ბს-434-25 (3კ-05) 26 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 29 მაისს გ. ქ.-ს კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა და “გ. კორპორეიშენის” მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2002წ. 18 მარტს 12წ. გ. ქ.-ს გაუკეთდა B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა. აცრას წინ უსწრებდა გამოკვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ ბავშვი აცრის მომენტისთვის იყო ჯანმრთელი. აცრა განახორციელა წალენჯიხის ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრმა ნ. კ.-მ. ასაცრელ მასალას წარმოადგენდა კორეული წარმოების ვაქცინა, რომელიც ჰუმანიტარული მისიით საქართველოში შემოიტანა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ. აცრიდან მესამე დღეს, კერძოდ, 2002წ. 20 მარტს გ. ქ.-ს განუვითარდა ტეტრაპარეზი (ზედა და ქვედა კიდურების პარალიზი) და ჩავარდა კომაში.
მოსარჩელის განმარტებით, გ. ქ.-ა ვერ ამოძრავებს ქვედა კიდურებს, მარცხენა ხელში მოძრაობა არის 60%-იანი, ხოლო მარჯვენაში _ 70%-იანი, მას არ შეუძლია დამოუკიდებელად ჯდომა, აღენიშნება ძლიერი ტკივილები თავისა და ფეხების არეში. ფილტვების სასიცოცხლო მოცულობა 500 მილილიტრზე ნაკლებია, მაშინ როდესაც აუცილებელი ნორმა 1500 მილილიტრს შეადგენს. მისი ცნობიერება და ინტელექტი ჩვეულებრივია.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოში იუნისეფის მიერ კორეული წარმოების B-ჰეპატიტის ვაქცინის შემოტანა ისე განხორციელდა, რომ პრეპარატს არ გააჩნდა აღნიშვნა მისი გამოყენების შედეგად შესაძლო გვერდითი შედეგების წარმოშობის შესახებ, რითაც მწარმოებელმა _ “გ. კორპორეიშენმა” დაარღვია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მწარმოებლის მიერ რომ ყოფილიყო შესაბამისი აღნიშვნები ვაქცინის ანოტაციაზე, მშობლები ნებას არ დართავდნენ მომხდარიყო ბავშვის ვაქცინაცია. მოსარჩელე ბავშვის ჯანმრთელობის მოშლის მიზეზად მიუთითებდა, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაუფრთხილებელ ქმედებებზეც, რაც, მოსარჩელის განმარტებით, გამოიხატა ამ ორი მოპასუხის მხრიდან “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნათა სრულ უგულებელყოფაში, კერძოდ, საქართველოში იუნისეფის მიერ შემოტანილი კორეული წარმოების ვაქცინის მიმართ სტანდარტი შემუშავებული არ იყო, ასეთ შემთხვევაში დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული იყვნენ, უზრუნველეყოთ კანონით გათვალისწინებული სტანდარტის შემუშავება, ხოლო მანამდე კი შეეჩერებინათ პროდუქციის რეალიზაცია.
მოსარჩელის მოსაზრებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს არ უნდა დაეშვათ საქართველოში ისეთი პრეპარატის შემოტანა, რომელსაც არ გააჩნდა ინფორმაცია იმ გვერდითი მოვლენების შესახებ, რაც ვაქცინაციას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მათ უნდა განემარტათ საზოგადოებისათვის და მოსახლეობაში უნდა ჩაეტარებინათ ფართო საგანმანათლებლო აქცია ვაქცინაციის შესაძლო გართულებების შესახებ. ამასთან, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას აუცილებლად უნდა ჰქონოდა გათვალისწინებული ასაცრელი მასალის გამოყენებისას წარმოქმნილი უბედური შემთხვევის საკომპენსაციო ფონდი.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა სკ-ის 992-ე მუხლს _ დელიქტურ ვალდებულებას. მოსარჩელის განმარტებით, ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხეთა გაუფრთხილებელი მოქმედებით, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, ამდენად სახეზე იყო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს შორის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეებს _ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასა და “გ. კორპორეიშენს” გ. ქ.-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ 3.7500.000 აშშ დოლარის გადახდა. ასევე მოპასუხეებს აკრძალვოდათ “გ. კორპორეიშენის” მიერ დამზადებული B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა და რეალიზაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ფინანსთა სამინისტრო.
მოპასუხე – სსიპ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც ითხოვდა, უარი თქმოდა მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტასტიკის ეროვნული ცენტრი საქართველოში იმუნიზაციის პროგრამის განხორციელების პროცესში არის ერთ-ერთი შემსრულებელი დაწესებულება, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ვაქცინებისა და სხვა ასაცრელი მასალების მიღებას, შენახვასა და განაწილებას.
მოპასუხის განმარტებით, დღეისათვის მსოფლიოში მსგავსი დაავადებების, რომელიც გ. ქ.-ს აღმოაჩნდა, 80-90% მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, მეცნიერება შემოიფარგლება მხოლოდ სავარაუდო მოსაზრებით ამ სახის დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენისას. ვაქცინის მწარმოებელი კორპორაცია _ “გ. კორპორეიშენი” არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიკაციაგავლილი და გაეროს ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, იუნისეფისათვის შესასყიდად რეკომენდებული ვაქცინების მაწარმოებელი. ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია ვაქცინების საკონტროლო ნაციონალური ორგანო, იგი ეყრდნობა იმ სტანდარტებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მიღებული და აღიარებული.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ¹114/ო ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა უნდა ჩატარებულიყო 1 წლამდე და 13 წლის ასაკის ბავშვთა მოსახლეობაში. გ. ქ.- დაბადებულია 1989წ. 22 დეკემბერს. აცრის მომენტისთვის იყო 12 წლისა და 2 თვის, თანახმად ზემოაღნიშნული ბრძანებისა, არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრებს.
მოპასუხე “გ. კორპორეიშენის” წარმომადგენელი არ ცნობდა სარჩელს და ითხოვდა უარი თქმოდა მოსარჩელეს მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
“გ. კორპორეიშენი” წარმოადგენს შვეიცარიული კონსორციუმის ბერნა ბიოტექსის შემადგენლობაში არსებულ ფარმაცევტულ კომპანიას. “გ. კორპორეიშენი” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ იქნა ვაქცინების მსოფლიო სტანდარტების დონის მწარმოებლად და მის მიერ წარმოებული პროდუქცია ჩართულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ინფიცირებული ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურ პროგრამაში.
მოპასუხის განმარტებით, ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად დელიქტური ვალდებულების გამოყენების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ზიანის ანაზღაურების დაკისრების პირობები, კერძოდ, თავად ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.
მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის არ იყო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ვინაიდან:
გასულია ხანმოკლე პერიოდი ვაქცინაციასა და დაავადებას შორის, რაც არ შეესაბამება პრაქტიკაში არსებულ და სამეციდინო ლიტერატურაში განხილულ შემთხვევებს; არ არსებობს ბიოლოგიური სიზუსტის დადგენის მექანიზმი, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვაქცინაციასა და კლინიკურ სურათს შორის.
არც ერთი ექსპერტ-სპეციალისტი არ ადასტურებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას ვაქცინაციასა და დაავადებას შორის.
მოპასუხე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელებმა არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს, უარი თქმოდა მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. ქ.-ა აცრიის მომენტისათვის იყო 12 წლისა და 2 თვის და B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა მასზე არ ვრცელდებოდა.
სკ-ის 1014-ე მუხლით დადგენილია, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ ზიანზე ვრცელდება ამავე კოდექსის 1009-ე მუხლი. მითითებული კოდექსის 1010-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით, პროდუქტი ითვლება უხარისხოთ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იუნისეფის ხელშეწყობით შემოიტანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ “გ. კორპორეიშენის” მიერ წარმოებული B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის ვარგისიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ვაქცინით 2001-2002 წლებში საქართველოში განხორციელდა 160000-ზე მეტი აცრა და უარყოფითი შედეგით დაფიქსირდა მხოლოდ გ. ქ.-ს შემთხვევა.
მოპასუხე განმარტავდა, რომ დაავადება დიაგნოსტირდება როგორც ენციფალომიელიტი, ხოლო მისი დადგომის მომენტად განსაზღვრულია პოსტვაქცინალური პერიოდი. მეცნიერ-სპეციალისტთა მიერ ეს დაავადება აღიარებულია დაუდასტურებელი ეტიოლოგიის დაავადებად. შესაბამისად, შეუძლებელია დაზუსტებით B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის დაკავშირება დამდგარ შედეგთან, შესაბამისად, სავარაუდო მიზეზი ვერ ჩაითვლება დაავადების აუცილებელ გამომწვევ მიზეზად.
ამდენად, შეუძლებელია რა ჯანმრთელობის ზიანსა და ვაქცინაციას შორის მყარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მესამე პირის _ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს სარჩელს და მიუთითეს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა (უმოქმედებასა) და დამდგარ შედეგს შორის და რომც დაედასტურებინა, მაშინ მოპასუხის ქმედებაში უნდა ყოფილიყო მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება, ხოლო სკ-ის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანი ანაზღაურდება, როდესაც სახეზე გვაქვს ბრალეული ქმედება მოპასუხეთა მხრიდან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არ არის სამართლებრივად დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მხარეთა პაექრობის ეტაპზე მოსარჩელემ მოხნა მეორე მოთხოვნა _ მოპასუხეებს აკრძალვოდათ “გ. კორპორეიშენის” მიერ დამზადებული B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა და რეალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე განსჯის საგანი გახდა მოსარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეებს _ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას, “გ. კორპორეიშენს” სოლიდარულად დაეკისროთ 3750.000 აშშ დოლარის გადახდა გ. ქ.-ს სასარგებლოდ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფიზიკური პირის _ გ. ქ.-ს კანონიერი წარმომადგენლის, ნ. გ.-ს, სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხეებს: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას, “გ. კორპორეიშენს” სოლიდარულად დაკისრებოდათ 3.750.000 აშშ დოლარის გადახდა გ. ქ.-ს სასარგებლოდ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს ფიზიკური პირის _ გ. ქ.-ს სასარგებლოდ სოლიდარულად ერთჯერადად დაეკისრათ 1000 ლარის მინიმალური ხელფასის ოდენობის გადახდა, გადახდის დღისათვის არსებული მინიმალური ხელფასის გათვალისწინებით; ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს ფიზიკური პირის _ გ. ქ.-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიურად 50(ორმოცდაათი) მინიმალური ხელფასის ოდენობის გადახდა, გადახდის დღისათვის არსებული მინიმალური ხელფასის გათვალისწინებით 2054წ. პირველ ივნისამდე, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ გ. ქ.-ს B-ჰეპატიტით იმუნიზაციის მომენტისთვის მოქმედებდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1997წ. 2 ივლისის ¹246/ო ბრძანება, რომლის შესაბამისად, დამტკიცებულია პროფილაქტიკური აცრების კალენდარი, მათ შორის, B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით იმუნიზაციაზე. აღნიშნულ ბრძანებაში, აგრეთვე, მოცემულია აცრის Eშემდგომი შესაძლო რეაქციები, რომელთა ჩამონათვალში არ შედის BB-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინისათვის დამახასიათებელი ისეთი უკუჩვენებები, როგორიც არის სახის ნერვის პარეზი, გიემ-ბარეს სინდრომი, გაფანტული სკლეროზი, ენცეფალიტი. სასამართლო კოლეგია დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სახეზეა პოსტვაქცინალური მწვავე ენციფალომიელიტი, ანუ სასამართლო თვლის, რომ ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინაციასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა არის სახელმწიფოს ვალდებულება. სახელმწიფოს ამ ვალდებულებას ჯანმრთელობის უზრუნველყოფის სფეროში, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც ადგენს შრომის, კვების, ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების და ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის წესებს და ნორმებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მოსახლეობის სრული ინფორმირება სამედიცინო დახმარების ყველა არსებული ფორმისა და მისი მიღების შესაძლებლობების შესახებ. მე-15 მუხლის თანახმად კი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიკიტის გატარება ევალება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციაა ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მეთოდური, ინსტრუქციული დოკუმენტაციისა და ანალიზის ინფორმაციის გამოცემა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრალი გამოიხატა შემდეგში: იმ პირობის გათვალისწინებით, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამოცანაა სახელმწიფო ჯანდაცვისა და სტრატეგიულ-პროფილაქტიკურ მმართველობათა განვითარება, სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა, ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, სამინისტრო ვალდებული იყო მაქსიმალურად შეესწავლა, გააეანალიზებინა ის ინფორმაცია, რაც არსებობდა იმ დროისათვის B-ჰეპატიტის ვაქცინაციის პროცესებთან დაკავშირებით და მიეწოდებინა მოსახლეობისათვის, რათა მინიმუმამდე დაეყვანა მავნე შედეგი და უზრუნველეყო ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება სავარაუდო შედეგის მიმართ.
აცრის პერიოდისთვის მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრების კალენდარში უკუჩვენებების სრულად დაუფიქსირებლობამ მშობლებს მოუსპო არჩევანის საშუალება, გაეკეთებინა არჩევანი ვაქცინაციასა და სავარაუდო შედეგს შორის.
“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლება, მოითხოვოს, რომ პროდუქცია უსაფრთხო იყოს მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, ასევე ვრცელდება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საჯარო სამართლის სუბიექტების მიმართაც. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილში საუბარია სახელმწიფო სტანდარტებით განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სტანდარტის არარსებობის შემთხვევაში კი პროდუქციის იმ სახეობათა მიმართ, რომელთა გამოყენებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მომხმარებლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო მმართველობის შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ასეთი სტანდარტების დაუყონებლივ შემუშავება და ამოქმედება, აუცილებლობის შემთხვევაში _ შეაჩერონ პროდუქციის რეალიზაცია.
საქმის მასალებით დგინდება, რომ B-ჰეპატიტის მიმართ სახელმწიფო სტანდარტი შემუშავებული არ ყოფილა, ასეთ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული იყვნენ, უზრუნველეყოთ ამგვარი სტანდარტების შემუშავება, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა.
სსკ-ის 292-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სახეზეა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინაციასა და დამდგარ შედეგს შორის ანუ სახეზეა ზიანი. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს _ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება. ვინაიდან დღეისათვის არ არსებობს სპეციალური ნორმები, რომლებიც დაარეგულირებს პოსტვაქცინალური გართულებების კომპენსირებას, სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა სკ-ის 992-ე მუხლით. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურდიული პირის _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის არამართლზომიერ ქმედებას (უმოქმედებას) შედეგად მოჰყვა ბავშვის დაავადება, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით არის სრულიად უმწეო და ესაჭიროება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და სხვა მომსახურება. ასევე, სასამართლო კოლეგიამ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უნდა მიიღოს მატერიალური დახმარება ერთჯერადად 1000 ლარი მინიმალური ხელფასის ოდენობით (გადახდის დღისათვის არსებული მინიმალური ხელფასის გათვალისწინებით) და ყოველთვიურად 50 ლარი მინიმალური ხელფასის ოდენობა (გადახდის დღისათვის არსებული მინიმალური ხელფასის გათვალისწინებით).
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მოპასუხეების _ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა და “გ. კორპორეიშენის” მიმართ და მიუთითა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილი, რომელმაც მიიღო რა დაკვეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის თაობაზე, საკუთარი სახსრებით უზრუნველყო “გ. კორპორეიშენის” მიერ წარმოებული ვაქცინების შემოტანა საქართველოში.
“გ. კორპორეიშენი” წარმოადგენს შვეიცარიული კონსორციუმის ბრენა ბიოტექსის შემადგენლობაში არსებულ ფარმაცევტულ კომპანიას. “გ. კორპორეიშენი”, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ვაქცინების მსოფლიო სტანდარტების დონის მწარმოებელი, ჩართულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ინფიცირებული ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურ პროგრამაში.
შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდმა დააკმაყოფილა რა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განაცხადი, თავისი სახსრებით შეიძინა და უზრუნველყო “გ. კორპორეიშენის” მიერ წარმოებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ვაქცინის საქართველოში შემოტანა. ამით არც ერთი მოპასუხის (გაეროს ბავშთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა და “გ. კორპორეიშენის”) ქმედებაში არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან, მათ არ ჩაუდენიათ არამართლზომიერი ქმედება, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბრალი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ქ.-ს წარმომადგენელმა ნ. გ.-მ, ლ. ს.-ის სახ. დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
კასატორ გ. ქ.-ს წარმომადგენელი ნ. გ.-ა საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება “გ. კორპორეიშენის” ნაწილში დაუსაბუთებელია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება “გ. კორპორეიშენისთვის” პასუხისმგებლობის არდაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს იმ მოტივით, რომ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას გააჩნია ისეთი გვერდითი შედეგები, როგორიცაა: საერთო სისუსტე, ალერგიული რეაქციები, დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, აუტოიმუნური დაავადება, პარეზი, ენციფალიტი, გაფანტული სკლეროზი და კიდევ მრავალი სხვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია “გ. კორპორეიშენის” პრეპარატს არ გააჩნდა. “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პროდუქცია მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უვნებელი მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, აგრეთვე, არ აყენებდეს ზიანს მის ქონებას. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, დამამზადებელი ვალდებულია, დროულად მიაწოდოს მომხმარებელს აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევანის შესაძლებლობას. ამავე კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით კი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებათა შემცველობას და შესაძლო უკუჩვენებებს ცალკეული სახეობის დაავადებათა დროს. მოცემულ შემთხვევაში კანონის აღნიშნული მოთხოვნები დამამზადებლის _ “გ. კორპორეიშენის” მიერ შესრულებული არ ყოფილა. კასატორის მითითებით, მათთვის უცნობი იყო გამოყენებული ვაქცინის გვერდითი შედეგების შესახებ, აქიდან გამომდინარე, გ. ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლა “გ. კორპორეიშენის” ბრალითაც არის გამოწვეული, მით უფრო, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირის არსებობის ვაქცინაციასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, სასამართლოს მიერ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლოს იურიდიული პირის _ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის, რომ მათ არ განუხორციელებიათ ინფორმაციული უზრუნველყოფა ვაქცინაციის სავარაუდო შედეგების თაობაზე, რაც სწორია და გამომდინარეობს, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონიდან, მაგრამ, კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა ზემოთ მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები და არ დააკისრა პასუხისმგებლობა დამამზადებელს, რომელიც, აღნიშნული ნორმების შესაბამისად, ვალდებული იყო, დროულად მოეწოდებინა ინფორმაცია პროდუქციის შესახებ. გამომდინარე აქედან, კასატორის მოსაზრებით, “გ. კორპორეიშენი” უსაფუძვლოდ იქნა გათავისუფლებული პასუხისმგებლობისაგან.
ამასთან, კასატორის მითითებით, გ. ქ.-ს სასარჩელო მოთხოვნა უფრო მეტი მოცულობით უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვიდრე დაკმაყოფილდა, ვინაიდან მისი მკურნალობის ხარჯები უფრო მეტი იყო და ამასთან, გასათვალისწინებელი იყო დანახარჯებიც. სასარჩელო მოთხოვნასა და დაკმაყოფილებულ ნაწილს შორის სხვაობა, კასატორის მოსაზრებით, შეადგენდა 3.409,430 აშშ დოლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმებასა და მოპასუხეებისათვის: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის დამატებით, ხოლო “გ. კორპორეიშენისთვის” ზემოაღნიშნულ ორ მოპასუხესთან ერთად გ. ქ.-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 3, 409 340 აშშ დოლარის დაკისრებას.
მეორე კასატორი _ ლ. ს.-ის სახ. დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი. სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა სკ-ის 992-ე მუხლი. მითითებული მუხლის კვალიფიკაციას იძლევა იმ ელემენტების ერთობლიობის არსებობა, რაც ამ ნორმაშია მითითებული, ესენია: ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, ზიანის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული ელემენტების არსებობა დაუსაბუთებულია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ელემენტიც კი არ არსებობს, არ დამდგარა ზიანი, მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მოთხოვნა, საერთოდ არ უმსჯელია B-ჰეპატიტის ვაქცინაციის ჩატარებისას რა მართლსაწინააღმდეგო ქმედება იყო ჩადენილი; ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში რა როლი აქვს უშუალოდ სამინისტროს და შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს. გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა ვალდებულებების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველზე _ ქმედების მართლწინააღმდეგობაზე, რაც გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.
კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლომ, მართალია, ბრალეულად მიიჩნია სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, მაგრამ არ მიუთითა, თუU რა გარემოებებით და რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია ისინი ბრალეულად. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი გამორიცხულია მათი ბრალეულობა, რასაც სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასებები.
ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მომხმარებელთა უფლების დაცვის შესახებ” კანონი, ვინაიდან მითითებული კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, ხოლო პროდუქცია ამ კანონის მიხედვით არის საქონელი, მომსახურება, სამუშაო. კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას კი არეგულირებს “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონი, რომლის პირველი მუხლის შესაბამისადაც, იგი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. სასამართლომ ასევე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონი, რომელიც ქმნის სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სუბიექტთა საქმიანობისა და ამ სფეროში მართლზომიერი პრაქტიკის სახელმწიფო გარანტიების სამართლებრივ საფუძვლებს.
“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 74-ე მუხლით დადგენილია, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს გადამდებ და განსაკუთრებით გავრცელებულ დაავადებათა ნუსხას, შეიმუშავებს მათი ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ფართომასშტაბიან პროგრამებს.
ამდენად, ვაქცინის შემოტანა და მისი გამოყენება ხორციელდება მითითებული კანონის საფუძველზე სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და ამ პროგრამით განსაზღვრული წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
კასატორმა _ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რამაც განაპირობა საქმეზე დაუსაბუთებელი და არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, გამომდინარე აქედან, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი მიუთითებდა თავის საკასაციო საჩივარში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ხოლო, რაც შეეხება ...-ის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრისა და გ. ქ.-ს კანონიერი წარმომადგენელის _ ნ. გ.-ს საკასაციო საჩივრებს, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ...-ის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა მოსაზრებას ვაქცინაციასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არარსებობის თაობაზე და ადასტურებს სასამართლოს მსჯელობას პოსტვაქცინალური მწვავე ენცეფალომიელიტის არსებობის თაობაზე. აღნიშნულის საფუძველს საკასაციო სასამართლოს აძლევს საოლქო სასამართლოს მხრიდან გამოკვლეული და საქმეში წარმოდგენილი დასკვნები, რომლებიც სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მიეკუთვნება მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს. აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი, საკასაციო სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, გამორიცხოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა, ხოლო, რაც შეეხება დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რომელიც გააქარწყლებდა საქმეზე დართულ დასკვნებს, კასატორთა მიერ წარმოდგენილი არ არის. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ გ. ქ. B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრის გაკეთებამდე იყო ჯანმრთელი და უდავოა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ემთხვევა ვაქცინაციის შემდგომ პერიოდს.
საქმეში წარმოდგენილია ზალცბურგის კლინიკის წინასწარი ანგარიში, რომელიც გამორიცხავს რა სხვა მიზეზების არსებობას, აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ვაქცინაცია განხილული უნდა იქნეს მიელირის მიზეზად.
საქმეში წარმოდგენილია ერლანგერ-ნიურნბერგის ფრიდრიხ ალექსანდერის უნივერსიტეტის ორთოპედიის, ნევროლოგიის, პედიატრიის და რევმატოლოგიის კლინიკის დანიშნულება, სადაც დიაგნოზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ვაქცინაციის შემდგომ ენცოფალომიელიტზე _ ნარჩენი მწვავე ტეტრაპარეზით.
საქმეში წარმოდგენილია, ასევე, ...-ის სახელობის ბავშვთა ... საავადმყოფოს დასკვნა, რომელიც ასევე ცალსახად მიუთითებს პოსტვაქცინალურ ენციფალომიელიტზე. იგივეს ადასტურებს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის დირექტორი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთ. სპეციალისტი და ...-ის სახელობის ბავშვთა ... საავადმყოფის დირექტორი სამედიცინო ხარისხისა და კონტროლის დარგში.
რაც შეეხება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა მონაწილეობით განხორციელებულ დასკვნას, მიუხედავად ვაქცინაციასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირის გამორიცხვისა, მითითებული დასკვნა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იძლევა იმ სახის მტკიცებულებას, რომელიც შესაძლებელს გახდის გ. ქ.-ს წარმომადგენლის მოთხოვნის უარყოფას, კერძოდ, აღნიშნული დასკვნა ვერ ადასტურებს დაავადების ვირუსულ ხასიათს, ხოლო ვაქცინაციასა და კლინიკურ დაავადებას შორის კავშირს გამორიცხავს ზუსტი ბიოლოგიური მექანიზმისა და B-ჰეპატიტის ვაქცინაციის შესახებ მონაცემების არარსებობაზე მითითებით.
საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული დასკვნის მიმოხილვითი ნაწილი არათანხვედრია დასკვნითი ნაწილისა, ამასთან, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, მიიჩნევს, რომ მითითებული დასკვნა ვერ ჩაითვლება კატეგორიულ დასკვნად და ვერ იქცევა გ. ქ.-ს დაავადებასა და B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრის -პოსტ ვაქცინალურ დაავადებას შორის მიზეზობრივი კავშირის გამორიცხვის საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაავადების ვირუსულ ხასიათს და აბსოლუტურად გამორიცხავდა აცრის შედეგს.
სსკ-ის 102-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
აღნიშნული მუხლისა და სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პოსტვაქცინალური მწვავე ენციფალომიელიტი და შესაბამისად, ადგილი აქვს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვაქცინაციასა და დამდგარ შედეგს შორის.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის არსებობის ფაქტი თავისთავად წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს (მოსარჩელეს) უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ პრეპარატს, რომელიც გამოყენებულ იქნა ვაქცინაცის მიზნით, არ გააჩნდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ. თუმცა, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს იმ გვარდითი მოვლენების არსებობის ფაქტს, რომელიც შესაძლოა თან ახლდეს B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მაგ: პარეზი, გიემბარეს სინდრომი, ენცეფალიტი და ა. შ.
“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონის 26.4 მუხლის შესაბამისად, სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და გამოყენების სუბიექტები ვალდებული არიან წამლის სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია სამკურნალო საშუალების სხვა ურთიერთქმედების თავისებურებათა შესახებ, რომელიც მითითებული არ არის მათი გამოყენების ინსტრუქციაში.
სამკურნალო საშუალების მიმოქცევა, ამავე კანონის 11 მუხლის მე-18 ნაწილის შესაბამისად, მოიცავს სამკურნალო საშუალების მომზადება-წარმოებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ “გ. კორპორეიშენის” მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებული ინფორმაციის მიწოდების ფაქტს, დაუშვებელია აღნიშნული სუბიექტის პასუხისმგებლობის გამორიცხვა და ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას მითითებული კორპორაციის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიჩნიოს, რომ სახეზეა უმოქმედობით გამოწვეული ზიანი, რომელიც, სკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს და რომლის ანაზღაურებაც “გ. კორპორეიშენთან” ერთად უნდა დაეკისროს სახელმწიფოს _ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის მე-4 და მე-15 მუხლების პრინციპებიდან გამომდინარე და დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს, როგორც იმუნიზაციის პროგრამის უშუალო მონაწილე პირს.
რაც შეეხება დასაკისრებელი თანხის ოდენობას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკას და ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა პოსტვაქცინალური გართულების შედეგად გასაცემი კომპენსაციის ოდენობას, მიიჩნევს, რომ თანხა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან, ამასთან თვლის, რომ დასაკისრებელი თანხის ოდენობა არ უნდა უგულებელყოფდეს სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს და შესაბამისობაში უნდა იყოს იმ ხარჯებთან, რაც გაწეულია მოსარჩელის მხრიდან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკომპენსაციო თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 90000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს ყველა მოპასუხეს თანაბარწილად.
რაც შეეხება ყოველთვიური სარგოს ოდენობას, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი სარეაბილიტაციო პროგრამის გათვალისწინებით თვლის, რომ სახელმწიფოს _ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით გ. ქ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თანხა ყოველთვიურად 50 ლარის მინიმალური ხელფასის ოდენობით მანამდე, სანამ გ. ქ.-ა მოექცევა სოციალური დაცვის განსხვავებულ რეჟიმში, კერძოდ კი სარგოს გაცემის ვადა უნდა განისაზღვროს 2054 წლამდე, რაშიც საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაკისრებული თანხა მოიცავს მატერიალურ ზიანს, ხოლო, რაც შეეხება მორალურ ზიანს, აღნიშნული, მოთხოვნის არარსებობის გამო, ვერ იქცეოდა სასამართლოს მსჯელობის საგნად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკისრებული თანხის ნაწილში, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ უნდა იყოს იქნეს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ...-ის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გ. ქ.-ს კანონიერი წარმომდგენელ ნ. გ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
5. გ. ქ.-ს კანონიერი წარმომადგენელ ნ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
ა) მოპასუხეებს _ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ...-ის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრსა და “გ. კორპორეიშენს” გ. ქ.-ს სასარგებლოდ გადახდეთ 90000 ლარი თანაბარწილად;
ბ) გადახდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გ. ქ.-ს სასარგებლოდ თანხა ყოველთვიურად 50 მინიმალური ხელფასის ოდენობით გადახდის დღისათვის არსებული მინიმალური ხელფასის გათვალისწინებით 2054წ. 1 ივნისამდე;
6. გ. ქ.-ს კანონიერი წარმომადგენელ ნ. გ.-ს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.