Facebook Twitter
ბს-516-490(კ-06) 31 ოქტომბერი, 2006 წელი
ქ. თბილისი



ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _Bსაქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. კ-ლი

მესამე პირები _ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი; საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება




საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2005 წლის 21 ივლისს ლ. კ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისQUქუთაისის ფილიალის მიმართ, რომლითაც მოითხოვა კუთვნილი პენსიიდან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მიჩნეული თანხების დარიცხვის აკრძალვა/იხ.ს.ფ. 2/.
საქმის გარემოებები:
ლ. კ-ლი 1993 წლის სექტემბერში გადმოვიდა აფხაზეთიდან და ცხოვრობდა ნათესავის ოჯახში. იმავე თვიდან, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, დაენიშნა პენსია. 1994 წლის მარტში მოსარჩელემ გააგრძელა მუშობა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტში --- კათედრაზე, ---ად. იგი ხელფასთან ერთად იღებდა პენსიას, რომელიც 1998 წლის 8 ივნისს შეუწყდა. ამასთან, მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან ასაკის გამო. მოსარჩელემ მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს, რათა განეახლებინათ მისთვის პენსიის მიღება, რაზეც მას განემარტა, რომ მას აქვს დავალიანება 1994-1998 წლებში უკანონოდ მიღებული პენსიის სახით (თანხა დაახლოებით 300 ლარს ზემოთ), რის გამოც უნდა განხორციელდეს პენსიიდან შესაბამისი წილის დაკავება ყოველთვიურად, კერძოდ, თანხის 25%-ის ოდენობით. ამასთან, აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეს მოტყუებით დააწერინეს განცხადება, სადაც იგი დათანხმდა დავალიანების დასაფარად ზემოაღნიშნული თანხის კუთვნილი პენსიიდან დაკავებას.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ---ის - ს. პ-ის 1998 წლის 29 ივნისის წერილში აღნიშნული იყო, რომ მუშაობის პერიოდში უკანონოდ მიღებული თანხების, რომელიც პენსიონერს მიღებული ჰქონდა 1998 წლის 1 მაისამდე, დაკავება შეჩერებულიყო ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. კ-ლს მხოლოდ ერთი თვის პენსია ჰქონდა უკანონოდ მიღებული და დაკავება უნდა შეხებოდა მხოლოდ 1998 წლის მაისის თვის პენსიას /იხ. ს.ფ. 2/.
მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ---მა რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ სცნო ლ. კ-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:
მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹-- დადგენილებით იმავე წლის 11 სექტემბრიდან გაუქმებულ იქნა მომუშავე პენსიონერებზე პენსიის გაცემა, შესაბამისად, ის თანხა, რომელიც პენსიონერს მიღებული ჰქონდა 1994 წლიდან, ითვლებოდა უკანონო თანხად და დაბრუნებულ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ 1998 წელს განხორციელდა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან პენსიონერთა სიების გამოთხოვა, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ სხვა პენსიონერებთან ერთად მოსარჩელე ლ. კ-იც მუშაობდა და პარალელურად იღებდა პენსიას. მაშინ, როცა ზემოღნიშნული დადგენილების თანახმად, მას შეუჩერდა პენსიის მიღება. ამდენად, მოპასუხე ადინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა მასზე ზედმეტად მიღებული თანხის გამოთვლა, რის საფუძველზეც გაფორმდა ვალის ოქმი _ 384 ლარის ოდენობით თანხასთან დაკავშირებით. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, პენსიის გაცემის თაობაზე ფონდისთვის მიმართვისას, გაეცნო ზემოაღნიშნულ ოქმს და დაწერა განცხადება ვალის დაფარვის შესახებ ეტაპობრივად 25%-ის ოდენობით უკანონო თანხის პენსიიდან დაქვითვის თაობაზე, რომლის დაქვითვაც მიმდინარეობს 2005 წლის 1 ივლისიდან ვალის სრულად დაფარვამდე. ამასთან, ფონდის ---ის ს. პ-ის წერილი უკანონოა, ვინაიდან ფონდის გამგეობას, რომლის დადგენილების საფუძველზეც იქნა გამოცემული მითითებული წერილი, არ ჰქონდა უფლება გამოეცა ასეთი აქტი, ვინაიდან ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში მოდიოდა მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნულ დადგენილებასთან. /იხ. ს.ფ. 22-23/.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს დაევალა ლ. კ-ის საპენსიო თანხის დაკავება 1998 წლის მაისიდან ამავე წლის დეკემბრამდე, სულ 91, 60 ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებანი, ასევე, მოპასუხე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი შესაგებელი და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნული კოდექსის 24.1 მუხლის შესაბამისად, სარჩელი, ქმედების განხორციელების თაობაზე, შეიძლებოდა აღძრულიყო ისეთი მოქმედების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 1998 წლის 29 ივნისის დადგენილების საფუძველზე, ---ის - ს. პ-ის 1998 წლის 29 ივნისის წერილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ¹-- ბრძანებით დამტკიცებული «საქმის წარმოების ერთიანი წესის» შესაბამისად სავალდებულო იყო ქვემდგომი ორგანოებისათვის, სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად გაეგზავნათ ქვემდგომ ორგანოებს. აღნიშნული წერილის თანახმად, პენსიონერების მიერ 1998 წლის 1 მაისამდე მიღებული თანხის დაკავება შეჩერდა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე, ხოლო იმ პენსიონერებისთვის, რომლებსაც 1998 წლის 1 მაისის შემდეგაც ჰქონდათ მიღებული პენსია, ითვლებოდა უკანონოდ და მათზე თანხების დაკავება მოხდებოდა ჩვეულებრივი წესით.
1998 წლის 1 მაისის შემდეგ 1998 წლის დეკემბრის ჩათვლით პენსიის სახით ლ. კ-ლს მიღებული ჰქონდა 91, 60 ლარი, რომლის დაკავებაც უნდა მომხდარიყო დადგენილი წესის შესაბამისად /იხ. ს.ფ. 69,70/.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1998 წლის 29 ივნისის დადგენილება მოიაზრებდა 1998 წლამდე მიღებული თანხის დაკავების შეჩერებას ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე და არა მის სრულ შეწყვეტას. ამდენად, არ იყო საჭირო დადგენილების ბათილობისათვის სხვა დადგენილების მიღება.
აპელანტის მითითებით, არსებობდა სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 აგვისტოს ბრძანების შესასრულებლად მიღებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რომლის 10 პუნქტის «დ” ქვეპუნქტის თანახმად, 1994 წლის 11 სექტემბრიდან ყველა მომუშავე პენსიონერს უნდა შეჩერებოდა პენსიის მიღება. ამასთან, როგორც მოქალაქე, ასევე ორგანიზაციაც ვალდებული იყო აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის. აგრეთვე, აპელანტის განმარტებით, ვინაიდან პენსიების მიღება გაორმაგდა, მიზანშეწონილია უკანონოდ მიღებული თანხის ამოღება. /იხ. ს.ფ. 78,79/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლილი კუბლაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ლ. კ-ლი იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. იგი 1993 წლის 17 დეკემბერიდან აღადგინეს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის --- კათედრაზე ---ად. 1994 წლის 1 დეკემბერს გადაიყვანეს იმავე კათედრაზე ---ად. 1993 წლის სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების საფუძველზე ღებულობდა პენსიას. ასევე, ლ. კ-ლი 1994 წლიდან 1998 წლის მაისამდე ღებულობდა პენსიას, რამაც მთლიანობაში შეადგინა 308 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 ნოემბრის დადგენილების მე-10 პუნქტის «დ” ქვეპუნქტით შეჩერდა ბიუჯეტიდან ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, გარდა ომის ვეტერანებისა, რეპრესირებულებისა, ძალოვანი სტრუქტურებისა და ბავშვობიდან ინვალიდი პენსიონრებისა, პენსიის გაცემა. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, გამგეობის 1998 წლის 29 ივნისის დადგენილებით, შეაჩერა მომუშავე პენსიონრებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ მიღებული თანხების დაკავება. ამასთან, აღნიშნული ფონდის ---ის მოადგილის - ს. პ-ის 1998 წლის 29 ივლისის წერილით, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დადგენილებიდან, დასტურდებოდა, რომ მომუშავე პენსიონრებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ გაცემული თანხის, რომელიც პენსიონერს მიღებული ჰქონდა 1998 წლის 1 მაისამდე, დაკავება უნდა შეჩერებულიყო ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ-ლი 2005 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლებული იყო სამუშაოდან პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით და მის საარსებო წყაროს წარმოადგენდა პენსია 33 ლარის ოდენობით, რაც იმ საარსებო მინიმუმსაც არ შეესაბამებოდა, რომელიც აუცილებელი იყო პირის ყოფითი საჭიროებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დამდგარა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1998 წლის 29 ივნისის ¹-- დადგენილებით დათქმული პირობა 1998 წლის 1 მაისამდე მომუშავე პენსიონრებზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ მიღებული თანხის დაკავების შეჩერების გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობდა თანხის დაკავების განახლების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა 388, 20 ლარი, რომელიც შეეხებოდა 1998 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი შემცირდა 308 ლარამდე და იგი ეხებოდა 1998 წლის მაისამდე პერიოდს, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას /იხ.ს.ფ. 75-80/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის საფუძვლები:
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური ---ის - ს. პ-ის 1998 წლის 29 ივნისის წერილში აღნიშნულია, რომ მომუშავე პენსიონრებზე 1998 წლის 1 მაისამდე მიღებული თანხის დაკავება უნდა შეჩერდეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. წერილში არ არის მითითებული თუ როდიდან განახლდება უკანონოდ და ზედმეტად მიღებული თანხის დაკავება, რაც გულისხმობს თანხის დაკავების დროებით შეჩერებას და არა ვალის პატიებას. აპელანტმა მიუთითა, რომ წერილის შედგენის შემდეგ პენსია ეტაპობრივად იზრდებოდა, 1998 წელთან შედარებით ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს მეთაურის 1994 წლის 29 აგვისტოს ¹-- ბრძანება და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹-- დადგენილება და გამოიყენა მხოლოდ ს. პ-ის 1998 წლის 29 ივნისის წერილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 7.3 მუხლის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი /იხ. ს.ფ.85,86/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 «გ» პუნქტის შესაბამისად. /პროცესუალური კასაცია/ /იხ. ს.ფ. 96-99/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის უფროსის თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლილი კუბლაშვილის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს 22 თებერვლისა და 24 მარტის სხდომის ოქმებში და 2006 წლის 24 მარტის განჩინებაში მიუთითა, რომ სასამართლო იხილავს ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარს, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომელიც საფუძვლად დაედო სააპელაციო სამართალწარმოებას, წარდგენილი იყო მხოლოდ საქართველოს სოციალური დაცვის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის უფროსის თ. ვ-ის მიერ, ხოლო ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობითი და სარეზოლუციო ნაწილებითაც დადგენილია, რომ ეს უკანასკნელი მიღებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხევაში სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სრულყოფილად არ ასახავს საქმის განხილვის შედეგებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული უზუსტობა სასამართლოს მიერ სსსკ-ის 260-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად საკუთარი ინიციატივით ექვემდებარებოდა გასწორებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 393.3. მუხლის თანახმად საქმე განხილულია საპროცესო დარღვევებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დავის საგნის შემცირების თაობაზე, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, რაც რაიონული სასამარლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, გარდა 1998 წლის 1 მაისიდან 1999 წლის 1 იანვრამდე დარიცხული თანხის ოდენობისა, აეკრძალა პენსიიდან სხვა თანხის დაქვითვა, ხოლო მითითებულ პერიოდში მიღებული თანხის _ სულ 91,60 ლარის დაქვითვის გაგრძელება მიჩნეულ იქნა კანონიერად. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2006 წლის 20 აპრილის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე ლ. კ-მა, რომელსაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ ჰქონია, განმარტა, რომ ის მხარს არ უჭერს ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარს, შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მასში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილ თანხას _ 398 ლარს ეხება და ის შეიცვალოს 308 ლარით. მაშინ, როცა სასამართლომ მითითებულ თანხაზე, როგორც მოპასუხის შესაგებელში მითითებული დავალიანების ოდენობაზე, ისე იმსჯელა და არ გაიზიარა. ამასთან, ამავე სხდომაზე საბოლოო განმარტებების სტადიაზე ლილი კუბლაშვილის მოთხოვნა კიდევ ერთხელ ტრანსფორმირდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი შეცვლის ფორმით, რასაც არ მიეცა სასამართლოს მიერ სათანადო პროცესუალური შეფასება. უფრო მეტიც, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაასკვნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის ზემოაღნიშნული განმარტება წარმოადგენს დავის საგნის შემცირებას, რაც საფუძვლად უნდა დაედოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და რასაც საკასაციო სასამართლო კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს.
ამდენად, მოცემულ პირობებში საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაკეთებული დასკვნები დავის საგნის შემცირების თაობაზე, არ გამომდინარეობს საქმის, როგორც ფაქტობრივი გარემოებებიდან, ისე დავის საგნის შემცირების შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესიდან. მით უფრო იმ პირობებში, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ აეკრძალა მოსარჩელისთვის 1998 წლის მაისის თვემდე დარიცხული ნებისმიერი თანხის დაკავება, ანუ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აეკრძალა ქმედების განხორციელება, რაც დავის საგანს წარმოადგენდა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით თანხის ოდენობა განსაზღვრული საერთოდ არ ყოფილა (500 თუ 300 ლარის ზემოთ), ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ დარიცხვა უნდა შეხებოდა არა შესაგებელში მითითებულ თანხას _ 388, 20 ლარს, არამედ _ 91,60 ლარს, კონკრეტული პერიოდის გათვალისწინებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული თანხა, როგორც მოსარჩელის დავალიანება, უნდა გამოითვალოს დროის კონკრეტული მონაკვეთის გათვალისწინებით, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების ამოქმედებიდან, ანუ 1994 წლის სექტემბრიდან, მოსარჩელისთვის პენსიის დარიცხვის შეჩერების მომენტამდე, ანუ 1998 წლის ივნისამდე, რამდენადაც საქმის ფურცელ 6-8-ზე წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის სწორედ მითითებულ პერიოდში გახდა ცნობილი ლ. კ-ის, როგორც მომუშავე პენსიონერის შესახებ და შესაბამისად, შეექმნა საფუძველი შეეჩერებინა მისთვის პენსიის დარიცხვა. ამასთან, ზემოაღნიშნული დოკუმენტების საპირისპირო ან გამაბათილებელი სხვა მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები ასეთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი სამართლებრივად სარწმუნო დოკუმენტებია, რასაც აფუძნებს ზემოაღნიშნულ მოტივაციას.
ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა, კერძოდ, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1998 წლის 29 ივნისის ¹-- დადგენილებისა და ფონდის ---ის 1998 წლის 29 ივნისის ¹--/-- წერილის დანაწესი 1998 წლის 1 მაისამდე მიღებული თანხების დაკავების შეჩერების თაობაზე, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ. კ-ის პენსიიდან თანხების დაკავება შეწყვეტილ უნდა იქნეს, მაშინ, როცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის დადგენილების ¹-- მე-10 მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად იმპერატიულად იქნა განსაზღვრული, რომ მომუშავე პენსიონერებზე პენსიების დარიცხვა შეჩერებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებები სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იზიარებს სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემობებს: მოსარჩელე ლ. კ-ლი 1993 წლიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტიდან და კანონით დადგენილი წესით მას დაენიშნა პენსია. 1993 წლის 17 დეკემბერს ის აღდგენილ იქნა იმავე ინსტიტუტში. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილების მიუხედავად, რომელიც მიღებული იყო 1994 წელს, მასზე, როგორც მომუშავე პენსიონერზე პენსიის დარიცხვა შეჩერებული არ ყოფილა და ლ. კ-ლი შესაბამის თანხას იღებდა მუშაობის პარალელურად, კერძოდ, 1998 წლის ივნისამდე, როცა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ---ს გადაეგზავნა ლ. კ-ის, როგორც სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაკის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად, მოპასუხე ადმნისტრაციულ ორგანოს შეექმნა საფუძველი მასზე, როგორც ზემოაღნიშნული დადგენილების სუბიექტზე, შეეწყვიტა პენსიის დარიცხვა /იხ.სფ. 6-8/. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 1994-1998 წლებში მოსარჩელეზე პენსიის დარიცხვა მიმდინარეობდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის 1996 წლის 29 ივნისის დადგენილებითა და ფონდის გენერალური დირექტორის 1998 წლის 29 ივნისის წერილით შეჩერებულ იქნა მომუშავე პენსიონერებისათვის 1998 წლის 1 მაისამდე უკანონოდ მიღებული თანხების დაკავება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულიად არ შეესაბამება მის მიერ ამავე გადაწყვეტილებაში გაკეთებულ დასკვნებს, რომლებიც არასწორი სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფონდის გამგეობის დადგენილება, ისევე როგორც ფონდის ---ის წერილი, არ წარმოადგენს ნორმატიულ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ასეთი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 30 მარტისა და 1993 წლის 5 თებერვლის დადგენილებებიდან, რომელთა საფუძველზე დადგენილ ფონდის უფლებამოსილებებში ნორმატიული ხასიათის აქტის გამოცემის უფლებამოსილება გათვალისწინებული არ არის. ასევე, «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ ფონდის გენერალური დირექტორის წერილი არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, რის გამოც ის ამავე ნორმით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ჩამონათვალში არ შედის. ამასთან, არანორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე არ შეიძლება განსხვავებულად იქნეს მოწესრიგებული ნორმატიული აქტის _ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით დარეგულირებული სამართალურთიერთობა და თუ ამგვარი მაინც განხორციელდება, მას არ გააჩნია შესაბამისი იურიდიული ძალა. მით უფრო, რომ ამავე დადგენილების მე-10 მუხლის «დ» პუნქტით იმპერატიულად იქნა განსაზღვრული პირთა წრე, რომლებზეც გამონაკლისის სახით შესაძლებელია გავრცელდეს შეღავათი და არ შეჩერდეს პენსიის დარიცხვა, კერძოდ, ასეთ პირებს განეკუთვნებიან: ბავშვობიდან ინვალიდი პენსიონერები, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგანი ჯარების, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და სამთავრობო დაცვის სამსახურის პენსიონერები, როგორსაც მოსარჩელე ლ. კ-ლი არ წარმოადგენს, ხოლო სხვა დათქმა ზემოაღნიშნულ დადგენილებაში მოცემული არ არის, მით უფრო, კონკრეტული პერიოდით _ 1998 წლის 1 მაისამდე _ შეღავათების გავრცელების თაობაზე, რაზეც საჩივრის ავტორი აპელირებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასება წარმოდგენილი წერილის და ფონდის გამგეობის დადგენილების შესახებ უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, მინისტრთა კაბინეტის ¹-- დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის მიერ პენსიის სახით მიღებული თანხები, თუ მათი მიღება შეჩერებული არ იყო 1994 წელს, ანუ მინისტრთა კაბინეტის დადგენილების ამოქმედებისთანავე, წარმოადგენს უკანონოდ მიღებულ თანხას და კანონით დადგენილი წესით ის ექვემდებარება უკან დაბრუნებას, რაც სასამართლოს მიერ სრულიად უკანონოდ არ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოების ადეკვატურ სამართლებრივ შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ის გარემოებაც, რომ კონკრეტული წერილის, ისევე, როგორც გამგეობის დადგენილების, მიმართ არ არსებობს მოსარჩელე ფიზიკური პირის კანონიერი ნდობა, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დადგენილია, რომ ასეთი ნდობა არ არსებობს თუ მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა, ანუ შედეგის მართლზომიერებას მხოლოდ მართლზომიერი საშუალებებით მისი მიღწევა განაპირობებს, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ფონდის დადგენილება, რომელზეც მოსარჩელე აპელირებს, როგორც ფორმალური ისე მატერიალური ელემენტების, მათ შორის, დადგენილების ავტორისა და ადრესატის, გათვალისწინებით ფაქტობრივად წარმოადგენს შიდა ორგანიზაციულ ინსტრუქციას, მიმართვას კონკრეტული სტრუქტურისადმი კანონით დადგენილი მოქმედების დროებითი შეჩერების თაობაზე, რაც არ შეიძლება მესამე პირების, კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსარჩელის, კანონიერი ნდობის საფუძველი გახდეს მის მიერ ასეთი წერილის საფუძველზე მოქმედების პირობებში. შესაბამისად, მსჯელობა მოსარჩელე ლ. კ-ის კონკრეტული აქტებისადმი კანონიერი ნდობის არსებობის თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ის უკანონოდ მიღებული თანხების უკან დაბრუნების კონტექსტში გათვალისწინებული ვერ იქნება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე ასკვნის, რომ ლ. კ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდს არ უნდა აეკრძალოს თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისგან, ანუ ლ. კ-ის კუთვნილი პენსიიდან 1994-1998 წლებში უკანონოდ მიღებული თანხების დაკავებისგან, რამდენადაც არ არსებობს ასეთი აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი. უფრო მეტიც, მოსარჩელის განმარტებით მის მიერ ხელმოწერილ იქნა დასტური კუთვნილი პენსიიდან ზემოაღნიშნული თანხების ნაწილ-ნაწილ 25%-ის ოდენობით დაქვითვის თაობაზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ გასაჩივრებული არ იქნა. ასევე, მის მიერ საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული თანხმობის იძულებით ან მოტყუებით დაწერის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაზეც ის სარჩელს აფუძნებს, რის გამოც სასამართლო მოცემულ განმარტებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მასზე მსჯელობას ვერ იქონიებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ---ის თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.