საქმე №ას-970-928-2013 26 ნოემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ბ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება (სარჩელის მიხედვით), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელის მიხედვით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა გ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება. სარჩელის მიხედვით, 2011 წლის 06 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გ. ბ-ემ ლ. მ-ან აიღო სესხი 25 000 აშშ დოლარის ოდენობით 3 თვის ვადით ყოველთვიურად 5% სარგებლით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. ბ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მცხეთაში (ლ-ი, მ-ო). სარჩელის წარდგენა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გ. ბ-ემ შეწყვიტა სესხისათვის სარგებლის გადახდა და არც სესხის ძიითადი თანხა დაუფარავს. ამასთან, გ. ბ-ის მიერ სესხის მიღებას საფუძვლად დაედო სესხის უზრუნველყოფა მოტყუებით, კერძოდ, იპოთეკის საგნის სახით გ. ბ-ემ ლ. მ-ეს აჩვენა არა ის ქონება, რომელიც იპოთეკით დატვირთა, არამედ სხვა ქონება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და ლ. მ-ის მიმართ აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა 2011 წლის 06 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. შეგებებული სარჩელის მიხედვით, გ. ბ-ე 2011 წლის 06 აპრილის ხელშეკრულების მხარედ დაფიქსირდა ფორმალურად. რეალურად, სესხი აიღო დ. ჟ-მა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალურ მესაკუთრესაც ეს უსაკანასკნელი წარმოადგენდა. მოგვიანებით, სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონება კვლავ აღირიცხა დ. ჟ-ის საკუთრებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გ. ბ-ეს ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 14 875 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო 2012 წლის 01 მაისამდე 438,75 აშშ დოლარის დოენობით, ხოლო 2012 წლისმ 02 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველდღიურად 3,75 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით გ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინებით ლ. მ-სა და გ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 06 აპრილს ერთის მხრივ, ლ. მ-სა და, მეორეს მხრივ, გ. ბ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ლ. მ-ემ გ. ბ-ეს სესხის სახით გადასცა 25 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,3%–ის ოდენობით. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. ბ-ის სახელზე რიცხული, მცხეთაში, ლ-ი, მ-ი მდებარე 542 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა;
2011 წლის 06 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშკრულების 4.6 პუნქტის შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაციისას იპოთეკარის მოთხოვნა მოვალის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ იმ ნაწილში (იმ მოუცულობით), რასაც ფარავს იპოთეკის საგნის ღირებულება. მხედველობაში მიიღება იპოთეკის საგნის ღირებულება მოთხოვნის დაკმაყოფილების მომენტში. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები მოვალის მიმართ და გადახდა მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე;
დავის განხილვის პერიოდში 2011 წლის 06 აპრილის ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე მცხეთაში, ლ-ი, მ-ი (542 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა დიმიტრი ჟუკოვის საკუთრებად;
2011 წლის 06 აპრილიდან 2012 წლის იანვრამდე ცხრათვიან პერიოდში 2011 წლის 06 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სახით გადახდილია 11250 აშშ დოლარი (25000-ის 5%=1250, 1250*9=11250);
სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება 2011 წლის 06 აპრილი ხელშეკრულების მოტყუებით დადებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, როგორც გ. ბ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, მისი მოტყუება გამოიხატა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში იმ პუნქტის მითითებით, რომლის თანახმადაც, იპოთეკარს იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში ენიჭებოდა უფლება, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა მსესხებლის სხვა ქონების ხარჯზე (იხ.: სხდომის ოქმი 14:36:07 – 14:38:29). სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოტყუებით დადებას დაადასტურებდა, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. მხარეთა შეთანხმება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მსესხებლის სხვა ქონების ხარჯზე გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რომელიც ცალსახად და არაორაზროვნადაა ასახული სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და უსაფუძვლოა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ეს პუნქტი მოტყუებით მიეთითა გარიგებაში. პალატის განმარტებით, ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია. ამდენად, არ დგინდება შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება - სადავო გარიგების მოტყუებით დადების ფაქტი;
სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ სადავო სესხის ხელშეკრულების მხარე გ. ბ-ე არ იყო და გამსესხებლისაგან რეალურად თანხა სხვა პირს გადაეცა. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გ. ჩ-ის ჩვენება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ვინმე დ. ჟ-ის მიერ ხორციელდებოდა უძრავი ქონებების სხვადასხვა პირებზე გაფორმება და შემდგომ მათი იპოთეკით დატვირთვა მიღებული სესხების უზრუნველსაყოფად. თუმცა მისივე ჩვენებით, სესხის ხელშეკრულებების გაფორმებისას თანხის მიღების წესი სხვადასხვაგვარი იყო, ხშირად თანხა მასაც აუღია, ზოგჯერ თანხას იღებდა შუამავალი, ასევე ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ის პირი, ვის სახელზეც იყო აღრიცხული ქონება. საქმეში ასევე წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ნოტარიუსის, ა. მ-ას დაკითხვის ოქმი, რომლის მიერაც განხორციელდა სადავო ხელშეკრულების გაფორმება. როგორც ჩვენებაშია მითითებული, მისთვის ცნობილი არ იყო, თუ რა ურთიერთობები ჰქონდათ გ. ჩ-ეს, გ. ბ-სა და დ. ჟ-ს ერთმანეთთან და როგორ აგვარებდნენ ფინანსურ ურთიერთობებსა და თანხების გადაცემის საკითხებს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 50-ე, 81-ე მუხლებით და დადგენილი გარემოებების შესაბამისად გ. ბ-ის შეგებებული სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ. სასამართლოს განმარტებით, მოტყუება ცდომილებაში განზრახ შეყვანაა. როგორც შეცდომის შემთხვევაში, მოტყუების დროსაც სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი. მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ შეცდომისას ეს ნაკლი გამომვლენის პიროვნებაშია, მის მიერ არასწორად განხორციელებულ ქმედებაში ან გარემოებათა არასწორ შეფასებაში, მოტყუებისას კი ყოველთვის სახეზეა პირის გასაკიცხი მოქმედება. მოტყუებისას მნიშვნელობა არა აქვს, მეორე მხარეს არასწორი წარმოდგენები მოგონილი და გაყალბებული ფაქტებით ექნება, თუ არსებული ფაქტების არასრული შეტყობინებითა თუ დუმილით, სამართლებრივად ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ სახის მოტყუება, რაც გარიგების დადების საფუძველი გახდა, „როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა“. განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოტყუებით დადებას დაადასტურებდა, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მოტყუების საფუძვლით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე;
ლ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნების შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე 328-ე და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს, მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. წერილობითი ხელშეკრულების დადებით მხარეები ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას, როდესაც რეალური ქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში აღწერენ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ქმედების განხორციელებას, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების დადებას. წერილობითი დოკუმენტის ანალიზისას პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, რომლის შესაბამისადაც, ხელშემკვრელ მხარეთა ნება დგინდება როგორც სიტყვასიტყვითი აზრიდან, ასევე გონივრული განსჯის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია: „ლ. მ-ემ ასესხა გ. ბ-ეს 25 000 აშშ დოლარი..., ხოლო მესაკუთრემ მიღო აღნიშნული თანხა სესხად (2.2. პუნქტი).. სესხი გაცემულია სამი თვის ვადით (2.3 პუნქტი).., მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს სესხს (2.1. პუნქტი)“. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც სიტყვასიტყვითი განმრტების, ასევე გონივრული განსჯის შედეგად გულისხმობს, რომ სესხის ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ქმედება, კერძოდ, ფულის დროებით საკუთრებაში გადაცემა უკვე განხორციელებულია, მითუმეტეს, რომ აღნიშნული სამოქალაქო სამართალურთიერთობისათვის გარანტიები უკვე შექმნილია და იპოთეკა ხსენებული სესხისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია. ამდენად, სესხის წერილობითი ხელშეკრულების დადებისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა, მითუმეტეს, თუ აღნიშნული ქმედების უზრუნველყოფის გარანტიებიც იურიდიულად ქმედითია, ანუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია. გარდა ამისა, პალატამ ყურადღებას გაამახვილა მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება სესხის რეალურად გადაცემის ფაქტი. პალატამ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებაში მტკიცების განაწილების სტანდარტის მიხედვით, ლ. მ-ემ შეძლო მტკიცებულების სახით სესხის წერილობითი ხელშეკრულების წარმოდგენა, სადაც მითითებულია, რომ გ. ბ-ემ ისესხა თანხა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. ამდენად, მოსარჩელემ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება. აპელანტ გ. ბ-ის პოზიციასთან დაკავშირებით (რომლის მიხედვით მართალია, იგი სესხის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირია, თუმცა, რეალურად, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მას არ მიუღია) პალატამ განმარტა, რომ სესხის სახით მიღებული თანხა შეიძლება არ ემსახურებოდეს უშუალოდ მსესხებლის პირად მიზნებს. მსესხებელმა თანხა შეიძლება მესამე პირის ინტერესებიდან გამომდინარე აიღოს, მესამე პირს გადასცეს, მის ნაცვლად შესრულება მესამე პირმა მიიღოს, თუმცა, სასესხო ურთიერთობაში პირის მსესხებლად მონაწილეობა თავისთავად გულისხმობს გამსესხებლის მიმართ მის ვალდებულებას, დაუბრუნოს ნასესხები თანხა, მიუხედავად სესხის მიზნობრიობისა, ვინაიდან ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს სწორედ კონტრაჰენტის არჩევა. ამა თუ იმ პირთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა, თავისთავად გულისხმობს კონტრაგენტის მიმართ ნდობის გარკვეული სტანდარტის არსებობას, შესაბამისად, მხარე იმიტომ დებს აღნიშნულ პირთან ხელშეკრულებას, რომ აქვს მისგან კეთილსინდისერად ვალდებულების შესრულების მოლოდინი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ გ. ბ-ის ნაცვლად მისი თანხმობით სხვა პირმა ისარგებლა სესხის თანხით, სესხის ხელშეკრულებაში მისი მონაწილეობა ავალდებულებს მსესხებელს, თანხა უკან დაუბრუნოს გამსესხებელს მაშინაც, თუ აღნიშნული თანხა სხვა მესამე პირისაგან უნდა მიიღოს, რეალურად ვის სასარგებლოდაც სესხის ხელშეკრულება დაიდო.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სესხისათვის სარგებლის განსაზღვრასთან დაკავშირებული პირობის შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე ამის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა. გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დასტურდება ფიზიკური პირების მიერ თანხების სესხად აღება ფიზიკური პირისაგან, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ სესხისათვის 5% სარგებლის დადგენის ნაწილში და აღნიშნული პირობა მხოლოდ ნაწილობრივ - 1,5%-ის ოდენობით სარგებლის დადგენის ნაწილში მიიჩნია მართლზომიერად. სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2011 წლის 06 აპრილიდან 2012 წლის იანვრამდე მონაკვეთში პროცენტის სახით გადახდილია 11250 აშშ დოლარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთ გარემოებებში, როცა სესხის ხელშეკრულება იყო გაფორმებული 3 თვის ვადით, ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ თანხის დაბრუნებამდე სარგებლის დარიცხვის გაგრძელების თაობაზე და საქმის მასალებით არ დასტურდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მხარის მიერ ნებაყოფლობით განხორციელებული გადახდები გულისხმობდა სასესხო ვალდებულების ძირი თანხის დაფარვის ანგარიშში განხორციელებულ გადახდებს. სასამართლოს მიერ გონივრულად მიჩნეული საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ანუ სამი თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, გ. ბ-ე სარგებლის სახით ვალდებული იყო გადაეხადა ყოველთვიურად 375 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვის ვადით, ამიტომ მოპასუხეს სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 1125 აშშ დოლარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 11250 აშშ დოლარიდან მოპასუხის მიერ გონივრული და სამართლიანი სარგებლის სახით გადახდილი თანხის 1125 აშშ დოლარის გარდა, მოსარჩელის მიმართ ანაზღაურებულია სესხის ძირითადი თანხის ნაწილიც, კერძოდ 10125 აშშ დოლარი. ამავე მსჯელობის გათვალისწინებით, გ. ბ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის დაკისრების მიზნით სწორად დაეკისრა მხოლოდ 14 875 აშშ დოლარი (25000+1125-11250=14875).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2011 წლის 06 აპრილის ხელშეკრულება არ დაიდებოდა მოტყუების გარეშე. სისხლის სამართლის საქმის წარმოების დამადასტურებელი მტკიცებულებიდან დგინდება, რომ გამოძიება მიმდინარეობს დ. ჟ-სა და გ. ჩ-ის მიმართ, რომელთა მხრიდან განხორციელებულმა მოქმედებებმა განაპირობა გ. ბ-ის შეცდომაში შეყვანა. კერძოდ, დასახელებულმა პირებმა გ. ბ-ეს ფორმალურად გადაუფორმეს მ-ი არსებული 542 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასვე მოაწერინეს ხელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლითაც გაცემული სესხის უზრუნველყოფის საშუალებას სწორედ ზემოაღნიშნული ქონება წარმოადგენდა. გ. ბ-ე დაეთანხმა შეთავაზებას დარწმუნდა რა, რომ სესხის დაფარვა მხოლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ხარჯზე განხორციელდებოდა. რეალურად, ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტორს შეუძლია მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის სხვა ქონებიდან, რითაც ისარგებლა ლ. მ-ემ და სარჩელი წარადგინა გ. ბ-ის მიმართ;
გ. ბ-ეს, როგორც ხელშეკრულებაში ფორმალურად დაფიქსირებულ მხარეს, ლ. მ-ის მიერ სესხის სახით გაცემული თანხიდან არაფერი მიუღია და არც სარგებლის გადახდას ახორციელებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ბ-ის მიერ 2013 წლის 18 ოქტომბერს N1 საგადასახდო დავალებით გადახდილი 1258,32 ლარის 70% – 880,82 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. ბ-ეს (პ/N ... ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ბ-ის მიერ 2013 წლის 18 ოქტომბერს N1 საგადასახდო დავალებით გადახდილი 1258,32 ლარის 70% – 880,82 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე