Facebook Twitter
№ ას-1634-1533-2012 24 სექტემბერი, 2013 წელი,
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – ლ. ლ-ე


მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ბ. ბ. კ-ი“ ( „ა. ბ. ს., შპს „ა. ბ. ბ. კ-ის საქართველოს ფილიალი)


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება


საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ,,ა. ბ. ს-ოს - შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ საქართველოს ფილიალში, მრჩევლის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2012 წლის 7 ივნისიდან შემდეგი საფუძვლით: 2011 წლის 1 იანვარს მას და ,,ა. ბ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის ვადა განისაზღვრებოდა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მის მიერ გაწეული მომსახურების საზღაური კი, 3000 ლარით. ხელშეკრულებას ასრულებდა პირნათლად, მაგრამ 2012 წლის 7 ივნისიდან კომპანიამ ცალმხრივად, მოულოდნელად და უმიზეზოდ გაწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობა, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს აღდგენას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადის მიხედვით, ასევე - განაცდურის დაკისრებას საშვებულებო თანხასთან ერთად, სულ 4500 ლარის ოდენობით.
მოპასუხე შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის“ წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ლ. ლ-ან შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელმა შეწყვიტა კანონმდებლობის სრული დაცვით. ლ. ლ-ე არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დამსაქმებელმა იგი სხვა სამსახურში გადაიყვანა, მაგრამ მან უარი განაცხადა „ბ-ი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობაზე და სამუშაო ოთახის დაცლაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. ლ-ე დაინიშნა ,,ა. ბ. ს-ო, შპს ა. ბ. ბ. კ-ის ს. ფ-ის“ გენერალური დირექტორის მრჩევლად და განესაზღვრა ყოველთვიური ანაზღაურება 3000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ბ.ს N1 ჩ. ქ-ნა“ ლ. ლ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში წარმოდგენდა მოპასუხის შვილობილ კომპანიას. აგრეთვე შპს „ბ-ი“, ასევე წარმოადგენდა მოპასუხის შვილობილ კომპანიას იმ პერიოდისათვის, როდესაც მოპასუხემ ლ. ლ-ეს დაავალა ამ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილით, მე-3 მუხლით, I მუხლის I ნაწილით და მიიჩნია, რომ, რამდენადაც მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შრომითსამართლებრივი ხასიათი, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება არ ექცეოდა რაიმე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგების სფეროში და იგი ექვემდებარებოდა შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით დადგენილ რეგულირებას.
პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება. აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ ერთ–ერთ შვილობილ კომპანიაში – სს „ბ-ი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მოვალეობის განხორციელებაზე უარის თქმა არ შეიძლება განხილულიყო მხარეთა შორის გაფორმებული 2011 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევად, პალატამ არადამაჯერებლად მიიჩნია.
მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად, კომპანიის დავალებითა და ინტერესების დაცვით ლ. ლ-ე, როგორც კონსულტანტი, ვალდებულია, კომპანიის მენეჯმენტს მისცეს რჩევები კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების მართვასთან დაკავშირებით, ამასთან კონსულტანტი ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს კომპანიის მენეჯმენტს (მათ შორის, გენერალურ დირექტორს) კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების მართვაში.
მითითებული პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, კონსულტანტის (გენერალური დირექტორის მრჩეველი) ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა ერთი მხრივ კომპანიის (შპს „ა. ბ. ბ. კ-ი”) მენეჯმენტისათვის რჩევების მიცემა კომპანიის მართვასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, კომპანიის დავალების შემთხვევაში კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების მართვაში დახმარების აღმოჩენა, მათ შორის, მართვაში უშუალო მონაწილეობის მიღების განხორციელება. ნიშანდობლივია, რომ 2011 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და, შესაბამისად, კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობისას ლ. ლ-ე, ასევე პარალელულად ასრულებდა სს „ბ.ს №1 ჩ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობასაც. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ კონსულტანტისათვის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობაც – 3000 (ხელზე ასაღები თანხა) ლარი, გარკვეულწილად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ამ მოცულობის ანაზღაურება მხოლოდ რჩევების, კონსულტაციისა და 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებისათვის არ იყო გათვალისწინებული და დამსაქმებელს ამ ანაზღაურების სანაცვლოდ, ასევე შეეძლო 2011 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ლ. ლ-ის, როგორც კონსულტანტისათვის, დაევალებინა შვილობილი კომპანიის მართვაში უშუალო მონაწილეობის მიღებაც.
სააპელაციო პალატამ ზემოთ მითითებული გარემოებებისა და მსჯელობის გათვალისწინებით საბოლოოდ დაასკვნა, რომ, რამდენადაც ლ. ლ-ეს, როგორც ,,ა. ბ. ს-ო, შპს ა. ბ. ბ. კ-ის ს. ფ-ის“ კონსულტანტს, დამსაქმებელმა 2011 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში და დამსაქმებლის შვილობილი კომპანიის მართვაში დახმარების გაწევის მიზნით დაავალა ერთ–ერთ შვილობილ კომპანიაში – სს „ბ-ი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელება, ლ. ლ-ის მიერ სს „ბ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებაზე უარის თქმა უნდა განხილულიყო მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევად. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ ურთიერთობა და მასთან დაკავშირებული საკითხები ექცეოდა „მეწარმეთა შესახებ“
კანონის რეგულირების სფეროში, თუმცა მხოლოდ აღნიშნულის გამო იმის მტკიცება, რომ, მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელს ლ. ლ-ის არ შეეძლო დაევალებინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელება, არადამაჯერებელი იყო. მით უმეტეს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების 2.2. პუნქტით მხარეებმა წინასწარვე გაითვალისწინეს შვილობილი კომპანიის მართვაში დახმარების გაწევის ვალდებულება. პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ამ პირობით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა ლ.ლ-ის მხრიდან ფაქტობრივად ნიშნავდა კონსულტანტის ერთ–ერთი ძირითადი მოვალეობის განხორციელებაზე უარის თქმას, რაც, პალატის მოსაზრებით, წარმოშობდა მხარეთა მიერ გაფორმებული 2011 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს (შკ–ის 37–ე მუხლის „გ“ პუნქტი).
პალატის მითითებით, აპელანტს სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია, რაიმე არგუმენტი, რაც სარწმუნოდ მიუთითებდა აპელანტის მიმართ დისკრედიტაციის მცდელობასა და დამსაქმებლის მხრიდან ლ. ლ-ის მიმართ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით კი, აპელანტთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა განპირობებული იყო დამსაქმებლის შვილობილ კომპანიის მართვაში ლ. ლ-ის მხრიდან მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმით და ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ლ. ლ-ე სარჩელით აპროტესტებდა გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობიდან განთავისუფლებას და ითხოვდა სწორედ ამ თანამდებობაზე აღდგენას, პირველი ინსტანციის სასამართლო კი, სამოტივაციო ნაწილში მსჯელობდა, რომ ლ. ლ-ე მოპასუხე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მსჯელობა ცხადყოფს, რომ სასამართლო საერთოდ ვერ გაერკვა, თუ რომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა ლ. ლ-ე და სად ითხოვდა აღდგენას. სააპელაციო სასამართლომ კი, საერთოდ არ იმსჯელა ამ საკითხზე. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ლ. ლ-ის განთავისუფლებას სამართლებრივ საფუძვლად დაედო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა. განსხვავებით ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისაგან, „გ“ ქვეპუნქტით პირის გათავისუფლებას ესაჭიროება კონკრეტული მიზეზი, კონკრეტული დარღვევა, რომლის არსებობაც მოპასუხის დასამტკიცებელია. ლ.ლ-სა და მოპასუხეს შორის არსებულ შრომით ხელშეკრულების (ანუ 01.01.2011 წლის ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ) მე-2 მუხლი არეგულირებს მხარეთა ვალდებულებებს. ვერც ერთი ინსტანციის სასამართლომ და ვერც მოპასუხემ ვერ მიუთითა, თუ ამ მუხლის ან მთლიანად ხელშეკრულების კონკრეტულად რომელი პირობა დაარღვია ლ.ლ-ემ. გაუგებარია სააპელაციო პალატის მითითება იმის თაობაზე, რომ თურმე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ლ.ლ-ე პარალელურად ასრულებდა სს „ბ.ს №1 ჩ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობასაც. გაუგებარია რაში გამოიხატება „ნიშანდობლიობა“. რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ თითქოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობის განხორციელება ლ.ლ-ეს დავალებული ჰქონდა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ბუნდოვანია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ თურმე კონსულტანტისათვის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ მოცულობას ანაზღაურება მხოლოდ რჩევების მიცემისთვის არ იყო გათვალისწინებული და დამსაქმებელს შეეძლო, დაევალებინა შვილობილ კომპანიის მართვაში უშუალოდ მონაწილეობის მიღებაც. კასატორის განმარტებით, საკონსულტაციო მომსახურების ანაზღაურება შეიძლება იყოს სამი ათასი ლარიც და სამი მილიონი ლარიც. ყველაფერი დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუუნარობასა და კონსულტანტის კვალიფიკაციაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ლ.ლ-ის, როგორც ჩამომსხმელი ქარხნის, სტრუქტურაში ყველა საკვანძო თუ არასაკვანძო რგოლზე (მათ შორის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე) მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, ადასტურებს, რომ ლ. ლ-ე გახლავთ მაღალკვალიფიციური და, შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი.
ზემოთქმული გარემოებები ადასტურებს, რომ სასამართლოს დასკვნები და შეფასებები არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან. აბსოლუტურად გაუგებარია სააპელაციო პალატის მოსაზრებაც, რომ თურმე ლ. ლ-ე არ დაემორჩილა დამსაქმებლის მითითებას ახალი სამუშაო ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ყოველგვარი შეფასება, რომ თითქოს ლ. ლ-ე არ დაემორჩილა დამსაქმებლის მითითებას სამუშაო ადგილის შეცვლაზე, დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. ლ-ე დაინიშნა ,,ა. ბ. ს-ო, შპს ა. ბ. ბ. კ-ის ს. ფ-ის“ გენერალური დირექტორის მრჩევლად და განესაზღვრა ყოველთვიური ანაზღაურება 3000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). შპს „ბ.ს N1 ჩ. ქ-ა“ ლ. ლ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში წარმოდგენდა მოპასუხის შვილობილ კომპანიას. აგრეთვე სს „ბ-ი“, ასევე იყო მოპასუხის შვილობილი კომპანია იმ პერიოდისათვის, როდესაც მოპასუხემ ლ. ლ-ეს დაავალა ამ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულება. აღნიშნულზე მოსარჩელემ უარი განაცხადა და მიუთითა, რომ ცოცხალი თავით არ გამოიცვლიდა სამუშაო ოთახს და რაიმე ინციდენტის შემთხვევაში იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ლ. ლ-ემ 2012 წლის 28 მაისის წერილით უარი განაცხადა სს ,,ბ-ის’’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მოვალეობების და დამსაქმებლის მითითებების (სამუშაო ადგილის არაარსებითი ცვლილება - ქ. ბორჯომში, თ-ის ქ. №39-ში მდებარე ოფისიდან გადასვლა იმავე ქალაქში ბ-ის ქ.№5-ში მდებარე ოფისში) შესრულებაზე. მოპასუხე შპს ,,ა. ბ. ბ. კ-ის’’ გენერალური დირექტორის მიერ განემარტა მოსარჩელე ლ. ლ-ეს, რომ, თუ მას არ ჰქონდა სურვილი სს ,,ბ-ის’’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულებისა, კომპანია არ იყო წინააღმდეგი, დაეკმაყოფილებინა მისი განცხადება განთავისუფლების თაობაზე. ლ. ლ-ე 2012 წლის 1 ივნისიდან სამსახურში არ გამოცხადდა ახალ სამუშაო ადგილას, ნაცვლად იმისა, რომ ჩაებარებინა ძველი სამუშაო ოთახი მოპასუხისათვის, ჩაკეტა იგი და თან წაიღო გასაღები; შემდგომში აღნიშნული სამუშაო ოთახი გაიღო კომისიური წესით. 2012 წლის 7 ივნისის №104/12 წერილით მოპასუხე ორგანიზაციამ მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ,,უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო’’. ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს ამგვარი შედავება ზემომითითებული ფაქტების მიმართ არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე ერთმანეთთან ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი ურთიერთობა გააიგივა.
მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის ყურადღება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე უნდა გამახვილდეს: კასატორი ვადიანი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა გენერალური დირექტორის მრჩევლად მოპასუხე ორგანიზაციაში. იმავდროულად, ლ. ლ-ე იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე შპს „ბ.ს N1 ჩ. ქ-ი“, რომლის 100%-იან წილს მოპასუხე ფლობს. „ა. ბ.ს“ გენერალური დირექტორის მიმართვით ირკვევა, რომ ლ.ლ-ე გათავისუფლდა შპს „ბ.ს N1 ჩ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან და დაინიშნა სს „ბ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, რომლის დომინანტი აქციონერია „ა. ბ..“ მოსარჩელემ უარი განაცხადა მითითებული თანამდებობის დაკავებაზე, რის შემდეგაც, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, დამსაქმებელმა ვადამდე შეწყვიტა ლ. ლ-ან არსებული შრომის ხელშეკრულება. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხე თავის შესაგებელში ლ. ლ-ის სს „ბ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩევას განიხილავს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სამუშაოზე გადაყვანად. დავის სწორად გადაწყვეტისათვის პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ევალებოდა თუ არა შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ლ-ეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა და მის მიერ ამ თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმა იყო თუ არა შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევა?
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონით მოწესრიგებულია კაპიტალური საზოგადოებების მმართველობის ორგანოების ფორმირების წესი, რომელზეც არ ვრცელდება შრომის კოდექსის მოთხოვნები, საზოგადოების დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა/არჩევა, ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები არ წარმოდგენს შრომის ხელშეკრულებით მოსაწესრიგებელ საკითხებს. საზოგადოების ხელმძღვანელი პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა არის სამეწარმეო და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე (იხ. მაგ. სუსგ 3/კ259-01). საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით, მხოლოდ ის საკითხები, რაც არ არის მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, საზოგადოების წესდებით, ან თავად დირექტორთან/სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი (მაგ, სოციალური გარანტიები, ანაზღაურებადი შვებულება და ა.შ); შესაბამისად, ლ. ლ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნის საკითხი არ წარმოდგენს მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ნაწილს და არ გამომდინარეობს მათ შორის არსებული ხელშეკრულებიდან.
სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი დასკვნის საშუალებას არც თავად შრომის ხელშეკრულება იძლევა, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1-2.4 პუნქტებში ჩამოთვლილია დასაქმებულის ვალდებულებები, რომლებიც მოიცავს კომპანიის მენეჯმენტისათვის რჩევის მიცემას კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების მართვასთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტის (მათ შორის, გენერალური დირექტორის) დახმარებას კომპანიისა და შვილობილი კომპანიების მართვაში. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ „დახმარების აღმოჩენა“, ამ შემთხვევაში, გულისხმობს მართვის პროცესში უშუალოდ მონაწილეობას ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების გზით და აღნიშნავს, რომ მსგავსი განმარტების საშუალებას ხელშეკრულება არ იძლევა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონსულტანტის ხელფასი (3000 ლარი ხელზე) ცხადყოფს, რომ ამ მოცულობის ანაზღაურება მხოლოდ რჩევების მიცემისათვის არ იქნებოდა გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო ვერც ამ მსჯელობას გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის დასაქმებულის ხელფასს განსაზღვრავს დამსაქმებელი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, იმ ოდენობით, რამდენადაც მას უღირს ამ სამუშაოს შესრულება, მიუხედავად იმისა, რა სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულება, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მაღალი ანაზღაურება მხოლოდ რჩევების მიცემისათვის არ შეიძლება იყოს გათვალისწინებული, დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამსაქმებელმა ლ. ლ-ან დადებული შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი დაუდო, რომელიც (შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მოქმედი რედაქციით) გულისხმობდა ერთ-ერთი მხარის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევას. საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე დაასაბუთა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის ვალდებულება შრომის ხელშეკრულებით მოწესრიგებულ საკითხს არ წარმოდგენდა და ცალკე სამართლებრივ ურთიერთობას მიეკუთვნებოდა, შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმა შრომის ხელშეკრულების დარღვევად ვერ მიიჩნევა, ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევაზე კი მოპასუხე არ მიუთითებს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება კი, ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი ურთიერთობის გაიგივებითაა განპირობებული, ამდენად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ მიერ ლ.ლ-ან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა არამართლზომიერი იყო და ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
შრომის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.
იმავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის ვადიანი შრომის ხელშეკრულება იყო გაფორმებული, რომლის მოქმედების ვადა ამოწურულია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირვანდელი სამუშაო ადგილზე აღდგენა, ამ შემთხვევაში, შეუძლებელია და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია, რომელიც მოიცავს იმ შრომის ანაზღაურებას, რასაც დასაქმებული მიიღებდა ხელშეკრულება ვადამდე რომ არ შეწყვეტილიყო. შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 7 ივნისიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე მოსარჩელის მიერ ხელზე მისაღები თანხა 21000 ლარს შეადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, მოპასუხე მოსარჩელეს არ აუნაზღაურებს, ხოლო იძულებით მოცდენის პერიოდისათვის შრომის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ამასთან, ამ ნაწილში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ამდენად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის, 21000 ლარის, 5%-ის - 1050 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და


გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
3. ლ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ დაეკისროს კომპენსაციის სახით ლ. ლ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის, სულ 21 000 ლარის გადახდა;
5. ლ. ლ-ის სარჩელი პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. შპს „ა. ბ. ბ. კ-ის“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის, 21000 ლარის, 5%-ის - 1050 ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები ბ. ალავიძე




პ. სილაგაძე