ბს-595-563(კ-06) 21 ნოემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) თ. ს-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – დავალიანების ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თ. ს-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-2/.
საქმის გარემოებები:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 16 სექტემბრის ¹-- ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა რეზერვში. ნამსახურობაში ჩათვლილმა ვადამ შეადგინა 29 წელი, 1 თვე და 5 დღე. პენსიაზე გასვლის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა კვების კომპენსაცია 708 ლარის ოდენობით, თანამდებობრივი და სამხედრო წოდების ფულადი სარგოების 30% _ 172 ლარი და 92 თეთრი, თანამდებობრივი ხელფასის 15% _ 76 ლარი და 40 თეთრი და სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიუღებელი ფულადი კომპენსაცია 414 ლარისა და 14 თეთრის ოდენობით.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანება მოსარჩელის მიმართ ჯამში შეადგენს 1371 ლარსა და 46 თეთრს, რაც დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამსახურის მიერ გაცემული ცნობით.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 ივნისის ბრძანების, «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის 17.3. მუხლისა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 12.4. მუხლის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, აანაზღაუროს ზემოაღნიშნული დავალიანება.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო თენგიზ სირაძის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 30, სხდომის ოქმი/.
საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით თენგიზ სირაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თენგიზ სირაძის სასარგებლოდ დაეკისრა 1999-2000 წლების დავალიანების _ 414 ლარისა და 14 თეთრის ანაზღაურება; თენგიზ სირაძის სარჩელი მიუღებელი კვების საკომპენსაციო თანხისა და თანამდებობრივი და სამხედრო წოდების ფულადი სარგოების ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2005 წლის 1 აგვისტოს ¹-- ცნობის თანახმად, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა 1998 წლის ერთდროული ფულადი დახმარება პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, რაც შეადგენდა წოდებრივი და თანამდებობრივი სარგოების თორმეტ ოდენობას. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2005 წლის 19 მაისის ¹-- ცნობის თანახმად, მოსარჩელეს მიუღებელი ჰქონდა 1999-2000 წლების დავალიანება, რაც შეადგენდა 414 ლარსა და 14 თეთრს.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-17, 1.»გ» მუხლები და მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელ წელთა ნამსახურობის (პროცენტული დანამატის) და კვების დახმარების ანაზღაურების თაობაზე მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე, მე-14, შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლები და განმარტა, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში, სასამართლოს დასკვნით, ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 31-33/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ემ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა «საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ» და «შეიარაღებული ძალების ვეტერანთა დაცვის შესახებ» კანონები, მაშინ, როცა აღნიშნული კანონის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას სრულად. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 ივნისის ბრძანების საფუძველზე კვების კომპენსაცია თვეში შეადგენდა 59 ლარს და, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 708 ლარი, ასევე სასამართლომ არ გამოიყენა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის 17.3. მუხლი /იხ.ს.ფ. 38-40/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება თენგიზ სირაძისათვის მიუღებელი კვების საკომპენსაციო თანხისა და თანამდებობრივი და სამხედრო წოდების ფულადი სარგოების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1122 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «სამხედრო და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის 17.3. მუხლი და განმარტა, რომ 25 წელზე მეტი კალენდარული წლის ნამსახურობის მქონე ვეტერანებს ეძლეოდათ ერთდროული კომპენსაცია 12 თვის სარგოს ოდენობით, ამასთან, სასამართლოს დასკვნით, აღნიშნულ კანონში არ იყო განმარტებული ფულადი სარგოს შემადგენლობა, მაგრამ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დასახელებულ პირთა პენსიის გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტულ დანამატი და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოები ინდექსაციის გათვალისწინებით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სასურსათო ულუფის ღირებულებისა და, შესაბამისად, წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების თობაზე მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 57-58/.
კასაციის მოტივი:
«ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი ვეტერანების უზრუნველყოფა ერთდროული ფულადი დახმარებით განისაზღვრებოდა 25 და მეტი კალენდარული წლის ნამსახურეობისათვის 12 თვის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონი ზუსტად განსაზღვრავს ფულადი სარგოების შემადგენლობას და თავდაცვის სამინისტროსგან თ. ს-ეს კანონიერად აუნაზღაურდა მხოლოდ ორი კომპონენტის თანხა 12 თვის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-10 მუხლი, რადგან «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-17 მუხლი აწესრიგებს კონკრეტულ საკითხს და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით თავდაცვის სამიისტროს მიმართ თ. ს-ის სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში იყო უსაფუძვლო.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია//იხ.ს.ფ. 67-70/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლოს მსჯელობები გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, კერძოდ, გაურკვეველია სასამართლოს დასკვნა, რომ «სამხედრო და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის 17.3. მუხლის თანახმად, 25 წელზე მეტი კალენდარული წლის ნამსახურობის მქონე ვეტერანებს ეძლეოდათ ერთდროული კომპენსაცია 12 თვის სარგოს ოდენობით, ამასთან, სასამართლოს დასკვნით, აღნიშნულ კანონში არ იყო განმარტებული ფულადი სარგოს შემადგენლობა, მაგრამ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დასახელებულ პირთა პენსიის გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოები ინდექსაციის გათვალისწინებით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სასურსათო ულუფის ღირებულებისა და, შესაბამისად, წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების თობაზე მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულიად გაურკვეველია სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნები იმ პირობებში, როცა საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომ მოსარჩელე თ. ს-ძე არის სამხედრო ძალების ვეტერანი, ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ. ს-ეს ნამსახურები აქვს 25 კალენდარულ წელზე მეტი, ამდენად გაურკვეველია, თუ რა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მივიდა სასამართლო ამგვარ დასკვნამდე.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა და გადაწყვიტა მოცემული დავა, რომ არ დაუდგენია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, ამასთან, თ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პენსიაზე დანამატის და მიუღებელი დავალიანების ანაზღაურება, სულ 1371,46 ლარის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი დავალიანების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 414,14 ლარის გადახდა, ხოლო მიუღებელი კვების კომპენსაციის, თანამდებობრივი და სამხედრო წოდების ფულადი სარგოების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ს-ის მიერ გასაჩივრდა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რა სარჩელი სრულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 1122 ლარის გადახდა, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც გაურკვეველია თუ რა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მივიდა სასამართლო ამგვარ დასკვნამდე, მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელეს დავის საგანი არ გაუზრდია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, რამდენადაც 414,14 ლარის დავალიანების ანაზღაურების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა მხარეთა მიერ, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ სარჩელის დაუკმაყოფილებელ _ 957, 32 ლარის ანაზღაურების ნაწილში, მაშინ, როცა გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დააკისრა 1122 ლარის გახდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების არსებობის გარეშე, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ კვების კომპენსაცია, რომელიც არ მიუღია მოსარჩელს წარმოადგენს 708 ლარს, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს, ასევე არ არის მტკიცებულება, რომ თანამდებობრივი და სამხედრო წოდების ფულადი კომპენსაცია მოსარჩელეს მისაღები ჰქონდა 172,92 ლარის ოდენობით, ხოლო თანამდებობრივი ხელფასი 76.40 ლარის ოდენობით, ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ დაანგარიშებულ თანხებს, მაშინ, როცა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს თავდაცვიოს სამინისტროს მიერ მოსარჩელეზე აღნიშნული დავალიანების არსებობას, საქმეში არ არის წარმოდგენილი, ასეთად ვერ იქნება მიჩნეული ს.ფ. 3-ზე მდებარე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების ამონაწერი.
საკასაციო სასამართლო «სამხედრო და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის 17.3. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას (გადამდგარი) ვეტერანების უზრუნველყოფა ერთდროული გასასვლელი დახმარებით --- 25 და მეტი კალენდარული წლის ნამსახურობისათვის შეადგენს 12 თვის სარგოს.
საკასაციო სასამართლო «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ პენსიის გადაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული ყოველთვიური თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგო ინდექსაციის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე, უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები და გამოიკვლიოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ რა რაოდენობის თანხა არის გასაცემი თ. ს-სათვის ერთდროული გასასვლელი კომპენსაციის სახით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ასევე რა რაოდენობის თანხას წარმოადგენს კვების, თანამდებობრივი და სამხედრო წოდების ფულადი კომპენსაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მისაღები აქვს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდ მტკიცებულებების მოპოვების, მათი შეფასებისა და გამოკვლების საფუძველზეა შესაძლებელი მოცემულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც საქმე დამატებითი გამოკვლევის მიზნით ექვემდებარება ხელახლა განსახილველად დაუბრუნებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 408.3, 411-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.