საქმე №ას-394-373-2012 21 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. წ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ... ... ... ... ...-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „... ... ... ... ... ...-ის“ მიმართ, არასწორი მკურნალობის გამო, მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა შემდეგი: მორალური ზიანის -1000000 ლარის, გადაწყვეტილების გამოტანიდან მოსარჩელის 75 წლის ასაკის მიღწევამდე თვეში 180 კათეტერის შეძენისათვის 75 ლარის, სამედიცინო კონსულტაციებისათვის თვეში 159 ლარის, ჩატარებული ანალიზების ღირებულების - 619 ლარის, მედიკამენტებით მკურნალობისათვის დახარჯული 2035,77 ლარის, ოპერაციისა და ოპერაციის შემდგომი პერიოდისათვის გადახდილი თანხის - 924,17 ლარის, 2536,24 ლარის, მაღალმთიან რეგიონში სამკურნალო-სანატორიული დასვენებისა და მკურნალობისათვის თვეში 1050 ლარის გადახდა. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2003 წლის ივლისში ნ.წ-მა სამედიცინო დახმარების მიზნით მიმართა ... ... ...-ს, სადაც კლინიკო-ლაბორატორიულ ექოლოგიური გამოკვლევებით დაუდგინდა არასწორი დიაგნოზი და ჩაუტარდა ანტიბაქტერიოლოგიური მკურნალობა, რომელიც სხვა მედიკამენტებთან ერთად მოსარჩელეს უტარდებოდა ასევე პრეპარატ „ნ-ის“ გამოყენებით, მოპასუხეს აღნიშნული პრეპარატი ბოლოს 2001 წლის 13 თებერვალს მიეწოდა, რომლის ვარგისიანობის ვადაც 1 წლით განისაზღვრება, ამდენად, შარდის ბუშტის ინსტილაციის დროისათვის უროლოგიის ცენტრს არ შეიძლება ჰქონოდა „ნ-ის“ 0,5%-იანი ხსნარი, შესაბამისად, პროცედურის ჩატარებისას გამოყენებულ იქნა ამ პრეპარატის 20%-იანი ან 100%-იანი კონცენტრატი, რამაც გამოიწვია მოსარჩელის შარდის ბუშტის დამწვრობა, აღნიშნულს შედეგად სხვა გართულებებიც მოჰყვა და არაოპერაციული ჩარევით მკურნალობას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. 2003 წლის 20 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული №1390/03 ხელშეკრულებით ... ...-მა იკისრა ნ.წ-ის სათანადო მკურნალობის ვალდებულება. 2003 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელეს ჩაუტარდა ცისტოსკოპია და შარდის ბუშტის დათვალიერების შედეგად შედგა ოქმი, რომლის თანახმადაც ლორწოვანი პრაქტიკულად არ ისახება, ღრუ ტრაბეკულური, აღინიშნება რამოდენიმე დივერტიკული, ბუშტის ტევადობა 100 მლ. 2003 წლის 20 დეკემბერს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის დარღვევით, მოსარჩელეს კვლავ ჩაუტარდა ოპერაცია - შარდის ბუშტის აუგმენტაცია სიგმის მარყუჟის გამოყენებით, რამაც მეტად გააუარესა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არასწორი მკურნალობის შედეგად მოსარჩელე დაავადდა უროლოგიური დაავადებით და მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლად ის საჭიროებს კონსულტაციებსა და კონსერვატიულ მკურნალობას უროლოგის, ნეფროლოგისა და თერაპევტის მუდმივი მეთვალყურეობით, მკურნალობის ერთ-ერთ სახეს თვითკათეტერიზაცია წარმოადგენს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. 2004 წლის 12 ივლისს ნ.წ-ს ოპერაცია ჩაუტარდა პ. კ. ს-ში. ოპერაციამდე ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევებით პაციენტს დაუდგინდა მწვავე სტრანგულაციური გაუვალობა, რისი გამომწვევი მიზეზიც 2003 წლის 20 დეკემბერს მოპასუხის მიერ ჩატარებული ოპერაციაა. აღნიშნულს ადასტურებს №... ავადმყოფის სამედიცინო ბარათი და ოპერაციის ოქმი თანდართული ჩანაწერები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების უმთავრესი წინაპირობა - დამდგარი შედეგის მიმართ მოპასუხის ბრალი. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ ნ.წ-ს შარდის ბუშტის ინსტალაცია 20 ან 100%-იანი „ნ-ის“ ხსნარით ჩაუტარდა, ნ. წ-ი ექიმ ჩ-ისათვის მიმართვამდე დაავადებული იყო ქრონიკული ცისტიტით, რაც მოსარჩელის მოსაზრებით წარმოადგენს ქიმიურ დამწვრობასა, ხოლო სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, შარდის ბუშტის შეჭმუხვნას, მოსარჩელეს ჩაუტარდა გამოკვლევები და „პაციენტთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოპერტაციაზე, შესაძლო გართულებასა და ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაზე, მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც მოსარჩელე გარკვევით აწერს ხელს, რომ გაფრთხილებულია მოსალოდნელ ოპერაციულ და ანესთეზიოლოგიურ გართულებებზე და განაცხადა თანხმობა, ოპერაცია და მისი შემდგომი მკურნალობა მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების დაცვით ჩატარდა, ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, მის მიერ სამედიცინო მომსახურების ხარჯების გაწევის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ პაციენტი ნ. წ-ი სს „... ... ... ... ... ...-ში“ შევიდა 2003 წლის 15 დეკემბერს ჩივილებით ჰემატურია, დიზურია, სუბფიბრილიტეტი და ხშირი შარდვა. 2003 წლის 17 დეკემბერს ნ. წ-ს სს „... ... ... ... ... ...-ში“ ჩაუტარდა ოპერაცია ცისტოსკოპია, შარდის ბუშტის დათვალიერების შედეგად შედგა ოპერაციის ოქმი. 2003 წლის 20 დეკემბერს ნ. წ-ს სს „... ... ... ... ... ... ...-ში“ ჩაუტარდა ოპერაცია შარდის ბუშტის აუგმენტაცია სიგმის მარყუჟის გამოყენებით. 2004 წლის 12 ივლისს ნ. წ-ს ქ.თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ზოგად ქირურგიულ კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციამდე ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევებით მას დაუდგინდა ნაწლავთა მწვავე სტანგულაციური გაუვალობა. 2003 წლის ივლისში ნ. წ-ს უტარდებოდა ანტიბაქტერიოლოგიური მკურნალობა შარდის ბუშტის ინსტალაციები დიოქსინით და არაკონცენტრირებული „ნ-ით“, რასაც არ გამოუწვევია შარდის ბუშტის შეჭმუხვნა (დამწვრობა). არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება, რომ შარდის ბუშტის კონცენტრირებული „ნ-ით“ გამორეცხვის შედეგად ნ.წ-მა მიიღო შარდის ბუშტის ქიმიური დამწვრობა, რადგან ექსპერტის სახით საქმეზე დაკითხულმა დ. ქ-მა განმარტა, რომ „სამედიცინო პრაქტიკაში 20%-იანი და 100%-იანი ნ-ის ხსნარი არ იხმარებოდა. ექიმს რომ შეცდომით 20%-იანი ან 100%-იანი ნარგოსეპტით ჩაეტარებინა გამორეცხვა, სავარაუდოდ, ის გამოიწვევდა შარდის ბუშტის ისეთ დაზიანებას, რომელიც არა მარტო ამ ორგანოთი შემოიფარგლებოდა, არამედ აუცილებლად დააზიანებდა პირველ რიგში შარდის ბუშტის ყელს და მოახდენდა რამდენიმე ხანში შარდის ბუშტიდან გაჟონვას და ამ ნ-ის სხვა ორგანოებში გადასვლას. ასეთი ავადმყოფი მოხვდებოდა საოპერაციოში და რამდენიმე ხანში გარდაიცვლებოდა“, ხოლო 2009 წლის 26 იანვრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასამართლოს შეკითხვაზე – შესაძლებელი იყო თუ არა ადგილი ჰქონოდა კონცენტრირებული „ნ-ის“ ხსნარით გამორეცხვას და რა შედეგები დადგებოდა, ექსპერტმა განმარტა, რომ „თუ იქნებოდა ძლიერი კონცენტრირებული რაიმე ხსნარი, რომელსაც შეეძლო შარდის ბუშტის სერიოზული ქიმიური დაზიანება, ის ყველა შემთხვევაში დააზიანებდა ურეთრას ანუ შარდსადინარ ხვრელს და შემდგომ შარდის ბუშტის ყელს. ჩვენი გამოკვლევის არც ერთ ნაწილზე დაზიანების ასეთი კვალი აღმოჩენილი არ იყო“. ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტის დაკითხვის შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შარდის ბუშტის ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ადგილი ექნებოდა შარდის ბუშტის ყელის და შარდსაწვეთი ხვრელების დაზიანებას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა. სასამართლომ მიუთითა სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის“ 2007 წლის 18 იანვრის №43/21 წერილზე, რომლის თანახმადაც ნ. წ-ი იმყოფებოდა აღრიცხვაზე სსიპ „საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პოლიკლინიკაში“ (ამბულატორიული ბარათი №...). პოლიკლინიკის შრომის უუნარობის ფურცლების რეგისტრაციის ჟურნალში მითითებული ჩანაწერების თანახმად, ნ. წ-ი 2002 წლიდან დაავადებული იყო შარდ-კენჭოვანი დაავადებით, ხოლო 2003 წლიდან ჰქონდა ქრონიკული ცისტიტის გამწვავება, ორმხრივი ურეტეროპიელოექტაზია, შარდკენჭოვანი დაავადება, რაც ნ. წ-ს სადავოდ არ გაუხდია. 2004 წლის 12 ივნისს პაციენტზე განვითარებული ნაწლავთა მწვავე სტანგულაციური გაუვალობა არ წარმოადგენდა 2003 წლის 20 დეკემბერს სს „... ... ... ... ... ...-ში“ ჩატარებული ოპერაციის უკუჩვენებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2005 წლის 16 ივნისის დასკვნაში კითხვაზე - შეიძლება თუ არა ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეხორცებითი დაავადების შესაძლო განვითარება ჩაითვალოს ოპერაციის უკუჩვენებად, ექსპერტიზამ განმარტა, რომ შეხორცებითი გაუვალობის არც თუ მაღალი რისკი არსებობდა მუცლის ღრუზე წარმოებული ნებისმიერი ჩარევის შემდეგ და, დასაბუთებული ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ამ გართულების ალბათობა თავისთავად არ წარმოადგენდა ოპერაციული ჩარევის უკუჩვენებას. მოსარჩელე ინფორმირებული იყო ოპერაციის მოსალოდნელი შედეგებისა და გამოსავლის შესახებ. სასამართლომ მიუთითა 2003 წლის 14 დეკემბერს ...-სა და ნ. წ-ს შორის გაფორმებულ №1390/3 ხელშეკრულებაზე, სადაც მოსარჩელე ნათლად და ცალსახად ხელს აწერდა ტექსტზე: „გაფრთხილებული ვარ მოსალოდნელ ოპერაციულ და ანესთეზიოლოგიურ გართულებებზე და თანახმა ვარ ოპერაციაზე“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მსჯელობა, რომ მისთვის უცნობი იყო ოპერაციის შემდგომ თვითკათეტერიზაციის თაობაზე. სს „... ... ... .. ... ...-ში“ პაციენტ ნ. წ-ს დაესვა სწორი დიაგნოზი, ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციები, დანიშნული მკურნალობის კურსი შეესაბამებოდა შესაბამისი დაავადებისათვის განკუთვნილ მკურნალობის კურსს, ამასთანავე, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება, რომ სს „...-ში“ არაადეკვატური მკურნალობა გაეწია პაციენტ ნ. წ-ს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №კ/112 დასკვნაზე, რომლითაც დადგენილი იყო, რომ ოპერაციის სასიცოცხლო აუცილებლობა განპირობებული იყო ზედა საშარდე გზებში განვითარებული უროპათიითა და მორეციდივე პიელონეფრიტით შარდის ბუშტის შეჭმუხვნის გამო, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევდა თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას. შარდის ბუშტის ტევადობის შემცირება აუცილებლად მოითხოვდა მკურნალობას თირკმელების დაცვის მიზნით. ასეთ მდგომარეობაში ახალგაზრდა, სხვამხრივ ჯანმრთელ პაციენტებში, უპირატესობა ენიჭებოდა შარდის ბუშტის აუგმენტაციას, რომელიც წარმოადგენდა აღიარებულ მკურნალობის მეთოდს. მისი სწორად ჩატარებისა და შარდის ნაწლავური ბუშტის რეგულარული დაცლის პირობებში (მოშარდვით თუ თვითკათეტერიზაციით) თირკმელის ქრონიკული უკმარისობა არ უნდა განვითარებულიყო. ნ. წ-ს 2003 წლის 20 დეკემბერს ჩაუტარდა შარდის ბუშტის აუგმენტაცია. ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა ჩატარებული იყო მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. 2007 წლის 20 ნოემბერს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა, რომ ნ. წ-ს ჩაუტარდა ცისტოსკოპია, რომლის თანახმად, ურეთრა ინტაქტურია, გამავალი, შარდის ბუშტი გაივსო 400 მლ ფიზიოლოგიური ხსნარით, შარდის ბუშტის ყელი ინტაქტური იყო, ნათლად ჩანდა ზედა და ქვედა ნახევარი ჰიპერემიის გარეშე, ნორმალური ლორწოვანით, ლეიტოს სამკუთხედი მდებარეობდა თავის ანატომიურ ადგილზე, შარდსაწვეთი ხვრელები მდებარეობდა ანატომიურად თავის ადგილზე, სიმეტრიულად. ორივე შარდსაწვეთის ხვრელი პირღია იყო, მეტად მარცხნივ. ლეიტოს სამკუთხედის ზევით მოჩანდა ნაწლავოვანი რეზერვუარი, მათ შორის აღინიშნებოდა პოსტოპერაციული ნაწიბურები. მიღწეული იყო ოპერაციის მთავარი მიზანი, კერძოდ, მოხდა შარდის ბუშტის ტევადობის გაზრდა, რაც იყო ზემო საშარდე გზების ანუ შარდსაწვეთებისა და თირკმელების დამცავი. ექსპერტის სახით დაკითხულმა დ. ქ-მა კითხვაზე - მიღწეული იქნა თუ არა შედეგი, რაც დადგენილი იყო ოპერაციამდე, უპასუხა შემდეგი: „აღნიშნული ოპერაციის წარმატებულობა ფასდებოდა რამდენიმე კრიტერიუმით: თირკმელის მდგომარეობა, კრეატინის დონე სისხლში, მოშარდვის სიმპტომები, შეუკავებლობა ანუ შარდის შეუკავებლობა და მუდმივი სუბფებრედიტეტი. წარმოდგენილ მასალებში აღნიშნული მონაცემები ნორმალიზებული იყო ოპერაციის შემდგომ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოპერაციის შედეგი მიღწეული იყო“. თვითკათეტერიზაციის საკითხი, ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენდა სუბიექტური შეფასების საკითხს, თუმცა, ლიტერატურაში არსებული მონაცემებით, აღნიშნული ოპერაციის გადატანის შემდეგ პაციენტს თვითონ უნდა განეხორციელებინა მოშარდვის აქტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს დაევალა იმ მტკიცებულებათა გამოკვვლევა, რომელთაც სამედიცინო დაწესებულება უთითებს თავისი არაბრალეულობის დასადასტურებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაადგინა, რომ აპელანტს (მოსარჩელეს) მისი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის დასამტკიცებლად მოჰყავს 2003 წლის 7 ივნისს ...-ში ექიმ ნ. თ-ის მიერ ჩატარებული ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ „შარდის ბუშტის კონტურები - სადა, კედლები ყელის არეში - გამკვრივებული, ღრუ სუფთა“, ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ დგინდებოდა შარდის ბუშტის შეჭმუხვნა, ამისათვის საჭირო იყო ცისტოსკოპიის ჩატარება. შარდის ბუშტის ქრონიკული ანთებითი პროცესის პირველადი კვლევის მეთოდს ულტრასონოგრაფია არ წარმოადგენდა, ხოლო იმ მეორადი სადიაგნოსტიკო ნიშნებიდან, რომლებიც ულტრასონოგრაფიული კვლევისას ვლინდება შარდის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს, ულტრასონოგრაფიის სპეციალისტს აღწერილი აქვს კიდევაც თავის დასკვნაში „კედლები ყელის არეში - გამკვრივებული 3-4 მმ-ით“. პალატა დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ფაქტი მიუთითებდა ...-ისადმი მიმართვის დროისათვის ნ. წ-ის შარდის ბუშტის ქრონიკული ანთების (ცისტიტის) გამწვავებას. საქართველოს შსს „ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პოლიკლინიკის“ შრომის უუნარობის ფურცლების რეგისტრაციის ჟურნალში მითითებული ჩანაწერებით პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტი ყველაზე გვიან 2002 წლიდან უკვე იყო დაავადებული შარდკენჭოვანი დაავადებით და 2003 წლიდან ჰქონდა ქრონიკული ცისტიტის გამწვავება. გაზიარებულ იქნა ექსპერტების დასკვნა, რომ „ნ-ით“ გამორეცხვა არ იწვევდა შარდის ბუშტის შეჭმუხვნას. მედიცინაში არსებული ლიტერატურის მიხედვით, შარდის ბუშტის შეჭმუხვნას იწვევს ინფექცია, ტუბერკულოზური ან ინტერსტიციალური ცისტიტი. ნ. წ-ი ... ...-ში მისვლამდე დაავადებული იყო ქრონიკული ცისტიტით, რაც შარდის ბუშტის შეჭმუხვნის მიზეზი გახდა. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის (მოსარჩელის) მითითებას, რომ მას შარდის ბუშტის შეჭმუხვნა, ანუ მისი მოცულობის შემცირება განუვითარდა ექიმ ვ.ჩ-ის მიერ „ნ-ის“ კონცენტირებული ხსნარით გამორეცხვის შედეგად, რის დასადასტურებლადაც მხარემ მიუთითა ...-დან გაცემულ №77 ფორმაზე (სადაც მითითებული იყო პაციენტის შარდის ბუშტის ქიმიური ნივთიერებით დაზიანების თაობაზე), აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა დაეთანხმა მოწინაარმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ პაციენტის შარდის ბუშტის ქიმიური ნივთიერებით დაზიანების თაობაზე ჩანაწერი წარმოადგენდა ანამნეზს (პაციენტის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია). პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ ექსპერტ - პროფესორ დ. ქ-ის განმარტებაზე „ნ-ის“ ხსნარის 20 და 100%-იანი კონცენტრატის გამოყენების შესახებ, 2009 წლის 26 იანვარს სხდომაზე დაკითხული ექსპერტის განმარტებაზე და მიიჩნია, რომ შეუძლებელია ...-ის მიერ გაცემული №77 ფორმაში მითითებული ქიმიური დამწვრობა ანამნეზი არ ყოფილიყო, სხვაგვარად, ანუ აღნიშნულ ფაქტს ნამდვილად თუ ექნებოდა ადგილი, მაშინ ასეთი სახის ე.წ მკურნალობა ფატალური შედეგით დასრულდებოდა და ნ. წ-იც მოსარჩელე ვერანაირად ვერ იქნებოდა. №77 ფორმის გამცემი ექიმი ვ.ჩ-ი ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ქიმიური დამწვრობის შესახებ ინფორმაცია ანამნეზი იყო და ეს ჩანაწერი მან პაციენტის დაჟინებული თხოვნით შეასრულა, რათა ამ უკანასკნელს გაეგრძელებინა ბიულეტენი და არ დაეკარგა სამსახური. მკურნალი ექიმის - ვ.ჩ-ის მიერ ბრალეული ქმედების ჩადენისა და პაციენტის ჯანმრთელობისათვის 2003 წლის ივნისში ზიანის მიყენების შემთხვევაში, აპელანტი 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებდა მის მიერ მითითებული ხარისხით ქიმიურ დამწვრობის მოთმენას, ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შარდის ბუშტის ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ადგილი ექნებოდა შარდის ბუშტის ყელის და შარდსაწვეთი ხვრელების დაზიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. სასამართლომ არ გაიზიარა ნ.წ-ის მითითება არსებული მდგომარეობის არასწორი მკურნალობით გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო საკონსულტაციო დასკვნას ემყარებოდა, რადგანაც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა საქართველოში ჩატარებული ორი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ასევე მოსკოვის უროლოგიის ინსტიტუტის დასკვნა, შესაბამისად, პალატამ უპირატესი მნიშვნელობა სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო საკონსულტაციო ცენტრის დასკვნას საქართველოს საექსპერტო დაწესებულებებთან შედარებით არ მიანიჭა, უფრო მეტიც, გაზიარებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება ხსენებული საკონსულტაციო ცენტრის დაბალი პროფესიონალიზმის თაობაზე (რადგან თავის დასკვნაში მან მიუთითა, რომ შესაძლოა ოპერაციის შედეგად აპელანტს გადაუნერგეს გვამური შარდის ბუშტი. მედიცინაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანისათვის ცნობილია, რომ უცხო ორგანოს გადანერგვა ურთულესი პრობლემაა და ამ დროს პაციენტი საჭიროებს საკუთარი იმუნური სისტემის ხელოვნურ დათრგუნვას, ასეთი რამ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების გადანერგვის დროს). არ იქნა გაზიარებული ნ.წ-ის სააპელაციო პრეტენზია ოპერაციის მოსალოდნელი შედეგების შესახებ მისი არაინფორმირებულობის თაობაზე, 2003 წლის 14 დეკემბერს ... ...-სა და ნ. წ-ს შორის გაფორმებულ №1390/3 ხელშეკრულების მითითების გამო, სადაც პაციენტი ხელს აწერდა მითითებას „გაფრთხილებული ვარ მოსალოდნელ ოპერაციულ და ანესთეზიოლოგიურ გართულებებზე და თანახმა ვარ ოპერაციაზე“. დაუსაბუთებლად იქნა ასევე მიჩნეული აპელანტის მტკიცება, რომ ოპერაცია არასასიცოცხლო ჩვენებით ჩატარდა და, რომ ამის აუცილებლობა არ იყო. პალატამ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ოპერაციის სასიცოცხლო აუცილებლობა განპირობებული იყო ზედა საშარდე გზებში განვითარებული უროპათიითა და მორეციდივე პიელონეფრიტით საშარდე ბუშტის შეჭმუხვნის გამო, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევდა თირკმლების უკმარისობის ტერმინალურ (საბოლოო) სტადიას, ანუ პაციენტს დასჭირდებოდა მუდმივად დიალიზზე (ხელოვნური თირკმელი) ყოფნა, ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტი თავად ოპერაციის წარმატებით ჩატარების ფაქტს სადავოდ არ ხდიდა.
პალატის მითითებით, ნ.წ-ი სს „... ... ... ... ... ...-სათვის“ ჯანმრთელობისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების მიერ მისთვის არაკვალიფიციურად და არასწორად ჩატარებულმა სამედიცინო ქმედებებმა გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, რითაც მას მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1007-ე მუხლებით და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მისი არაბრალეულობა ზიანის დადგომაში. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 3 მაისის №კ/112 და 2007 წლის 5 ნოემბრის №2/1179-06 დასკვნებით, ასევე ექსპერტ-უროლოგ დ. ქ-ის დამატებითი განმარტებებით, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ პაციენტ ნ. წ-ის გამოკვლევა და მკურნალობა ჩატარდა სწორად, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით დაადასტურა ნ.წ-ისათვის სწორი მკურნალობის გაწევა, ხოლო მას ბრალი არ მიუძღოდა ზიანის დადგომაში, რაც გამორიცხავდა ზიანის მიყენების გამო მოპასუხისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ სამედიცინო მომსახურების თაობაზე არ არსებობდა პაციენტ ნ. წ-ის ინფორმირებული თანხმობა, რითაც დაირღვა „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან ასეთი თანხმობის მიღება სავალდებულო იყო. პალატამ მიუთითა ამავე ნორმის პირველ პუნქტზე, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და ჩათვალა, რომ 2003 წლის 14 დეკემბერს ... ...-სა და ნ. წ-ს შორის გაფორმებულ №1390/3 ხელშეკრულებაზე პაციენტის ხელმოწერის არსებობა ზემოაღნიშნულ დარღვევას გამორიცხავდა, ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სამედიცინო მომსახურების თაობაზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არარსებობის შემთხვევაშიც, მოპასუხე სს „... ... ... ... ... ...-ს“ ვერ დაეკისრებოდა ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, ვინაიდან ამ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი. პაციენტისათვის ოპერაციის გაკეთება იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარისათვის ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის - 2536,17 ლარის (ყოველთვიურად 12,94 თეთრი), კათეტერის შესაძენად ყოველთვიურად 120 ლარის, სამედიცინო კონსულტაციის ხარჯებისათვის ყოველთვიურად 159 ლარის, ოპერაციისა და მისი შემდგომი პერიოდის ხარჯების - 929 ლარის, ჩატარებული ანალიზებისათვის დახარჯული თანხის - 619 ლარის, მედიკამენტებით მკურნალობისათვის გაწეული 2035 ლარის, მაღალმთიან რეგინში სამკურნალო-სანატორიული დასვენებისა და მკურნალობისათვის ყოველწლიურად 1050 ლარისა და მორალური ზიანის - 1000000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა სს „... ... ... ... ... ...-ის“ ბრალის არარსებობა ნ.წ-ის ჯანმრთელობის დაზიანებაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობა სერიოზულადაა დაზიანებული, ასევე ის, რომ ნ.წ-ს 2003 წლის ივლისში ... ...-ში უტარდებოდა ანტიბაქტერიული მკურნალობა, შარდის ბუშტის ინსტალაციები „დ-ითა“ და „ნ-ით“, რასაც შედეგად პაციენტის შარდის ბუშტის დაზიანება და ოპერაციის ჩატარება მოჰყვა. ნ.წ-ის განმარტებით, მას ექიმის გაუფრთხილებლობით შარდის ბუშტის საბოლოო გამორეცხვა ჩაუტარდა ექიმის მიერ შეტანილი ხსნარით, სავარაუდოდ კონცენტრირებული ანტისეპტიკური ხსნარით, რის შედეგადაც პაციენტმა იგრძნო შარდის ბუშტის აუტანელი ტკივილი, აღნიშნულის გამო მას ჩაუტარდა გამორეცხვა, თუმცა მიუხედავად გამორეცხვისა, დაუზიანდა შარდის ბუშტი. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია ანამნეზად საქმეში წარმოდგენილი №077 სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული „ქიმიური დამწვრობა შარდის ბუშტის ყელის“, მაშინ, როდესაც აღნიშნული ექიმის მიერ დასმული დიაგნოზია და ადასტურებს ნ.წ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა გამორიცხავს სასამართლოს მოსაზრების გაზიარების შესაზლებლობას, სამედიცინო დაწესებულების არაბრალეულობის თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 აპრილის განჩინებაში გარკვევითაა მითითებული, რომ ამ მტკიცებულებათა არსებობის პირობებში, გაუგებარია ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეწონილობა, მით უმეტეს, რომ ექსპერტის დასკვნები და სააპელაციო სასამართლოში დაკითხული ექსპერტ დ.ქ-ის განმარტებანი ურთიერთგამომრიცხავია. 2006 წლის 3 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტს შარდის ბუშტის შეჭმუხვნა განუვითარდა, რამაც ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა გამოიწვია, აქვე აღნიშნულია, რომ „არსებობს დიაგნოზი, შარდის ბუშტის დაზიანება, რაც შედარებით ცუდად შესწავლილი დარგია. ძნელია საუბარი ბუშტის დაზიანებაზე პრეპარატ „ნ-ის“ ინტალაციის მოკლე კურსით... არსებული ინფორმაცია არასაკმარისია რაიმე დასკვნის გასაკეთებლად“, ექსპერტ ლ.ჩ-ს განმარტებით, კონცენტრირებული „ნ-ის“ გამოყენებით არათუ შარდის ბუშტის შეჭმუხვნა, არამედ, უფრო მძიმე შედეგის დადგომაა შესაძლებელი, ხოლო ექსპერტ ლ.ქ-ის განმარტებით, პრაქტიკაში „ნ-ის“ 20%-აინი და 100%-იანი ხსნარი არ გამოიყენება. მისი გამოყენების შემთხვევაში, ჯერ შარდის ბუშტის ყელი, ხოლო შემდეგ, შარდის ბუშტი დაზიანდებოდა და ფატალურ შედეგს გამოიწვევდა. სააპელაციო სასამართლო ყოველგვარი შეფასების გარეშე იზიარებს ექსპერტ ლ.ქ-ის დასკვნას და არასწორ შეფასებას აძლევს №77 სამედიცინო ფორმაში მითითებულ დიაგნოზს. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას პალატამ არასწორად არ შეაფასა ის გარემოება, რომ მკურნალობის ჩატარებისას გამოყენებულ იქნა კათეტერი, რომლითაც დაცულ იქნა შარდის ბუშტის ყელი, ამასთან, პროცედურის ჩატარებისას ნ.წ-ი მწოლარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, შესაბამისად, შარდის ბუშტის ყელი არ დაზიანდა, ხოლო ფატალური შედეგის თავიდან აცილება განაპირობა მკურნალი ექიმის მიერ გამორეცხვის ჩატარებამ, მიუხედავად ამისა, დაზიანდა შარდის ბუშტი და საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა. საქმეში წარმოდგენილი სანკტ-პეტერბურგის სასამართლო-სამედიცინო საკონსულტაციო დასკვნით დასტურდება, რომ ნ. წ-ს შარდის ბუშტი ქიმიურად არასწრად ჩატარებულმა სამედიცინო ჩარევამ გამოიწვია, აღნიშნული ცალსახად ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობას. ნ.წ-ს მოპასუხემ ოპერაცია გაუკეთა ისე, რომ არ გაუფრთხილებიათ ოპერაციულ და ანესთეზიოლოგიურ გართულებებზე, არამედ მხლოდ სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ მიეცა რეკომენდაცია ყოველ 4 საათში ერთხელ თვითკათეტერიზაციის თაობაზე, ამდენად პაციენტი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს უროლოგის, ნევროლოგისა და თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1007-ე, 411-ე, 414-ე, 408-ე მუხლებზე, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ამასთანავე, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულება 5 ფურცლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ.წ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებას, პალატა თვლის, რომ ის უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 5 ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. ნ.წ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება 5 ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.