№ას-1284-1226-2013 24 მარტი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „…“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „…“ მოპასუხე შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხე სადაზღვევო ორგანიზაციისათვის 2013 წლის მარტში გაწეული მომსახურების ღირებულების – 14008.60 ლარის, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს – დღიურად 14 ლარის (2013 წლის მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე), აგრეთვე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2013 წლის 30 მარტიდან ყოველდღიურად 4.20 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით:
1. შპს „…“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ს“ მოსარჩელე შპს „…“ სასარგებლოდ დაეკისრა 14008.60 ლარის გადახდა;
3. შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 30 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 0.1%-ის ოდენობით;
4. შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ს“ შპს „…“ სასარგებლოდ დაეკისრა სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურში დავის განხილვისათვის გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 421 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის №177 დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის” მიერ დაზღვეულ პირებს (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) 2013 წლის მარტში. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 14008.60 ლარს;
გაწეული მომსახურების დამადასტურებელი საანგარიშგენო დოკუმენტაცია მოპასუხეს წარედგინა 2013 წლის 3 აპრილს;
„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი. ასეთი ურთიერთშედარების აქტები მხარეებს შორის არ გაფორმებულა;
მხარეებს შორის დავის გადასაჭრელად გაიმართა შესაბამისი წარმოება სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება (სარჩელის განხილვის დროისათვის) შესაბამის საბჭოს არ დაუმტკიცებია;
მოსარჩელესა და სს „პ. ბ-ს” შორის დადებული იყო საკრედიტო ხელშეკრულება წლიური 11% სარგებლით;
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ სამედიცინიო მომსახურება გაუწია შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის” მიერ დაზღვეულ პირებს (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) 2013 წლის მარტში, ამიტომ მომსახურებაზე (ანაზღურებაზე) ვალდებულ პირს წარმოადგენდა შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ი” და არა სს „ჩ. ო. კ-ა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი არ იყო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მათ შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პირების გარკვეული კონტიგენტის (სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო სს „ჩ. ო. კ-ა” და ამიტომ აღნიშნული კლინიკა იყო ვალდებული ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა დასახელებული დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 დღის ვადაში უნდა შედგეს ურთიერთშედარების აქტები, ხოლო მომდევნო 4 დღის ვადაში (ჯამში 19 დღე) უნდა მოხდეს თანხის გადარიცხვა და განმარტა, რომ მართალია აღნიშნული ურთიერთშედარების აქტების გაფორმება არ განხორციელებულა, თუმცა ეს ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კრედიტორის ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობის წინაპირობა. სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი ნორმის მოხმობილი დანაწესი მხოლოდ ანგარიშსწორების წესს ადგენდა და ამ ურთიერთშედარების აქტების არარსებობის საკითხი ვერ გახდებოდა ზოგადად ვალდებულებითი ურთიერთობის არარსებობის და შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნის პერსპექტივის განმსაზღვრელი არსებითი გარემოება. შესაბამისად, მოსარჩელის გაწეული მომსახურების ღირებულების – 14008.60 ლარის ანაზღაურების ნაწილში, სარჩელი საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ყ” ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მზღვეველი ვალდებულია განახორციელოს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით.
ზემოთ მოხმობილი ნორმების ანალიზის შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო. ამასთან, სარჩელი სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადაუხდელობით მიყენებული ზიანის – ყოველდღიურად 4.20 ლარის გადახდის თაობაზე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და იგი ამ ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი სადავოდ ხდიდა შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის” მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის დადგენილი წესით არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არგუმენტი არ გაიზიარა და მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების მე-6 მუხლზე, რომლის შეიცავს რეგულაციას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული შესაბამისი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობებისა და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ანგარიშგებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კერძოდ, წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია მზღვეველის ვალდებულება საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან დაერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეულ შემთხვევაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. წესების მე-2 მუხლის „უ“ პუნქტით, „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ განმარტებულია, როგორც დოკუმენტი (წერილობითი ან ელექტრონული), რომელიც დგება მიმწოდებელსა და მზღვეველს შორის და ასახავს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებას მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების მართებულობაზე, მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასა და ანაზღაურების ვადაზე. წესების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია (დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების ასლი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთანხმებული ფორმატით) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ამასთან, დეტალური კალკულაცია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხაში არ შედის.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, 2013 წლის 3 აპრილის N2697523, N2697505, N2697486 მიღება-ჩაბარების აქტებით, ანგარიშ-ფაქტურებითა და სამედიცინო მომსახურებაზე შედგენილი ანგარიშების უწყისებით დგინდებოდა, რომ შპს „…“ 14008.60 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება გაუწია (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის“ მიერ დაზღვეულ პირებს და გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოპასუხეს წარედგინა წესების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში, 2013 წლის 3 აპრილს.
სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე დაეთანხმა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ამასთან, არც დაზღვეული პირების გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური გაუხდია სადავოდ, თუმცა მან მიიჩნია, რომ ანგარიშსწორების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ და არა მისთვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი (მტკიცებულება: შესაგებელი სარჩელზე, ტომი 1. ს.ფ. 55), რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ არ გაფორმებულა (გათვალისწინებული წესების მე-2 მუხლის „უ“ პუნქტით), არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მზღვეველის გათავისუფლებას სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. როგორც ეს მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით დგინდებოდა, მზღვეველს ეცნობა ყველა საჭირო ინფორმაცია შესრულებული მომსახურების შესახებ, როგორიც იყო გაწეული მომსახურების თანხის ოდენობა, მომსახურების სახე პაციენტთა ვინაობის მითითებით, დასმული დიაგნოზების დასახელება, მომსახურების პერიოდები, მომსახურების დასახელება და კონკრეტულ პაციენტზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. მზღვეველმა სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებული სამუშაო მიიღო და ამდენად, მას წარმოეშვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შემხვედრი ვალდებულება.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მომსახურების ანაზღურებაზე ვალდებულ პირად სწორად განისაზღვრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ი”, ვინაიდან, როგორც ეს საქმის მასალებით დგინდებოდა შპს „…“ სამედიცინო მომსახურება გაუწია სწორედ შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის” მიერ დაზღვეულ პირებს, ხოლო აპელანტის პოზიცია, რომ გარკვეული კონტიგენტის (სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო სს „ჩ. ო. კ-ა”, ვერ გახდება შპს „…“ მიერ გაწეული მომსახურების ანაზღურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების საფუძველი.
საქმეზე დადგინდა, რომ 2013 წლის 3 აპრილს მოპასუხისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით მოპასუხეს წარმოეშვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ყ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მზღვევლი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-მა“.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მოდავე მხარეებს შორის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდებისას წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით, რომელიც ასევე დეტალურად არსეგულირებს მხარეებს შორის ანგარიშსწორების განხორციელების წესს/პირობებს და საფუძველს. იმაზე მითითებით, რომ მხარეებს ურთიერთშედარების აქტი არ გაუფორმებიათ ხსენებული დადგენილების წესების შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის მხოლოდ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიწოდება და აღნიშნულზე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, არ წარმოადგენს გაწეული მომსახურების ანგარიშსწორების საფუძველს. მათ უნდა გაეფორმებინათ „ურთირთშედარების აქტი“, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და მისი ანაზღაურების ვადები, ხოლო ამ წესების დარღვევის შემთხვევაში – პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაკისრების ვადები;
საგულისხმოა, რომ კასატორს, როგორც მზღვეველს და სს „ჩ. ო. კ-ას“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2013 წლის 1 მარტიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პირების ცალკეული კონტიგენტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აფხაზეთში დადგენილების ფარგლებში დაზღვეული პირების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, აგრეთვე, მითითებულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებას და მზღვეველისათვის მიწოდებას სრულად უზრუნველყოფს სს „ჩ. ო. კ-ა“. კლინიკის მიერ წარდგენილი მარტის თვის შესრულებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია წარედგინა კასატორს, რის შემდეგად წარდგენილი დოკუმენტაცია მიეწოდა სს „ჩ. ო. კ-ას“. ამ უკანასკნელის მიერ დასახელებულ პერიოდზე დასარეგულირებელმა მოცულობამ შეადგინა 300 ლარი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარისათვის სრულად იქნა ანაზღაურებული;
დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ვადებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. ამ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები მისი სპეციფიური ხასიათიდან გამომდინარე წესრიგდება/რეგულირდება ზემომითითებული დადგენილებით. №177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადებით არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტები, რომლითაც განისაზღვრებოდა ანგარიშსწორების ვადები, ხოლო ამავე აქტით განსაზღვრული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში მოხდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა გადაუხდელი თანხის ოდენობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (700.50 ლარი) 70% – 490.35 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ს. ჯ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (700.50 ლარი, საგადახდო დავალება № 52, გადახდის თარიღი – 2013 წლის 24 დეკემბერი) 70% – 490.35 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე