Facebook Twitter
ბს-435-26(კ-05) 30 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 7 აპრილს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ჩ.-მ მოპასუხეების _ ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა 22362 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მონაწილეობა მიიღო 1997წ. 11 სექტემბერს ჩატარებულ კონკურსში, გადაიხადა ქონების ღირებულება 3056.03 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგადაც მოპასუხისაგან მიიღო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/302. აღნიშნული კონკურსის შედეგები სადავო გახდა და 2002წ. 30 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მასსა და მოპასუხეს შორის 1997წ. 19 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1997წ. 19 სექტემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/302.
თ. ჩ.-ი განმარტავდა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პრივატიზების ბათილობის მიზეზად მითითებული იყო თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ დაშვებული დარღვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურსის ჩატარების დროისათვის “საკუთრების უფლების შესახებ’’ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, ხოლო, ვინაიდან საქმე ეხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნებას _ ფინანსთა სამინისტროს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სკ-ის 1507 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, რადგან მის მიერ პრივატიზებული იყო უძრავი ნივთი და უძრავი ნივთების შესახებ ახალი სამოქალაქო კოდექსი ახალ წესებს ითვალისწინებდა, მოქმედებდა ახალი სამოქალაქო კოდექსი.
მოსარჩელის განცხადებით, მას ზიანი მიადგა შეძენილი ქონების ღირებულების გადასახადით 3056.03 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, აგარაკის ქირავნობის შედეგად 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით, მის მიერ გადახდილი 306 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით, რომელიც სკ-ის 423-ე მუხლის შესაბამისად მას უნდა დაბრუნებოდა ორმაგად, საიჯარო ქირის 402.38 ლარისა და იურისტის მომსახურების ხარჯების 4000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარის გადახდით. მთლიანობაში, თ. ჩ.-ის განცხადებით, ზიანის ოდენობა შეადგენდა 22362 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარის და 402.38 ლარს.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ნოემბერის გადაწყვეტილებით თ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კონკურსის შედეგად გადახდილი თანხა ქონებრივი დანაკლისი _ 3056,03 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და საიჯარო ქირა _ 402,38 ლარი, სულ 9056,03 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 402.38 ლარი; თ. ჩ.-ს უარი ეთქვა ბეს სახით გადახდილ 306 აშშ დოლარის ორმაგად ანაზღაურებასა და აგარაკის დაქირავებისათვის გადახდილი 15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და ახალი გადაწყვეტილებით სამმართველოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის განცხადებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 457-ე მუხლი, რადგან სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა, დადებული იყო 2002წ. 29 ივნისს და რადგანაც სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, დავა უნდა მოწესრიგებულიყო სკ-ის ნორმათა შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა 1997წ. 25 ნოემბრიდან.
აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, აპელანტის განცხადებით, თ. ჩ.-სა და იურისტ ნ. ჯ.-ს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, ხოლო მოჩვენებითი გარიგება უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენდა და იგი სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა, როგორც წერილობითი მტკიცებულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ჩ.-ის სარჩელი ადვოკატის ხარჯების გამო ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულება არ იყო დამოწმებული სანოტარო წესით და ასევე არ იყო ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების მეორე გვერდზე დაფიქსირებული თანხების მიღება-ჩაბარება. აღნიშნული კი საეჭვოდ ხდიდა ხელსეკრულებაში დაფიქსირებული თანხების მიღება-ჩაბარების რეალობას.
სააპელაციო სასამართლოს აზრით ასევე არ იყო დადგენილი ნ. ჯ.-მ ნამდვილად მიიღო თუ არა სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსავლები საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ.-მ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის იურისტის მომსახურების ხარჯების _ 6000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განცხადებით, როდესაც სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სახის ხელშეკრულება ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული, იგი ვერ უთითებს ვერცერთ ნორმაზე, რადგან, თ. ჩ.-ის აზრით, ასეთი გარიგება ნოტარიულად დამოწმებას არ საჭიროებს.
კასატორის აზრით, მოქმედი კანონმდებლობა სხვა წესს, გარდა ფიზიკური პირის ხელმოწერისა, თანხის მიღების დასადასტურებლად არ ცნობს და შესაბამისად, არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში.
კასატორი მიუთითებს, რომ მას არ ეხება იმ საკითხის გარკვევა, ნ. ჯ.-მ მიღებული თანხიდან გადაიხადა თუ არა ბიუჯეტში რაიმე თანხა და ამ მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის ვალდებულება მას არ გააჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ თ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმყაოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივარი, ისევე როგორც სასარჩელო მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ემყარება საქმეში წარმოდგენილ 2000წ. 29 ივნისს კასატორსა და იურისტ ნ. ჯ.-ს შორის გაფორმებულ სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულებას, რომლის მეორე გვერდზე ნ. ჯ.-ი ხელმოწერით ადასტურებს თ. ჩ.-ისაგან 6000 აშშ დოლარის მიღებას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან მოქმედი კარნონმდებლობა თანხის მიღების დადასტურების სხვა წესს, გარდა ფიზიკური პირის ხელმოწერისა, არ იცნობს, აღნიშნული ხელშეკრულება სარჩელის დაკმყაოფილების აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ეს ხელშეკრულება არ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში თანხების მიღება-ჩაბარების ფაქტის რეალობის უტყუარ დამადასტურებელ მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ, როგორც გ. ს.-ის სარჩელთან დაკავშირებით არსებული საქმიდან ირკვევა, ამ საქმის განხილვისას სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში კასატორის ინტერესებს იცავდნენ გ. ჯ.-ე და ა. ა.-ი და ნ. ჯ.-ს არანაირი მონაწილეობა სასამართლო სხდომებში არ მიუღია, რაც კიდევ ერთხელ ნათელყოფს მომსახურების ხელშეკრულების, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების ერთადერთ მტკიცებულების უსაფუძვლობას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კასატორ თ. ჩ.-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ თ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრცაიული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. თ. ჩ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 240 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.