Facebook Twitter

¹¹ბს-401-323-კ-05 25 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 15 აპრილს ნ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თელავის რაიონული ფილიალის მიმართ მამის – აწ გარდაცვლილი ი. გ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მამამისი _ ი. გ-ი დაიბადა .... წელს ქ. თელავში. 1942წ. 17 მაისს ქ. ქერჩთან ჩავარდა ტყვედ და იმყოფებოდა ტყვეთა ბანაკში. 1944 წელს შეურთდა ფრანგ პარტიზანებს. ომის დამთავრების შემდეგ, გაირა სახელმწიფო შემოწმება (ფილტრაცია). 1950წ. 8 სექტემბერს გასამართლებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 58.1 “ბ” (სამშობლოს ღალატი) მუხლის საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 25წ. ვადით. საქართველოს რესპუბლიკური კომისიის 1954წ. 27 ოქტომბრის ¹12 ოქმის თანახმად, სასჯელის ზომა შეუმცირდა 12 წლამდე, ხოლო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955წ. 17 სექტემბრის “ამნისტიის შესახებ” ბრძანებულების შესაბამისად, გათავისუფლდა პატიმრობიდან.

მოსარჩელის მითითებით, მან ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განცხადებით მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თელავის განყოფილებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე, მაგარამ მიიღო უარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა “საქართველოს მოქალაქეთა რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3, მე-7 მუხლების თანახმად, მამის _ ი. გ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას.

თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან და აგრეთვე, კონკრეტული დანაშაულისთვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული, ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, ი. გ-ისათვის თავისუფლების აღკვეთა მოხდა პოლიტიკური მოტივის გარეშე, ხოლო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოსაგან პოლიტიკური მოტივის გარეშე, არ წარმოადგენს ზემოანიშნული კანონის შესაბამისად, პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების საფუძველს.

არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ აპელანტის მამის მსჯავრდება სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 “ბ” მუხლით არ შედის იმ ჩამონათვალში, რასაც ითვალისწინებდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლი და რის საფუძველზეც უნდა მოხდეს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერლად აღიარება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კასატორის მამა – ი. გ-ი დაიბადა ... წელს ქ. თელავში. 1950 წელს გასამართლებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 58.1 “ბ” მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სამშობლის ღალატი) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 25წ. ვადით. საქართველოს რესპუბლიკური კომისიის 1954წ. 27 ოქტომბრის ¹12 ოქმის თანახმად, სასჯელის ზომა შეუმცირდა 12 წლამდე, ხოლო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955წ. 17 სექტემბრის “ამნისტიის შესახებ” ბრძანებულების შესაბამისად გათავისუფლდა პატიმრობიდან.

“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა: სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებითY ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე, კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს, ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და უნდა უკავშირდებოდეს დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებას, პირის პოლიტიკური შეხედულებების, ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებას, აგრეთვე, ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სასამართლოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ი. გ-ი არ განეკუთვნება “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირთა წრეს. აღნიშნული მუხლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის:

1. ა) ანტისაბჭოთა და კონტრევოლუციური აგიტაცია და პროპაგანდა კონტრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისთვის საშიში სხვა დანაშაული;

ბ) სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევა;

გ) წინასწარი ცნობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის სახელის გამტეხი ცრუ მონაჭორების გავრცელება;

დ) შრომა-გასწორების, გადაადგილების, გადასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევა, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად;

ე) რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლების და თავისუფლების ხელყოფა;

2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენში ყალბი ბრალდების საფუძველზე და რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან;

3. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება “გპუ-იგპუ-ს”, “ვჩკ-ს”, “უნკვდ-ნკვდ'-ს”, “მგბ-ს”, “კგბ-ს” საგანგებო სათათბიროს ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “სამშობლოს ღალატისათვის” ნასამართლევი პირები, რომელთა გათავისუფლებაც მოხდა ამნისტიის და არა იმ საფუძველზე, რომ მათ ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები, ვერ ჩაითვლებიან რეპრესიების მსხვერპლად და შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.