაეცა 270 ჰა საძოვარი და 34 ჰა სახნავი ნაკვეთი. 1997 წლიდან ამ ნაკვეთებზე მდებარე საქონლის სადგომი შესყიდული ჰქონდა საკუთრების უფლებით. 2001 წელს მამის, ანუ მოიჯარის გარდაცვალების შემდეგ, იჯარით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულებით დარჩენილი ვადით გადაეცა მას, როგორც მემკვიდრეს და მამის გარდაცვალების შემდეგ თავად იხდიდა საიჯარო ქირას. მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს 195 ლარის საიჯარო ქირის დავალიანების გამო მისთვის ნაკვეთების ჩამორთმევას. გამგეობის სადავო დადგენილების საფუძველია მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2003წ. 17 თებერვლის ოქმი. მოსარჩელის განმარტებით, მუდმივმოქმედმა კომისიამ ისე მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების მასთან მოშლა, რომ მოიჯარეს წერილობით არ შეატყობინა იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მთლიანად მას იჯარით ჰქონდა აღებული 304 ჰა ნაკვეთი, ჩამოერთვა 270 ჰა საძოვარი და დარჩა 34 ჰა. მოსარჩელის აზრით, თუ ნაწილობრივ ართმევდნენ საიჯარო ფართს, უნდა ჩამოერთმიათ გადაუხდელი საიჯარო ქირის შესაბამისი ფართი _ 65 ჰა. მოსარჩელის მითითებით, 34 ჰა ნაკვეთის, როგორც სახნავის იჯარით გაცემა მათზე მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 24 თებერვლის ¹182 ბრძანებულების უგულებელყოფით, ვინაიდან, როგორც მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ნაკვეთი, იჯარით გაცემული უნდა ყოფილიყო როგორც საძოვარი და შესაბამისად 1998-2000 წლებში ამ ნაკვეთზე ზედმეტად აქვთ გადახდილი სახნავი კატეგორიისათვის გათვალისწინებული საიჯარო ქირა.
მოპასუხე მხარეებმა და მესამე პირმა სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 14 მარტის ¹16 დადგენილების ის პუნქტი, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ბ. ბ.-თან 1998წ. 5 იანვარს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე მხარეთა და მესამე პირის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ.-ის სარჩელი ახმეტის რაიონის გამგეობის დადგენილების გაუქმებაზე შემდეგი საფუძვლით არ დაკმაყოფილდა:
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ის 393-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 405-ე და 590-ე მუხლები და გამოიტანა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ მოიჯარე ბ. ბ.-ის გარდაცვალების შემდეგ თ. ბ.-ს გადაეცა მოიჯარის უფლება-მოვალეობები, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება. სკ-ის 593-ე და 411-ე მუხლების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საიჯარო ურთიერთობის არსებობა მხარეთა შორის შეიძლება დადასტურდეს საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. სსკ-ის 102-ე მუხლის თანამად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოპასუხეები: ახმეტის რაიონის გამგეობა და მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია მოსარჩელე თ. ბ.-იდან საიჯარო ურთიერთობის არსებობას სადავოდ ხდიან. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ რაიონის გამგეობა ვალდებული იყო გაეფრთხილებინა თ. ბ.-ი ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
სასამართლოს აზრით, ასევე დაუსაბუთებელია მოიჯარის მითითება საიჯარო ხელშეკრულების უმნიშვნელოდ დარღვევის შესახებ. სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ახმეტის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიაში წარადგინა წერილობითი ინფორმაცია მოიჯარეებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ გადახდილი იჯარის ქირა. წერილის შესაბამისად კომისიამ 2002წ. ოქტომბერში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნეს მოიჯარე ბ. ბ.-ს და გააფრთხილა საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მ. მ.-ის სახელზე გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ მან აწ გარდაცვლილი მეუღლის, ბ. ბ.-ის, სახელზე 2003წ. 31 მარტს გადაიხადა 200 ლარი და 1 აპრილისათვის საიჯარო დავალიანება არ ერიცხება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული მტკიცებულება არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის, 2003წ. 14 მარტისათვის არ გააჩნდა საიჯარო ქირის დავალიანება. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოიჯარე ბ. ბ.-ს გააჩნდა საიჯარო ქირის დავალიანება, რის შესახებაც გაუგზავნა სათანადო შეტყობინება, რის გამოც სკ-ის 558-ე მუხლის საფუძველზე საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა კანონიერია. სასამართლოს აზრით, კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” პუნქტით დაწესებული აკრძალვის გამოყენება კონკრეტულ შემთხვევაში დაუშვებელია, რადგან საიჯარო ქირის გადაუხდელობა, მიუხედავად დავალიანების ოდენობისა, არ შეიძლება უმნიშვნელო დარღვევად იქნეს მიჩნეული, რადგან ქირა ხელშეკრულების განმსაზღვრელი პირობაა და მისი გადაუხდელობა არსებით გავლენას ახდენს მეიჯარის ინტერესზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. ბ.-ის გარდაცვალების შემდეგ თ. ბ.-ი ავტომატურად ვერ გახდება მოიჯარე, მას, როგორც მემკვიდრეს, სკ-ის 590-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით უფლება აქვს მოითხოვოს მამასთან დადებული ხელშეკრულების გაგრძელება. ვინაიდან მოიჯარე ბ. ბ.-ი გარდაიცვალა 2001 წელს და მის მემკვიდრეს თ. ბ.-ს არ მიუმართავს თხოვნით იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებაზე, სასამართლოს აზრით, მეიჯარეს ამ მოტივითაც შეეძლო ბ. ბ.-თან დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და თ. ბ.-ი არ არის უფლებამოსილი საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ დავაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ბ.-ის მიერ, რომელიც დაუსაბუთებლობის მოტივით ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კერძოდ, კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, როცა დაადგინა, რომ ბ. ბ.-ის გარდაცვალების შემდეგ, სკ-ის 590-ე მუხლის შესაბამისად, არ მოუთხოვია საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება. კასატორის მითითებით, მოიჯარის გარდაცვალების გამო ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ ვადაში მოიჯარის უფლება-მოვალეობების კასატორისათვის გადაცემა ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული იყო მეიჯარესთან, 2001 წლიდან საიჯარო ქირას სწორედ თ. ბ.-ი იხდიდა, იჯარის ქირის გადახდის თაობაზე წერილიც თ. ბ.-ის სახელზეა გაგზავნილი და ამდენად, სკ-ის 590-ე მუხლის მოთხოვნა კასატორის მიერ დაცულია.
კასატრის აზრით, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ სკ-ის 405-ე მუხლისა და საიჯარო ხელშეკრულების 4.3.2 პუნქტის შესაბამისად, მეიჯარემ დადგენილი წესით შეტყობინება გაუგზავნა მოიჯარეს საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ასეთი შეტყობინების მხარისათვის გაგზავნა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. კასატორს მიაჩნია, რომ სკ-ის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მცდარი განმარტებით სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებას, როცა საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობა არსებით დარღვევად მიიჩნია, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში ბ.-ს, რომელიც საიჯარო ქირის სახით ყოველწლიურად იხდიდა 942 ლარს, დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ 195 ლარის დავალიანება, აღნიშნული არ შეიძლება ჩათვლილიყო ხელშეკრულების პირობების არსებით დარღვევად და ამ მოტივით ხელშეკრულების ბათილად ცნობა უსაფუძვლოა.
თ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს მოწინააღმდეგე მხარეებისა და მესამე პირის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. კერძოდ, ახმეტის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის განმარტებით, გამგეობის 2003წ. 14 მარტის ¹16 დადგენილება კანონიერია, რადგან სადავო დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, სწორად განხორციელდა ბ. ბ.-თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობის გამო, ხოლო დადგენილებაში მითითება, რომ საიჯარო ქირის დავალიანების გამო ბათილად იქნა ცნობილი საიჯარო ხელშეკრულებები, წარმოადგენს მბეჭდავის მიერ დაშვებულ შეცდომას და იგულისხმება ხელშეკრულების გაუქმება. მოპასუხე გამგეობის წარმომადგენლის მოსაზრება სრულად გაიზიარეს მესამე პირის ნ. ქ.-ის წარმომადგენლებმა და დამატებით თ. ბ.-ის საკასაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითეს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 6-თვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გადაცილებით სარჩელის აღძვრა.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება თ. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და წარმოდგენილი მტკიცებულებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ახმეტის რაიონის გამგეობასა და ბ. ბ.-ს შორის 1998წ. 5 იანვარს დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოიჯარე ბ. ბ.-ს 9 წლის ვადით იჯარით გადაეცა ე.წ. “შავ მთაზე” მდებარე 270 ჰა საძოვარი და სახნავი _ 34 ჰა. საიჯარო ქირა ყოველწლიურად შეადგენდა 1424 ლარს, რომელიც, ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, მოიჯარეს უნდა გადაეხადა წელიწადში ორჯერ, 15 აგვისტოს და 15 ნოემბერს. ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 14 მარტის სადავო ¹16 დადგენილებით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ბათილად იქნა ცნობილი სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებები და საიჯარო მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ მოიჯარეებს, მათ შორის ბ. ბ.-ს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თ. ბ.-ის საკასაციო საჩივარს და სარჩელს ახმეტის რაიონის გამგეობის ¹16 დადგენილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ. სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარემ უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადაში. ამიტომ მოიჯარე ბ. ბ.-ი ვალდებული იყო სკ-ის 581-ე მუხლის პირველი ნაწილითა და გამგეობასთან დადებული იჯარის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული საიჯარო ქირა, წლიური 1424 ლარი, გადაეხადა ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, 15 აგვისტოსა და 15 ნოემბერს. მხარის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, სკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის (ცალმხრივად მოშლის) საფუძველია, რაც გათვალისწინებულია კიდეც გამგეობასა და ბ. ბ.-ს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტით, რომლის მიხედვითაც მეიჯარე _ ახმეტის რაიონის გამგეობა უფლებამოსილია იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მოიჯარე ბ. ბ.-ის მიერ საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო (ქვეპუნქტი “გ”). მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 14 მარტის სადავო ¹16 დადგენილებით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, მოიჯარე _ გამგეობამ ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და სკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვადამდე ადრე ცალმხრივად კი არ მოშალა ბ. ბ.-თან 9 წლის ვადით დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, არამედ ბათილად ცნო იგი, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ხელშეკრულების ვადამდე მოშლა (შეწყვეტა) განსხვავებული სამართლებრივი კატეგორიება, რადგან სკ-ის მიხედვით განსხვავებულია ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ვადამდე შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად, სხვადასხვაა მათი იურიდიული შედეგებიც. კერძოდ, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, იწვევს ორმხრივ რესტიტუციას, ხელშეკრულება ბათილია მისი დადების მომენტიდან (კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი) და მხარეები ვალდებულნი არიან დააბრუნონ ყველფერი, რაც ამ ბათილი გარიგების შედეგად მიიღეს, ხოლო ხელშეკრულების ვადამდე მოშლას შედეგად არ მოჰყვება რესტიტუცია, ხელშეკრულება ნამდვილია, მაგრამ ვადამდე ადრე წყდება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს გამგეობისა და მესამე პირის წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომ სადავო დადგენილებაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე მითითება წარმოადგენს მბეჭდავის მექანიკურ შეცდომას და იგულისხმება იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა. საკასაციო პალატის აზრით, დადგენილებაში მითითებული შეცდომა არის არსებითი ხასიათის სამართლებრივი შეცდომა, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ხელშეკრულების ვადამდე მოშლის სამართლებრივ საფუძველს და ამ მოტივით ხელშეკრულების ბათილად ცნობა დაუშვებელია. ვინაიდან ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 14 მარტის ¹16 სადავო დადგენილებით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ნაცვლად იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლისა, მეიჯარე გამგეობამ ბათილად ცნო ბ. ბ.-თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, საკასაციო პალატის აზრით, თ. ბ.-ის სარჩელი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს გამგეობის სადავო დადგენილება ბ. ბ.-თან ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის არსებითად გადაწყვეტისას არ იმსჯელა ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საკითხზე, ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო დადგენილებით, ნაცვლად ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისა, ბათილად იქნა ცნობილი ბ. ბ.-თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება და სასამართლომ თავისი ინიციატივით ვრცლად იმსჯელა მოიჯარის, ბ. ბ.-ის, გარდაცვალების გამო ხელშეკრულების გაუქმების კანონიერების თაობაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ახმეტის რაიონის გამეგობის სადავო ¹16 დადგენილებით ბ. ბ.-თან დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობა და მოიჯარე მხარის გარდაცვალების გამო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია.
უსაფუძვლობის გამო საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მესამე პირის, თ. ქ.-ის, წარმომადგენელთა მითითებას თ. ბ.-ის სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 14 მარტის ¹16 დადგენილება სამართლებრივად არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს, არამედ იგი არის ადმინისტრაციული გარიგების _ მიწის იჯარის ხელშეკრულების მონაწილე მხარის (კონტრაჰენტის) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობაზე, რაც რეგულირდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-71-ე მუხლებითა და სკ-ის ნორმებით. ამიტომ სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადის მითითება უსწოროა. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. ვინაიდან ახმეტის რაიონის გამგეობის სადავო ¹16 დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი მიწის იჯარის (უძრავ ნივთზე) ხელშეკრულება, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს. კონკრეტულ შემთხვევაში მეიჯარე მხარის, ახმეტის რაიონის გამგეობის მიერ მიწის იჯარის ბათილად ცნობაზე დადგენილება მიღებულია 2003წ. 14 მარტს, სარჩელი მის გაუქმებაზე თ. ბ.-მ აღძრა 2003წ. 11 დეკემბერს და სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უმართებულოა.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, თ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვტილება თ. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რადგან სააპელაციო სასამართლომ სკ-ისა და მიწის იჯარის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მცდარი გამოყენება-განმარტებით გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.


სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 411-ე მუხლებით და



გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ახმეტის რაიონის გამგეობის 2003წ. 14 მარტის ¹16 დადგენილება, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ბ. ბ.-თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში;
4. ახმეტის რაიონის გამგეობას საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.