Facebook Twitter
№ას-819-771-2012 12 სექტემბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ზ-ი“, შპს „ა. ჯ. გ“

წარმომადგენელი - ც. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უსაფუძვლოდ ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ზ-მა“ და შპს „ა. ჯ-მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ლ. ბ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს მოპასუხისათვის 75000 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2010 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელეებსა და სს „ლ. ბ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც გაიხსნა საკრედიტო ხაზი 1 800 000 ლარის ოდენობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2010 წლის 30 ნოემბერს დაიდო ოვერდრაფტის ხელშეკრულება და 2010 წლის 30 ნოემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. დეკემბერის ბოლოს მოსარჩელეებმა მოპასუხის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს და დაფარეს დავალიანება. სს „ლ. ბ-მა“ მოსარჩელეებს ანგარიშიდან ჩამოაჭრა 75 000 ლარი იმ საფუძველით, რომ თითქოს მათი მხრიდან სესხის ვადაზე ადრე დაფარვა მოხდა რეფინანსირების გზით, რასაც ადგილი არ ჰქონია, რადგან სს „ლ. ბ-ის“ სესხი ვადამდე დაიფარა ამავე ბანკის მიერ გაცემული აუთვისებელი სესხითა და სამეწარმეო საქმიანობით მოზიდული თანხებით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რეფინანსირება არის თანხის/ვალდებულების ხელმეორედ დაფინანსება/გადაფარვა ნებისმიერი სახით და არაა რეგლამენტირებული მისი აღსრულება/განხორციელების სავალდებულო ფორმა. მოსარჩელეები ვერ ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ სს „პ. ბ-დან“ გადმორიცხული თანხებით არ განხორციელებულა დავალიანების დაფარვა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სს „პ. ბ-ის“ 2010 წლის 20 დეკემბრის საკრედიტო კომიტეტის ოქმის მიხედვით, შპს „ა. ჯ. გ-ს“ დაუმტკიცდა კრედიტი. კომიტეტის ოქმის მიხედვით, კრედიტის მიზანი იყო სს „ლ. ბ-ში“ არსებული დავალიანების დაფარვა. სს „პ. ბ-მა“ წერილობით აცნობა სს „ლ. ბ-ს“, რომ შპს „ა. ჯ. გ-ს“ დაუმტკიცდა სესხი, რომლითაც გათვალისწინებულია სს „ლ. ბ-ში“ შპს „ა. ჯ. გ-სა“ და შპს „ზ-ის“ მიმდინარე დავალიანების დაფარვა. ბანკმა სთხოვა მოპასუხეს მიეწოდებინა ინფორმაცია მოსარჩელეების მიმდინარე დავალიანების თაობაზე. სს „პ. ბ-მა“ კრედიტის თანხა 390 000 აშშ დოლარის ოდენობით გასცა 21 დეკემბერს. მოსარჩელეებმა სს „ლ. ბ-ის“ დავალიანება 1 490 364 ლარის ოდენობით დაფარეს 22 დეკემბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ. გ-სა“ და შპს „ზ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით შპს „ა. ჯ.ა გ-სა“ და შპს „ზ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შპს „ა. ჯ. გ-ს“ მიერ სს „ლ. ბ-დან“ 2010 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების, ისევე როგორც მის ფარგლებში გაფორმებული 2010 წლის 29 ნოემბრისა და 2010 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „ა. ჯ. გ-სა“ და შპს „ზ-ზე“ გაცემული სესხები დაიფარა ვადამდე 2010 წლის 22 დეკემბერს 1 490364 ლარის ოდენობით სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან რეფინანსირებით;
2. 2010 წლის 29 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და თანამსესხებლებს - შპს „ზ-ს“, შპს „ქ-სა“ და შპს „ა. ჯ. გ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი 10 000 000 ლარი ან მისი ეკვივალენტი კონვერტირებად ვალუტაში, ხაზის მოქმედების ვადა 120 თვე, მაქსიმალური წლიური საპროცენტო სარგებელი საკრედიტო პროდუქტებზე 5-36% ;
3. მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და შპს „ა. ჯ. გ-ს“ შორის გაფორმდა ოვერდრაფტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის მოცულობა 350 000 ლარი, მოქმედების ვადა - 2011 წლის 30 მაისამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 14 % (ტომი 1-ლი, ს.ფ. 17 - ოვერდრაფტის ხელშეკრულება). გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და შპს „ზ-ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 600 000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 2014 წლის 28 ნოემბრამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 14%;
4. სს „პ. ბ-ის“ ცენტრალურ ფილიალში შპს „ა. ჯ. გ-ს“ დაუმტკიცდა სესხი სს „ლ. ბ-ში“ შპს „ა. ჯ. გ-სა“ და შპს „ზ-ის“ მიმდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით. აღნიშნული გარემოება დასტურდება სს „პ. ბ-ის“ წერილით სს „ლ. ბ-ის“ მიმართ, რომლის მიხედვით, შესაბამისი ცნობის მიწოდების მიზანია არსებული კრედიტების ზუსტი მოცულობის დადგენა და ამ კრედიტების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 71). სს „პ. ბ-ის“ მიერ შპს „ა. ჯ. გ-სათვის“ „ლ. ბ-ის“ საკრედიტო ხაზის დახურვის მიზნით კრედიტის გამოყოფა დასტურდება ასევე „პ. ბ-ის“ საკრედიტო კომიტეტის 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ტომი 1, ს.ფ. 89;
5. 2010 წლის 20 დეკემბერს შპს „ზ-სა“ და შპს „ა. ჯ. გ-ზე“ სს „ლ. ბ-მა“ გასცა ცნობები, რომელთა შესაბამისად, 2010 წლის 19 დეკემბრისათვის შპს „ზ-ის“ დავალიანება განისაზღვრა 604832,88 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „ა. ჯ. გ-ს“ დავალიანება - 883532,74 ლარისა და 5590,07 ლარის ოდენობით;
6. სს „პ. ბ-მა“ შპს „ა. ჯ. გ-ზე“ საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად 2010 წლის 21 დეკემბერს გასცა კრედიტი 390 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2011 წლის 14 იანვარს – 210 000 აშშ დოლარისა და 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებებში კრედიტის მიზნად ასევე ფიქსირდება არსებული სესხის დაფარვა (ტომი 1, ს.ფ. 253-257 - ხელშეკრულებები);
7. 2010 წლის 22 დეკემბერს სს „ა. ჯ. გ-ს“ ანგარიშიდან დაიფარა სესხის 1 490 087,50 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება დასტურდება შპს „ა. ჯ. გ-ს“ საბანკო ანგარიშის ამონაწერით (ტომი მე-2, ს.ფ. 13-32). 2010 წლის 22 დეკემბრისათვის სს „პ. ბ-ის“ მიერ გაცემული სესხის ოდენობად ფიქსირდება 390 000 აშშ დოლარი, ხოლო 260 000 აშშ დოლარისა და 67030 აშშ დოლარის მიღების წყარო საბანკო ამონაწერიდან არ ირკვევა (ტომი მე-2, ს.ფ. 35-37). ასეთ წყაროდ მითითებულია შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით, თუმცა ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ანგარიშიდან შესაბამისი გასავალი არ დასტურდება (ტომი 1-ლი, ს.ფ. 13-32). იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „პ. ბ-ის“ მიერ 2011 წლის 14 იანვარს გაცემული კრედიტით ამავე დღეს ხორციელდება სესხის სრული დაფარვა (ტომი მე-2, ს.ფ. 38), პალატა ადგენს, რომ 2010 წლის 22 დეკემბერს სს „ლ. ბ-ის“ სესხი მოსარჩელეებმა დაფარეს სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან მიღებული თანხით, რომელიც საბოლოო ჯამში დაიფარა სწორედ სს „პ. ბ-დან“ აღებული კრედიტით;
8. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და შპს „ა. ჯ. გ-ს“ შორის გაფორმებული ოვერდრაფტის ხელშეკრულებითა და 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და შპს „ზ-ს“ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან რეფინანსირების შემთხვევაში წინასწარ დაფარული თანხის 5%-ის ოდენობით;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ სს „ლ. ბ-ის“ კრედიტი დაიფარა არა სხვა საფინანსო დაწესებულებიდან მიღებული სახსრებით, არამედ შპს „ა. ჯ. გ“-ს მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით და მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტების პრეტენზია, რომლის მიხედვით სს „ლ. ბ-ის“ მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, ვერ გახდებოდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სადავო პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა ეფუძნება სპეციალური ფაქტების დადგენას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. მოცემულ შემთხვევაში ამგვარი გარემოებები საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას არ გამოკვლეულა, რადგან აპელანტებმა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გახადეს სადავოდ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებას სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მხარე ადასტურებს პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას ფაქტის დადგენის შეუძლებლობას საპატიო მიზეზით. სხვა შემთხვევაში სააპელაციო განხილვისას ახალი ფაქტების დადგენა ეწინააღმდეგება სააპელაციო განხილვის კანონისმიერ დანიშნულებას – გადასინჯოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ დაარღვია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონისა და მის საფუძველზე გაცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დებულებები, რომლის მიხედვითაც, რეფინანსირების შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს. საქმის განხილვისას სასამართლომ იმსჯელა მტკიცებულებების ქართულ ენაზე წარდგენის ვალდებულების თაობაზე და მიიჩნია, რომ მხარეს ამგვარი ვალდებულება არ ეკისრება, რაც არასწორია. გადაწყვეტილება იურიდიული ძალის არმქონე მტკიცებულებებს ემყარება. შპს „ზ-ს“ სხვა ბანკისაგან სესხი არ აუღია, შესაბამისად, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უსაფუძვლოა. სესხის დაფარვა რეფინანსირებით არ მომხდარა, „პ. ბ-საგან“ აღებული სესხით შპს „ზ-თან“ არსებული დავალიანება დაიფარა.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ა-სა“ და შპს „ზ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შპს „ა. ჯ. გ-ს“ მიერ სს „ლ. ბ-დან“ 2010 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების, ისევე როგორც მის ფარგლებში გაფორმებული 2010 წლის 29 ნოემბრისა და 2010 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „ა. ჯ. გ-სა“ და შპს „ზ-ზე“ გაცემული სესხები დაიფარა ვადამდე 2010 წლის 22 დეკემბერს 1 490364 ლარის ოდენობით სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან რეფინანსირებით;
2. 2010 წლის 29 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და თანამსესხებლებს - შპს „ზ-ს“, შპს „ქ-სა“ და შპს „ა. ჯ. გ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი 10 000 000 ლარი ან მისი ეკვივალენტი კონვერტირებად ვალუტაში, ხაზის მოქმედების ვადა 120 თვე, მაქსიმალური წლიური საპროცენტო სარგებელი საკრედიტო პროდუქტებზე 5-36% ;
3. მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და შპს „ა. ჯ. გ-ს“ შორის გაფორმდა ოვერდრაფტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის მოცულობა 350 000 ლარი, მოქმედების ვადა - 2011 წლის 30 მაისამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 14 % (ტომი 1-ლი, ს.ფ. 17 - ოვერდრაფტის ხელშეკრულება). გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და შპს „ზ-ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 600 000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 2014 წლის 28 ნოემბრამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 14%;
4. სს „პ. ბ-ის“ ცენტრალურ ფილიალში შპს „ა. ჯ. გ-ს“ დაუმტკიცდა სესხი სს „ლ. ბ-ში“ შპს „ა. ჯ. გ-სა“ და შპს „ზ-ის“ მიმდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით. აღნიშნული გარემოება დასტურდება სს „პ. ბ-ის“ წერილით სს „ლ. ბ-ის“ მიმართ, რომლის მიხედვით, შესაბამისი ცნობის მიწოდების მიზანია არსებული კრედიტების ზუსტი მოცულობის დადგენა და ამ კრედიტების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 71). სს „პ. ბ-ის“ მიერ შპს „ა. ჯ. გ-სათვის“ „ლ. ბ-ის“ საკრედიტო ხაზის დახურვის მიზნით კრედიტის გამოყოფა დასტურდება ასევე „პ. ბ-ის“ საკრედიტო კომიტეტის 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ტომი 1, ს.ფ. 89;
5. 2010 წლის 20 დეკემბერს შპს „ზ-სა“ და შპს „ა. ჯ. გ-ზე“ სს „ლ. ბ-მა“ გასცა ცნობები, რომელთა შესაბამისად, 2010 წლის 19 დეკემბრისათვის შპს „ზ-ის“ დავალიანება განისაზღვრა 604832,88 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „ა. ჯ. გ-ს“ დავალიანება - 883532,74 ლარისა და 5590,07 ლარის ოდენობით;
6. სს „პ. ბ-მა“ შპს „ა. ჯ. გ-ზე“ საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად 2010 წლის 21 დეკემბერს გასცა კრედიტი 390 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2011 წლის 14 იანვარს – 210 000 აშშ დოლარისა და 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებებში კრედიტის მიზნად ასევე ფიქსირდება არსებული სესხის დაფარვა (ტომი 1, ს.ფ. 253-257 - ხელშეკრულებები);
7. 2010 წლის 22 დეკემბერს სს „ა. ჯ. გ-ს“ ანგარიშიდან დაიფარა სესხის 1 490 087,50 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება დასტურდება შპს „ა. ჯ. გ-ს“ საბანკო ანგარიშის ამონაწერით (ტომი მე-2, ს.ფ. 13-32). 2010 წლის 22 დეკემბრისათვის სს „პ. ბ-ის“ მიერ გაცემული სესხის ოდენობად ფიქსირდება 390 000 აშშ დოლარი, ხოლო 260 000 აშშ დოლარისა და 67030 აშშ დოლარის მიღების წყარო საბანკო ამონაწერიდან არ ირკვევა (ტომი მე-2, ს.ფ. 35-37). ასეთ წყაროდ მითითებულია შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით, თუმცა ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ანგარიშიდან შესაბამისი გასავალი არ დასტურდება (ტომი 1-ლი, ს.ფ. 13-32). იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „პ. ბ-ის“ მიერ 2011 წლის 14 იანვარს გაცემული კრედიტით ამავე დღეს ხორციელდება სესხის სრული დაფარვა (ტომი მე-2, ს.ფ. 38), პალატა ადგენს, რომ 2010 წლის 22 დეკემბერს სს „ლ. ბ-ის“ სესხი მოსარჩელეებმა დაფარეს სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან მიღებული თანხით, რომელიც საბოლოო ჯამში დაიფარა სწორედ სს „პ. ბ-დან“ აღებული კრედიტით;
8. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და შპს „ა. ჯ. გ-ს“ შორის გაფორმებული ოვერდრაფტის ხელშეკრულებითა და 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ლ. ბ-სა“ და შპს „ზ-ს“ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან რეფინანსირების შემთხვევაში წინასწარ დაფარული თანხის 5%-ის ოდენობით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული გულისხმობს, მხარის მითითებას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე, ან მტკიცებულებათა არასწორ შეფასებაზე, რის შედეგადაც ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული შედავების უფლებით და ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები პრეტენზია წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია გაზიარებულ უნდა იქნეს.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს რეფინანსირების ინსტიტუტსა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების განმარტებას.
საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ რეფინანსირება გულისხმობს კონკრეტული თანხის ხელახლა დაფინანსებას ნებისმიერი ფორმით, ანუ, მარტივად, ერთი კრედიტის გადაფარვას სხვა საფინანსო დაწესებულებიდან ახალი კრედიტის აღების გზით, ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამის პირობებზე.
მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, სესხს გასცემს სს „ლ. ბ-ი“, ხოლო თანამსესხებლები არიან შპს „ზ-ი“, შპს „ქ-ო“ და შპს „ა. ჯ. გ.“ ხელშეკრულება ითვალისწინებს ვალდებულების დაფარვაში ყველა თანამსესხებლის სოლიდარულ მონაწილეობას. თანხის გასესხება ხორციელდება გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, რომლებზეც სრულად ვრცელდება დადგენილი პირობები.
კასატორების მოსაზრებით, ვინაიდან გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება პირგასამტეხლოსა და ჯარიმებს არ ითვალისწინებს, ამ ნაწილში მხარეთა ვალდებულებები სოლიდარული არ არის, რაც შპს „ზ-ის“ პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ვინაიდან, მას შპს „ა. ჯ-საგან“ განსხვავებით, სხვა საკრედიტო დაწესებულებასთან ურთიერთობა არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო ამ პოზიციას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მოვალეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულების შემადგენელი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ნებისმიერი დავალიანების დაფარვისას, ფინანსური სანქციების ჩათვლით.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის საფუძველზე, დავალიანების დაფარვის შემდგომ, თანამსესხებელს რეგრესული მოთხოვნის უფლება უჩნდება იმ სოლიდარული მოვალის მიმართ, რომლის დავალიანებაც დაიფარა.
რაც შეეხება რეფინანსირებას, 2010 წლის 30 ნოემბრის ოვერდრაფტის ხელშეკრულების 2.2.7 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ვადამდე დაფარვაზე სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან რეფინანსირების შემთხვევაში წინასწარ დაფარული თანხის 5%, ხოლო საკუთარი სახსრებით სესხის ნაწილის და/ან მთლიანი რეფინანსირების შემთხვევაში - წინასწარ დაფარული თანხის 0%. იდენტური პირობებია გათვალისწინებული 2010 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.2.7 პუნქტითაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობები ერთობლიობაში უნდა განიმარტოს. ზემოაღნიშნული ორი პირობის შეჯერების შედეგად გამომდინარეობს დასკვნა, რომ პირგასამტეხლო გათვალისწინებულია მხოლოდ სხვა საფინანსო დაწესებულებიდან რეფინანსირების გზით დაფარულ თანხაზე. თუ დავალიანება წინასწარ იფარება საკუთარი სახსრებით, ან ნებისმიერი გზით, გარდა სხვა საფინანსო დაწესებულებიდან რეფინანსირებისა, პირგასამტეხლო 0%-ით განისაზღვრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დავალიანების ნაწილი იფარება სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან რეფინანსირებით, პირგასამტეხლო უნდა დაირიცხოს მხოლოდ ამ ნაწილზე და არა მთლიანად წინასწარ დაფარულ თანხაზე.
2010 წლის 22 დეკემბერს სს „ა. ჯ-მ“ დაფარა სესხი 1 490 087,50 ლარი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 22 დეკემბრისათვის სს „პ. ბ-ის“ მიერ გაცემული სესხის ოდენობად ფიქსირდება 390 000 აშშ დოლარი, ხოლო 260 000 აშშ დოლარისა და 67030 აშშ დოლარის მიღების წყარო საბანკო ამონაწერიდან არ ირკვევა, აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მთლიანი თანხა რეფინანსირების გზით დაიფარა. სასამართლომ, ამ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სს „პ. ბ-მა“ შპს „ა. ჯ. გ-ზე“ 2010 წლის 21 დეკემბერს გასცა კრედიტი 390 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2011 წლის 14 იანვარს – 210 000 აშშ დოლარისა და 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლოს პოზიციით, მხარემ სხვა საფინანსო დაწესებულებიდან აღებული კრედიტით დაფარა სს „ლ. ბ-ის“ დავალიანება, ხოლო კრედიტი შემდგომში - სს „პ. ბ-დან“ აღებული სესხით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ამგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა. საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სს „პ. ბ-დან“ 2010 წლის 21 დეკემბერს აღებული სესხით - 390 000 აშშ დოლარით რეფინანსირების გზით დაიფარა სს „ლ. ბ-თან“ არსებული დავალიანების ნაწილი, მაგრამ რაც შეეხება წინასწარ გადახდილი თანხის დანარჩენ ნაწილს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ შპს „ა. ჯ-მ“ ჯერ სხვა საფინანსო დაწესებულებიდან აიღო სესხი, რომელიც შემდეგ სს „პ. ბ-დან“ მიღებული კრედიტით გადაფარა. საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა საფინანსო დაწესებულებასთან გაფორმებული რაიმე ხელშეკრულება. რაც შეეხება სასამართლოს არგუმენტს, რომ 2011 წლის 14 იანვარს გაცემული კრედიტების მიზნად ასევეა მითითებული მიმდინარე სესხის დაფარვა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მითითება ვერ ადასტურებს იმ გარემოებას შპს „ა. ჯ-მ“ მაინცდამაინც სხვა საფინანსო დაწესებულებასთან არსებული დავალიანება დაფარა, რომელიც მანამდე სს „ლ. ბ-დან“ აღებული კრედიტის გადაფარვისთვის გამოიყენა. სს „პ. ბ-დან“ აღებული კრედიტი ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან არსებული დავალიანების დასაფარავად შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული, მათ შორის შპს „ზ-თან“ არსებული დავალიანების დაფარვისათვის, როგორც ამას კასატორი მიუთითებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შპს „ა. ჯ-ს“ სს „ლ. ბ-ის“ დავალიანების დარჩენილი ნაწილი - 260 000 აშშ დოლარი და 67030 აშშ დოლარი სავალუტო ოპერაციების განხორციელების გზით მიღებული შემოსავლით არ დაუფარავს, რადგანაც ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ანგარიშიდან შესაბამისი გასავალი არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება სწორადაა დადგენილი, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის სავალდებულო პირობაა სესხის სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან რეფინანსირება, რაც უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. ის გარემოება, რომ შპს „ა. ჯ-ს“ თანხა სავალუტო ოპერაციების განხორციელების გზით მიღებული შემოსავლით არ დაუფარავს, არ ნიშნავს, რომ მან სხვა საფინანსო დაწესებულებიდან რეფინანსირება განახორციელა. შპს „ა.ჯ-ს“ დავალიანების დარჩენილი ნაწილი ნებისმიერი გზით მოპოვებული თანხით, მათ შორის არასაფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული სესხით შეეძლო დაეფარა, რაც პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი ვერ გახდებოდა. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დავალიანება მთლიანად საფინანსო ინტიტუტიდან რეფინანსირების გზით დაიფარა, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლ. ბ-ს“ მხოლოდ სს „პ. ბ-დან“ რეფინანსირებული თანხის - 390 000 აშშ დოლარის 5%-ის შესაბამისი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება გააჩნდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 32175 ლარს შეადგენს. თანხის დანარჩენი ნაწილი კი, უსაფუძვლოდაა ჩამოჭრილი და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი დასკვნა გააკეთა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, რის გამოც, მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, კასაციის აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საჭიროება არ არსებობს, საკასაციო სასამართლოს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა.ჯ-სა“ და შპს „ზ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, სს „ლ. ბ-ს“ დაეკისროს 42825 ლარის დაბრუნდება.
რაც შეეხება კასაციის დანარჩენ მიზეზებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ მოცემულ საქმეზე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, – კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას შეუძლია გამოიყენოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას პირგასამტეხლოს შემცირება არ მოუთხოვია და ამგვარ ფატებზე არ მიუთითებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების პოზიციას, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის 3 მაისის N2-06/1545-11 წერილობითი მითითება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს ეკრძალება საბანკო მომსახურების მომხმარებელს დააკისროს მის მიერ გაცემულ კრედიტებზე/სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო, რომელიც აღემატება კრედიტის/სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების არგუმენტს, რომ მოცემულ წერილობით მითითებას უკუქცევითი ძალა ენიჭება. თავად წერილობითი მითითების თანახმად, ეს უკანასკნელი ძალაშია 2011 წლის 4 მაისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის 4 მაისის N 2-06/1570-11 წერილობითი მითითებით, იმავე ორგანოს N2-06/1545-11 წერილობითი მითითება მოიცავს 2011 წლის 4 მაისამდე დადებულ ხელშეკრულებებსაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის წერილობითი მითითება ვრცელდება 2011 წლის 4 მაისამდე დადებულ ხელშეკრულებებზე, რომლებიც მითითების გამოცემის დროისათვის შეწყვეტილი არ იყო. კასატორებმა დავალიანება 2010 წლის 22 დეკემბერს დაფარეს. ეროვნული ბანკის მიერ ახალი ნორმატიული აქტის მიღება კი, შეწყვეტილ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ასევე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 მაისის მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტების აღნიშნული მოთხოვნა მართებულად არ დააკმაყოფილა და არ იზიარებს კასატორების მტკიცებას, რომ ვინაიდან სს „პ. ბ-ის“ საკრედიტო კომიტეტის ოქმი ქართულ ენაზე არ არის შესრულებული, მას იურიდიული ძალა ვერ ექნებოდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, რაც გულისხმობს კონკრეტული საპროცესო მოქმედებებისა და შესაბამისი დოკუმენტების ქართულ ენაზე შესრულებას, მაგრამ სრულებითაც არ ნიშნავს, რომ უცხოენოვან დოკუმენტს მტკიცებულების ძალა არ გააჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ მხარემ მტკიცებულებები, როგორც წესი, დედნის სახით უნდა წარადგინოს, იურიდიული ძალა სწორედაც რომ უცხო ენაზე შესრულებულ ორიგინალს აქვს. ბუნებრივია, პროცესის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა დოკუმენტის ქართული თარგმანის წარდგენაც, მაგრამ აღიშნული არ ნიშნავს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება გამოიკვლიოს და შეაფასოს უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონკრეტული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი ამ მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არის. იმისათვის, რომ მტკიცებულების იურიდიული ძალის ქონის საკითხი გადაწყდეს, იგი, პირველ რიგში, სასამართლოს გამგებლობაში უნდა მოხვდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მხულის შესაბამისად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოცემულ შემთხვევაში სს „ლ. ბ-ის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დგინდება, რომ მან მიმართა სს „პ. ბ-ს“ შპს „ზ-ისა“ და შპს „ა. ჯ-ს“ საკრედიტო ურთიერთობების ამსახეველი მტკიცებულების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნულზე მიიღო უარი შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე მითითებით. გამომდინარე იქედან, რომ გამოთხოვილი დოკუმენტაცია სასამართლომ მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების – მოსარჩლეთა მიერ სს„პ. ბ-დან“ აღებული სესეხის მიზნობრიობის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებად, მართლზომიერად იქნა დაკმაყოფილი შუამდგომლობა დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება ძალაში უნდა დარჩეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, ხოლო იმავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ლ. ბ-მა“ მოსარჩელეებს სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 9000 ლარის 57,1% - 5139 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 410-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ა. გ-სა“ და შპს „ზ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება შპს „ა. გ-სა“ და შპს „ზ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ა. გ-სა“ და შპს „ზ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. სს „ლ. ბ-ს“ დაეკისროს შპს „ა. გ-სა“ და შპს „ზ-სათვის“ უსაფუძვლოდ ჩამოჭრილი თანხის - 42825 ლარის დაბრუნება;
5. დანარჩენ ნაწილში შპს „ა. ჯ. გ-სა“ და შპს „ზ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 მაისის საოქმო განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
7. სს „ლ. ბ-ს“ დაეკისროს მოსარჩელეებისათვის სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 9000 ლარის, 57,1%-ის - 5139 ლარის ანაზღაურება;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები მ. სულხანიშვილი



პ. ქათამაძე