ბს-555-141-კ-05 19 ოქტომბერი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის გეგმის შედგენის დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 13 სექტემბერს შპს “.. ..-ის” დირექტორმა სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 4 მაისის ¹09.09.330 დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკურ საბითუმო საცალო “ს-ს” (ამჟამად შპს “.. ..-ს”) ქ. თბილისში, ... გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ, დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი. ხსენებული დადგენილებით მოსარჩელეს დაევალა მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და კეთილმოწყობა. მოსარჩელის მითითებით, მან ნაკვეთის მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის ვალდებულება პირნათლად შეასრულა და მიმდებარედ გააშენა მწვანე ზოლი, რაც სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული. შპს “.. ..-ის” წარმომადგენელი აქვე დაამატებდა, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი მათ სარგებლობაში მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 4 მაისის ¹09.09.330 დადგენილების გამოცემამდეც იმყოფებოდა და მიწის ნაკვეთის გეგმის შესადგენად, ანუ ე.წ “წითელი ხაზების” მოსამზადებლად მიმართეს თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სარგებლობაში არსებული ნაკვეთის საზღვრების ზუსტად განსაზღვრა. შპს “.. ..-ის” წარმომადგენლის მითითებით, ვინაიდან მათ თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურისაგან დაუსაბუთებელი უარი მიიღეს, მიმართეს სასამართლოს, რათა მას, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, მოპასუხისათვის აღნიშნულის განხორციელება დაევალებინა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი, მოემზადებინა მიწის ნაკვეთის ე.წ “წითელი ხაზები”, ანუ გენგეგმა, ვინაიდან აღნიშნულის უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ გააჩნდა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “.. ..-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა _ თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს დაევალა გელოვანის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ შპს “.. ..-ის” მოვლა-პატრონობაში არსებული მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმის, ე.წ “წითელი ხაზების” შედგენა იმ მოტივით, რომ მოსარჩელე მიწის მართლზომიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა და მისი მოთხოვნა მიწის საზღვრების განსაზღვრის შესახებ კანონიერი იყო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პირისათვის საკუთრებისEუფლებით გადაცემას კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის გზით ახორციელებდა, რის გამოც უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის მიწის გენგეგმის დამტკიცების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “.. ..-ს” მიწა დროებით სარგებლობაში დაუმაგრდა და აღნიშნული მისთვის მიწის გადაცემის საფუძველს ვერ შექმნიდა, ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემა პირისათვის მხოლოდ კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის გზით ხდებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 15 მარტის გადაწყვეტილება შპს “.. ..-ის” წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ იმ დროისათვის, როცა შპს “.. ..-ს” მიწის ნაკვეთის ფლობისა და მოვლა-პატრონობის უფლება წარმოეშვა, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონი არ მოქმედებდა და მისი ნორმები მოცემულ დავაზე არ უნდა გავრცელებულიყო. კასატორის მოსაზრებით, იგი ითხოვდა მიწის ნაკვეთის არა საკუთრებაში გადაცემას, არამედ _ მასზე ტექნიკური ხასიათის დოკუმენტის _ გენგეგმის, ე.წ “წითელი ხაზების” დადგენას. მისი განცხადებით, მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთია მიწის ნაკვეთის გეგმა და სწორედ აღნიშნული დოკუმენტის მომზადებას მოითხოვდა მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსაგან.
კასატორმა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასა-ბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ამასთან, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთეული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 393-394-ე მუხლები).
სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი მხარე სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, საკასაციო სასამართლო კი არაა უფლებამოსილი, საქმის მტკიცებულებები საკასაციო ინსტანციაში თავად გამოიკვლიოს, ამდენად, საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
საქმეში წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებიდან ჩანს, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსაგან მისთვის მოვლა-პატრონობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის შედგენას მოითხოვდა. აღნიშნული მოსარჩელის მიერ შემდგომშიც არაერთხელ იქნა დადასტურებული. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გასცდა სარჩელის ფარგლებს და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვა ხდება კონკურსის, აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის გზით, მაშინ, როცა მოთხოვნა მიწის სარგებლობის უფლების აღრიცხვას ეხებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსკ-ის 248-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მიწის სარგებლობის უფლების რეგისტრაციის თაობაზე საფუძვლიანია თუ არა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოებასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ, მართალია, მოვლა-პატრონობის უფლებით შპს “.. ..-ს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 1995 წელს გადაეცა, მაგრამ მან ადმინისტრაციულ ორგანოს მიწის ნაკვეთის გეგმის შედგენის მოთხოვნით 2004 წელს მიმართა და იმსჯელოს, რომელი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ წარმოებული დავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ვ” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან მათი დამოწმებული ასლი. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ შპს “.. ..-ისათვის” სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული საკადასტრო რუკა. სასამართლომ უნდა იმსჯელოს, აღნიშნული ხომ არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ე.წ “წითელი ზოლების” შემცველ დოკუმენტს, თუ სხვა რამ იგულისხმება “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის დისპოზიციაში, რომელშიც მითითებულია, რომ სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაციის წესით რეგისტრირდება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში და იგი ხორციელდება მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებული საბუთის საფუძველზე.
“მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვის ძირითადი იურიდიული საფუძველი და იგი ოთხი ნაწილისაგან შედგება, კერძოდ: 1. საკუთრების განყოფილება; 2. მესაკუთრის განყოფილება; 3. ვალდებულების განყოფილება და 4. იჯარისა და იპოთეკის (გირავნობის) განყოფილება.
ამრიგად, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, შპს “.. ..-ს” რა უფლებით ჰქონდა სახელმწიფოსაგან გადაცემული მიწის ნაკვეთი და იგი წარმოადგენდა თუ არა ისეთი ხასიათის სარგებლობის უფლებას, რომელიც, ზემოხსენებული კანონების შესაბამისად, ექვემდებარებოდა რეგისტრაციას. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ თბილისში, ... გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის შპს “.. ..-ის” მიერ სარგებლობის მართლზომიერებასა და კანონიერებას სადავოდ მოწინააღმდეგე მხარე არ ხდის, ანუ დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 1995 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹09.09.330 დადგენილებით შპს “.. ..-ს” მიწათსარგებლობის _ მოვლა-პატრონობის უფლებით გადაეცა გელოვანის გამზირზე, ავეჯის სახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლომ იმ გარემოებაზეც უნდა იმსჯელოს, ე.წ. “წითელი ხაზების” შედგენა გულისხმობს თუ არა შპს “.. ..-ისათვის” მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დადასტრურებას, თუ აღნიშნული ტექნი-კური ხასიათის დოკუმენტია და მხოლოდ ნაკვეთის საზღვრებს ადგენს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.